თავი 1
როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?
„ძლივს მოვიკრიბე გამბედაობა, რომ მშობლებს ჩემს გრძნობებზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ აზრი წესიერად ვერ ჩამოვაყალიბე; ლაპარაკი არ მაცალეს. ძლივს შევძელი დალაპარაკება, მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა“ (როზა).
როცა პატარა იყავი, რჩევას ალბათ ყოველთვის მშობლებს ეკითხებოდი. ნებისმიერ ახალ ამბავს, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოს, მათ უყვებოდი. თავისუფლად უშლიდი გულს და მათ რჩევასაც ბოლომდე ენდობოდი.
მაგრამ ახლა შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლები ვეღარ გიგებენ. „ერთ საღამოს, ვახშმობისას, ცრემლები წამსკდა და იმაზე დავიწყე ლაპარაკი, რაც მაწუხებდა, — ამბობს მონიკა. — მშობლები მისმენდნენ, მაგრამ ვერ მიმიხვდნენ, რა მინდოდა. ბოლოს ატირებული შევედი საძინებელში და ვეღარ ვწყნარდებოდი“.
ზოგჯერ შეიძლება ამჯობინებ, რომ არ გაიხსნა მშობლებთან. კრისტოფერი ამბობს: „მშობლებს ბევრ რამეზე ვესაუბრები, მაგრამ ხანდახან ყველაფერს არ ვეუბნები და ეს მომწონს კიდეც“.
ყველაფერი უნდა მოუყვე მშობლებს? აუცილებელი არ არის, მთავარია ტყუილი არ თქვა (იგავები 3:32). თუ გგონია, რომ მშობლები ვერ გიგებენ, ან თუ შენ იკავებ თავს მათთან საუბრისგან, ერთი რამ ცხადია: მშობლებს უნდა ესაუბრო, მათ კი უნდა მოგისმინონ.
ისაუბრე
მშობლებთან საუბარი რაღაცით მანქანის მართვას ჰგავს. თუ გზაზე დაბრკოლებას შეხვდები, ალბათ სხვა გზით წახვალ. განვიხილოთ ორი მაგალითი.
შენ გინდა საუბარი, მაგრამ ხედავ, რომ მშობლები არ გისმენენ. «მამასთან საუბარი ძალიან მიჭირს, — ამბობს ლეა. — ზოგჯერ ველაპარაკები, ის კი მეუბნება: „რამე მკითხე, შვილო?“».
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ლეა, თუ ნამდვილად სურს მამასთან თავის პრობლემაზე საუბარი? მას სულ მცირე სამი ვარიანტი აქვს.
ვარიანტი ა
უყვიროს მამას. ლეამ შეიძლება ხმას აუწიოს: „ბოლოს და ბოლოს, მომისმენ თუ არა?!“
ვარიანტი ბ
შეწყვიტოს მამასთან საუბარი. ლეამ შეიძლება უბრალოდ ხელი ჩაიქნიოს და თავის პრობლემაზე აღარაფერი თქვას.
ვარიანტი გ
ცოტა მოიცადოს და უკეთესი დრო შეარჩიოს მამასთან სალაპარაკოდ. ლეას შეუძლია მამასთან სხვა დროს ისაუბროს ან სათქმელი წერილით უთხრას.
შენი აზრით, რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოს ლეამ? ․․․․․
განვიხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თითოეულ შემთხვევას.
ლეას მამა ათას რამეზე ფიქრობს და ვერ ხვდება, რომ შვილს გული ატკინა. თუ ლეა ა ვარიანტს აირჩევს, მამა შეიძლება ვერ მიხვდეს, რა აყვირებს ლეას. ალბათ ასეთი საქციელით ლეა ვერ განაწყობს მამას მოსასმენად და ვერც პატივისცემას გამოავლენს მშობლის მიმართ (ეფესოელები 6:2). საეჭვოა, რომ ამ ვარიანტმა გაამართლოს.
