საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es25 გვ. 67-77
  • ივლისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივლისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
  • ქვესათაურები
  • სამშაბათი, 1 ივლისი
  • ოთხშაბათი, 2 ივლისი
  • ხუთშაბათი, 3 ივლისი
  • პარასკევი, 4 ივლისი
  • შაბათი, 5 ივლისი
  • კვირა, 6 ივლისი
  • ორშაბათი, 7 ივლისი
  • სამშაბათი, 8 ივლისი
  • ოთხშაბათი, 9 ივლისი
  • ხუთშაბათი, 10 ივლისი
  • პარასკევი, 11 ივლისი
  • შაბათი, 12 ივლისი
  • კვირა, 13 ივლისი
  • ორშაბათი, 14 ივლისი
  • სამშაბათი, 15 ივლისი
  • ოთხშაბათი, 16 ივლისი
  • ხუთშაბათი, 17 ივლისი
  • პარასკევი, 18 ივლისი
  • შაბათი, 19 ივლისი
  • კვირა, 20 ივლისი
  • ორშაბათი, 21 ივლისი
  • სამშაბათი, 22 ივლისი
  • ოთხშაბათი, 23 ივლისი
  • ხუთშაბათი, 24 ივლისი
  • პარასკევი, 25 ივლისი
  • შაბათი, 26 ივლისი
  • კვირა, 27 ივლისი
  • ორშაბათი, 28 ივლისი
  • სამშაბათი, 29 ივლისი
  • ოთხშაბათი, 30 ივლისი
  • ხუთშაბათი, 31 ივლისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
es25 გვ. 67-77

ივლისი

სამშაბათი, 1 ივლისი

დადიოდა ყველგან . . . აკეთებდა სიკეთეს და . . . კურნავდა . . . გატანჯულთ (საქ. 10:38).

იესო ყოველთვის სრულყოფილად ჰბაძავდა მამას და ირეკლავდა მის აზროვნებასა და გრძნობებს (იოან. 14:9). რაზე მოწმობს იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები? იეჰოვასა და იესოს ძალიან ვუყვარვართ. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ადამიანებს თავისი სიყვარული იმით დაანახვა, რომ ღვთისგან ბოძებული ძალით მდგომარეობას უმსუბუქებდა მათ. მაგალითად, ერთხელ მას ორი უსინათლო შეევედრა, რომ თვალი აეხილა მათთვის (მათ. 20:30–34). მათ შემხედვარეს, იესოს გული დაეწვა და განკურნა ისინი. ბერძნული ზმნა, რომელიც აქ გადმოტანილია, როგორც „გული დაეწვა“, მიუთითებს თანაგრძნობის გამომხატველ ძლიერ შინაგან განცდაზე. სიყვარულმა აღძრა იესო, რომ მშივრებისთვისაც და კეთროვნებისთვისაც თანაეგრძნო და დახმარება აღმოეჩინა (მათ. 15:32; მარ. 1:41). უნდა გვჯეროდეს, რომ დიდად თანამგრძნობ ღმერთს, იეჰოვას, და მის ძეს ძალიან ვუყვარვართ და აღელვებთ ჩვენი მდგომარეობა (ლუკ. 1:78; 1 პეტ. 5:7). მათ ერთი სული აქვთ, როდის მოუღებენ ბოლოს ადამიანთა ტანჯვას. w23.04 3 ¶4, 5

ოთხშაბათი, 2 ივლისი

იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება. ის იცავს თავის ერთგულთა სიცოცხლეს; ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ (ფსალმ. 97:10).

კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ქვეყნიერებაში გაბატონებულმა აზროვნებამ ვერ მოახდინოს ჩვენზე გავლენა. გარდა ამისა, გონება ჯანსაღი ფიქრებით უნდა ავივსოთ, რაშიც ბიბლიის კითხვა და შესწავლა დაგვეხმარება. ამ მხრივ კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაც დიდ დახმარებას გაგვიწევს. იეჰოვა კი, თავისი დაპირებისამებრ, „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შევძლებთ“ (1 კორ. 10:12, 13). ამ მძიმე და ძნელად ასატან დროში თითოეულმა ჩვენგანმა ერთგულების შესანარჩუნებლად უფრო ხშირად და გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ. იეჰოვასაც ხომ სწორედ ეს სურს (ფსალმ. 62:8). ასე რომ, ყოველდღიურად გამონახეთ დრო ამისთვის. განადიდეთ იეჰოვა და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ. სთხოვეთ, რომ მსახურებაში გაბედულება შეგმატოთ, პრობლემებს გაუძლოთ და არ აჰყვეთ ცდუნებას. დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა და ნურავის და ნურაფერს მისცემთ იმის უფლებას, რომ ხელი შეგიშალონ ამაში. w23.05 7 ¶17, 18

ხუთშაბათი, 3 ივლისი

ყურადღებიანები ვიყოთ, რათა . . . გავამხნეოთ ერთმანეთი (ებრ. 10:24, 25).

რატომ ვესწრებით კრების შეხვედრებს? ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას განდიდება გვსურს (ფსალმ. 26:12; 111:1). გარდა ამისა, კრების შეხვედრებზე ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობა გვეძლევა, რაც ამ რთულ დროს ყველას გვჭირდება (1 თეს. 5:11). თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ როცა ხელს ვწევთ და კომენტარს ვაკეთებთ, ამ ორივე მიზანს ვაღწევთ. თუმცა, როცა კომენტარების გაკეთებაზე მიდგება საქმე, ზოგისთვის შეიძლება სირთულე ის აღმოჩნდეს, რომ ღელავს და უჭირს მონაწილეობის მიღება, ზოგისთვის კი ის, რომ ისე ხშირად არ აპასუხებინებენ, როგორც თავად სურს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ჩვენი მიზანი ერთმანეთის გამხნევება უნდა იყოს. როცა ვფიქრობთ, როგორ შეუძლია ჩვენს უბრალო კომენტარს გაამხნეოს და-ძმები, ეს სტიმულს გვაძლევს. ხოლო, თუ ხშირად არ გვაპასუხებინებენ, შეგვიძლია იმაზე ვიფიქროთ, რა კარგია, რომ სხვებსაც ეძლევათ კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა (1 პეტ. 3:8). w23.04 20 ¶1–3

პარასკევი, 4 ივლისი

წავიდეს . . . იერუსალიმში, და აღადგინოს . . . იეჰოვას ტაძარი (ეზრ. 1:3).

