საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შეოლი“
  • შეოლი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეოლი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რა არის „შეოლი“ და „ჰადესი“?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ვინ აღდგება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სინამდვილეში არსებობს თუ არა „ჯოჯოხეთი“?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ჯოჯოხეთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შეოლი“

შეოლი

კაცობრიობის საერთო სამარე და არა ცალკეული სამარხი ან საფლავი (ებრ. კევერ, მსჯ. 16:31; კევურაჰ, დბ. 35:20; გადიშ, იობ. 21:32).

ებრაული სიტყვა შეʼოლის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, როგორც ჩანს, იგი იწარმოება ებრაული ზმნისგან შაʼალ, რაც თხოვნას ან მოთხოვნას ნიშნავს. შეოლის შესახებ სემიუელ პაიკი აღნიშნავს, რომ ის არის „მიცვალებულთა საერთო საცავი ან სამყოფელი; მას ასე ეწოდება იმიტომ, რომ სამარე გაუმაძღარია და თითქოს ყოველთვის უფრო მეტს და მეტს ითხოვს“ (A Compendious Hebrew Lexicon, კემბრიჯი, 1811, გვ. 148).

ებრაული სიტყვა შეʼოლ 65-ჯერ გვხვდება მასორეტულ ტექსტში. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ის 29-ჯერ ითარგმნა შავეთად, 17-ჯერ — ჯოჯოხეთად, 17-ჯერ — ქვესკნელად, ერთხელ — სულეთად და ერთხელ — საფლავად. გარდა ამისა, შეʼოლ ებრაულ დედანში ესაიას 7:11-ში გვხვდება და აკვილას, სიმაქუსისა და თეოდოტიონის ძველ ბერძნულ თარგმანებში ჰადესად ითარგმნა (იხ. სქ., Rbi 8 ).

მრავალ ენაში, მათ შორის ქართულში, ებრაული სიტყვა შეʼოლის ზუსტი ეკვივალენტი არ არსებობს. ბიბლიის თარგმანებში სიტყვა „ჯოჯოხეთის“ გამოყენებასთან დაკავშირებით ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «ვინაიდან „ძველი აღთქმის“ დაწერის პერიოდში შეოლი მიუთითებდა უბრალოდ მიცვალებულთა სამყოფელზე და გამოიყენებოდა ყველანაირ ადამიანთან მიმართებით, განურჩევლად მათი ზნეობისა, ამ სიტყვის ჯოჯოხეთად თარგმნა უმართებულოა» (Collier’s Encyclopedia, 1986, ტ. 12, გვ. 28). ზოგ თანამედროვე თარგმანში გაკეთებულია შეოლის ტრანსლიტერაცია (RS, AT).

შეოლის შესახებ ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ აღნიშნულია: „შეოლი მდებარეობდა სადღაც მიწის ქვეშ ... მიცვალებულები არც ტკივილს გრძნობდნენ და არც სიამოვნებას განიცდიდნენ. შეოლი არც მართლების ჯილდოს უკავშირდებოდა და არც ბოროტთა სასჯელს. კეთილებსა და ბოროტებს, ტირანებსა და წმინდანებს, მეფეებსა და ობლებს, ისრაელებსა და წარმართებს — ყველას ერთად ეძინა, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ“ (Encyclopædia Britannica, 1971, ტ. 11, გვ. 276).

მიუხედავად იმისა, რომ ბერძენთა სწავლებამ ადამიანის სულის უკვდავების შესახებ მოგვიანებით იუდაიზმში ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი, ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ შეოლი ნიშნავს კაცობრიობის საერთო სამარეს, ანუ ადგილს, სადაც ცნობიერება არ არის (ეკ. 9:4—6, 10). შეოლში მყოფნი არც ხოტბას ასხამენ ღმერთს და არც ახსენებენ მას (ფს. 6:4, 5; ეს. 38:17—19). შეუძლებელია იმის თქმაც, რომ ის „ღვთისგან გაუცხოებული მდგომარეობაა“. ასეთი სწავლება საფუძველს მოკლებულია, რადგან ბიბლიიდან ჩანს, რომ შეოლი ღვთის „წინაშეა“ და ღმერთი „იქაც“ არის (იგ. 15:11; ფს. 139:7, 8; ამ. 9:1, 2). ამიტომ იობი, რომელსაც ტანჯვისგან გათავისუფლება სურდა, ღმერთს ლოცვაში სთხოვდა, მისთვის სამარეში ანუ შეოლში ჩასვლის უფლება მიეცა, მოგვიანებით კი გაეხსენებინა და მოეხმო (იობ. 14:12—15).

