-
სასიხარულო ცნობის მქადაგებლებიორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
-
-
თავი 8
სასიხარულო ცნობის მქადაგებლები
იეჰოვამ დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა (1 პეტ. 2:21). ვინც ქრისტეს მოწაფე ანუ ღვთის მსახური ხდება, ვალდებულია, რომ სასიხარულო ცნობა იქადაგოს. იმის ხაზგასასმელად, რომ სამქადაგებლო საქმე სულიერად გამომაცოცხლებელი იქნებოდა, იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდებით“ (მათ. 11:28, 29). ვინც იესოს ამ მოწოდებას გამოეხმაურა, არ გაწბილებულა!
2 ღვთის გამორჩეულმა მსახურმა, იესომ, კონკრეტულ ადამიანებს მოუწოდა, რომ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ (მათ. 9:9; იოან. 1:43). მან ისინი ქადაგებისთვის მოამზადა და იმავე საქმის შესასრულებლად გაგზავნა, რასაც თავად აკეთებდა (მათ. 10:1—11:1; 20:28; ლუკ. 4:43). მოგვიანებით იესომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად 70 მოწაფე გაგზავნა (ლუკ. 10:1, 8—11). ვიდრე გაგზავნიდა, უთხრა: „ვინც თქვენ გისმენთ, მეც მისმენს, ხოლო ვინც თქვენ არაფრად გაგდებთ, მეც არაფრად მაგდებს. მეტიც, ვინც მე არაფრად მაგდებს, ის ჩემს გამომგზავნელსაც არაფრად აგდებს“ (ლუკ. 10:16). ამით იესომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოწაფეებს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრათ. მათ იესოსა და უზენაესი ღვთის წარმომადგენლებად უნდა ემსახურათ! მსგავსი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ყველას, ვინც გამოეხმაურებოდა იესოს მოწვევას — „მოდი და გამომყევი!“ (ლუკ. 18:22; 2 კორ. 2:17). ყველას, ვინც ამ მოწვევას ეხმაურება, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება ევალება (მათ. 24:14; 28:19, 20).
3 ჩვენ გამოვეხმაურეთ იესოს მოწვევას და კურთხეულნი ვართ, რადგან უფრო და უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ (იოან. 17:3). ჩვენ გავითავისეთ იეჰოვას პრინციპები, განვიახლეთ გონება, შევიმოსეთ ახალი პიროვნებით და ღვთის ნორმების თანახმად დავიწყეთ ცხოვრება (რომ. 12:1, 2; ეფეს. 4:22—24; კოლ. 3:9, 10). ღვთისადმი მადლიერების გრძნობამ აღგვძრა, თავი მიგვეძღვნა იეჰოვასთვის და წყალში მოვნათლულიყავით. ნათლობა ღვთისადმი მსახურების დასაწყისია.
4 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს „სუფთა ხელებითა და სპეტაკი გულით“ ვემსახუროთ (ფსალმ. 24:3, 4; ეს. 52:11; 2 კორ. 6:14—7:1). ჩვენ იესო ქრისტეს ვერწმუნეთ, რისი წყალობითაც სუფთა სინდისი შევიძინეთ (ებრ. 10:19—23, 35, 36; გამოცხ. 7:9, 10, 14). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ ყველაფერი ღვთის სადიდებლად ეკეთებინათ და სხვები არ დაებრკოლებინათ. პეტრე მოციქულმაც აღნიშნა, რომ ჩვენმა სამაგალითო საქციელმა შეიძლება ადამიანები ჭეშმარიტებით დააინტერესოს (1 კორ. 10:31, 33; 1 პეტ. 3:1). ახლა განვიხილოთ, როგორ დავეხმაროთ სხვას, გახდეს სასიხარულო ცნობის მქადაგებელი.
ახალი მაუწყებლები
5 ბიბლიის შემსწავლელი თავიდანვე აღძარი, რომ რასაც სწავლობს, სხვებს გაუზიაროს. წაახალისე, რომ ესაუბროს ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებსა თუ სხვებს. სხვაგვარად, დაინტერესებული იესოს მოწაფე და სასიხარულო ცნობის მქადაგებელი ვერ გახდება (მათ. 9:9; ლუკ. 6:40). როცა დაინტერესებული სულიერად გაიზრდება და არაფორმალურად ქადაგების გამოცდილებას შეიძენს, კრებასთან ერთად ქადაგების სურვილი გაუჩნდება.
მოთხოვნები მაუწყებლად მსახურებისთვის
6 სანამ ბიბლიის შემსწავლელს კარდაკარ მსახურებაში წაიყვან, ის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. ვინც მსახურებაში მიგვყავს, ხალხი მას იეჰოვას მოწმედ მიიჩნევს. ამიტომ მაუწყებელი ქადაგების დაწყებამდე იეჰოვას ნორმების თანახმად უნდა ცხოვრობდეს და მოუნათლავ მაუწყებლად მსახურობდეს.
7 თუ დაინტერესებულს ბიბლიას ასწავლი და მასთან ბიბლიურ პრინციპებზე მსჯელობ, ალბათ ისიც გეცოდინება, იყენებს თუ არა ცხოვრებაში იმას, რასაც ბიბლიიდან სწავლობს. თუმცა ზოგიერთი საკითხის შესახებ შემსწავლელს უხუცესები შენი თანდასწრებით უნდა გაესაუბრონ.
8 უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი დაგეგმავს, რომ შენ და შენს შემსწავლელს გაგესაუბროთ ორი უხუცესი (ერთ-ერთი მათგანი კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრი უნდა იყოს). იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შემსწავლელს შეიძლება უხუცესი და მომსახურე გაესაუბრონ. უხუცესთა საბჭოს კოორდინატორის მიერ შერჩეულმა ძმებმა შემსწავლელთან გასაუბრება არ უნდა გადადონ. იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები კრების შეხვედრაზე შეიტყობენ, რომ დაინტერესებულს მაუწყებლობა სურს, შეიძლება ისინი შენ და შენს შემსწავლელს შეხვედრის შემდეგ გაგესაუბრონ. საუბარი თავისუფალ ატმოსფეროში უნდა წარიმართოს. ვიდრე შემსწავლელი მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, ის შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1) ბიბლიას ღვთისგან შთაგონებულ სიტყვად უნდა მიიჩნევდეს (2 ტიმ. 3:16).
2) უნდა იცოდეს ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ეთანხმებოდეს; სხვების მიერ დასმულ კითხვებს ბიბლიიდან პასუხობდეს და არა ცრურელიგიური ან საკუთარი შეხედულებების საფუძველზე (მათ. 7:21—23; 2 ტიმ. 2:15).
3) ბიბლიური მითითების თანახმად იეჰოვას ხალხთან ერთად უნდა ესწრებოდეს კრების შეხვედრებს, თუ ეს შესაძლებელია (ფსალმ. 122:1; ებრ. 10:24, 25).
4) უნდა იცოდეს, რას ამბობს ბიბლია სექსუალური უზნეობის, მათ შორის ცოლქმრული ღალატის, პოლიგამიისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ და უნდა ცხოვრობდეს ბიბლიური პრინციპებით. თუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც მისი ნათესავი არ არის, მასზე კანონიერად უნდა იყოს დაქორწინებული (მათ. 19:9; 1 კორ. 6:9, 10; 1 ტიმ. 3:2, 12; ებრ. 13:4).
5) უნდა ემორჩილებოდეს ბიბლიაში მოცემულ აკრძალვას ლოთობასთან დაკავშირებით და უარს ამბობდეს არასამედიცინო მიზნით დამოკიდებულების გამომწვევი ან გამაბრუებელი საშუალებების მიღებაზე (2 კორ. 7:1; ეფეს. 5:18; 1 პეტ. 4:3, 4).
6) უნდა ესმოდეს, რატომაა მნიშვნელოვანი, მოერიდოს ცუდ საზოგადოებას (1 კორ. 15:33).
7) გაწყვეტილი უნდა ჰქონდეს ყოველგვარი კავშირი ცრურელიგიურ ორგანიზაციებთან, აღარ უნდა ესწრებოდეს მათ შეხვედრებს და აღარ უჭერდეს მხარს მათ საქმიანობას (2 კორ. 6:14—18; გამოცხ. 18:4).
8) არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საქმეებში (იოან. 6:15; 15:19; იაკ. 1:27).
9) უნდა ეთანხმებოდეს ესაიას 2:4-ში ჩაწერილ პრინციპს და უნდა ცხოვრობდეს ამ პრინციპის თანახმად.
10) ნამდვილად უნდა სურდეს, რომ იყოს იეჰოვას მოწმე (ფსალმ. 110:3).
9 თუ უხუცესები ფიქრობენ, რომ შემსწავლელს კარგად არ ესმის ესა თუ საკითხი, ისინი სთხოვენ მას, მითითებული ბიბლიური მუხლების საფუძველზე იმსჯელოს. შემსწავლელს უნდა ესმოდეს, რომ ის, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ერთად ქადაგებს, ბიბლიური პრინციპების თანახმად უნდა ცხოვრობდეს. გასაუბრების შემდეგ უხუცესები განსაზღვრავენ, აცნობიერებს თუ არა შემსწავლელი, რა მოითხოვება მისგან, და აკმაყოფილებს თუ არა ქადაგებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
10 უხუცესებმა მალევე უნდა უთხრან შემსწავლელს, აკმაყოფილებს თუ არა მაუწყებლად მსახურების მოთხოვნებს. სასურველია, ამის შესახებ მას საუბრის დასრულებისთანავე შეატყობინონ. თუ შემსწავლელი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უხუცესები სიხარულით აცნობებენ მას, რომ შეუძლია მაუწყებლად იმსახუროს (რომ. 15:7). ისინი წაახალისებენ მას, რომ შეუდგეს მსახურებას და თვის ბოლოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ჩააბაროს. უხუცესები განუმარტავენ მას, რომ მაუწყებლად გახდომის შემდეგ, როცა პირველად ჩააბარებს ანგარიშს, მის სახელზე გაიხსნება „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათი, რომელიც კრების დოკუმენტებთან ერთად შეინახება. მაუწყებლების პირადი ინფორმაცია იმ მიზნით ინახება, რომ ორგანიზება გაეწიოს იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ საქმიანობას, მაუწყებლებმა მონაწილეობა მიიღონ სულიერ საქმეებში და სულიერი დახმარება გაეწიოთ. გარდა ამისა, უხუცესები შეახსენებენ მაუწყებლებს, რომ მათი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება jw.org-ზე განთავსებული „იეჰოვას მოწმეების პირადი მონაცემების დაცვის დებულების“ თანახმად.
11 თუ ახალ მაუწყებელს კარგად გაიცნობ და მისით დაინტერესდები, შესაძლოა ამან მასზე დადებითად იმოქმედოს, მეტი ენთუზიაზმით ჩაებას იეჰოვასადმი მსახურებაში და ყოველთვიურად ჩააბაროს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში (ფილ. 2:4; ებრ. 13:2).
12 როცა უხუცესები ჩათვლიან, რომ შემსწავლელი მზად არის სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად, მას მისცემენ წიგნს „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“. მას შემდეგ, რაც შემსწავლელი პირველად ჩააბარებს ანგარიშს, კრებაში უნდა გაკეთდეს მოკლე განცხადება, რომ ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა.
დავეხმაროთ ბავშვებს
13 ბავშვებსაც შეუძლიათ სასიხარულო ცნობის მაუწყებლები გახდნენ. როცა იესოსთან პატარა ბავშვები მიიყვანეს, მან აკურთხა ისინი (მათ. 19:13—15; 21:15, 16). მართალია, შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა უმთავრესად მშობლებს აკისრიათ, მაგრამ კრებაში სხვებსაც შეუძლიათ იმ ბავშვების დახმარება, რომლებსაც ქადაგების სურვილი აქვთ. მშობლებო, თუ მსახურებაში გულმოდგინებას გამოიჩენთ, შვილებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ მოგბაძონ. კიდევ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მის შვილს, რომელიც კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, თავისი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბარი სურს?
14 მშობელმა კრების სამსახურებრივი კომიტეტიდან რომელიმე უხუცესს უნდა აცნობოს, რომ მის შვილს მაუწყებლობა სურს. უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი დაგეგმავს, რომ ორი უხუცესი (ერთ-ერთი მათგანი კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრი უნდა იყოს) გაესაუბროს ბავშვს მორწმუნე მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან ერთად. თუ ბავშვს ესმის ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ქადაგების სურვილი აქვს, ეს მის სულიერ ზრდაზე მეტყველებს. ამ და სხვა საკითხების მხედველობაში მიღებით, რომლებიც სრულწლოვანთათვის არის გათვალისწინებული, უხუცესები განსაზღვრავენ, გახდება თუ არა ბავშვი მოუნათლავი მაუწყებელი (ლუკ. 6:45; რომ. 10:10). გასაუბრებისას არ არის საჭირო იმ ზოგიერთი საკითხის განხილვა, რომლებიც ბავშვებს არ ეხება.
15 უხუცესებმა გასაუბრების დროს ბავშვი უნდა შეაქონ, რომ მას მაუწყებლად მსახურება სურს და წაახალისონ, რომ მიზნად დაისახოს მონათვლა. უხუცესებმა არც მშობლებისთვის უნდა დაიშურონ საქებარი სიტყვები, რადგან სწორედ ისინი უნერგავენ ბავშვს გულში ჭეშმარიტებას. უხუცესებმა მშობლებს ყურადღება უნდა გაუმახვილონ დანართზე „ქრისტიან მშობლებს“ (გვ. 179—181). ეს დანართი მშობლებს დაეხმარება, რომ ბავშვი ნათლობისთვის მოამზადონ.
მიძღვნა და მონათვლა
16 თუ ღვთის მოთხოვნებს აკმაყოფილებ და სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღე და შეიყვარე ის. მაგრამ ღმერთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად საჭიროა, ლოცვაში თავი მიუძღვნა მას და წყალში მოინათლო (მათ. 28:19, 20).
17 სიტყვა „მიძღვნა“ ბიბლიური გაგებით წმინდა მიზნისთვის გამოცალკევებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ღვთისადმი მიძღვნა გულისხმობს ლოცვაში აღთქმის დადებას, რომ მარადიულად ემსახურები ღმერთს, შეასრულებ მის ნებას და უერთგულებ მას (კან. 5:9). ღვთისადმი თავის მიძღვნის გადაწყვეტილებას შენ ნაცვლად სხვა ვერ მიიღებს.
18 თუმცა იეჰოვასთვის ლოცვაში თავის მიძღვნაზე მეტია საჭირო. შენი გადაწყვეტილების შესახებ სხვებმაც უნდა გაიგონ. ამიტომ აუცილებელია, იესოს მსგავსად შენც წყალში მოინათლო (1 პეტ. 2:21; 3:21). როგორ უნდა მოიქცე, თუ გადაწყვიტე, რომ მოინათლო და იეჰოვას ემსახურო? შენი გადაწყვეტილების შესახებ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს უნდა აცნობო. ის დაგეგმავს, რომ უხუცესები გაგესაუბრონ, რათა განსაზღვრონ, აკმაყოფილებ თუ არა მონათვლისთვის საჭირო ბიბლიურ მოთხოვნებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედე ამ წიგნში მოცემულ დანართებს „მოუნათლავ მაუწყებელს“ (გვ. 182—184) და „კითხვები მონათვლის მსურველთათვის“ (გვ. 185—207).
სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები
19 არაერთი წელია, რაც იეჰოვას მოწმეებს ამხნევებს ანგარიშები, საიდანაც ჩანს, რომ მთელ მსოფლიოში წმინდა თაყვანისმცემელთა რიგებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე იქადაგებდნენ. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს იმას, თუ როგორ სრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება (მათ. 28:19, 20; მარ. 13:10; საქ. 1:8).