ახალი ამბავი მთელ ბაბილონს მოედო! მეფის ბრძანებულებით, 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ებრაელებს უკვე შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება (ეზრ. 1:2–4). აშკარა იყო, რომ ამის მიღმა იეჰოვა იდგა, რადგან, როგორც წესი, ბაბილონელები ტყვეებს არ ათავისუფლებდნენ (ეს. 14:4, 17). თუმცა იმ დროისთვის ბაბილონის იმპერია დამხობილი იყო, ახალმა მმართველმა კი ებრაელებს თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლება მისცა. ყველანი, განსაკუთრებით კი ოჯახისთავები, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგნენ: წასულიყვნენ თუ დარჩენილიყვნენ. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იქნებოდა. ზოგი ებრაელი იმდენად მოხუცებული იყო, რომ გაუჭირდებოდა ამხელა გზაზე წასვლა. უმეტესობა კი ბაბილონში იყო დაბადებულ-გაზრდილი და მათთვის ისრაელი უბრალოდ წინაპრების სამშობლო იყო. თანაც საკმაოდ შეძლებულად და კარგად ცხოვრობდნენ და საქმეც აწყობილი ჰქონდათ. ასე რომ, ამ ყველაფრის დატოვება და უცხო მიწაზე წასვლა მათთვის არ იქნებოდა ადვილი. w23.05 14 ¶1, 2

შაბათი, 5 ივლისი

მზად იყავით (მათ. 24:44).

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ გვიყვარდეს სხვები, თანავუგრძნოთ მათ და ვიყოთ მომთმენები. მაგალითად, ლუკას 21:19-ში წერია: „მოთმინებით გადაირჩენთ თავს“; კოლოსელების 3:12-ში კი ნათქვამია: „შეიმოსეთ . . . თანაგრძნობით“; ხოლო 1 თესალონიკელების 4:9, 10-ში ვკითხულობთ: „ღმერთია თქვენთვის ერთმანეთის სიყვარულის მასწავლებელი . . . მაგრამ მაინც მოგიწოდებთ, ძმებო, რომ კიდევ უფრო გაიღრმაოთ სიყვარული“. ეს სიტყვები ქრისტიანების საყურადღებოდ იყო წარმოთქმული, რომლებიც ისედაც ავლენდნენ ამ თვისებებს. თუმცა აშკარაა, მათ გაუმჯობესება კვლავ სჭირდებოდათ. ეს ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. დაფიქრდით, როგორ ავლენდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ამ თვისებებს. ეს დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ და მოემზადოთ „დიდი გასაჭირისთვის“. ამ შემთხვევაში, როცა „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, არ გაგიჭირდებათ მოთმინების გამოვლენა. w23.07 3 ¶4, 8

კვირა, 6 ივლისი

გაიკვალება იქ გზა . . . „სიწმინდის გზა“ (ეს. 35:8).

ცხებული ვართ თუ „სხვა ცხვარი“, აუცილებელია, კვლავაც ვიაროთ „სიწმინდის გზაზე“. ამ გზამ უკვე შეგვიყვანა სულიერ სამოთხეში და, თუ მას ბოლომდე მივყვებით, ღვთის სამეფოს კურთხევებითაც გავიხარებთ (იოან. 10:16). 1919 წლიდან მოყოლებული მილიონობით კაცმა, ქალმა და ბავშვმა დატოვა „დიდი ბაბილონი“ ანუ ცრურელიგიური სამყარო და დაადგა ამ სიმბოლურ გზას. როცა ებრაელებმა ბაბილონი დატოვეს, იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ გზაში არანაირი დაბრკოლება არ შეხვედროდათ (ეს. 57:14). რისი თქმა შეიძლება თანამედროვე დროზე? 1919 წლამდე საუკუნეებით ადრე ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, რისკენაც ისინი იეჰოვამ აღძრა (შეადარეთ ესაიას 40:3). მათ გაკვალეს გზა, რომლითაც მოგვიანებით გულმართალი ადამიანები „დიდი ბაბილონიდან“ გამოვიდნენ და სულიერ სამოთხეში შევიდნენ, სადაც იეჰოვას მის მოსაწონად სცემენ თაყვანს. w23.05 15, 16 ¶8, 9

ორშაბათი, 7 ივლისი

სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას! მხიარული ყიჟინით წარდექით მის წინაშე! (ფსალმ. 100:2).

იეჰოვას სურს, რომ ხალისით ვემსახუროთ და არა ნაძალადევად (2 კორ. 9:7). მაშ, რა გამოდის, აღარ უნდა ვისწრაფოთ მიზნისკენ, თუ მოტივაცია გვაკლია? ვნახოთ, როგორ იქცეოდა პავლე მოციქული. მან თქვა: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს“ (1 კორ. 9:25–27). პავლე ძალას ატანდა საკუთარ თავს, მაშინაც შეესრულებინა ღვთის ნება, როცა ეს არ ეხალისებოდა. იწონებდა იეჰოვა ამას? რა თქმა უნდა! და ამისთვის დააჯილდოვა კიდეც (2 ტიმ. 4:7, 8). პავლეს მსგავსად, შეიძლება კონკრეტულ მომენტში არც ჩვენ გვეხალისებოდეს რაღაცის გაკეთება. თუმცა იეჰოვას ახარებს იმის დანახვა, რომ მისი სიყვარულით ამას მაინც ვაკეთებთ, და გვიფასებს ძალისხმევას (ფსალმ. 126:5). ჩვენ კი, როცა მის მხარდაჭერას ვგრძნობთ, მოტივაციაც გვემატება. w23.05 29 ¶9, 10

სამშაბათი, 8 ივლისი

იეჰოვას დღე . . . მოვა (1 თეს. 5:2).