ბ ვარიანტი შესაძლოა ყველაზე ადვილი გამოსავალი იყოს, მაგრამ არცთუ ისე გონივრული. რატომ? ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). პრობლემის გადასაჭრელად ლეა უნდა ესაუბროს მამას. წინააღმდეგ შემთხვევაში მამა ვერ მიხვდება, რა აწუხებს მას, და შესაბამისად, ვერც დაეხმარება. გაჩუმებით ლეა პრობლემას ვერ გადაჭრის.
თუ ლეა გ ვარიანტს აირჩევს, ესე იგი, ის დაბრკოლებას არ უშინდება და ადვილად უვლის მას გვერდს. ის ეცდება, საუბრისთვის უფრო ხელსაყრელი დრო შეარჩიოს. შეიძლება არჩიოს, მამას წერილი დაუწეროს. წერის პროცესში შეიძლება განწყობაც გამოუკეთდეს. წერილში შეიძლება ადვილად ჩამოაყალიბოს სათქმელი. თავის მხრივ, როცა ლეას მამა წერილს წაიკითხავს, გაიგებს, რისი თქმა უნდოდა შვილს და მიხვდება მისი წუხილის მიზეზს. აქედან გამომდინარე, გ ვარიანტი საუკეთესოა ორივე მხარისთვის, როგორც ლეასთვის, ისე მამისთვის.
კიდევ რა ვარიანტს შესთავაზებდი ლეას? თუ რამეს მოიფიქრებ, დაწერე. ისიც დაწერე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ვარიანტს.
․․․․․
მშობლებს სურთ შენთან საუბარი, შენ კი — არა. «საშინელებაა, როცა სკოლიდან დაღლილი ბრუნდები, მშობლები კი კითხვებს გაყრიან, — ამბობს სარა. — სკოლის გახსენებაც არ მინდა, ისინი კი ისევ სკოლაზე მეკითხებიან: „დღემ როგორ ჩაიარა? რაიმე პრობლემას ხომ არ შეხვდი?“». ფაქტია, ისინი ამ კითხვებს კარგი განზრახვით სვამენ. მაგრამ სარა ჩივის: „არ მინდა სკოლაზე საუბარი, როცა დაღლილი ვარ“.
კითხვა: როგორ შეიძლება მოიქცეს სარა ამ სიტუაციაში? წინა შემთხვევის მსგავსად, სარასაც, სულ ცოტა, სამი არჩევანი აქვს.
ვარიანტი ა
უარი თქვას საუბარზე. სარა ამბობს: „თავი დამანებეთ. ლაპარაკის ხასიათზე არა ვარ!“
ვარიანტი ბ
ეცადოს, აჰყვეს საუბარში. დაღლილობის მიუხედავად, სარა უხალისოდ, მაგრამ მაინც პასუხობს მშობლების კითხვებს.
ვარიანტი გ
სკოლაზე ლაპარაკს თავი აარიდოს და სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. სარა ამბობს, რომ სკოლაზე მაშინ დაელაპარაკება მათ, როცა უფრო დასვენებული იქნება. შემდეგ მშობლებს გულწრფელად ეკითხება: „თქვენ როგორი დღე გქონდათ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა?“
შენი აზრით, რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოს სარამ? ․․․․․
კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ ვარიანტებზე და ვნახოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თითოეულ შემთხვევას.
სარა დაღლილია და საუბრის ხასიათზე არ არის. ა ვარიანტის არჩევის შემთხვევაში მას არც დაღლილობა მოეხსნება და თავს დამნაშავედაც ჩათვლის იმის გამო, რომ თავი ვერ შეიკავა და მშობლებს უყვირა (იგავები 29:11).
სარას მშობლებს არც ის მოეწონებათ, თუ სარა მათთან საუბრისას ხმას აუწევს და არც ის, თუ საერთოდ არ ისურვებს ლაპარაკს. მათ შეიძლება იფიქრონ, რომ სარა მათ რაღაცას უმალავს. ამ შემთხვევაში მშობლები ალბათ უფრო მეტად შეეცდებიან სარას ალაპარაკებას, რაც მას უფრო გააღიზიანებს. საბოლოოდ, ეს ვარიანტი სასურველ შედეგს არ მოიტანს.