20 პირველ ქრისტიანებს დიდად ახარებდათ სამქადაგებლო საქმის წინსვლა (მარ. 6:30). წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფეზე წმინდა სული გადმოვიდა. მალე მოწაფეების რიცხვი 3 000-მდე გაიზარდა, მოგვიანებით კი — 5 000-მდე. წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ იეჰოვა „ყოველდღე მატებდა მათ ხალხს, რომელიც ხსნის გზას ადგებოდა“ და „ბევრმა მღვდელმაც ირწმუნა“ (საქ. 1:15; 2:5—11, 41, 47; 4:4; 6:7). როგორ გაამხნევებდა მოწაფეებს იმის გაგება, რომ მათი რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა! უდავოა, ეს ანგარიშები სტიმულს მისცემდა მათ, რომ რელიგიური წინამძღოლების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად კვლავაც შეესრულებინათ ღვთისგან მიღებული დავალება.
21 დაახლოებით ახ. წ. 60-61 წლებში კოლოსელების მიმართ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოჰქონდა და მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა; პავლემ აღნიშნა, რომ ეს ცნობა „ექადაგა ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:5, 6, 23). პირველი ქრისტიანები დაემორჩილნენ ღმერთს და წმინდა სულის ძალით მათმა ქადაგებამ იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე, ახ. წ. 70 წლამდე, არნახულ მასშტაბებს მიაღწია. როგორ გაამხნევებდა იმდროინდელ ქრისტიანებს თავიანთი შრომის შედეგი!
შეგაქვს შენი წვლილი იმაში, რომ აღსასრულის დადგომამდე სასიხარულო ცნობა საფუძვლიანად იყოს ნაქადაგები?
22 იეჰოვას ორგანიზაციაში დღესაც ხდება ანგარიშების წარმოება იმის დასანახავად, თუ როგორ სრულდება მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათ. 24:14). ჩვენთვის, ღვთისადმი მიძღვნილი მსახურებისთვის, ქადაგება გადაუდებელი საქმეა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ აღსასრულის დადგომამდე სასიხარულო ცნობა საფუძვლიანად იყოს ნაქადაგები. ეს საქმე იეჰოვას დახმარებით წარმატებით დასრულდება, და თუ მივიღებთ მასში მონაწილეობას, ღმერთს გულს გავუხარებთ (ეზეკ. 3:18—21).
სამქადაგებლო მსახურების პირადი ანგარიში
23 რა შედის პირად ანგარიშში? ბლანკზე „სამქადაგებლო მსახურების ანგარიში“, რომელსაც ორგანიზაცია გვაწვდის, მითითებულია, თუ რა მონაცემები უნდა შევიტანოთ მასში. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ამ ბლანკის შევსებაში დაგვეხმარება.
24 სვეტში „პუბლიკაცია (დაბეჭდილი და ელექტრონული)“ ჩაწერე იმ პუბლიკაციების საერთო რაოდენობა, რომლებიც გადაეცი ან გაუგზავნე მას, ვინც არ არის მონათლული მოწმე. სვეტში „ვიდეოს ჩვენება“ შეგიძლია ჩაწერო ნაჩვენები ვიდეოების რაოდენობა.
25 სვეტში „განმეორებითი მონახულება“ ჩაწერე, რამდენჯერ მოინახულე ინტერესის გასაღვივებლად ისინი, ვინც არ არიან მონათლული მოწმეები. განმეორებითი მონახულება იმ შემთხვევაში იწერება, თუ დაინტერესებულს პირადად მოინახულებ, წერილს მისწერ, ტელეფონით გაესაუბრები, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გაუგზავნი, ელექტრონული ფოსტით შეეხმიანები ან ლიტერატურას დაუტოვებ. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როცა ბიბლიის შესწავლას ჩაატარებ, განმეორებითი მონახულება უნდა ჩაიწერო. მშობელს შეუძლია კვირაში ერთი განმეორებითი მონახულება ჩაიწეროს, როცა ოჯახურ თაყვანისცემას უძღვება, რომელსაც მისი მოუნათლავი შვილი ესწრება.
26 ბიბლიის შესწავლა, როგორც წესი, ყოველკვირეულად ტარდება, მაგრამ თვის ბოლოს ანგარიშების ბლანკში ერთი შესწავლა იწერება. მაუწყებლებმა „სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის“ ბლანკის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწერონ, რამდენი ბიბლიის შესწავლა ჩაატარეს თვის განმავლობაში. თუ ბიბლიის შესწავლას უტარებ მას, ვინც არ არის მონათლული მოწმე, აგრეთვე არააქტიურ ძმას ან დას (სამსახურებრივი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ნებართვით) ან ახალმონათლულს, ვისაც ჯერ არ დაუსრულებია წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შესწავლა, ეს შესწავლაც ზემოაღნიშნული ბლანკის შესაბამის გრაფაში უნდა შეიტანო.
27 სვეტში „საათები“ ზუსტად უნდა მიუთითო დრო, რომელიც სამქადაგებლო მსახურებას დაუთმე. ამაში შედის კარდაკარ ქადაგებისთვის, განმეორებითი მონახულებებისთვის, ბიბლიის შესწავლებისთვის, ქუჩაში თუ არაფორმალური ქადაგებისთვის გამოყოფილი დრო. როცა ორი მაუწყებელი ერთად მსახურობს, სამქადაგებლო მსახურებისთვის გამოყოფილ დროს ორივე იწერს, ხოლო განმეორებით მონახულებასა და ბიბლიის შესწავლას — მხოლოდ ერთი. როცა ოჯახური თაყვანისცემის დროს შვილების დამოძღვრაში ორივე მშობელია ჩაბმული, შესწავლისთვის გამოყოფილ დროს ორივე მშობელი იწერს, თუმცა კვირაში არაუმეტეს ერთი საათისა. ძმები საჯარო მოხსენებით გამოსვლის დროს იწერენ. თუ საჯარო მოხსენება ითარგმნება, დროს თარჯიმანიც იწერს. მაუწყებელი არ იწერს იმ დროს, როცა მსახურებისთვის ემზადება, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას ესწრება, მსახურებისას სადმე შეივლის და ა.შ.
28 თითოეულმა მაუწყებელმა მსახურებაში გატარებული დროის დაანგარიშებისას ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა იხელმძღვანელოს. ზოგი სამქადაგებლო უბანი მჭიდროდაა დასახლებული, ზოგიც — მეჩხრად, სადაც ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა დიდ დროს მოითხოვს. სამქადაგებლო უბნები განსხვავდება; მაუწყებლებიც სხვადასხვაგვარად უდგებიან დროის აღრიცხვის საკითხს. ხელმძღვანელი საბჭო მაუწყებლებს არ უდგენს მკაცრ წესებს, თუ როგორ უნდა აღრიცხონ მსახურებაში გატარებული დრო, და შესაბამისად, არც არავინ უნდა დაადგინოს, როგორ უნდა მოხდეს მსახურებისთვის გამოყოფილი დროის აღრიცხვა (მათ. 6:1; 7:1; 1 ტიმ. 1:5).
29 სამქადაგებლო მსახურებისთვის დათმობილი დრო ბლანკზე სრულ საათებად უნდა ჩაიწეროს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვისაც ხანდაზმულობის გამო უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, სახლიდან ვერ გადის ან მოხუცებულთა სახლში იმყოფება. ასეთ მდგომარეობაში მყოფ მაუწყებელს შეუძლია ანგარიშის ბლანკში მინიმუმ 15 წუთი მიუთითოს. რეგულარულ მაუწყებლად რომ ჩაითვალოს, მან ანგარიში მაშინაც უნდა ჩააბაროს, თუ თვის განმავლობაში მხოლოდ 15 წუთი იქადაგა. ეს წესი იმ მაუწყებლებზეც ვრცელდება, რომელთა შესაძლებლობებიც დროებით შეზღუდულია; მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა სერიოზული ავადმყოფობისა თუ ტრავმის გამო მაუწყებელს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გადაადგილება არ შეუძლია. ეს წესი მხოლოდ იმ მაუწყებლებზე ვრცელდება, რომელთა შესაძლებლობებიც უკიდურესად შეზღუდულია. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ვისზე გავრცელდება ეს წესი.
„კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათი
30 შენ მიერ ყოველთვიურად ჩაბარებული მსახურების ანგარიში შედის „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათში, რომელიც კრების საკუთრებაა. თუ სხვა კრებაში გადასვლას აპირებ, ამის შესახებ შენი კრების უხუცესებს შეატყობინე. კრების მდივანი იზრუნებს, რომ შენი „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათ(ებ)ი იმ კრებას გადაეგზავნოს, სადაც უნდა გადახვიდე. ახალი კრების უხუცესები უკეთ გაგიცნობენ და სულიერადაც მხარში ამოგიდგებიან. თუ სადმე მიემგზავრები და იქ სამ თვეზე მეტხანს არ დარჩები, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები კვლავაც შენს კრებას გადაუგზავნე.