პავლემ მძინარეს შეადარა ისინი, ვინც ვერ გადაურჩება იეჰოვას დღეს. მძინარე ადამიანი ვერ ხვდება, როგორ გადის დრო და რა ხდება მის გარშემო. რამე მნიშვნელოვანიც რომ მოხდეს, ის სათანადო რეაგირებას ვერ მოახდენს. დღეს ხალხის უმეტესობა სულიერი გაგებით სწორედ ასეთ მდგომარეობაშია (რომ. 11:8). ისინი თვალს არ უსწორებენ იმ რეალობას, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ და რომ „დიდი გასაჭირი“ კარსაა მომდგარი (2 პეტ. 3:3, 4). თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღითი დღე უფრო აუცილებელი ხდება პავლეს რჩევის მიყოლა და ფხიზლად ყოფნა (1 თეს. 5:6). რაც უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას დღეს, მით უფრო რთული ხდება პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება. და მაინც, ჩვენ შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან წმინდა სული დაგვეხმარება, საღად ვიაზროვნოთ და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ (ლუკ. 12:11, 12). w23.06 10 ¶6, 7

ოთხშაბათი, 9 ივლისი

უზენაესო უფალო, იეჰოვა, გამიხსენე, . . მომეცი ძალა (მსაჯ. 16:28).

სამსონის სახელის გაგონებაზე, ალბათ, განსაკუთრებულად ძლიერი მამაკაცი წარმოგიდგებათ თვალწინ. მართალია, მან ერთხელ სავალალო შეცდომა დაუშვა, მაგრამ იეჰოვამ მაინც ერთგულ პიროვნებად მიიჩნია და მისი ისტორია ჩვენ სასწავლებლად ბიბლიაში შემოინახა. იეჰოვას მიერ გაძლიერებულმა სამსონმა ისრაელების საშველად არაერთი გასაოცარი რამ მოიმოქმედა. საუკუნეების შემდეგ პავლემ ის ღვთის შთაგონებით განსაკუთრებული რწმენის მქონე ადამიანებს შორის მოიხსენია (ებრ. 11:32–34). სამსონი ურთულეს ვითარებაშიც კი ენდობოდა იეჰოვას. ამიტომ მისი მაგალითის განხილვა ბევრ რამეს გვასწავლის და მხნეობას შეგვმატებს. w23.09 2 ¶1, 2

ხუთშაბათი, 10 ივლისი

ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ [ღმერთს] (ფილ. 4:6).

თუ ხშირად გავანდობთ იეჰოვას გულისნადებს, ეს მოთმინების გამომუშავებაში დაგვეხმარება (1 თეს. 5:17). შესაძლოა, ამჟამად სერიოზული პრობლემის წინაშე არ დგახართ, მაგრამ როგორ იქცევით მაშინ, როცა გაღიზიანებული ან დაბნეული ხართ? მიმართავთ იეჰოვას დახმარებისთვის? თუ ჩვევად გაიხდით, ნებისმიერი საწუხარი გაანდოთ იეჰოვას, დარწმუნდებით, რომ მან საუკეთესოდ იცის, როდის და როგორ დაგეხმაროთ. ამ შემთხვევაში არც მაშინ გაგიჭირდებათ იეჰოვაზე მინდობა, როცა უფრო დიდ განსაცდელს შეხვდებით (ფსალმ. 27:1, 3). თუ დღესვე მოთმინებით ვიტანთ სირთულეებს, ასე მოქცევა არც „დიდი გასაჭირის“ დროს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებით რთული (რომ. 5:3). რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ბევრი და-ძმა საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა, რომ ერთი სირთულის ატანა მეორის ატანას უადვილებთ, რადგან განსაცდელების დროს განსაკუთრებული სახით ხედავენ იეჰოვას ხელს (იაკ. 1:2–4). w23.07 3 ¶7, 8

პარასკევი, 11 ივლისი

გაგიწევ ანგარიშს (დაბ. 19:21).

იეჰოვა თავმდაბალი და გულმოწყალე ღმერთია. მაგალითად, როცა სოდომში მცხოვრები ბოროტი ხალხის განადგურებას აპირებდა, ანგელოზების მეშვეობით იეჰოვამ მართალ ლოტს მითითება მისცა, მთიან მხარეში გაქცეულიყო. ლოტს შეეშინდა იქ წასვლის, ამიტომ იეჰოვას სთხოვა, რომ ოჯახთან ერთად პატარა ქალაქისთვის, ცოარისთვის, შეეფარებინა თავი. არადა ეს ქალაქიც გასანადგურებლად იყო განწირული. იეჰოვას შეეძლო ლოტისგან უსიტყვო მორჩილება მოეთხოვა, თუმცა თავმდაბლობამ ის აღძრა, გაეთვალისწინებინა ლოტის თხოვნა და დაენდო ეს ქალაქი (დაბ. 19:18–22). რისი თქმა შეგვიძლია იეჰოვას გულმოწყალებაზე? მაგალითად, როცა მან ბოროტი ნინეველების განადგურება გადაწყვიტა, განაჩენის გასაცხადებლად თავისი წინასწარმეტყველი იონა გაგზავნა. თუმცა, როცა მათში მომნანიებელი გული დაინახა, შეებრალა ისინი და გადაიფიქრა ქალაქის განადგურება (იონ. 3:1, 10; 4:10, 11). w23.07 21 ¶5

შაბათი, 12 ივლისი

მოკლეს [იეჰოაში], . . დამარხეს ის, . . ოღონდ არა მეფეთა სამარხში (2 მატ. 24:25).