მთელ ღვთივშთაგონებულ სიტყვაში შეოლი სიკვდილთან ასოცირდება და არა სიცოცხლესთან (1სმ. 2:6; 2სმ. 22:6; ფს. 18:4, 5; 49:7—10, 14, 15; 88:2—6; 89:48; ეს. 28:15—18; აგრეთვე ფს. 116:3, 7—10 შდრ. 2კრ. 4:13, 14-ს). მასზე ნათქვამია, რომ ის არის უკუნი სიბნელით მოცული მიწა (იობ. 10:21) და მდუმარების ადგილი (ფს. 115:17). როგორც ჩანს, აბელი იყო შეოლში მოხვედრილთაგან პირველი. მას შემდეგ მას მილიონობით მიცვალებული შეუერთდა და მასავით მიწის მტვრად იქცა.

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ ფსალმუნის 16:10-დან მოიყვანა ციტატა და იესო ქრისტეს დაუკავშირა. ლუკამ პეტრეს სიტყვების ციტირებისას გამოიყენა ბერძნული სიტყვა ჰადეს, რითაც ცხადყო, რომ შეოლსა და ჰადესში ერთი და იგივე რამ, კაცობრიობის საერთო სამარე იგულისხმება (სქ. 2:25—27, 29—32). იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს შეოლი (ჰადესი) დაცარიელდება და განადგურდება, როცა მასში მყოფნი მკვდრეთით აღდგებიან (გმც. 20:13, 14; იხ. სამარხი; ჯოჯოხეთი; ჰადესი).

იონა შეოლში. იონას შესახებ მონათხრობში ნათქვამია: «ლოცვით მიმართა იონამ იეჰოვას, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან და თქვა: „გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას და მან მიპასუხა. შველას ვთხოვდი სამარის მუცლიდან. შენ ისმინე ჩემი ხმა“» (იონ. 2:1, 2). აქედან ჩანს, რომ იონამ თევზის მუცელი შეოლს შეადარა. თევზის მუცელში ის ფაქტობრივად მკვდარი იყო, თუმცა იეჰოვამ ცოცხალი ამოიყვანა ორმოდან, ანუ შეოლიდან, როცა შეუნარჩუნა სიცოცხლე და თევზს ამოანთხევინა (იონ. 2:6; შდრ. ფს. 30:3).

იესომ იონას მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ რა გადახდებოდა მას: „როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“ (მთ. 12:40). მართალია, იესოს აქ სიტყვა „შეოლი“ არ გამოუყენებია, მაგრამ მოციქულმა პეტრემ იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას მოიხსენია სიტყვა „ჰადესი“ (შეოლის ბერძნული ეკვივალენტი) (სქ. 2:27).

სიტყვა „შეოლის“ შესახებ ბრინმორ პრაისი და იუჯინ ნიდა ამბობენ, რომ «ეს სიტყვა ხშირად გვხვდება „ფსალმუნებსა“ და წიგნ „იობში“ და მიუთითებს ადგილზე, სადაც ყველა მიცვალებული მიდის. ის აღწერილია ბნელ ადგილად, სადაც ხსენების ღირსი არაფერი ხდება. ვინაიდან იქ ყველანაირი ადამიანია, განურჩევლად მათი ზნეობისა, ამ სიტყვის ჯოჯოხეთად (KJ) თარგმნა უმართებულოა, რადგან ის გულისხმობს მისი საპირისპირო ადგილის, „ზეცის“, ანუ სიკვდილის შემდეგ მართლების სამყოფლის არსებობას. შეიძლება ითქვას, რომ „სამარე“ აზრობრივად ახლოს დგას ამ სიტყვასთან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შეოლი გაცილებით დიდი სამარეა, სადაც ყველა მიცვალებული ერთად იმყოფება ... [იონას 2:2-ში] ფიგურალური გამოთქმის გამოყენება მართებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იონა დატყვევებული იყო თევზის მუცელში» (A Translators Handbook on the Book of Jonah, 1978, გვ. 37).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება