დაეხმარე სხვებს, რათა მათაც მოუტანოს სარგებლობა გამოსასყიდმა
ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება 12 აპრილს
1 „მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უანგარო ძღვნისთვის“ (2 კორ. 9:15). ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რას ვგრძნობთ იმ სიკეთისა და სიყვარულისთვის, რასაც ღმერთი თავისი ხალხის მიმართ ავლენს თავისი ძის, იესო ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის მეშვეობით. ასეთი მადლიერების გრძნობა განსაკუთრებით მაშინ გახდება ცხადი, როდესაც 12 აპრილს ერთად აღვნიშნავთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.
2 იეჰოვას ხალხთან ერთად ყოველ წელს დაახლოებით ათი მილიონი ადამიანი ესწრება გახსენების საღამოს. დასწრებით ისინი გარკვეულწილად გამოხატავენ მადლიერებას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისათვის. მაგრამ გამოსასყიდმა რომ სარგებლობა მოუტანოს მათ, რწმენა უნდა გამოავლინონ მისდამი (იოან. 3:16, 36). როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ასეთი რწმენის განვითარებაში? გახსენების საღამოს პერიოდში შეგვიძლია წავახალისოთ ისინი, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყონ და კრების ყოველკვირეულ შეხვედრებს დაესწრონ. მოდი დავფიქრდეთ შემდეგ რჩევებზე.
3 ბიბლიის შესწავლები: გახსენების საღამოზე მოწვეულ დაინტერესებულ ადამიანებთან შეგიძლია ბიბლიის შესწავლის დაწყება წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ შეეცადე, პიროვნებას აუხსნა გახსენების საღამოს მნიშვნელოვნება ამავე წიგნის 206—208-ე გვერდებზე მოცემული თემის დახმარებით, რომლის სათაურიცაა „უფლის გახსენების საღამო — მისი აღნიშვნა პატივს მიაგებს ღმერთს“. შენ შეგიძლია ეს მასალა ორი მონახულების განმავლობაში განიხილო, შესაძლოა ეს კარებთან ბიბლიის შესწავლის მსგავსად გააკეთო. მასალის განხილვის შემდეგ, პიროვნებამ შეიძლება მოისურვოს ამ წიგნის მე-5 თავის განხილვა, რომლის სათაურიცაა „გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“. როგორც კი რეგულარულად დაიწყებთ ბიბლიის შესწავლას, მიუბრუნდით წინა ოთხ თავს და ისინიც განიხილეთ.
4 ვისთან შეგვიძლია ამგვარად ბიბლიის შესწავლის დაწყება? შესაძლოა ზოგიერთი თანამშრომელი, თანაკლასელი ან მეზობელი დაგთანხმდეს ასეთ განხილვაზე. ძმებს შეუძლიათ მიაკითხონ კრებაში მყოფი დების ურწმუნო ქმრებს. ნუ გამოგრჩებათ მხედველობიდან ნათესავები, რომლებიც მოწმეები არ არიან. დაბოლოს, განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, რომ გახსენების საღამოზე დავპატიჟოთ ისინი, ვინც ერთ დროს აქტიურად თანამშრომლობდა კრებასთან (ლუკ. 15:3—7). გამოვძებნოთ ყველანაირი საშუალება ასეთი ადამიანების დასახმარებლად, რათა გამოსასყიდმა მათაც მოუტანოს სარგებლობა.
5 კრების შეხვედრები: პირველი შეხვედრა, რომელსაც ბიბლიის მრავალი შემსწავლელი და სხვა დაინტერესებული ადამიანი ესწრება, გახსენების საღამოა. მაგრამ, როგორ შეგვიძლია წავახალისოთ ისინი, რომ კრების სხვა შეხვედრებსაც დაესწრონ? 2005 წლის აპრილის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-8 გვერდზე შემდეგი რჩევები იყო შემოთავაზებული: «უთხარი მომდევნო საჯარო მოხსენების სათაური. აჩვენე, რა მასალა იქნება განხილული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და წიგნის შესწავლაზე. მოუყევი, თუ როგორ ტარდება თეოკრატიული სამსახურის სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა. როცა თეოკრატიულ სკოლაში დავალება გექნება, შეგიძლია ამაზეც ესაუბრო. გაუზიარე საინტერესო საკითხები, რომლებიც შეხვედრებზე იყო განხილული. აჩვენე სურათები ჩვენი პუბლიკაციებიდან, რათა უკეთესად წარმოიდგინოს, თუ რა ხდება კრების შეხვედრებზე. კრებაზე დასწრება პირველივე შესწავლისას შესთავაზე».
6 როდესაც გულწრფელი ადამიანები რეგულარულად სწავლობენ ბიბლიას და ყოველთვის ესწრებიან კრების შეხვედრებს, ისინი, ხშირად, სწრაფად მიიწევენ წინ სულიერად. ამიტომ, წავახალისოთ სხვები, რათა მათაც მეტი სარგებლობა მოუტანოს ამ სულიერმა ღონისძიებებმა და ღვთის უდიდესმა ძღვენმა — გამოსასყიდმა.
[სასწავლო კითხვები]
1. რომელია ის ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღვთის ხალხი მადლიერებას გამოხატავს გამოსასყიდისთვის?
2. იეჰოვას მსახურებთან ერთად კიდევ ვინ ესწრება გახსენების საღამოს და რის გაკეთება მართებთ მოწმეებს, რომ გამოსასყიდმა სარგებლობა მოუტანოს მათ?
3. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შესწავლა დავიწყოთ მათთან, ვინც გახსენების საღამოზე მოვიწვიეთ?
4. ვისთან შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის დაწყება გახსენების საღამოს პერიოდში?
5. როგორ შეგვიძლია წავახალისოთ ბიბლიის შემსწავლელები და სხვა დაინტერესებულები, რომ კრების ყოველკვირეულ შეხვედრებს დაესწრონ?
6. რომელი ორი საშუალებით შეგვიძლია დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, რათა მათაც მოუტანოს სარგებლობა გამოსასყიდმა?