იეჰოაში შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელსაც ღრმად არ აქვს ფესვები გადგმული და რომელიც სიმყარისთვის სარზეა მიბმული. მას შემდეგ, რაც იეჰოიადა მოკვდა და განდგომილების ქარმა დაჰბერა, იეჰოაშის რწმენაც დაემხო, ხესავით დაეცა. მისი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ ღვთისმოშიშებას მხოლოდ იმიტომ არ უნდა ვავლენდეთ, რომ ასე ჩვენი ოჯახის წევრები და თანაქრისტიანები იქცევიან. იმისთვის, რომ სულიერად ფეხზე მყარად ვიდგეთ, თავად უნდა განვიმსჭვალოთ ღვთის ერთგულებითა და შიშით, რაშიც ბიბლიის რეგულარული შესწავლა, ლოცვა და ფიქრი დაგვეხმარება (იერ. 17:7, 8; კოლ. 2:6, 7). იეჰოვა ჩვენგან ბევრს ნამდვილად არ ითხოვს. მისი მოთხოვნა ეკლესიასტეს 12:13-ში სულ რამდენიმე სიტყვითაა შეჯამებული: „ღვთისა გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება!“. თუ ღვთისმოშიშები ვიქნებით, ნებისმიერ განსაცდელს მედგრად დავუდგებით და იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობასაც ვერაფერი გამოუთხრის ძირს. w23.06 19 ¶17–19

კვირა, 13 ივლისი

ვქმნი ყოველივე ახალს (გამოცხ. 21:5).

ღვთის ეს პირობა ასეთი სიტყვებით იწყება: „ტახტზე მჯდომმა თქვა“ (გამოცხ. 21:5ა). წიგნ „გამოცხადებაში“ ეს არის სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი, როცა თავად იეჰოვა საუბრობს. დიახ, ამ დანაპირების შესრულების გარანტიას ძლევამოსილი ანგელოზი ან მკვდრეთით აღმდგარი იესო კი არა, თავად იეჰოვა იძლევა. ეს სიტყვები იმაშიც გვარწმუნებს, რომ ის, რაც ამის შემდეგაა ნათქვამი, აბსოლუტურად სანდოა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვამ „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტ. 1:2). ეს სიტყვები კიდევ უფრო საიმედოს ხდის გამოცხადების 21:5, 6-ში ჩაწერილ დაპირებას. აი რას ამბობს ტახტზე მჯდომი მე-5 მუხლში: „ვქმნი ყოველივე ახალს“. საგულისხმოა, რომ აქ იეჰოვა მომავალში მოსახდენ მოვლენებზე აწმყო დროში საუბრობს, თითქოს უკვე სისრულეში მოჰყავდეს დანაპირები (ეს. 46:10). w23.11 3, 4 ¶7, 8

ორშაბათი, 14 ივლისი

გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა (მათ. 26:75).

იესოს გვერდით ყოფნა პეტრეს ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა ის ბოლომდე ვერ ერეოდა თავის სისუსტეებს. მაგალითად, გვახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, არაერთი სატანჯველის ატანა და სიკვდილიც კი მოუწევდა (მარ. 8:31–33). ისიც გვახსოვს, როგორ კამათობდა სხვა მოციქულებთან იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი, როგორ ჩამოათალა ყური მღვდელმთავრის მონას იესოს სიკვდილის წინა ღამეს და იმავე ღამით შეშინებულმა, სამჯერ როგორ უარყო თავისი საუკეთესო მეგობარი (მარ. 9:33, 34; 14:66–72; იოან. 18:10). მარცხი, რომელიც მან საკუთარ თავთან ბრძოლაში იწვნია, ძალიან მტკივნეული იყო. ასეთი მარცხის მიუხედავად, იესოს არ უფიქრია, რომ პეტრესგან არაფერი გამოვიდოდა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მან თავის გულგატეხილ მოციქულს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ მისთვის სიყვარული დაემტკიცებინა. იესომ მას თავისი „ცხვრის“ მწყემსვაც კი დაავალა (იოან. 21:15–17). პეტრე მზად იყო, შეესრულებინა ეს დავალება. ამიტომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა, ისიც მათ შორის იყო. w23.09 22 ¶6, 7

სამშაბათი, 15 ივლისი

დამწყემსე ჩემი ბატკნები! (იოან. 21:16).

პეტრემ თანაუხუცესებს მოუწოდა, რომ დაემწყემსათ მათთვის მიბარებული „ღვთის სამწყსო“ (1 პეტ. 5:1–4). უხუცესებო, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან გიყვართ და-ძმები და გსურთ, მათზე იზრუნოთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება დატვირთული გრაფიკის ან დაღლილობის გამო გაგიჭირდეთ ამის გაკეთება. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? გაანდეთ თქვენი საწუხარი იეჰოვას და გახსოვდეთ პეტრეს სიტყვები: „ვინც მსახურობს, ღვთის ძალაზე დაიმედებულმა იმსახუროს“ (1 პეტ. 4:11). ფაქტია, და-ძმები ისეთ პრობლემებსაც ხვდებიან, რომლებიც მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში ჩაბარდება წარსულს. ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენგან მათი პრობლემების გადაჭრას კი არა, იმას მოითხოვს, რომ გიყვარდეთ ისინი, დამწყემსოთ და კარგი მაგალითი მისცეთ. დანარჩენზე „უფროსი მწყემსი“, იესო ქრისტე, იზრუნებს როგორც დღეს, ისე ახალ ქვეყნიერებაში. w23.09 29, 30 ¶13, 14

ოთხშაბათი, 16 ივლისი

იეჰოვამ უწყის, რომ ამაოა ბრძენთა ნააზრევი (1 კორ. 3:20).

