იყავით შემსრულებელნი — არა მხოლოდ მომსმენნი
1 ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღეს გულთან მიაქვთ ბიბლიური შეგონება, რომ იყვნენ სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი (იაკ. 1:22). ეს მათ მკვეთრად განასხვავებს იმათგან, რომლებიც მხოლოდ ბაგეებით ემსახურებიან ღმერთს, თუმცა თავი ქრისტიანებად მოაქვთ (ეს. 29:13). იესომ ნათლად გვიჩვენა, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც ღვთის ნებას შეასრულებენ (მათ. 7:21).
2 თაყვანისცემას ღვთისმოსაწონი საქმეების გარეშე აზრი არა აქვს (იაკ. 2:26). ამიტომ საკუთარ თავს უნდა შევეკითხოთ: როგორ ამტკიცებს ჩემი საქმეები, რომ ჩემი რწმენა წრფელია? რა ავლენს, რომ ნამდვილად იმის თანახმად ვცხოვრობ, რაც მწამს? როგორ შევძლებ, უფრო სრულად მივბაძო იესოს? ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება, დავინახოთ, თუ რა წინსვლა განვიცადეთ ან ჯერ კიდევ რისი გაკეთება გვესაჭიროება ღვთის ნების შესასრულებლად.
3 რადგან იესოს კვალს მივყვებით, ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანი ცხოვრებაში იგივე უნდა იყოს, რაც ფსალმუნმომღერალმა გამოხატა: „ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე“ (ფსალმ. 43:9). ქრისტიანობა ცხოვრების ის გზაა, რომელიც ყოველდღე და თვით ყოველ ჩვენს საქმეში ვლინდება. რაოდენ დიდ კმაყოფილებას ვიღებთ, როცა ჩვენს საქმეებში ვავლენთ იეჰოვას განდიდების გულწრფელ სურვილს! (ფილ. 1:11).
4 იეჰოვას ქება პატიოსნად ცხოვრებაზე მეტს მოიცავს: ღმერთი მხოლოდ სწორ ქცევებს რომ ითხოვდეს ჩვენგან, ადვილად შევძლებდით, კონცენტრირება მოგვეხდინა ჩვენი პიროვნების დახვეწაზე. მაგრამ ჩვენი თაყვანისმცემლობა ასევე მოიცავს იეჰოვას ღირსებებისა და სახელის საჯაროდ გაცხადებას! (ებრ. 13:15; 1 პეტ. 2:9).
5 კეთილი ცნობის საჯაროდ ქადაგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ საქმეთა შორის, რომლებსაც ვაკეთებთ. იესომ თავი შესწირა ამ საქმეს, ვინაიდან იცოდა, რომ ეს ნიშნავდა მარადიულ სიცოცხლეს მათთვის, ვინც მოისმენდა (იოან. 17:3). დღეს ‘სიტყვის მსახურება’ ასევე დიდმნიშვნელოვანია; მხოლოდ ამით გადარჩება ხალხი (საქ. 6:4; რომ. 10:13). როცა დავფიქრდებით მომავალ კურთხევაზე, შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რატომ შეგვაგონა პავლემ, ‘ვიქადაგოთ სიტყვა, დაჟინებით’ (2 ტიმ. 4:2).
6 რამდენად უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრება იეჰოვას განდიდებამ? ფსალმუნმომღერალმა თქვა, რომ ყოველდღე ფიქრობდა მასზე. ამასვე ვგრძნობთ თუ არა ჩვენც? დიახ, და სხვა პიროვნებასთან ყოველ კონტაქტს მივიჩნევთ, როგორც პოტენციურ შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ იეჰოვას სახელის შესახებ. ჩვენ ძებნას დავუწყებთ სათანადო შესაძლებლობებს, რომ საუბარი წარვმართოთ სულიერი საკითხებისკენ. შესაძლებლობის მიხედვით, რეგულარულად მივიღებთ მონაწილეობას კრების მიერ ორგანიზებულ საველე მსახურებაში. მათ, ვისაც ხელსაყრელი პირობები აქვთ, შეუძლიათ, სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღონ პიონერული მსახურების დასაწყებად, რადგან ეს გვეხმარება, რომ სამქადაგებლო საქმიანობა ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად მთავარ ადგილზე დავაყენოთ. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ბედნიერები ვიქნებით, თუ შეუპოვრად შევასრულებთ ღვთის ნებას (იაკ. 1:25).