ეფექტურად ქადაგება ყველგან, სადაც ხალხია
1. იესოს პირველი მოწაფეების მსგავსად, როგორ ქადაგებენ დღეს ქრისტიანები და რა არის ამის შედეგი?
1 იესოს პირველი მოწაფეების მსგავსად, ქრისტიანები ცდილობენ, ხალხს სასიხარულო ცნობა აუწყონ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია (საქ. 16:13; 17:17; 20:20, 21). ასეთი გულმოდგინების შედეგად, მათ ქადაგებას ინტერესით ეხმაურებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც, შესაძლოა, კარდაკარ ქადაგებისას ვერასდროს შეხვედროდნენ.
2. რატომ უნდა გამოვავლინოთ გამჭრიახობა, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ საქმიან ტერიტორიებზე ვქადაგებთ და როგორ შეგვიძლია წესრიგისთვის ხელის შეწყობა?
2 გამჭრიახობა უნდა გამოვავლინოთ, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ საქმიან ტერიტორიებზე ვქადაგებთ. ჩვეულებრივ, უმჯობესია, ასეთ დროს არასაჭირო ყურადღება არ მივიქციოთ. მაგალითად, ერთი და იმავე ტერიტორიაზე თუ ძალიან ბევრი მაუწყებელი იქადაგებს, ხალხს შეიძლება თავი მოვაბეზროთ. ასეთ შემთხვევაში ისინი სათანადო პატივისცემით არ განეწყობიან ჩვენი საქმიანობისადმი და ნაკლებად ეფექტური იქნება მათთან ქადაგება. რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ თავი ავარიდოთ ასეთ მდგომარეობას? ზოგი კრებისთვის, სადაც ხალხმრავალი ადგილებისა და საქმიანი ტერიტორიების რაოდენობა ამის საშუალებას იძლეოდა, დამხმარე აღმოჩნდა მათი სამქადაგებლო უბნებად დაყოფა (1 კორ. 14:40). გარდა ამისა, პირადადაც შეგვიძლია წესრიგისთვის ხელის შეწყობა, თუ მხოლოდ ჩვენი კრებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ვიქადაგებთ. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა კრების სამსახურებრივი კომიტეტის მიერ ორგანიზაცია ეწევა სხვა კრებისთვის დახმარებას (იხილე 1998 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 6, აბზ. 18, 19).
3. როგორი მიდგომა აღმოჩნდა ეფექტური ზოგი მაუწყებლისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ქადაგებისას?
3 საუბრის დაწყება: როცა იესო ჭასთან სამარიელ ქალს ელაპარაკა, საუბარი მან მოკლე ფრაზით დაიწყო და სერიოზულ თემაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ქალმა მისი სიტყვებისადმი ინტერესი გამოავლინა (იოან. 4:7—26). ასეთი მიდგომა ზოგ შემთხვევაში დღესაც ეფექტურია. ზოგი მაუწყებელი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად, ჯერ ესალმება ადამიანს, გამოელაპარაკება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მასთან ქადაგებას. თავიდან ისინი ხალხისთვის აქტუალურ თემაზე იწყებენ ლაპარაკს. ეს ხშირად თავისთავად გადაიზრდება უფრო სერიოზულ საუბრებში. როცა ადამიანი ამა თუ იმ საკითხზე გულისტკივილს გამოთქვამს, მაუწყებლები ყურადღებით უსმენენ და ამის შემდეგ უზიარებენ მას მანუგეშებელ აზრებს ღვთის სიტყვიდან (რომ. 15:4).
4. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანის ინტერესის გასაღვივებლად?
4 შეეცადე ინტერესის გაღვივებას: ყოველთვის, როცა ვინმესთან კარგი საუბარი გვაქვს, უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენს მოსაუბრეს სხვა დროს შეხვედრაზეც შევუთანხმდეთ მისი ინტერესის უფრო მეტად გასაღვივებლად. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მაგალითად, როცა საუბარი დასასრულს უახლოვდება, შეგიძლია ბლოკნოტი ამოიღო და უთხრა: „ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. შესაძლებელია, რომ სხვა დროს საუბარი ისევ განვაგრძოთ?“ ან უთხარი: „ერთი სტატიის წაკითხვა მინდა შემოგთავაზოთ. ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება. შეიძლება, რომ სახლში ან სამუშაოზე მოგიტანოთ?“ ზოგი მაუწყებელი პირდაპირ ეკითხება მოსაუბრეს: „რა ნომერზე შემიძლია დაგიკავშირდეთ?“ ამას ხშირად დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.
5. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, როცა საზოგადოებრივ ადგილებში ვქადაგებთ?
5 ბევრმა, ვისაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უქადაგეს, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ასეთი შესწავლების ჩატარება შესაძლებელია შემსწავლელის სახლში, მის სამუშაო ადგილზე ან, თუ ეს მოსახერხებელია, საზოგადოებრივ ადგილებში. შესაძლებელია ტელეფონით შესწავლაც. მოდი მიზნად დავისახოთ ბიბლიის შესწავლების დაწყება და ეფექტურად ვიქადაგოთ ყველგან, სადაც კი ხალხს ვხვდებით.