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, არ დავენდოთ ადამიანურ სიბრძნეს. თუ საზოგადოების გავლენაში მოვექცევით, შეიძლება იქამდეც კი მივიდეთ, რომ იეჰოვა და მისი ნორმები არად ჩავაგდოთ (1 კორ. 3:19). ჩვენი არასრულყოფილი ბუნებისთვის „ამ ქვეყნიერების სიბრძნე“ მიმზიდველია. ზოგი პერგამონელი და თიატირელი ქრისტიანი გარშემო მცხოვრები კერპთაყვანისმცემელი და უზნეო ხალხის გავლენაში მოექცა. უზნეობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო იესომ გაკიცხა ისინი (გამოცხ. 2:14, 20). დღესაც გარშემომყოფები ცდილობენ ჩვენზე გავლენის მოხდენას. შესაძლოა ახლობლებმა გვითხრან, რაღა დროს ბიბლიური ნორმებია, გულს მოუსმინეო. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იეჰოვასგან მიღებული მითითებები მეტ კონკრეტულობას საჭიროებს. ამ დროს დიდია ცდუნება, რომ გადავიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6). w23.07 16 ¶10, 11

ხუთშაბათი, 17 ივლისი

ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა (იგავ. 17:17).

მარიამს უნდა გაეჩინა და აღეზარდა ბავშვი, რომელიც მესია გახდებოდა, რისთვისაც მას სიმტკიცე სჭირდებოდა. არადა არც დაქორწინებული იყო და არც ბავშვის აღზრდის გამოცდილება ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ეს ახალგაზრდა ქალი. როგორ გაართმევდა თავს ამ საქმეს ან როგორ აუხსნიდა ამ ყველაფერს თავის საქმროს, იოსებს? (ლუკ. 1:26–33). რამ შემატა მარიამს საჭირო ძალა? მან დახმარებისთვის სხვებს მიმართა. თავიდან გაბრიელს დაუსვა კითხვა, შემდეგ კი საკმაოდ შორ გზაზე თავის ნათესავთან, ელისაბედთან, წავიდა (ლუკ. 1:34). ელისაბედმა გაამხნევა მარიამი და ღვთივშთაგონებით მის ჯერ არშობილ ბავშვზე წინასწარმეტყველებაც წარმოთქვა (ლუკ. 1:39–45). ანგელოზისა და ელისაბედის მიერ განმტკიცებულმა მარიამმა მართებულად დაასკვნა: „ძლევამოსილმა დიდებული რამ მოიმოქმედა ჩემთვის“ (ლუკ. 1:46–51). w23.10 14, 15 ¶10–12

პარასკევი, 18 ივლისი

თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად გვაქცია (გამოცხ. 1:6).

იეჰოვამ ქრისტეს მოწაფეთაგან 144 000-ს წმინდა სული სცხო, რათა ზეცაში იესოსთან ერთად მღვდლებად იმსახურონ (გამოცხ. 14:1). კარვის წმინდა განასახიერებდა იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას იეჰოვასთან, რომელიც მათ ჯერ კიდევ დედამიწაზე აქვთ როგორც სულითშობილ ძეებს (რომ. 8:15–17). კარვის წმინდათაწმინდა კი განასახიერებდა ზეცას, იეჰოვას სამყოფელს. რისი თქმა შეიძლება ფარდაზე, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ჰყოფდა? ის განასახიერებდა იესოს ხორციელ სხეულს, რომლითაც ვერ შეძლებდა ზეცაში ანუ სულიერი ტაძრის წმინდათაწმინდაში შესვლას. ასე რომ, მას შემდეგ, რაც იესომ კაცობრიობისთვის თავისი სხეული გაიღო მსხვერპლად, ზეცისკენ გზა სულითცხებულ ქრისტიანებსაც გაუხსნა. თუმცა ისინიც უნდა გამოეთხოვონ ფიზიკურ სხეულს, რათა ზეციური ჯილდო მიიღონ (ებრ. 10:19, 20; 1 კორ. 15:50). w23.10 28 ¶13

შაბათი, 19 ივლისი

დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონზე (ებრ. 11:32).

როცა ეფრემელებმა გედეონს დავა დაუწყეს, იგი წყობილებიდან არ გამოსულა (მსაჯ. 8:1–3). მან ბოლომდე ათქმევინა ეფრემელებს სათქმელი და ეცადა, მშვიდი პასუხით განემუხტა სიტუაცია. უხუცესებიც გონივრულად მოიქცევიან, თუ ბოლომდე აცდიან სხვებს სათქმელს და კრიტიკაზე მძაფრი რეაქცია არ ექნებათ (იაკ. 3:13). ამგვარად ისინი კრებაში მშვიდობასაც შეუწყობენ ხელს. როცა მიდიანელებზე გამარჯვების გამო პატივი გედეონს მიაგეს, მას არ შეუფერებია ეს და ყურადღება იეჰოვაზე გადაიტანა (მსაჯ. 8:22, 23). რისი სწავლა შეუძლიათ პასუხისმგებელ ძმებს გედეონისგან? როცა რამე კარგად გამოგდით და ამის გამო და-ძმები გაქებენ, ნუ დაგავიწყდებათ, ვისი დამსახურებაა ეს და დიდება იეჰოვას მიაგეთ (1 კორ. 4:6, 7). მაგალითად, თუ იმის გამო გაქებენ, რომ კარგი მასწავლებელი ხართ, და-ძმებს დაანახვეთ, რომ ღვთის სიტყვისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გარეშე ვერაფერს შეძლებდით. დროდადრო კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, უნებურად ზედმეტ ყურადღებას ხომ არ იქცევთ. w23.06 4 ¶7, 8

კვირა, 20 ივლისი

თქვენი აზრები ჩემი აზრები არ არის (ეს. 55:8).

თუ ვხედავთ, რომ იეჰოვა არ პასუხობს ჩვენს ლოცვას, კარგი იქნება სამ კითხვაზე დავფიქრდეთ. პირველი, რამდენად მართებულია ჩემი თხოვნა? ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ რასაც იეჰოვას ვთხოვთ, ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. მაგრამ იეჰოვა სრულიად სხვაგვარად ხედავდეს სურათს. ან თუ პრობლემის მოგვარებაზე ვლოცულობთ, მას შეიძლება სხვანაირად ესახებოდეს გამოსავალი. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სათხოვარი შეიძლება იეჰოვას ნებას ეწინააღმდეგებოდეს (1 იოან. 5:14). მაგალითად, შეიძლება მშობლები იეჰოვას სთხოვდნენ, რომ მათმა შვილმა არ გადაუხვიოს ჭეშმარიტების გზიდან. შეიძლება, ერთი შეხედვით, ამ სათხოვარში უმართებულო არაფერი მოგვეჩვენოს. მაგრამ დააძალებს კი ვინმეს იეჰოვა თავის მსახურებას?! მისი სურვილი ხომ ისაა, რომ მისი თაყვანისცემა თითოეულის, მათ შორის ბავშვების, პირადი არჩევანი იყოს (კან. 10:12, 13; 30:19, 20). აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ მშობლები იეჰოვას იმაში სთხოვენ დახმარებას, რომ ბავშვის გულს ჩასწვდნენ. ამ შემთხვევაში მან შეიძლება შეიყვაროს იეჰოვა და იმის სურვილიც გაუჩნდეს, რომ დაუმეგობრდეს (იგავ. 22:6; ეფეს. 6:4). w23.11 21 ¶5; 23 ¶12

ორშაბათი, 21 ივლისი

ანუგეშეთ ერთმანეთი (1 თეს. 4:18).

ერთ-ერთი, რითაც და-ძმებს სიყვარულს ვუმტკიცებთ, მათთვის ნუგეშისცემაა. რატომ ვამბობთ ამას? ერთი ნაშრომის თანახმად, დღევანდელ მუხლში „ნუგეშისცემად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა განსაცდელში მყოფი ადამიანის გვერდში დგომისა და გამხნევების აზრს ატარებს. ასე რომ, როცა განსაცდელში მყოფ თანაქრისტიანს ვანუგეშებთ, მას ვეხმარებით, რომ წამოდგეს და განაგრძოს სიცოცხლის გზაზე სვლა. ეს სიყვარულის დამტკიცების მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა (2 კორ. 7:6, 7, 13). სხვების ნუგეშისცემისკენ თანაგრძნობა აღგვძრავს. როცა სხვას გასაჭირში ვხედავთ, ჩვენ იმის სურვილი გვიჩნდება, რომ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ამის საუკეთესო მაგალითს იეჰოვა გვაძლევს. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ის არის „თანამგრძნობი მამა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი“ (2 კორ. 1:3). w23.11 9, 10 ¶8–10

სამშაბათი, 22 ივლისი

გასაჭირშიც ვიხაროთ (რომ. 5:3).

ფაქტია, ქრისტეს ყველა მიმდევარი უნდა მოელოდეს, რომ ადრე თუ გვიან გარკვეულ გასაჭირს შეხვდება. ამ აზრს გაუსვა ხაზი პავლემ თესალონიკელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილშიც: „თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ გასაჭირის ატანა მოგვიწევდა, რაც ასეც მოხდა“ (1 თეს. 3:4). კორინთელებს კი მისწერა: „გვინდა, იცოდეთ, ძმებო, რა გასაჭირი გამოვიარეთ . . . გადარჩენის იმედიც აღარ გვქონდა“ (2 კორ. 1:8; 11:23–27). პავლეს მსგავსად ჩვენც ვხვდებით სხვადასხვა განსაცდელს (2 ტიმ. 3:12). მას შემდეგ, რაც ქრისტეს ერწმუნეთ და მისი მიმდევარი გახდით, შესაძლოა, ოჯახის წევრები დაგცინიან ან შეურაცხგყოფენ კიდეც; შესაძლოა, სამსახურში გაქვთ პრობლემები იმის გამო, რომ ყოველმხრივ პატიოსნად მოქცევას ცდილობთ (ებრ. 13:18). შეიძლება ქადაგების გამო მთავრობის მხრიდან შეხვდით წინააღმდეგობას. ყველა სხვადასხვა განსაცდელს ვხვდებით, მაგრამ, როგორც პავლეს სიტყვებიდან გამოჩნდა, თითოეულმა უნდა გავიხაროთ ამ დროს. w23.12 10, 11 ¶9, 10

ოთხშაბათი, 23 ივლისი

დამღუპეთ! (დაბ. 34:30).

