იეშუა
[შესაძლოა არის იეჰოშუას შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა].
1. მღვდელი აარონის შტოდან. დავითის მეფობის დროს, როცა დავითმა აარონის ძეებისგან მღვდლების 24 ჯგუფის ჩამოყალიბებას გაუწია ორგანიზება, მეცხრე ჯგუფი იეშუას საგვარეულოსგან ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს საგვარეულო მოიხსენიება ბაბილონში გადასახლებიდან ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნებულ საგვარეულოებს შორის (1მტ. 24:1, 11, 31; ეზრ. 2:1, 36; ნემ. 7:39).
2. ერთ-ერთი ლევიანი, რომელიც ხიზკიას მეფობის დროს მღვდელთა ქალაქებში მეათედსა და შესაწირავს ანაწილებდა (2მტ. 31:15).
3. ისრაელი მამაკაცი ფახათ-მოაბის საგვარეულოდან, რომლის ზოგი შთამომავალიც ბაბილონში გადასახლებიდან ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა (ეზრ. 2:1, 2, 6; ნემ. 7:11).
4. მღვდელმთავარი („ანგიასა“ და „ზაქარიაში“ მოხსენიებულია როგორც იეჰოშუა), იეჰოცადაკის ძე და სერაიას შვილიშვილი (ეზრ. 3:8; ნემ. 12:26; 1მტ. 6:14). ის ელეაზარის საგვარეულოდან იყო (ელეაზარიდან სერაიამდე გენეალოგიური ხაზის სანახავად იხ. ეზრ. 7:1—5).
იერუსალიმის განადგურებისას ნაბუქოდონოსორმა მოკლა მღვდელმთავარი სერაია და იეჰოცადაკი ტყვედ წაიყვანა ბაბილონში (2მფ. 25:18—21; 1მტ. 6:14, 15). იეშუა ბაბილონიდან ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა და სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველთა მღვდელმთავრად მსახურობდა (ეზრ. 2:2; 5:2; ნემ. 7:7; ანგ. 1:1). იეჰოვამ დაიცვა მღვდელმთავართა შტო, რათა ისრაელებს ჰყოლოდათ მღვდელმთავარი იერუსალიმის აღდგენიდან მესიის მოსვლამდე. წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია წინასწარმეტყველის მიერ წახალისებულმა იეშუამ ზერუბაბელთან ერთად ჯერ ღვთის სამსხვერპლოს, ხოლო შემდეგ ტაძრის აღდგენას გაუწია ორგანიზება (ეზრ. 3:2; 5:1, 2). ის ზერუბაბელთან ერთად უწევდა წინააღმდეგობას მათ, ვინც ტაძრის აღდგენისთვის ხელის შეშლას ცდილობდა (ეზრ. 4:1—3).
გადასახლებიდან დაბრუნებული ზოგი ისრაელი, რომელთაც ახსოვდათ სოლომონის ტაძრის დიდებულება, თვლიდა, რომ აღდგენილი ტაძარი უწინდელთან შედარებით არარაობა იყო. იეჰოვამ წინასწარმეტყველი ანგია ზერუბაბელსა და იეჰოშუასთან (იეშუა) გაგზავნა, რათა მათთვის ეთქვა, რომ ეს ტაძარი პირველზე უფრო დიდებული იქნებოდა იმის წყალობით, რომ იეჰოვა „ხალხთა საუნჯეს“ მოიყვანდა (ანგ. 2:1—4, 7, 9).
ზაქარია წინასწარმეტყველმა ხილვაში იხილა, რომ მღვდელმთავარი იეჰოშუა (იეშუა) იეჰოვას ანგელოზის წინ იდგა და მას მარჯვნივ სატანა ედგა წინააღმდეგობის გასაწევად. ხილვაში იეჰოშუა საზეიმო სამოსლითა და სუფთა თავსაბურავით შემოსეს, რათა წაბილწული ტანსაცმელი გამოეცვალა, რის შემდეგაც იეჰოშუას ღვთის მსახურის, სახელად ყლორტის შესახებ ამცნეს (ზქ. 3:1—8).
ერთხელ იეჰოვამ ზაქარიას უთხრა, რომ იეჰოშუასთვის (იეშუა) გვირგვინი დაედგა თავზე და ეთქვა: „აი კაცი — ყლორტია მისი სახელი ... ააშენებს იეჰოვას ტაძარს ... იჯდება თავის ტახტზე და მღვდლობასაც გასწევს“. ეს წინასწარმეტყველება აშკარად მომავალ დროში მცხოვრებზე უნდა შესრულებულიყო, რადგან კანონით სამღვდელოება და მმართველი კლასი ერთმანეთისგან გამიჯნული იყო და მღვდელმთავარი იეჰოშუა არასდროს გამხდარა ისრაელის მეფე (ზქ. 6:11—13).
5. თავკაცი ლევიანთა საგვარეულოსი, რომელთაგანაც ზოგი ბაბილონში გადასახლებიდან ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა (ეზრ. 2:40; ნემ. 7:43). იეშუას საგვარეულო ხაზის წარმომადგენელმა (ან ამავე სახელით ცნობილმა სხვა მამაკაცმა) ბეჭდის დასმით დაადასტურა მღვდლების, მთავრების და ხალხის მიერ დადებული მტკიცე შეთანხმება, რომ ისინი ღვთის კანონით ივლიდნენ. ეს მამაკაცი აზანიას ძე (ნემ. 9:38; 10:1, 9) და, სავარაუდოდ, ნეემიას 12:8, 24-ში მოხსენიებული იეშუაა.
სავარაუდოდ, ამ იეშუას საგვარეულო ხაზიდან იყო ეზრას 8:33-ში მოხსენიებული „იოზაბადი, იეშუას ვაჟი“ — ლევიანი, რომელსაც ეზრამ ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი მისცა ღვთის სახლისთვის.
ამავე საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ნეემიას 3:19-ში მოხსენიებული „მიცფას მთავარი ეცერი, იეშუას ვაჟი“, რომელიც ნეემიას ზედამხედველობით იერუსალიმის გალავნის აღდგენაზე მუშაობდა.
6. ერთ-ერთი ლევიანი, რომელიც ტაძრის აღდგენით სამუშაოებს მეთვალყურეობდა (ეზრ. 3:9).
7. ერთ-ერთი ლევიანი, რომელიც ეზრას ხელმძღვანელობით ხალხს კანონს უკითხავდა, განუმარტავდა და მათ სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა. შესაძლოა იმავე საგვარეულოდან, რომლიდანაც №5 (ნემ. 8:7; 9:4, 5).
8. ქალაქი იუდას სამხრეთ ნაწილში, სადაც სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველთა ნაწილი დასახლდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს არის იგივე თელ-ეს-სავე (თელ-იეშუა), რომელიც ბეერ-შებას აღმ. ჩრდ.-აღმ.-ით, დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს (ნემ. 11:25, 26). შესაძლოა სწორედ ეს ქალაქი მოიხსენიება იესო ნავეს ძის 15:26-ში შემად, ხოლო 19:2-ში — შებად.