რატომ ვაბარებთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს
31 ზოგჯერ ხომ არ გავიწყდება სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება? ამის შეხსენება დროდადრო ყველას გვჭირდება. ანგარიშების ჩაბარება არ დაგვავიწყდება, თუ კარგად გავიაზრებთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი.
32 ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რა საჭიროა, კრებას ანგარიში ჩავაბარო? იეჰოვამ ხომ ისედაც იცის, რამდენს ვმსახურობ?“ ცხადია, იეჰოვამ იცის, რამდენს ვმსახურობთ, და ისიც იცის, მთელი გულით ვემსახურებით მას თუ მხოლოდ მინიმუმის გაკეთებით ვკმაყოფილდებით. დაფიქრდი, იეჰოვას ნებით ბიბლიაში ჩაიწერა, რამდენი დღე დაჰყო ნოემ კიდობანში, რამდენი წელი იყვნენ ისრაელები უდაბნოში, რამდენი ადამიანი ემსახურებოდა ღმერთს და რამდენი არ ემორჩილებოდა მას. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორ იპყრობდა ისრაელი ერი ეტაპობრივად ქანაანის მიწას, და რა საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ მსაჯულები. ბიბლია დაწვრილებით მოგვითხრობს ღვთის მსახურთა საქმეების შესახებ. იეჰოვას შთაგონებით დაწერილი ცნობები იმაზე მეტყველებს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ანგარიშების სიზუსტეს.
33 ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიული მოვლენებიდან ჩანს, რომ იეჰოვას ხალხის მიერ შესრულებული ჩანაწერები სიზუსტით გამოირჩეოდა. ღვთის სიტყვაში მოცემული შთამბეჭდავი ცნობების სრულფასოვნად გადმოცემა რიცხობრივი მონაცემების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. გადახედე შემდეგ მაგალითებს: დაბადება 46:27; გამოსვლა 12:37; მსაჯულები 7:7; 2 მეფეები 19:35; 2 მატიანე 14:9—13; იოანე 6:10; 21:11; საქმეები 2:41; 19:19.
34 მართალია, ჩვენი ანგარიშებიდან ყველაფერი არ ჩანს, რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ, მაგრამ მათში ასახული მონაცემები იეჰოვას ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პირველ საუკუნეში ქადაგებიდან დაბრუნებულმა მოციქულებმა იესოს „ყველაფერი აცნობეს, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს“ (მარ. 6:30). ზოგჯერ ანგარიშებმა შეიძლება დაგვანახვოს, მსახურებაში რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ანგარიშებიდან ჩანს, თუ რა იქნა მიღწეული მსახურების ამა თუ იმ სფეროში, ან ხომ არ შენელდა მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა. შესაძლოა კრებაში მაუწყებლებს გამხნევება ესაჭიროებათ ან რაიმე პრობლემაა გადასაჭრელი. პასუხისმგებელი ძმები ანგარიშების გათვალისწინებით ყველანაირად ცდილობენ, გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა, რაც ხელს უშლის როგორც ცალკეული მაუწყებლის, ისე მთელი კრების სულიერ ზრდას.
35 სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები იეჰოვას ორგანიზაციასაც ეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ სად უფრო მეტი მქადაგებელია საჭირო, რომელი ტერიტორიაა უფრო ნაყოფიერი, სად შეინიშნება მცირედი ზრდა და რომელი პუბლიკაციებია საჭირო ხალხისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად. ანგარიშებიდან ორგანიზაცია იგებს, მსოფლიოს რომელ ნაწილში რომელი პუბლიკაციებია საჭირო სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად და შემდეგ აკმაყოფილებს ამ საჭიროებებს.
36 სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ ჩვენი და-ძმები მთელ მსოფლიოში დაუღალავად ქადაგებენ, რაც გვამხნევებს. სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ მიიწევს წინ იეჰოვას ორგანიზაცია. გამამხნევებელი შემთხვევები ძალებს გვმატებს, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ ღვთის საქმეში (საქ. 15:3). ასე რომ, მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ძმებთან და ანგარიშები დროულად ჩავაბაროთ, რითაც ცხადვყოფთ, რომ ვზრუნავთ მსოფლიო საძმოზე. თუ ამ მცირე საკითხშიც გამოვავლენთ ერთგულებას, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოცემულ მითითებებს ვემორჩილებით (ლუკ. 16:10; ებრ. 13:17).
დაისახე მიზნები
37 ჩვენი მსახურება სხვისას არ უნდა შევადაროთ (გალ. 5:26; 6:4). ყველას მდგომარეობა განსხვავდება. თუ რეალურ მიზნებს დავისახავთ, ეს დაგვეხმარება, მსახურებაში წარმატებას მივაღწიოთ. დასახული მიზნების მიღწევა კმაყოფილებას მოგვიტანს.
38 აშკარაა, რომ იეჰოვა აჩქარებს იმ ადამიანების შეკრებას, რომლებსაც „დიდი გასაჭირის“ დროს დაიცავს. დღეს სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (გამოცხ. 7:9, 14; ეს. 60:22). ამ ბოლო დღეებში სასიხარულო ცნობის ქადაგება მართლაც დიდი პატივია! (მათ. 24:14).
-
-
სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდებიორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
-
-
თავი 9
სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდები
იესო ქრისტე სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ ქადაგებდა, რითაც თავის მიმდევრებს მისაბაძი მაგალითი დაუტოვა. ის ინიციატივას იჩენდა, თავად მიდიოდა ხალხთან, ესაუბრებოდა და ასწავლიდა სახლებსა თუ საზოგადოებრივ ადგილებში (მათ. 9:35; 13:36; ლუკ. 8:1). იესო ელაპარაკებოდა ცალკეულ ადამიანებს, ასწავლიდა მოწაფეებს და სიტყვით გამოდიოდა ათასობით ადამიანის წინაშე (მარ. 4:10—13; 6:35—44; იოან. 3:2—21). ის შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ ხალხი გაემხნევებინა და მათთვის იმედი მიეცა (ლუკ. 4:16—19). იესო მაშინაც ქადაგებდა, როცა დაღლილი და მშიერი იყო (მარ. 6:30—34; იოან. 4:4—34). როცა ბიბლიაში იესოს მსახურების შესახებ ვკითხულობთ, მოციქულების მსგავსად, ჩვენც გვიჩნდება სურვილი, რომ მივბაძოთ მას (მათ. 4:19, 20; ლუკ. 5:27, 28; იოან. 1:43—45).
2 განვიხილოთ, რა მეთოდებს მიმართავენ ქრისტიანები იესო ქრისტეს მიერ თითქმის 2 000 წლის წინათ წამოწყებულ საქმეში მონაწილეობის მისაღებად.
კარდაკარ ქადაგება
3 იეჰოვას მოწმეებს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სასიხარულო ცნობის კარდაკარ რეგულარულად ქადაგება. ამ მეთოდს იმდენად აქტიურად მივმართავთ, რომ ეს ჩვენ განმასხვავებელ ნიშნად იქცა. კარდაკარ ქადაგების შედეგად მოკლე დროში მილიონობით ადამიანმა მოისმინა სასიხარულო ცნობა, რაც ამ მეთოდის ნაყოფიერებაზე მეტყველებს (მათ. 11:19; 24:14). კარდაკარ მსახურება იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარულის დამტკიცების შესანიშნავი საშუალებაა (მათ. 22:34—40).
4 კარდაკარ ქადაგება იეჰოვას მოწმეების გამოგონილი მეთოდი არ არის. პავლე მოციქული ხალხს ღვთის სიტყვის სასწავლებლად სახლებში აკითხავდა. მან ეფესოელ ზედამხედველებს მისწერა: „აზიაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან. . . თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყველაფერს თქვენდა სასიკეთოდ, გასწავლიდით . . . კარდაკარ“. ამ და სხვა მეთოდების მეშვეობით იგი გულმოდგინედ უქადაგებდა იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და უფლის, იესოსადმი, რწმენის შესახებ (საქ. 20:18, 20, 21). იმ დროისთვის რომის იმპერატორები ხალხს კერპთაყვანისმცემლობისკენ ახალისებდნენ, რის გამოც ბევრს ღვთაებების შიში ჰქონდა. აუცილებელი იყო, რომ ადამიანებს ეძებნათ „ღმერთი, ცისა და დედამიწის უფალი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია“, ის, ვინც „ყველგან ყველას მოუწოდებს მონანიებისკენ“ (საქ. 17:22—31).
5 ვინაიდან ამ ქვეყნიერების აღსასრული დღითი დღე ახლოვდება, სასიხარულო ცნობის ქადაგებას უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ. დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კარდაკარ ქადაგება საუკეთესო მეთოდია ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანების მოსაძებნად. კარდაკარ მსახურება დღესაც ისეთივე ნაყოფიერია, როგორიც იესოსა და მოციქულების დროს იყო (მარ. 13:10).
6 შეგიძლია უფრო მეტი დრო დაუთმო კარდაკარ მსახურებას? თუ ამას შეძლებ, დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას გულს გაუხარებ (ეზეკ. 9:11; საქ. 20:35). თუმცა კარდაკარ მსახურება შეიძლება გეძნელებოდეს და ამის მიზეზი ცუდი ჯანმრთელობა ან შენი კრების ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის გულგრილობა იყოს. შესაძლოა მთავრობის მიერ გარკვეული შეზღუდვებიც იყოს დაწესებული. შესაძლოა მორცხვი ხარ და გიჭირს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება; ამიტომ, როცა კარდაკარ ქადაგებ, შეიძლება დაძაბული ხარ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ! (გამ. 4:10—12). მსგავს სირთულეებს სხვა და-ძმებიც ხვდებიან.
7 იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა: „მეც ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე!“ (მათ. 28:20). იესოს ეს დანაპირები ძალას გვმატებს, რომ მის მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი. ჩვენც ისეთივე განწყობა უნდა გვქონდეს, როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13). დაესწარი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას და და-ძმებთან ერთად იმსახურე კარდაკარ. მათთან თანამშრომლობა გაგამხნევებს და როგორც მქადაგებელი, გაუმჯობესდები. სთხოვე იეჰოვას, სირთულეები დაგაძლევინოს, რათა სასიხარულო ცნობა გულმოდგინედ იქადაგო (1 იოან. 5:14).
8 ქადაგებისას შესაძლებლობა მოგეცემა, უპასუხო „მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ“ (1 პეტ. 3:15). სამქადაგებლო საქმე დაგანახვებს, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის, ვისაც სამეფოს იმედი არა აქვს (ეს. 65:13, 14). თუ დაემორჩილები იესოს მითითებას — „თქვენი სინათლეც ანათებდეს“, კმაყოფილებას იგრძნობ. ამასთანავე შესაძლებლობა მოგეცემა, ხალხს იეჰოვას გაცნობასა და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ცოდნის მიღებაში დაეხმარო (მათ. 5:16; იოან. 17:3; 1 ტიმ. 4:16).
9 კარდაკარ მსახურებას ორგანიზება ეწევა როგორც შუა კვირაში, ისე შაბათ-კვირას. იქ, სადაც ხალხი, ძირითადად, დღის განმავლობაში სახლში არ არის, ზოგი კრება ქადაგებას საღამოობით უწევს ორგანიზებას. შესაძლოა, ხალხი ნაშუადღევს ან საღამოს უფრო იყოს სასაუბროდ განწყობილი, ვიდრე დილით.
ღირსეულების მოძებნა
10 იესომ მითითება მისცა თავის მოწაფეებს, რომ მოეძებნათ ღირსეულები (მათ. 10:11). ის ღირსეულ ადამიანებს ყველგან ეძებდა და მხოლოდ კარდაკარ ქადაგებით არ შემოიფარგლებოდა. იესო ქადაგებისთვის ყოველ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა (ლუკ. 8:1; იოან. 4:7—15). მოციქულებიც ყველგან ქადაგებდნენ (საქ. 17:17; 28:16, 23, 30, 31).
ჩვენი მიზანი ისაა, რომ სამეფოს შესახებ ცნობა შეძლებისდაგვარად ყველას ვუქადაგოთ.
11 ჩვენი მიზანიც ისაა, რომ სამეფოს შესახებ ცნობა შეძლებისდაგვარად ყველას ვუქადაგოთ. ამისათვის საჭიროა, ჩვენც იესოსა და მისი მოციქულების მეთოდებით მოვამზადოთ მოწაფეები და, იმავდროულად, ფეხი ავუწყოთ დროის სვლას და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, ვისაც სამქადაგებლო ტერიტორიაზე ვხვდებით (1 კორ. 7:31). მაგალითად, მაუწყებლები წარმატებით ქადაგებენ საქმიან უბნებზე. ბევრ ქვეყანაში კარგი შედეგი მოაქვს ქადაგებას ქუჩაში, პარკებსა თუ ავტოსადგომებზე, ყველგან, სადაც ხალხია. ზოგიერთი კრება ორგანიზებას უწევს მაგიდებითა და სტენდებით ქადაგებას. გარდა ამისა, ფილიალი ხელმძღვანელობს ქადაგებას დიდი ქალაქების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ ღონისძიებაში ჩართულნი არიან და-ძმები სხვადასხვა კრებიდან. ამის წყალობით, სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა იმ ადამიანებსაც ეძლევათ, რომლებიც მაუწყებლებს სახლში არ ხვდებიან.
12 თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისას ვინმე ბიბლიური ცნობით დაინტერესდება, შეგვიძლია შესაბამისი პუბლიკაცია შევთავაზოთ, მივცეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია, დავუთქვათ განმეორებითი მონახულება, ყურადღება გავუმახვილოთ ვებგვერდზე jw.org ან მივცეთ იმ ადგილის მისამართი, სადაც კრების შეხვედრები ტარდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება სიხარულს მოგვიტანს.
13 ქრისტიანებს მხოლოდ სასიხარულო ცნობის გაცხადება როდი მოგვეთხოვება. დაინტერესებულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გათავისებაშიც უნდა დავეხმაროთ. ამისათვის საჭიროა, რეგულარულად მოვინახულოთ ისინი, რათა სულიერად გაიზარდონ და მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბდნენ.
განმეორებითი მონახულება
14 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). მან ასეთი დავალებაც მისცა მათ: „ამიტომ, წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20). დაინტერესებულების განმეორებით მონახულება დიდ სიხარულს მოგანიჭებს. ვინც პირველ ჯერზე სასიხარულო ცნობისადმი ინტერესს გამოავლენს, ალბათ, მეორედაც მიგიღებს. თუ მას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდი ბიბლიიდან, ღვთისადმი რწმენა გაუღრმავდება და დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათ. 5:3). თუ დაინტერესებულს მისთვის ხელსაყრელ დროს მოინახულებ და კარგად მოემზადები, შეიძლება ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. განმეორებითი მონახულების მიზანი სწორედ ბიბლიის შესწავლის დაწყებაა. ჩვენ მხოლოდ კი არ ვთესავთ ჭეშმარიტების თესლს, არამედ ვრწყავთ კიდეც (1 კორ. 3:6).
15 ზოგს შეიძლება უძნელდება დაინტერესებულების განმეორებით მონახულება. შესაძლოა კარგად გამოგდის და მოგწონს კიდეც სასიხარულო ცნობის გაზიარება, მაგრამ, როცა ფიქრობ, რომ დაინტერესებული კვლავ უნდა მოინახულო და ღვთის სიტყვიდან ესაუბრო, ამის გაკეთება გიჭირს. კარგი მომზადება თავდაჯერებულობას შეგმატებს. გამოიყენე შუა კვირის შეხვედრაზე განხილული პრაქტიკული რჩევები. კარგი იქნება, თუ მონახულებაზე გამოცდილ მაუწყებელთან ერთად წახვალ.