იაკობს მრავალი სირთულის ატანა მოუწია. სიმონმა და ლევიმ თავი მოჭრეს ოჯახს და შეურაცხყვეს ღვთის სახელი. იაკობის საყვარელი ცოლი რახელი მშობიარობას გადაჰყვა, თავად მას კი, ღრმად მოხუცებულს, შიმშილობის გამო ეგვიპტეში მოუწია გახიზვნა (დაბ. 35:16–19; 37:28; 45:9–11, 28). ყველაფრის მიუხედავად, იაკობს არ დაუკარგავს რწმენა იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი. იეჰოვაც წყალობას იჩენდა მის მიმართ. მაგალითად, იეჰოვამ მას დიდძალი ქონება უბოძა. იაკობი მაშინაც იგრძნობდა ღვთის წყალობას, როცა გულში ჩაიკრავდა იოსებს, ვაჟს, რომელიც წლების განმავლობაში მკვდარი ეგონა. რა აძლევდა იაკობს სირთულეების ატანის ძალას? იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა (დაბ. 30:43; 32:9, 10; 46:28–30). ჩვენც შევძლებთ მოულოდნელად თავსდატეხილი სირთულეების ატანას, თუ ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვექნება. w23.04 15 ¶6, 7

ხუთშაბათი, 24 ივლისი

იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება (ფსალმ. 23:1).

ამ ფსალმუნიდან კარგად ჩანს, რომ დავითს ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ის აღწერს, როგორი ახლო ურთიერთობა იყო მასსა და მის მწყემსს, იეჰოვას შორის. ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა საუკეთესოდ შეძლებდა მისი ცხოვრების წარმართვას და არასდროს გაუნელდებოდა მისადმი სიყვარული. რა აძლევდა დავითს ასეთი მტკიცე რწმენის საფუძველს? დავითი ყოველთვის ხედავდა იეჰოვას მზრუნველობას. ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩენილიყო, ის არასდროს დატოვებდა აუცილებლის გარეშე. ის იეჰოვას კეთილგანწყობასაც გრძნობდა და მასთან მეგობრული ურთიერთობით ტკბებოდა. იეჰოვას მზრუნველობასა და სიყვარულში დარწმუნებული დავითი ურთულესი განსაცდელების დროსაც ახერხებდა, არ მისცემოდა საწუხარს და ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილიყო (ფსალმ. 16:11). w24.01 29 ¶12, 13

პარასკევი, 25 ივლისი

მე ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათ. 28:20).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა. ამან ღვთის ხალხს თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა მისცა, რასაც, თავის მხრივ, ძალიან დიდი ზრდაც მოჰყვა. ხელმძღვანელი საბჭო დღესაც ყველანაირად ცდილობს, მიჰყვეს ქრისტეს ხელმძღვანელობას. ამიტომ ეს ძმები ყველაფერს აკეთებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი გადაწყვეტილებები იეჰოვასა და იესოს თვალსაზრისს ირეკლავს. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კრებებს გადასცემენ სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სულით ცხებული უხუცესები და, ფართო გაგებით, ყველა უხუცესი, ქრისტეს „უჭირავს მარჯვენა ხელში“ (გამოცხ. 2:1). ცხადია, მოსეს, იესო ნავეს ძისა და მოციქულების მსგავსად არც ეს მამაკაცები არიან სრულყოფილები და შეცდომებიც მოსდით (რიცხ. 20:12; იეს. 9:14, 15; რომ. 3:23). და მაინც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ხელმძღვანელ საბჭოსა და ყველა უხუცესს იესო უწევს ხელმძღვანელობას და ეს მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმ მითითებებში, რომლებსაც იესო დანიშნული ძმების მეშვეობით გვაძლევს. w24.02 23, 24 ¶13, 14

შაბათი, 26 ივლისი

მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა (ეფეს. 5:1).

ჩვენ გულს გავუხარებთ იეჰოვას, თუ მასზე მადლიერებითა და სიყვარულით ვისაუბრებთ. ამის შესაძლებლობა ქადაგების დროს გვეძლევა. ძალიან გვსიამოვნებს, როცა ხალხს ბიბლიიდან ვანახებთ, რა ძვირფას თვისებებს ფლობს იეჰოვა, როგორი მოსიყვარულე, სამართლიანი, ბრძენი და ძლევამოსილია. ქადაგების მთავარი მიზანიც ხომ ისაა, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, დაუახლოვდნენ იეჰოვას და ჩვენსავით შეიყვარონ ის (იაკ. 4:8). თუმცა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობას მხოლოდ ქადაგება როდი გვაძლევს. ჩვენს ზეციერ მამას მაშინაც მივაგებთ დიდებას, როცა მის მიბაძვას ვცდილობთ; ამ დროს ხომ ცხადი ხდება, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და ქვეყნიერებას შორის. ხშირად ამას ხალხიც ამჩნევს და მიზეზითაც ინტერესდებიან, რაც მათთან იეჰოვაზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს (მათ. 5:14–16). ამის შედეგი კი ისაა, რომ გულწრფელ ადამიანებს ღმერთთან დაახლოების სურვილი უჩნდებათ. დიახ, იეჰოვას ძალიან ახარებს, როცა სიტყვითა თუ საქმით დიდებას მივაგებთ მას (1 ტიმ. 2:3, 4). w24.02 10 ¶7

კვირა, 27 ივლისი

შეეძლოს ჯანსაღი მსჯელობა სხვების გასამხნევებლად და . . . შესაგონებლად (ტიტ. 1:9).

