ჩვენი საქციელი განადიდებს ღმერთს
1. რატომ იპყრობენ იეჰოვას მოწმეები სხვების ყურადღებას, როცა საოლქო კონგრესებს ესწრებიან?
1 როცა საოლქო კონგრესებს ვესწრებით, აშკარად ვიპყრობთ სხვების ყურადღებას. სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივი ტელევიზიები ხშირად იუწყებიან იქ ჩატარებული კონგრესების შესახებ. ამ დროს სასტუმროებსა და კაფეებს უამრავი იეჰოვას მოწმე სტუმრობს და ადგილობრივი მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ დადის ბევრი იეჰოვას მოწმე სამკერდე ნიშნით. ქვემოთ შევეხებით რამდენიმე შეხსენებას, თუ როგორ შეგვიძლია კონგრესის დროს ჩვენი კარგი საქციელით განვადიდოთ ღმერთი (1 პეტ. 2:12).
2. როგორ შეგვიძლია განვადიდოთ ღმერთი?
2 მოკრძალებით შერჩეული სამოსი. რა თქმა უნდა, მოკრძალებით უნდა შევარჩიოთ ჩასაცმელი, როცა კონგრესს ვესწრებით. ჩვენი და-ძმების ჩაცმულობა არანაკლებ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს სხვებზე, როცა კონგრესის დღეებში მათ უწევთ სასტუმროში ყოფნა და კაფეებსა და მაღაზიებში სიარული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილებმა ვიაროთ ან ზედმეტად თავისუფლად ჩავიცვათ. ჩვენი სამოსი მოკრძალებულად და ღირსეულად შერჩეული უნდა იყოს; აშკარად უნდა განვსხვავდებოდეთ სხვებისგან (რომ. 12:2). ასევე სასურველია, კონგრესის დასრულებისთანავე არ მოვიხსნათ სამკერდე ნიშნები. ასეთი სახით ჩვენ ერთგვარ ინფორმაციას ვაწვდით სხვებს კონგრესის შესახებ. ამასთანავე, სამკერდე ნიშნები ქადაგების შესაძლებლობას გვაძლევს და გვიადვილებს კონგრესის დელეგატების ამოცნობას.
3. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოთმინება და თავაზიანობა?
3 მოთმინება და თავაზიანობა. დღეს მსოფლიოში მრავალი საკუთარ თავზე შეყვარებული და უმადურია. ამ ხალხის ფონზე ჩვენი მოთმინება და თავაზიანობა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე, ვინც გვაკვირდება, მაგალითად, ესენი შეიძლება იყვნენ სასტუმროებისა და კაფეების თანამშრომლები (2 ტიმ. 3:1—5). კონგრესზე ადგილების დაკავებისას და ახალი პუბლიკაციების ასაღებად რიგში დგომისას ის კი არ უნდა ვეძებოთ, რაც ჩვენთვისაა „სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორ. 10:23, 24). ბიბლიის ერთმა შემსწავლელმა, როცა პირველად დაესწრო კონგრესს, ასეთი რამ თქვა: „იმ დღეს კონგრესზე წარმოთქმული არც ერთი მოხსენება არ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მოწმეების კარგი საქციელი. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“.
4. რატომ უნდა ვიმსახუროთ მოხალისედ კონგრესზე, თუ მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას?
4 მოხალისედ მსახურება. მოხალისის სულისკვეთება ჭეშმარიტი ქრისტიანების დამახასიათებელი განწყობაა (ფსალმ. 110:3). შეგიძლია იმსახურო მოხალისედ კონგრესზე? ერთ ქვეყანაში კონგრესის პროგრამის დაწყებამდე დაახლოებით 600 მოხალისე და-ძმა მივიდა კონგრესის ტერიტორიის დასალაგებლად. იქ მომსახურე თანამშრომლებმა აღნიშნეს: „ასეთი რამ ჯერ არასოდეს გვინახავს. წარმოუდგენელია! ამდენი ადამიანი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე როგორ მუშაობს?“. სულმოუთქმელად ველით 2013 წლის საოლქო კონგრესს, სადაც არა მარტო მოვისმენთ და ვისწავლით ღვთის სიტყვიდან, არამედ განვადიდებთ ღმერთს.
[ჩარჩო 3—6 გვერდებზე]
შეხსენებები 2013 წლის საოლქო კონგრესთან დაკავშირებით
◼ პროგრამის განრიგი: შესვლა შესაძლებელი იქნება 8:00 საათიდან. 9:20-ზე, როცა შესავალი მუსიკა ჩაირთვება, ყველამ უნდა დავიკავოთ ჩვენი ადგილები. პარასკევს და შაბათს პროგრამა 16:50-ზე დასრულდება, ხოლო კვირას — 15:35-ზე.
◼ ტრანსპორტის დასაყენებელი ადგილი: გთხოვთ, ნუ გააჩერებთ ტრანსპორტს საკონგრესო დარბაზის შესასვლელთან მგზავრების ჩამოსასმელად ან ასაყვანად, გარდა ინვალიდი და მოხუცი მგზავრებისა, რომელთაც უჭირთ გადაადგილება. როგორც წესი, ტრანსპორტის დასაყენებელი ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ავტოსადგომი რომ არ გადაიტვირთოს, კარგი იქნება, თუ ყველა საკუთარი ავტომობილით არ წამოვა და სხვებთან შეამხანაგდება. ვინაიდან მდგომარეობა ყველგან განსხვავებულია, წესრიგის შესანარჩუნებლად მძღოლები უნდა დაემორჩილონ მომწესრიგებლების მითითებებს.