ბიბლიის შესწავლების ჩატარება
16 საქმეების მე-8 თავში ვკითხულობთ, რომ ერთ პროზელიტ იუდეველს, რომელიც წმინდა წერილებს კითხულობდა, მახარობელმა ფილიპემ ჰკითხა: «„გესმის, რასაც კითხულობ?“ მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ ამიხსნა?“». ამავე თავში ნათქვამია, რომ ფილიპემ წმინდა წერილის იმ მონაკვეთის ახსნა დაიწყო, რომელსაც ის კაცი კითხულობდა, და მას „იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა“ (საქ. 8:26—36). ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი ესაუბრებოდა ფილიპე იუდეველ პროზელიტს, მაგრამ მან ღვთის სიტყვა იმდენად ნათლად აუხსნა, რომ პროზელიტმა ირწმუნა, მოინათლა და ქრისტეს მოწაფე გახდა.
17 დღეს ბევრს არ აქვს წაკითხული ბიბლია. ამიტომ დაინტერესებულმა რწმენა რომ განივითაროს და ნათლობისთვის მოემზადოს, ის არაერთხელ უნდა მოვინახულოთ განმეორებით და ბიბლია შევასწავლოთ, რასაც შეიძლება თვეები, წელიწადი ან უფრო მეტი დრო დასჭირდეს. თუ გულწრფელ ადამიანებს მოთმინებითა და სიყვარულით დავეხმარებით, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ, ეს სიხარულს მოგვიტანს. როგორც იესომ თქვა, „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).
18 ბიბლიის შესწავლა ამისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი პუბლიკაციით უნდა ჩაატარო. თუ შუა კვირის შეხვედრაზე განხილულ მითითებებს გამოიყენებ და კრებაში გამოცდილ მასწავლებლებთან ითანამშრომლებ, შენც შეძლებ ნაყოფიერად ჩაატარო ბიბლიის შესწავლა და დაეხმარო დაინტერესებულებს, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ.
19 თუ ბიბლიის შესწავლის დაწყებაში ან ჩატარებაში დახმარება გჭირდება, ესაუბრე ერთ-ერთ უხუცესს ან თანამორწმუნეს, რომელსაც შეუძლია ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლის ჩატარება. გარდა ამისა, გამოიყენე ბუკლეტში „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ მოცემული რჩევები, რომლებიც შეხვედრაზე განიხილება. მიენდე იეჰოვას და ლოცვაში უთხარი მას შენი სურვილის შესახებ (1 იოან. 3:22). თუ შესაძლებელია, მიზნად დაისახე, რომ ბიბლიის ერთი შესწავლა მაინც გქონდეს იმ შესწავლის გარდა, რომელსაც შესაძლოა შენი ოჯახის წევრს უტარებ. თუ ბიბლიის შესწავლა გექნება, მსახურებაში მეტ სიხარულს იგრძნობ.
გავაცნოთ დაინტერესებულებს იეჰოვას ორგანიზაცია
20 ჩვენ ხალხს იეჰოვა ღმერთის გაცნობასა და იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში ვეხმარებით, რის შედეგადაც ისინი კრებას უერთდებიან. ბიბლიის შემსწავლელები სულიერად რომ გაიზარდონ, უნდა გაეცნონ იეჰოვას ორგანიზაციას და ითანამშრომლონ მასთან. მათ ამ მიზნის მიღწევაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიდეოები და ბროშურა „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“, რომლებიც სწორედ ამ მიზნით გამოიცა. ამაში ამავე წიგნის მე-4 თავში მოცემული ინფორმაციაც დაგეხმარება.
21 დაინტერესებულს თავიდანვე დაანახვე, რომ იეჰოვა დღეს თავის ორგანიზაციას დედამიწაზე სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად იყენებს. აუხსენი, რამდენად საჭიროა ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე პუბლიკაციები და როგორ ამზადებენ და ავრცელებენ ამ პუბლიკაციებს მთელ მსოფლიოში მოხალისე და-ძმები. დაპატიჟე ბიბლიის შემსწავლელი კრების შეხვედრაზე, აუხსენი, როგორ ტარდება შეხვედრები და გააცანი ის და-ძმებს. დაეხმარე მას, რომ კონგრესებზე თავადაც გაიცნოს სხვა მოწმეები. ასეთ დროს დაინტერესებული დაინახავს, როგორ ავლენს იეჰოვას ხალხი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელ თვისებას, სიყვარულს (იოან. 13:35). რაც უფრო დააფასებს ის ღვთის ორგანიზაციას, მით უფრო დაუახლოვდება იეჰოვას.
ბიბლიური ლიტერატურის გამოყენება
22 პირველი ქრისტიანები ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ქადაგებდნენ. ისინი წმინდა წერილების ასლებს აკეთებდნენ როგორც პირადი გამოკვლევისთვის, ისე კრებაზე შესწავლისთვის, და სხვებსაც აღძრავდნენ ღვთის სიტყვის შესწავლისკენ. მათ მიერ დამზადებული ასლები ცოტა იყო და ძალიან უფრთხილდებოდნენ (კოლ. 4:16; 2 ტიმ. 2:15; 3:14—17; 4:13; 1 პეტ. 1:1). დღეს იეჰოვას მოწმეები თანამედროვე ბეჭდვითი მეთოდების გამოყენებით ბიბლიასა და ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე პუბლიკაციებს — ბუკლეტებს, ბროშურებს, წიგნებსა და ჟურნალებს — მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოსცემენ.
23 როდესაც ხალხს სასიხარულო ცნობას უზიარებ, გამოიყენე იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები. შენ, ალბათ, თავად დარწმუნდი, რამდენად სასიკეთოა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაციების კითხვა და შესწავლა, ამიტომ სხვებსაც შესთავაზე ეს პუბლიკაციები (ებრ. 13:15, 16).
24 რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით. ამიტომ ბიბლიური პუბლიკაციების გარდა, სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად კარგი საშუალებაა ჩვენი ოფიციალური ვებგვერდი jw.org. მისი მეშვეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეუძლია წაიკითხოს ასობით ენაზე გამოცემული ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა ან მოუსმინოს ამ პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს. მათ, ვინც თავს იკავებს ჩვენთან საუბრისგან ან ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც იშვიათად ეძლევათ იეჰოვას მოწმეებთან საუბრის შესაძლებლობა, ამ ვებგვერდის დახმარებით შეუძლიათ გაიგონ, რა გვწამს.
25 ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რომ არსებობს ვებგვერდი jw.org. თუ მობინადრე ჩვენს მრწამსთან დაკავშირებით შეკითხვას გვისვამს, შეგვიძლია ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ვაჩვენოთ პასუხი მის შეკითხვაზე. თუ შევხვდებით ჟესტურ ან უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენს ვებგვერდზე ნახოს მის ენაზე გამოცემული ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა. ბევრი მაუწყებელი ბიბლიურ თემებზე საუბრის დასაწყებად სწორედ ამ ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეორგოლებს იყენებს.
არაფორმალური ქადაგება
26 იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე . . . თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათ. 5:14—16). იესოს მოწაფეები ღვთის ნებას ასრულებდნენ და ჰბაძავდნენ ქრისტეს, რომელმაც საკუთარ თავზე თქვა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ“. იესომ ქრისტიანებს მაგალითი დაუტოვა, თუ როგორ უნდა ენათებინათ „სიცოცხლის სინათლე“, რაც სასიკეთო იქნებოდა ყველასთვის, ვინც მათ მოუსმენდა (იოან. 8:12).
27 პავლე მოციქულმაც დაგვიტოვა მისაბაძი მაგალითი (1 კორ. 4:16; 11:1). ათენში ყოფნისას ის ყოველდღე უქადაგებდა მათ, ვისაც მოედანზე ხვდებოდა (საქ. 17:17). ფილიპელი ქრისტიანები მას ჰბაძავდნენ; ამიტომაც მისწერა პავლემ, რომ ისინი, „უკუღმართ და გახრწნილ თაობაში“ მცხოვრებნი, ანათებდნენ „როგორც მნათობები ქვეყნიერებაში“ (ფილ. 2:15). სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება ჩვენი სიტყვით თუ საქმით „გაანათებს“, თუ სასიხარულო ცნობას შეძლებისდაგვარად ყველას გავუზიარებთ. ცხადია, ჩვენი პატიოსნება და კეთილსინდისიერება სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ, თუმცა, თუ მათ სასიხარულო ცნობას არ ვუქადაგებთ, ვერ მიხვდებიან, რატომ განვსხვავდებით ქვეყნიერებაში მცხოვრები ადამიანებისგან.
28 იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ მათ, ვისაც სამსახურში, სკოლაში ან სხვაგან ვხვდებით. როცა სადმე მივემგზავრებით, შეგვიძლია გავესაუბროთ მათ, ვინც ჩვენთან ერთად მგზავრობს. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვეულებრივი საუბარი ისე წარვმართოთ, რომ ვიქადაგოთ. მოდი არასოდეს გავუშვათ ხელიდან ქადაგების შესაძლებლობა!
29 თუ გვემახსოვრება, რომ სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებით შემოქმედს განვადიდებთ და პატივს მივაგებთ მის სახელს, ქადაგების შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ. გარდა ამისა, გულწრფელ ადამიანებს დავეხმარებით, რომ გაიცნონ იეჰოვა, ემსახურონ მას და ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე ჰქონდეთ მარადიული სიცოცხლის იმედი. თუ სასიხარულო ცნობის ქადაგებას ძალისხმევას მოვახმართ, იეჰოვას გულს გავუხარებთ (ებრ. 12:28; გამოცხ. 7:9, 10).
სამქადაგებლო ტერიტორია
30 იეჰოვას განზრახვაა, რომ მთელ მსოფლიოში, ქალაქებსა თუ სოფლებში, სამეფოს შესახებ ცნობა ყველგან გაცხადდეს. ამიტომ ფილიალი კრებებსა თუ ცალკეულ მაუწყებლებს, რომლებიც დაშორებულ ტერიტორიებზე მსახურობენ, სამქადაგებლო ტერიტორიებს უნაწილებს (1 კორ. 14:40). ღვთის ხელმძღვანელობით ეს საქმე დღესაც ისევე სრულდება, როგორც პირველ საუკუნეში (2 კორ. 10:13; გალ. 2:9). ამ ბოლო დღეებში სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბები სწრაფად იზრდება, რადგან სამქადაგებლო უბნები ორგანიზებულად მუშავდება.
31 კრების სამქადაგებლო უბნების დამუშავებას სამსახურებრივი ზედამხედველი ხელმძღვანელობს. კრებაში ერთ-ერთ მომსახურეს შეიძლება უბნების გაცემა დაევალოს. უბანზე ქადაგება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. თუ კრებას პატარა სამქადაგებლო ტერიტორია აქვს, ჯგუფის ზედამხედველი იღებს სამქადაგებლო უბანს, რომელსაც მაუწყებლები ჯგუფურად ამუშავებენ, ხოლო თუ კრების სამქადაგებლო ტერიტორია ვრცელია, მაუწყებლებს შეუძლიათ პირადად აიღონ უბნები.
32 მაუწყებელს თავის უბანზე ქადაგება იმ დღეებშიც შეუძლია, როცა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები არ ტარდება ან როცა ჯგუფთან ერთად მსახურებას ვერ ახერხებს. მაგალითად, ზოგი მაუწყებელი უბანს სამსახურთან ახლოს იღებს და შესვენებაზე ან სამუშაო დღის ბოლოს ქადაგებს. ზოგი ოჯახი უბანს საცხოვრებელ სახლთან ახლოს იღებს და საღამოობით მსახურობს. თუ მაუწყებელს უბანი ხელსაყრელ ადგილას ექნება, მას გზაში დრო აღარ დაეკარგება. მაუწყებლებს თავიანთი უბნების დამუშავება ჯგუფური მსახურების დროსაც შეუძლიათ. შეგიძლია სამქადაგებლო უბანი უბნებზე პასუხისმგებელ ძმას გამოართვა.
33 სამქადაგებლო უბნები, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს და მაუწყებლები უნდა შეეცადონ, რომ ყველა მობინადრე მოინახულონ. სამქადაგებლო უბნის დამუშავებისას მაუწყებლებმა არ უნდა დაარღვიონ კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ჯგუფის ზედამხედველიც და მაუწყებელიც უნდა ეცადონ, რომ აღებული უბანი ოთხ თვეში დაამუშაონ. უბნის დამუშავების შემდეგ მაუწყებელმა ამის შესახებ უბნებზე პასუხისმგებელ ძმას უნდა აცნობოს. სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ შესაძლოა ჯგუფის ზედამხედველმა ან მაუწყებელმა სამქადაგებლო უბანი ხელახლა დასამუშავებლად დაიტოვოს ან უბნებზე პასუხისმგებელ ძმას დაუბრუნოს.
34 თუ კრებაში და-ძმები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ, სამქადაგებლო უბნები საფუძვლიანად დამუშავდება. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სხვა მაუწყებლის უბანზე არ შევიდეთ და მობინადრეები არ გავაღიზიანოთ. ამგვარად, პატივისცემას გამოვავლენთ და-ძმებისა და კრების სამქადაგებლო ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ.
ქადაგება უცხოენოვან ტერიტორიაზე
35 იეჰოვა ღმერთის, მისი ძისა და სამეფოს შესახებ ყველა ადამიანს უნდა ეუწყოს (გამოცხ. 14:6, 7). ჩვენ სხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანებსაც უნდა დავეხმაროთ, მოუხმონ იეჰოვას სახელს, რაც გადარჩენისთვის აუცილებელია, და ქრისტიანული პიროვნებით შეიმოსონ (რომ. 10:12, 13; კოლ. 3:10, 11). რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ მრავალენოვან ტერიტორიაზე ქადაგების დროს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყველამ მშობლიურ ენაზე მოისმინოს ცნობა სამეფოს შესახებ? (რომ. 10:14).
36 ვინაიდან კრებებს ტერიტორიები ენების მიხედვით უნაწილდებათ, მრავალენოვან ტერიტორიაზე სხვადასხვა კრების მაუწყებლებს შეიძლება ერთსა და იმავე ტერიტორიაზე მოუწიოთ მსახურება. ამიტომ მაუწყებლები უნდა შეეცადონ, იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უქადაგონ, რომელ ენაზეც კრების შეხვედრები უტარდებათ. მაუწყებლებმა ამავე პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ მოსაწვევების გავრცელების კამპანიის დროსაც. თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ არაფორმალური ქადაგებისას მაუწყებლებს შეუძლიათ ყველას ესაუბრონ და ნებისმიერ ენაზე შესთავაზონ ლიტერატურა.
37 ზოგ შემთხვევაში უცხოენოვანი კრება ვერ ახერხებს შორს მდებარე ტერიტორიების რეგულარულად დამუშავებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი კრებების სამსახურებრივმა ზედამხედველებმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ ასეთი ტერიტორიების დამუშავების გეგმა. ამგვარად, ყველას მიეცემა სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენის შესაძლებლობა და, ამავე დროს, ერთსა და იმავე მობინადრეს სხვადასხვაენოვანი მაუწყებელი არ მიაკითხავს (იგავ. 15:22).
38 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კარს უცხოენოვანი ადამიანი გაგვიღებს? არ უნდა დავასკვნათ, რომ მას თავის ენაზე მოლაპარაკე მაუწყებლები მიაკითხავენ. ზოგმა მოკლე შეთავაზება ისწავლა იმ ენაზე, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს კრების ტერიტორიაზე. შეგვიძლია უცხოენოვან ადამიანს ვუჩვენოთ, როგორ იპოვოს ან ჩამოტვირთოს ჩვენი ვებგვერდიდან jw.org ლიტერატურა საკუთარ ენაზე. აგრეთვე შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მივუტანთ პუბლიკაციებს თავის ენაზე.
39 თუკი მობინადრე დაინტერესდება, უნდა მოვძებნოთ ისეთი მაუწყებელი, რომელიც მისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს. ამასთანავე, შეგვიძლია გადავცეთ უახლოესი მისამართი, სადაც შეხვედრები მისთვის გასაგებ ენაზე ტარდება. თუ ის სურვილს გამოთქვამს, რომ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მაუწყებელმა მიაკითხოს, ვუჩვენოთ, როგორ შეიტანოს თავისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე jw.org. შემდეგ ფილიალი მოძებნის მის ენაზე მოლაპარაკე მაუწყებელს, ჯგუფს ან კრებას, რომელიც მას დახმარებას გაუწევს.
40 ვიდრე დაინტერესებულს თავის ენაზე მოლაპარაკე მაუწყებელი დაუკავშირდება, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მისი მონახულება. ზოგ შემთხვევაში ფილიალი უხუცესებს ატყობინებს, რომ ვერ ხერხდება დაინტერესებულის ენაზე მოლაპარაკე მაუწყებლის პოვნა. ასეთ დროს ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მას ინტერესი გავუღვივოთ. თუ შესაძლებელია, დავიწყოთ მასთან ბიბლიის შესწავლა მის ენაზე გამოცემული შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციით. თუ ილუსტრაციებს გამოვიყენებთ და ბიბლიურ მუხლებს წავაკითხებთ, ის ძირითად ბიბლიურ საკითხებს გაეცნობა. შესაძლოა მისი ოჯახის წევრმა ადგილობრივი ენაც იცოდეს და დახმარება გაგვიწიოს.
41 დაინტერესებულს ღვთის ორგანიზაცია რომ გავაცნოთ, შეგვიძლია კრებაზე დავპატიჟოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერაფერს გაიგებს. როცა პროგრამის მსვლელობისას და-ძმები ბიბლიურ მუხლს წაიკითხავენ, შეგვიძლია ეს მუხლი მის ენაზე გამოცემულ ბიბლიაში მოვაძებნინოთ. კრებაში და-ძმებთან ურთიერთობა გაამხნევებს მას და სულიერ ზრდაში დაეხმარება.
42 წინარე ჯგუფები: წინარე ჯგუფი შედგება მაუწყებლებისგან, რომლებიც უცხო ენაზე ქადაგებენ, მაგრამ არ ჰყავთ ისეთი უხუცესი ან მომსახურე, რომელიც ყოველკვირეულად ჩაატარებდა შეხვედრებს ამ ენაზე. ფილიალი ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვეტს, თუ რომელ კრებას მიაკუთვნებს წინარე ჯგუფს:
1) კრების ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უნდა საუბრობდეს იმ ენაზე, რომელზეც წინარე ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს.
2) კრებაში რამდენიმე მაუწყებელმა მაინც უნდა იცოდეს ეს ენა ან მზად უნდა იყოს მის შესასწავლად.
3) უხუცესთა საბჭო მზად უნდა იყოს, რომ ორგანიზება გაუწიოს სამქადაგებლო საქმეს ამ ენაზე.
თუ უხუცესებს სურთ, რომ წინარე ჯგუფი მათ კრებას მიაკუთვნონ, ამის შესახებ სარაიონო ზედამხედველს უნდა გაესაუბრონ. სარაიონო ზედამხედველმა შეიძლება იცოდეს, რომელ კრებებში შეუძლიათ მაუწყებლებს ამ ენაზე ქადაგება. ის შეიძლება სხვა სასარგებლო ინფორმაციასაც ფლობდეს; ამ საკითხების მხედველობაში მიღებით გადაწყდება, რომელი კრება იზრუნებს საუკეთესოდ წინარე ჯგუფზე. ამის შემდეგ ამ კრების უხუცესები ფილიალს წერილს გაუგზავნიან და ნებართვას ითხოვენ, რომ წინარე ჯგუფი ოფიციალურად მათ კრებას მიაკუთვნონ.
43 ჯგუფები: ფილიალი ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვეტს, თუ რომელ კრებას მიაკუთვნებს უცხოენოვან ჯგუფს:
1) უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანები უნდა იჩენდნენ ჭეშმარიტებისადმი ინტერესს და ზრდის პოტენციალი უნდა არსებობდეს.
2) კრებაში რამდენიმე მაუწყებელმა უნდა იცოდეს ეს ენა ან უნდა სწავლობდეს მას.
3) შესაფერისი უხუცესი ან მომსახურე მზად უნდა იყოს, ჯგუფს უხელმძღვანელოს და ამ ენაზე ყოველკვირეულად ჩაატაროს, სულ მცირე, ერთი შეხვედრა ან შეხვედრის რომელიმე ნაწილი, მაგალითად, წაიკითხოს საჯარო მოხსენება ან გაუძღვეს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას.
თუ კრება აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს, უხუცესთა საბჭო დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის ფილიალს ამ ჯგუფის შესახებ და სთხოვს, რომ უცხოენოვანი ჯგუფი მათ კრებას მიაკუთვნონ. ის უხუცესი, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს ჯგუფს, იქნება „ჯგუფის ზედამხედველი“, ხოლო მომსახურე — „ჯგუფის მსახური“.
44 ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ ჯგუფზე მზრუნველი კრების უხუცესთა საბჭო განსაზღვრავს, თვის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ჩატარდეს შეხვედრა ამ ენაზე და შეხვედრის რომელი ნაწილები ჩატარდება. უცხოენოვანი ჯგუფისთვის შესაძლოა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებიც დაინიშნოს. ამ ჯგუფს ზედამხედველობას გაუწევს ჯგუფზე მზრუნველი კრების უხუცესთა საბჭო. უხუცესები საჭირო მითითებებს მისცემენ ჯგუფს და იზრუნებენ მის საჭიროებებზე. როცა სარაიონო ზედამხედველი მოინახულებს კრებას, რომელშიც უცხოენოვანი ჯგუფია და ამ ჯგუფთან ითანამშრომლებს, ის მოკლე ანგარიშს გაგზავნის ფილიალში ჯგუფის წინსვლისა და მისი საჭიროებების შესახებ. დროთა განმავლობაში ჯგუფი შეიძლება კრებად ჩამოყალიბდეს. თუ და-ძმები გაითვალისწინებენ თეოკრატიულ მითითებებს, იეჰოვას გულს გაუხარებენ (1 კორ. 1:10; 3:5, 6).
ჯგუფური ქადაგება
45 ღვთისადმი მიძღვნილ ქრისტიანებს სასიხარულო ცნობის ქადაგების პასუხისმგებლობა გვაკისრია. მართალია, დამოუკიდებლად ქადაგებაც შეგვიძლია, მაგრამ ბევრ ჩვენგანს სხვებთან ერთად მსახურება ურჩევნია (ლუკ. 10:1). ამ მიზნით მაუწყებლები სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე იკრიბებიან როგორც შაბათ-კვირას, ისე სამუშაო დღეებში. ოფიციალური დასვენების დღეებშიც შეგვიძლია ჯგუფური ქადაგება, რადგან ამ დროს ბევრი და-ძმა ისვენებს. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა ხელსაყრელ დროსა და ადგილას უნდა დანიშნოს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები როგორც დღის განმავლობაში, ისე საღამოობით.
46 ჯგუფური ქადაგება მაუწყებლებს თანამშრომლობისა და ურთიერთგამხნევების შესაძლებლობას აძლევს (რომ. 1:12). ახალ მაუწყებლებს შეუძლიათ ითანამშრომლონ გამოცდილ მაუწყებლებთან და თავადაც დაიხვეწონ მსახურებაში. ზოგ ადგილას უსაფრთხოების მიზნით შეიძლება უმჯობესი იყოს, რომ ორმა ან მეტმა მაუწყებელმა იქადაგოს ერთად. მაშინაც კი, როცა გეგმავ, მარტომ იმსახურო უბანზე, ჯგუფთან შეხვედრა ყველასთვის გამამხნევებელი იქნება. იმის ცოდნა, რომ ამავე ტერიტორიაზე შენთან ერთად სხვებიც ქადაგებენ, გამბედაობას შეგმატებს. არც პიონერებმა და არც სხვა მაუწყებლებმა თავი არ უნდა დაივალდებულონ, რომ სამქადაგებლო მსახურების ყველა შეხვედრას დაესწრონ, მით უმეტეს, თუ ასეთი შეხვედრები ყოველდღე ტარდება. თუმცა ისინი ალბათ შეძლებენ, რომ კვირის მანძილზე მსახურების რამდენიმე შეხვედრას მაინც დაესწრონ.
47 მოდი მივბაძოთ იესოს და მის მოციქულებს! შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში, იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას (ლუკ. 9:57—62).
-