აშკარაა, რომ ბ ვარიანტი სჯობია ა ვარიანტს. ბოლოს და ბოლოს, საუბარი მაინც შედგება მათ შორის. მაგრამ ეს გულწრფელი საუბარი არ იქნება და სასურველ შედეგს ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს.
თუ სარა გ ვარიანტს აირჩევს, თავს უკეთ იგრძნობს, რადგან სკოლის ამბებზე საუბარი დროებით გადაიდება. მშობლებიც დააფასებენ იმას, რომ სარა მათ საუბარში აჰყვა და კმაყოფილებიც იქნებიან. ეს ვარიანტი საუკეთესო ჩანს, რადგან ორივე მხარე ითვალისწინებს ფილიპელების 2:4-ში ჩაწერილ პრინციპს: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“.
მოერიდე ორაზროვან ლაპარაკს
გახსოვდეს, რომ რასაც შენ ამბობ, მშობლებმა ის შეიძლება სხვანაირად გაიგონ. დავუშვათ, მშობლები გეკითხებიან, რატომ ხარ უგუნებოდ. შენ პასუხობ: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“. შენი სიტყვები მშობლებმა შეიძლება ასე გაიგონ: „მირჩევნია ჩემს გრძნობებზე მეგობრებს ველაპარაკო, ვიდრე თქვენ გადაგიშალოთ გული“. ჩაწერე ამ სავარჯიშოში შენი პასუხები. წარმოიდგინე, რომ რთულ პრობლემას შეხვდი და მშობელი დახმარებას გთავაზობს.
თუ ეტყვი: „შენ ნუ ნერვიულობ. მე თვითონ მივხედავ“.
მათ შეიძლება ასე გაიგონ: ․․․․․
უკეთესი პასუხი იქნებოდა: ․․․․․
რა უნდა გახსოვდეს? შეარჩიე სიტყვები და ისაუბრე პატივისცემით (კოლოსელები 4:6). უყურე შენს მშობლებს, როგორც მეგობრებს და არა როგორც მტრებს. ერთი რამ უნდა აღიარო: რაც უფრო მეტი მეგობარი გეყოლება, მით უფრო ადვილად მოაგვარებ პრობლემებს.
როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლებთან საუბრის პრობლემა არა გაქვს, მაგრამ თქვენი საუბარი ყოველთვის კამათით სრულდება?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ჩემი სიტყვები გულის სიმართლიდან მომდინარეობს და ჩემს ცოდნას გულწრფელად გადმოსცემს ჩემი ბაგე“ (იობი 33:3).
რჩევა
თუ სახლში გიჭირს მშობლებთან დალაპარაკება, მაშინ ესაუბრე ფეხით ან მანქანით სიარულისას, ანდა მაშინ, როდესაც საყიდლებზე მიდიხართ.
იცოდი, რომ . . . ?
მშობლებს შეიძლება შენსავით გაუჭირდეთ სერიოზულ საკითხებზე შენთან დალაპარაკება და თავი უხერხულად იგრძნონ.
რა უნდა გავაკეთო
როდესაც მშობლებთან საუბარი არ მენდომება, მე ․․․․․
თუ მშობლები მაინც შეეცდებიან, ამალაპარაკონ იმ საკითხზე, რაზეც არ მინდა საუბარი, ვეტყვი, რომ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?
როგორ ფიქრობ?
● რამდენად მნიშვნელოვანია სასაუბროდ დროის სწორად შერჩევა? (იგავები 25:11).
● რატომ ღირს მშობლებთან საუბარი? (იობი 12:12).
[ჩანართი 10 გვერდზე]
„მშობლებთან საუბარი ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ, როცა მათ გულს უშლი, თავს ისე გრძნობ, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოგეხსნა“ (დევენი).
[სურათი 8 გვერდზე]
თუ მშობლებთან საუბრისას დაბრკოლებას შეხვდი, მათთან სასაუბროდ სხვა გზა გამონახე.