მოწიფულ ქრისტიანებად რომ ჩამოყალიბდეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა. ეს დაგეხმარებათ, აიღოთ პასუხისმგებლობები კრებაში, შეძლოთ საკუთარი თავისა თუ ოჯახის რჩენა და გქონდეთ კარგი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მაგალითად, კარგად ისწავლეთ წერა-კითხვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის კითხულობს ღვთის სიტყვას და ფიქრობს მასზე, ბედნიერია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი ემართება (ფსალმ. 1:1–3). ბიბლიის ყოველდღიური კითხვით ის ეცნობა იეჰოვას აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება, სწორი დასკვნები გააკეთოს და გამოიყენოს ნასწავლი (იგავ. 1:3, 4). სწორედ მოწიფული ძმები აძლევენ და-ძმებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევა-დარიგებას. ასე რომ, თუ კარგად დაეუფლებით წერა-კითხვას, შეძლებთ რწმენის განმამტკიცებელი და შემეცნებითი კომენტარებისა თუ მოხსენებების მომზადებას. გარდა ამისა, შეძლებთ თქვენთვის პრაქტიკული აზრების ჩანიშვნას. ასეთი ჩანაწერების დახმარებით შეძლებთ თავადაც განიმტკიცოთ რწმენა და სხვებიც გაამხნეოთ. w23.12 26, 27 ¶9–11

ორშაბათი, 28 ივლისი

თქვენთან ერთობაში მყოფი ქვეყნიერებასთან ერთობაში მყოფზე დიდია (1 იოან. 4:4).

ყოველ ჯერზე, როცა შიში შეგიპყრობთ, დაფიქრდით მომავალზე, როცა სატანა ვეღარაფერს დაგაკლებთ. 2014 წლის რეგიონული კონგრესის ინსცენირებაში ერთმა მამამ 2 ტიმოთეს მე-3 თავის პირველი ხუთი მუხლი ასე წაიკითხა: „იცოდე, რომ ახალ ქვეყნიერებაში უბედნიერესი ცხოვრება გველის. ადამიანები იქნებიან ერთმანეთის მოყვარულები, ჭეშმარიტების მოყვარულები, მოკრძალებულები, თავმდაბლები, ღვთის განმადიდებლები, მშობლების მორჩილები, მადლიერები, ერთგულები, ოჯახის მოყვარულები, მათთან ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა, დადებითად მოსაუბრეები, თავშეკავებულები, ლმობიერები, კარგის მოყვარულები, სანდოები, დამთმობები, თვინიერები, ღვთის მოყვარულები და არა სიამოვნებისა, ღვთისმოშიშნი; ასეთებს მიეკარი“. თქვენც საუბრობთ ოჯახის წევრებთან თუ თანამორწმუნეებთან ახალ ქვეყნიერებაზე? w24.01 6 ¶13, 14

სამშაბათი, 29 ივლისი

მე მოგიწონე (ლუკ. 3:22).

გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იწონებს თავის ხალხს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4). თუმცა ზოგჯერ ქრისტიანს შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, რომ იეჰოვა პირადად მისადმი არ არის კეთილგანწყობილი. მსგავსი გრძნობები ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც ტანჯავდა (1 სამ. 1:6–10; იობ. 29:2, 4; ფსალმ. 51:11). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ არასრულყოფილების მიუხედავად შეგვიძლია იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება. რა არის ამისთვის საჭირო? ჩვენ უნდა ვირწმუნოთ იესო ქრისტე და მოვინათლოთ, რითაც საჯაროდ ცხადვყოფთ, რომ მოვინანიეთ ცოდვები და იეჰოვას მისი ნების შესრულება აღვუთქვით (იოან. 3:16; საქ. 2:38; 3:19). იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ მასთან დასაახლოებლად ასეთ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ ნათლობის შემდეგაც ყველანაირად ვცდილობთ მიძღვნის აღთქმის თანახმად ცხოვრებას, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია ჩვენდამი და მეგობრებად მიგვიჩნევს (ფსალმ. 25:14). w24.03 26 ¶1, 2

ოთხშაბათი, 30 ივლისი

ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ (საქ. 4:20).

კარგი იქნება, ჩვენც მსგავსად მოვიქცეთ, თუ ხელისუფლება ქადაგებას აგვიკრძალავს. უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა დაგვეხმარება, მსახურებაში წარმატებას მივაღწიოთ. სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, გაბედულება და დახმარება, რომ გაუმკლავდეთ პრობლემებს. ზოგს ჯანმრთელობა აქვს შერყეული ან ემოციური პრობლემები აწუხებს. ზოგს ახლობელი ჰყავს დაღუპული ან ოჯახში აქვს პრობლემები. ზოგიც რწმენის გამო იდევნება ან სხვა სახის სირთულესთან უწევს ჭიდილი. პანდემიამ და ომმა კი ბევრისთვის უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ყოფა. ამიტომ გული გადაუშალეთ იეჰოვას და ისე ესაუბრეთ, როგორც ახლო მეგობარს. დარწმუნებული იყავით, რომ ის უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვას (ფსალმ. 37:3, 5). თუ გამუდმებით ვლოცულობთ, ეს დაგვეხმარება, გავუძლოთ გასაჭირს (რომ. 12:12). იეჰოვამ კარგად იცის, რისი ატანა უწევთ მის მსახურებს და „ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმ. 145:18, 19). w23.05 5, 6 ¶12–15

ხუთშაბათი, 31 ივლისი

ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის (ეფეს. 5:10).

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ? თუ გვინდა, ამ დროს გონივრულად ვიმოქმედოთ, თავდაპირველად საჭიროა, ჩავწვდეთ, „რა არის იეჰოვას ნება“, ანუ მოვიძიოთ ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ჩვენს სიტუაციას მიესადაგება, შემდეგ კი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (ეფეს. 5:17). სატანა ცდილობს, ქვეყნიური საქმეებით ისე დაგვაკავოს, რომ დრო აღარ დაგვრჩეს ღვთის მსახურებისთვის (1 იოან. 5:19). მაგალითად, თუ ქრისტიანი ქონების დაგროვებას, განათლების მიღებას ან კარიერას იეჰოვას მსახურებაზე წინ დააყენებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყნიური აზროვნების ზეგავლენაში მოექცა. მართალია, ფულიც საჭიროა და განათლების მიღებაც, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა მსგავსი რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებს. w24.03 24 ¶16, 17

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება