კვირა, 27 ივლისი
შეეძლოს ჯანსაღი მსჯელობა სხვების გასამხნევებლად და . . . შესაგონებლად (ტიტ. 1:9).
მოწიფულ ქრისტიანებად რომ ჩამოყალიბდეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა. ეს დაგეხმარებათ, აიღოთ პასუხისმგებლობები კრებაში, შეძლოთ საკუთარი თავისა თუ ოჯახის რჩენა და გქონდეთ კარგი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მაგალითად, კარგად ისწავლეთ წერა-კითხვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის კითხულობს ღვთის სიტყვას და ფიქრობს მასზე, ბედნიერია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი ემართება (ფსალმ. 1:1–3). ბიბლიის ყოველდღიური კითხვით ის ეცნობა იეჰოვას აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება, სწორი დასკვნები გააკეთოს და გამოიყენოს ნასწავლი (იგავ. 1:3, 4). სწორედ მოწიფული ძმები აძლევენ და-ძმებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევა-დარიგებას. ასე რომ, თუ კარგად დაეუფლებით წერა-კითხვას, შეძლებთ რწმენის განმამტკიცებელი და შემეცნებითი კომენტარებისა თუ მოხსენებების მომზადებას. გარდა ამისა, შეძლებთ თქვენთვის პრაქტიკული აზრების ჩანიშვნას. ასეთი ჩანაწერების დახმარებით შეძლებთ თავადაც განიმტკიცოთ რწმენა და სხვებიც გაამხნეოთ. w23.12 26, 27 ¶9–11
ორშაბათი, 28 ივლისი
თქვენთან ერთობაში მყოფი ქვეყნიერებასთან ერთობაში მყოფზე დიდია (1 იოან. 4:4).
ყოველ ჯერზე, როცა შიში შეგიპყრობთ, დაფიქრდით მომავალზე, როცა სატანა ვეღარაფერს დაგაკლებთ. 2014 წლის რეგიონული კონგრესის ინსცენირებაში ერთმა მამამ 2 ტიმოთეს მე-3 თავის პირველი ხუთი მუხლი ასე წაიკითხა: „იცოდე, რომ ახალ ქვეყნიერებაში უბედნიერესი ცხოვრება გველის. ადამიანები იქნებიან ერთმანეთის მოყვარულები, ჭეშმარიტების მოყვარულები, მოკრძალებულები, თავმდაბლები, ღვთის განმადიდებლები, მშობლების მორჩილები, მადლიერები, ერთგულები, ოჯახის მოყვარულები, მათთან ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა, დადებითად მოსაუბრეები, თავშეკავებულები, ლმობიერები, კარგის მოყვარულები, სანდოები, დამთმობები, თვინიერები, ღვთის მოყვარულები და არა სიამოვნებისა, ღვთისმოშიშნი; ასეთებს მიეკარი“. თქვენც საუბრობთ ოჯახის წევრებთან თუ თანამორწმუნეებთან ახალ ქვეყნიერებაზე? w24.01 6 ¶13, 14
სამშაბათი, 29 ივლისი
მე მოგიწონე (ლუკ. 3:22).
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იწონებს თავის ხალხს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4). თუმცა ზოგჯერ ქრისტიანს შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, რომ იეჰოვა პირადად მისადმი არ არის კეთილგანწყობილი. მსგავსი გრძნობები ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც ტანჯავდა (1 სამ. 1:6–10; იობ. 29:2, 4; ფსალმ. 51:11). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ არასრულყოფილების მიუხედავად შეგვიძლია იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება. რა არის ამისთვის საჭირო? ჩვენ უნდა ვირწმუნოთ იესო ქრისტე და მოვინათლოთ, რითაც საჯაროდ ცხადვყოფთ, რომ მოვინანიეთ ცოდვები და იეჰოვას მისი ნების შესრულება აღვუთქვით (იოან. 3:16; საქ. 2:38; 3:19). იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ მასთან დასაახლოებლად ასეთ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ ნათლობის შემდეგაც ყველანაირად ვცდილობთ მიძღვნის აღთქმის თანახმად ცხოვრებას, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია ჩვენდამი და მეგობრებად მიგვიჩნევს (ფსალმ. 25:14). w24.03 26 ¶1, 2