ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 8: გააცანი შემსწავლელებს ჩვენი ორგანიზაცია
1. რატომაა სასარგებლო ბიბლიის შესწავლებზე იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ ყოველკვირეულად რაიმე აზრის გაზიარება?
1 ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ შემსწავლელებს ბიბლიური სწავლებები გადავცეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, გახდნენ ქრისტიანული ორგანიზაციის ნაწილი (ზაქ. 8:23). ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება ბროშურა „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“. დაუტოვე ეს ბროშურა ბიბლიის ახალ შემსწავლელებს და წაახალისე მისი წაკითხვისკენ. ამასთანავე, ყოველკვირეულად შესწავლის დროს რამდენიმე წუთი დაუთმე იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ რაიმე აზრის გაზიარებას.
2. როგორ შეგიძლია აღძრა ბიბლიის შემსწავლელები კრების შეხვედრებზე დასწრებისკენ?
2 კრების შეხვედრები. ბიბლიის შემსწავლელმა ღვთის ორგანიზაცია რომ დააფასოს, უპირველესად, მას უნდა ჰქონდეს ჩვენთან ურთიერთობა კრების შეხვედრებზე (1 კორ. 14:24, 25). ამიტომ თავიდან შეგიძლია შემსწავლელს წარმოდგენა შეუქმნა ხუთ ყოველკვირეულ შეხვედრაზე და ამისათვის ერთ ჯერზე ერთი შეხვედრის შესახებ ესაუბრო. უთხარი მომდევნო საჯარო მოხსენების სათაური. აჩვენე, რა მასალა იქნება განხილული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე და წიგნის შესწავლაზე. მოუყევი, თუ როგორ ტარდება თეოკრატიული სამსახურის სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა. როცა თეოკრატიულ სკოლაში დავალება გექნება, შეგიძლია ამაზეც ესაუბრო. გაუზიარე საინტერესო საკითხები, რომლებიც შეხვედრებზე იყო განხილული. აჩვენე სურათები ჩვენი პუბლიკაციებიდან, რათა უკეთესად წარმოიდგინოს, თუ რა ხდება კრების შეხვედრებზე. კრებაზე დასწრება პირველივე შეხვედრაზე შესთავაზე.
3. რა საკითხებზე შეგვიძლია ვესაუბროთ შემსწავლელს ორგანიზაციასთან დაკავშირებით?
3 როცა ახლოვდება გახსენების საღამო, კონგრესი ან სარაიონო ზედამხედველის მონახულება, რამდენიმე წუთით ესაუბრე ამის შესახებ და გაუღვივე დასწრების სურვილი. მათთან ურთიერთობისას თანდათანობით უპასუხე ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რატომ გვეწოდება იეჰოვას მოწმეები? რატომ ვუწოდებთ ჩვენი შეხვედრის ადგილს სამეფო დარბაზს? რა მოვალეობებს ასრულებენ უხუცესები და მომსახურეები? როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმეს და უბნების დამუშავებას? როგორ ხდება ჩვენი ლიტერატურის გამოცემა? როგორ ფინანსდება ორგანიზაცია? რა როლს ასრულებს ფილიალი და ხელმძღვანელი საბჭო ორგანიზაციის საქმიანობის ზედამხედველობაში?
4, 5. როგორ დაეხმარება ვიდეოფილმები შემსწავლელებს, რომ მეტი გაიგონ ორგანიზაციის შესახებ და დააფასონ ის?
4 სასარგებლო ვიდეოფილმები. ვიდეოფილმები კიდევ ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ბიბლიის შემსწავლელებს იეჰოვას შესანიშნავი ორგანიზაცია გავაცნოთ. თუ ხელმისაწვდომია ჩვენს ენაზე, შეგვიძლია მათ ვაჩვენოთ ისეთი ფილმები, როგორიცაა: „დედამიწის კიდით კიდემდე“, „ჩვენი საძმო“ ან „ღვთიური სწავლებით გაერთიანებულნი“ (თუ იციან რომელიმე ენა, რომლებზეც ხელმისაწვდომია ეს ფილმები). ერთ ქალს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში იღებდა ჩვენს ჟურნალებსა და სხვა პუბლიკაციებს, ცრემლები წამოსცვივდა, როცა უყურა ვიდეოფილმს „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“. ის ნდობით ეკიდებოდა იეჰოვას მოწმეს, რომელიც მასთან მიდიოდა, მაგრამ ფილმმა დაანახვა, რომ ასეთივე ნდობა შეეძლო ორგანიზაციის მიმართაც ჰქონოდა. მან მაშინვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა, ხოლო მომდევნო კვირას სამეფო დარბაზში შეხვედრას დაესწრო.
5 აღნიშნულ საკითხებზე ყოველკვირეულად რამდენიმე წუთიანი საუბრებითა და არსებული საშუალებების გამოყენებით, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ შემსწავლელების წარმართვას ორგანიზაციისკენ, რომელსაც დღეს იეჰოვა იყენებს.