როგორ გვეხმარება თეოკრატიული სამსახურის სკოლა?
1 იეჰოვას ხალხს თეოკრატიული განათლების მიღების უნიკალური შესაძლებლობა აქვს (ეს. 54:13; იოან. 6:45). მაგრამ, უმთავრესად, ჩვენივე მცდელობაზეა დამოკიდებული ის, თუ რა ზომით მივიღებთ სარგებლობას. ხედავ იმ დადებით გავლენას, რომელსაც თეოკრატიული სამსახურის სკოლა ახდენს შენს სულიერობაზე?
2 სამადლობელი კომენტარები. მრავალმა სკოლის ზედამხედველმა თქვა, რომ სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვის ამომწურავად შესწავლა მათ კრებას უფრო ეფექტურად ქადაგებაში დაეხმარა. ერთ-ერთმა სკოლის ზედამხედველმა აღნიშნა, რომ, რადგანაც ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვაში აუდიტორიაც მონაწილეობს, უფრო მეტი მიჰყვება ბიბლიის კითხვის პროგრამას. დავალება №2-თან დაკავშირებით მრავალმა ძმამ მადლიერებით აღნიშნა, რომ, ვინაიდან შესავლისა და დასკვნის მომზადებაზე დრო აღარ ეხარჯებათ, მთელი ყურადღება მასალის კითხვაზე გადააქვთ და ამას დიდი სარგებლობა მოაქვს. ისინი, ვისაც ეს დავალება ეძლევა, ახლა უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კითხვის უნარის გაუმჯობესებას (1 ტიმ. 4:13).
3 სარგებლობა ყველასთვის მოაქვს. კრების შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება კმაყოფილების მომტანია (იგავ. 15:23). ვინაიდან ზეპირი გამეორების კითხვები წინასწარ გვაქვს, ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ წინასწარ მოვემზადოთ და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა განხილვაში. გარდა ამისა, 2004 წლის 1 იანვრის ნომრიდან დაწყებული, თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმის შესაბამისად, „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდება მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან. ეს სტატიები ბევრს ეხმარება, რომ ბიბლიიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვის დროს გამამხნევებელი კომენტარები გააკეთონ.
4 ყველას, ვინც ჩაწერილია სკოლაში, აქვს დავალებების მომზადების და აუდიტორიის წინაშე მათი წარმოდგენის კარგი შესაძლებლობა. აგრეთვე, ყველას გვეხმარება სკოლის ზედამხედველის შესაქები სიტყვები, რომელთაც ის სცენიდან წარმოთქვამს. გამომსვლელებისთვის სარგებლობის მომტანია ის რჩევებიც, რომლებიც სკოლის ზედამხედველმა შეიძლება კრების დამთავრების შემდეგ მისცეს მათ. გარდა ამისა, დამხმარეა სავარჯიშოები, რომლებიც მოცემულია თითოეული გაკვეთილის ბოლოს წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“.
5 თუ სკოლის მსვლელობის დროს ან შეხვედრის შემდეგ მოსმენილ პრაქტიკულ ბიბლიურ აზრებს შენთვის საყურადღებოდ ჩათვლი, ჩაიწერე ისინი თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს შენს ეგზემპლარში. იფიქრე ნასწავლზე და აგრეთვე იმაზე, თუ ღვთისგან მიღებული ეს განათლება როგორ უწყობს ხელს შენს სულიერ წინსვლას.