◼ ადგილების დაკავება: ადგილების დაკავება შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით ან, ვისაც ბიბლიას ასწავლით. ვინაიდან ხანდაზმულებისა და ინვალიდებისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია, შესაძლოა არ მოხერხდეს, რომ მათი ოჯახის ყველა წევრი მათთან ერთად დაჯდეს. კარგი იქნება, თუ ამ ადგილებს დავუთმობთ ხანდაზმულებს, ინვალიდებს და მათ დამხმარეებს (1 კორ. 13:5).
◼ საკვები შუადღის შესვენებისთვის: გთხოვთ, თან წაიღეთ საჭმელი, რათა შუადღეს, შესვენების დროს არ მოგიწიოთ საკონგრესო ადგილის დატოვება საკვების საყიდლად. შეიძლება ისეთი პატარა სამგზავრო მაცივრის წაღება, რომლის მოთავსებაც შესაძლებელი იქნება თქვენი სკამის ქვეშ. კონგრესის ჩატარების ადგილზე არ შეიძლება დიდი ზომის სამგზავრო მაცივრებისა და მინის ჭურჭლის მიტანა.
◼ შესაწირავები: ჩვენ შეგვიძლია კონგრესის ორგანიზებისთვის მადლიერება გამოვავლინოთ იმით, რომ ნებაყოფლობითი შესაწირავი გავიღოთ მსოფლიო საქმისთვის. ამის გაკეთება შეიძლება, როგორც ჩვენს სამეფო დარბაზში, ისე კონგრესის ჩატარების ადგილზე.
◼ ფეხსაცმელი: კონგრესზე ზოგი შეუფერებელ ფეხსაცმელს იცვამს და იყო შემთხვევები, როცა მათ ტრავმები მიიღეს იმის გამო, რომ ფეხი გადაუბრუნდათ ან წაიქცნენ. კარგი იქნება, თუ მოკრძალებულ და მოხერხებულ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, რომ თავისუფლად იაროთ კონგრესის ტერიტორიაზე.
◼ ჩამწერი აპარატურა: არანაირი ჩამწერი საშუალების შეერთება არ შეიძლება ელექტროქსელში ან ხმის გამაძლიერებელ სისტემაში. ჩამწერი აპარატურა ისე უნდა გამოიყენოთ, რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ.
◼ საბავშვო ეტლები და დასაკეცი სკამები: მშობლებმა კონგრესზე არ უნდა წამოიღონ საბავშვო ეტლები და დასაკეცი სკამები. თუმცა მათ შეიძლება წამოიღონ პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი სკამები, რომელთა მიმაგრებაც შესაძლებელი იქნება სკამის საზურგეზე.
◼ სუნამოების გამოყენება: ჩვენი მხრიდან პატივისცემის გამოვლენა იქნება, თუ ნაკლებად გამოვიყენებთ მძაფრ სუნამოებსა და ოდეკოლონებს, რომლებმაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს მათზე, ვისაც ამის გამო პრობლემები ექმნება (1 კორ. 10:24).
◼ მონახულების ბლანკი: თუ საოლქო კონგრესის პერიოდში მაუწყებელი არაფორმალურად იქადაგებს და ვინმე ინტერესს გამოავლენს, მან უნდა შეავსოს ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43). შევსებული ბლანკი შეიძლება კონგრესზე გადაეცეს პასუხისმგებელ ძმებს ან კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ თქვენი კრების მდივანს.
◼ დაბინავება: როდესაც შეკვეთას აკეთებთ ბინასა თუ კერძო სახლში დაბინავებაზე, გაითვალისწინეთ შემდეგი:
1) გთხოვთ, ყველა შემთხვევაში შეკვეთისთვის გამოიყენოთ ბლანკი „განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა განცხადება დაბინავებაზე“ (CO-5);
2) გახსოვდეთ, რომ მხოლოდ კონგრესის განმავლობაში შეგიძლიათ აღნიშნული საცხოვრებლით სარგებლობა;
3) უყურადღებოდ არ დატოვოთ შვილები;
4) როდესაც თანამორწმუნეების სტუმართმოყვარეობით სარგებლობთ, გამოავლინეთ მათ მიმართ მადლიერება;
5) თუ რაიმე მიზეზის გამო გიწევთ შეკვეთის გაუქმება, რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ თქვენი კრების მდივანს.
◼ მოხალისეთა სამსახური: კონგრესი უფრო მეტ სიხარულს მოგვანიჭებს, თუ სურვილს გამოვთქვამთ და ძმებს კონგრესთან დაკავშირებული აუცილებელი საქმეების შესრულებაში დავეხმარებით (საქ. 20:35). მსურველებმა უნდა მიმართონ მოხალისეთა სამსახურის განყოფილებას. 16-წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში მშობლების ან სხვა უფროსი ასაკის ქრისტიანთა მეთვალყურეობით.