ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა!
გახსენების საღამო გვეხმარება მადლიერების გამოვლენაში
1. რის ბრწყინვალე შესაძლებლობა მოგვეცემა გახსენების საღამოზე?
1 გახსენების საღამოზე, რომელიც 14 აპრილს გაიმართება, ბრწყინვალე შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიერ გამოვლენილი სიკეთისთვის. ლუკას 17:11—18-ში ჩაწერილი შემთხვევიდან ჩანს, რამდენად აფასებენ იეჰოვა და იესო, როცა ვინმე მადლიერებას ავლენს. სამწუხაროდ, ამ ბიბლიურ მონაკვეთში მოხსენიებული 10 განკურნებული კეთროვნიდან მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა იესოს. მომავალში გამოსასყიდის მეშვეობით ყველა ავადმყოფობა ერთხელ და სამუდამოდ განიკურნება და მარადიული სიცოცხლე რეალობად იქცევა! როცა საკუთარი თვალით ვიხილავთ ამ კურთხევებს, უდავოდ, დღე ისე არ გავა, რომ სამადლობელი სიტყვები არ ვუთხრათ იეჰოვას. ამიტომ ვკითხოთ საკუთარ თავს: როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება გახსენების საღამოს წინა პერიოდში?
2. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ მადლიერების გრძნობა გამოსასყიდისადმი?
2 განივითარე მადლიერების გრძნობა. მადლიერების გრძნობა ფიქრის შედეგად ვითარდება. გამოსასყიდის დაფასებაში დაგვეხმარება გახსენების საღამოს წინა პერიოდში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთების გეგმა, რომელიც მოცემულია ჩვენს პუბლიკაციებში, მაგალითად, ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“, კალენდარსა და „ახალი ქვეყნიერების თარგმანის გადამუშავებულ გამოცემაში“ (დანართი 12ბ, [ინგლ.]). კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად განვიხილავთ ამ მასალას. ეს გაგვიღრმავებს გამოსასყიდისადმი მადლიერების გრძნობას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ჩვენს საქციელზე (2 კორ. 5:14, 15; 1 იოან. 4:11).
3. რა და რა სახით შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა გახსენების საღამოს წინა პერიოდში და უშუალოდ ამ დღეს?
3 გამოავლინე მადლიერების გრძნობა. მადლიერება საქმეებით მტკიცდება (კოლ. 3:15). მადლიერმა კეთროვანმა მოძებნა იესო და მადლობა გადაუხადა. ამას გარდა, ის ალბათ სხვებსაც დიდი ენთუზიაზმით უყვებოდა თავისი სასწაულებრივი განკურნების შესახებ (ლუკ. 6:45). იბადება კითხვა: აღგვძრავს გამოსასყიდისადმი მადლიერების გრძნობა, მთელი შემართებით მივიღოთ მონაწილეობა გახსენების საღამოს კამპანიაში? გახსენების საღამოს პერიოდში დამხმარე პიონერად მსახურება ან სამქადაგებლო საქმეში მეტად ჩაბმა კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა მადლიერების გამოსავლენად. თუ გახსენების საღამოზე გული მადლიერებით გვექნება აღვსილი, გულთბილად შევეგებებით სტუმრებს და ვუპასუხებთ მათ კითხვებს.
4. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გამოვიყენოთ უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გახსენების საღამოზე მოგვეცემა?
4 ჩნდება კითხვა: ეს ბოლო გახსენების საღამო იქნება? (1 კორ. 11:26). რაიმეს დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცით: გახსენების საღამოზე მადლიერების გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცემა. მოდი, ხელიდან არ გავუშვათ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობა! დაე, ჩვენი პირიდან გამოსული სიტყვები და გულიდან მომდინარე ზრახვები სასიამოვნო იყოს იეჰოვასთვის, გულუხვი ღვთისთვის, რომელმაც ჩვენთვის უძვირფასესი მსხვერპლი გაიღო (ფსალმ. 19:14).