მიმართეთ ადამიანთა ყურადღება „ქვეყნიერების სინათლისკენ“
1 იეჰოვამ ესაიას საშუალებით იწინასწარმეტყველა: „ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი; სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი“ (ეს. 9:2). ეს დიდი სინათლე ხალხმა ღვთის ძის, იესო ქრისტეს საქმეებით იხილა. დედამიწაზე ქრისტეს ქადაგებას და მის მიერ გაღებული გამოსასყიდით მოტანილ კურთხევებს სულიერი სიბნელიდან გამოჰყავდა ადამიანები. დღეს, როცა ირგვლივ სულიერი სიბნელეა, სწორედ ასეთი სინათლე სჭირდება ხალხს. უფლის გახსენების საღამო განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ადამიანთა ყურადღება „ქვეყნიერების სინათლისკენ“ მივმართოთ (იოან. 8:12). გასულ წელს მილიონობით ადამიანმა გარკვეული ზომით გამოავლინა რწმენა და ჩვენს მსგავსად ისინიც დაემორჩილნენ იესოს მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად“ (ლუკ. 22:19). გახსენების საღამო ახლოვდება. როგორ შეგვიძლია მივმართოთ ხალხის ყურადღება დიდი სინათლისკენ, რომელიც იეჰოვასგან მომდინარეობს? (ფილ. 2:15).
2 მადლიერების გრძნობის გაღვივება: გახსენების საღამოს პერიოდი შესაფერისი დროა იმისათვის, რომ ვიფიქროთ უდიდეს სიყვარულზე, რომელიც იეჰოვამ და იესომ გამოავლინეს კაცობრიობისადმი გამოსასყიდით (იოან. 3:16; 2 კორ. 5:14, 15). ეს უეჭველად გაგვიღვივებს მადლიერებას ამ განსაკუთრებული ღონისძიებისადმი. ჩვეულებრივ, ღვთის მსახურთაგან ყველა გამოყოფს დროს, რათა წაიკითხონ გახსენების საღამოსთან დაკავშირებული ბიბლიური მონაკვეთები, რომლებიც მითითებულია ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. როდესაც ვფიქრობთ იეჰოვას შეუდარებელ თვისებებზე, რომლებიც დიდებული სახით გამოვლინდა გამოსასყიდის გაღებით, სიამაყის გრძნობა გვეუფლება, რომ ასეთ ღმერთს ვემსახურებით. იმაზე დაფიქრება, თუ რას ნიშნავს გამოსასყიდი პირადად ჩვენთვის, გვიძლიერებს სიყვარულს ღვთისა და მისი ძის მიმართ და აღგვძრავს, მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ ღვთის ნების შესრულებას (გალ. 2:20).
3 თუ ვიღრმავებთ მადლიერების გრძნობას გამოსასყიდის მიმართ, გახსენების საღამოს პერიოდში ჩვენი ენთუზიაზმი გავლენას მოახდენს მათზე, ვისაც ვიწვევთ ამ განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად — კერძოდ, ბიბლიის შემსწავლელებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე, თანაკურსელებზე, თანამშრომლებზე, მათზე, ვისაც განმეორებით ვინახულებთ, და სხვებზე (ლუკ. 6:45). განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმარე მათ მოწვევას და მიეცი გახსენების საღამოს მოსაწვევი, რომ არ დაავიწყდეთ თარიღი. არავინ რომ არ გამორჩეთ, ბევრისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა იმ ადამიანების სიის შედგენა, რომელთაც რეგულარულად იწვევენ გახსენების საღამოზე და ამ სიას ყოველწლიურად ახლებსაც ამატებენ. ასეთი ორგანიზებულობა და დაინტერესებულების მოსაწვევად მთელი ძალ-ღონის მოხმარება შესანიშნავი საშუალებაა მადლიერების გამოსახატავად „ენით აუწერელი უანგარო ძღვნისთვის“, რომელიც იეჰოვა ღმერთმა გვიბოძა (2 კორ. 9:15).
4 მეტი დრო დაუთმე მსახურებას: შეგიძლია მეტი დრო დაუთმო მსახურებას მარტსა და აპრილში? თუ ყოველმხრივ შევეცდებით, გავუზიაროთ სხვებს „ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობა“, აუცილებლად მივიღებთ ღვთის კურთხევებს. იეჰოვა, ყოველგვარი სულიერი სინათლის წყარო, ამბობს: „გამოანათოს სინათლემ სიბნელიდან“ (2 კორ. 4:4—6). საჭიროების მიხედვით, უხუცესები დამატებით დაგეგმავენ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს. ამგვარად, ისინი თავად გაუწევენ ხელმძღვანელობას იმ მაუწყებლების მხარდაჭერას, რომელთაც უფრო მეტი დროის დათმობა სურთ მსახურებისთვის. შეიძლება დაიგეგმოს დილით ადრე ქუჩაში დამოწმება; ნაშუადღევს ან საღამოს პირზე საქმიანი ტერიტორიის დასამუშავებლად ან ტელეფონით დამოწმებისთვის ორგანიზების გაწევა. მსახურებისთვის უფრო მეტი დროის დათმობა იმ შემთხვევაში გაგიადვილდება, თუ საათების რაოდენობასთან დაკავშირებით გონივრულ მიზანს დაისახავ და შემდეგ ყოველმხრივ შეეცდები მიზნის მიღწევას. ბევრისთვის იეჰოვას მსახურებაში მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენა დამხმარე პიონერად მსახურებას ნიშნავს (კოლ. 3:23, 24).
5 შეგიძლია იმსახურო დამხმარე პიონერად? უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც დამხმარე პიონერად მსახურებისთვის საჭირო საათების რაოდენობა შემცირდა. ამ ცვლილებამ ბევრს მისცა საშუალება, გამოეცადა, რა კურთხევები მოაქვს დამხმარე პიონერობას. გიცდია მსახურება დამხმარე პიონერად? ბევრს ჩვევად აქვს ყოველწლიურად იმსახუროს დამხმარე პიონერად. ბევრ კრებაში მაუწყებლები ერთმანეთს ხელს უწყობენ დამხმარე პიონერებად მსახურებაში, რაც წლის განმავლობაში კრების განსაკუთრებულ გააქტიურებას უწყობს ხელს. შეგიძლია გახსენების საღამოს პერიოდში რომელიმე თვე დამხმარე პიონერად იმსახურო? აპრილში ხუთი შაბათ-კვირაა და ეს თვე შეიძლება ბევრისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს.
6 სარაიონო ზედამხედველის მონახულება ხომ არ არის დაგეგმილი შენს კრებაში მარტში ან აპრილში? თუ ასეა, კიდევ ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობა გაქვს. როგორც უკვე გამოცხადდა, 2006 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მათ, ვინც დამხმარე პიონერად იმსახურებს იმ თვეში, რომელშიც კრებას სარაიონო ზედამხედველი მოინახულებს, საშუალება ექნებათ, მონახულების კვირაში დაესწრონ პიონერებთან შეხვედრის პირველ ნაწილს. უეჭველია, რომ ამ შეხვედრაზე მოსმენილი სულიერად განმამტკიცებელი ინფორმაცია ბევრ დამხმარე პიონერს უბიძგებს პიონერად მსახურების დასაწყებად. გარდა ამისა, მარტში შევთავაზებთ ახალ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ამგვარად ხალხს დავეხმარებით, მისი საშუალებით მიიღონ სულიერი სინათლე. მიზნად დაისახე, ამ ახალი წიგნის მეშვეობით ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
7 დამხმარე პიონერობისთვის საჭირო 50 საათის შესასრულებლად წინასწარ განსაზღვრე, როგორი განრიგი მოგცემს კვირაში 12 საათის ქადაგების საშუალებას. გაესაუბრე მათ, ვისაც უკვე აქვს ამ მხრივ გამოცდილება. ასევე სხვებსაც დაელაპარაკე. ამან შეიძლება აღძრას ისინი, რომ შემოგიერთდნენ. მონათლული მაუწყებლები — როგორც ახალგაზრდები ისე ხანდაზმულები — ხედავენ, რომ კარგი დაგეგმვის წყალობით ნამდვილად არ არის ძალიან რთული ამ სანაქებო მიზნის განხორციელება. ილოცე ამის შესახებ. შემდეგ კი, თუ შესაძლებელია, შეადგინე გეგმა და იმსახურე დამხმარე პიონერად! (მალ. 3:10).
8 ბევრმა ოჯახმა დაინახა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია, ოჯახის ერთმა წევრმა მაინც მიაღწიოს ამ მიზანს. ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ოჯახის ხუთი მონათლული წევრი იმსახურებდა დამხმარე პიონერად, ორი ბავშვი კი, რომლებიც ჯერ არ იყვნენ მონათლულნი, მეტ დროს დაუთმობდა ქადაგებას. რა კურთხევები მიიღო ამ ოჯახმა დამატებითი ძალისხმევის გამოვლენის შედეგად? მათ წერილში ვკითხულობთ: „ძალიან სასიამოვნო თვე გვქონდა და ჩვენი ოჯახური კვანძები უფრო ძლიერი გახდა. მადლობას ვუხდით იეჰოვას ამ საოცარი კურთხევისთვის!“
9 უფრო დაგვაახლოებს მარტსა და აპრილში მსახურება ჩვენს ზეციერ მამასთან? ეს ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოვახმართ ძალისხმევას ღვთისა და მისი ძისადმი სიყვარულის გაძლიერებას და მსახურებისთვის მეტი დროის დათმობას. მოდი მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც მღეროდა: „ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას“ (ფსალმ. 108:30). იეჰოვა აკურთხებს ჩვენს გულმოდგინებას გახსენების საღამოს პერიოდში. ასე რომ, მივცეთ ნათების საშუალება დიდ სინათლეს, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს სულიერი სიბნელიდან და ‘ჰქონდეს სიცოცხლის სინათლე’ (იოან. 8:12).
[სასწავლო კითხვები]
1. რა სინათლის შესახებ წინასწარმეტყველებდა ღვთის სიტყვა და განსაკუთრებით რომელი მოვლენა გვაძლევს საშუალებას, რომ ხალხის ყურადღება ამ სინათლისკენ მივმართოთ?
2. როგორ შეგვიძლია გავიღვივოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის და რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენზე?
3. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება გახსენების საღამო პერიოდში?
4. რა დაგვეხმარება, მეტი დრო დავუთმოთ მსახურებას მარტსა და აპრილში?
5. რატომ აღმოჩნდა ბევრისთვის სასარგებლო დამხმარე პიონერად მსახურებისთვის საჭირო საათების რაოდენობის შემცირება?
6. რა მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გათვალისწინებული გახსენების საღამოს პერიოდისთვის?
7, 8. ა) რა დაგვეხმარება დამხმარე პიონერად მსახურებისთვის საჭირო გეგმის შედგენაში? ბ) რატომაა კარგი, როცა ოჯახი თანამშრომლობს ამ მხრივ, და რა სარგებლობა მოაქვს ამას მთელი ოჯახისთვის?
9. როგორ შეგვიძლია ‘ვანათოთ’ გახსენების საღამოს პერიოდში?