საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • od თ. 8 გვ. 71-86
  • სასიხარულო ცნობის მქადაგებლები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სასიხარულო ცნობის მქადაგებლები
  • ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ახალი მაუწყებლები
  • მოთხოვნები მაუწყებლად მსახურებისთვის
  • დავეხმაროთ ბავშვებს
  • მიძღვნა და მონათვლა
  • სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები
  • სამქადაგებლო მსახურების პირადი ანგარიში
  • „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათი
  • რატომ ვაბარებთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს
  • დაისახე მიზნები
  • ზუსტად ჩააბარე სამქადაგებლო მსახურების ანგარიში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • იეჰოვას ცხვარს ესაჭიროება სათუთი მზრუნველობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • დღე და ღამე წმინდა მსახურება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
od თ. 8 გვ. 71-86

თავი 8

სასიხარულო ცნობის მქადაგებლები

იეჰოვამ დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა (1 პეტ. 2:21). ვინც ქრისტეს მოწაფე ანუ ღვთის მსახური ხდება, ვალდებულია, რომ სასიხარულო ცნობა იქადაგოს. იმის ხაზგასასმელად, რომ სამქადაგებლო საქმე სულიერად გამომაცოცხლებელი იქნებოდა, იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდებით“ (მათ. 11:28, 29). ვინც იესოს ამ მოწოდებას გამოეხმაურა, არ გაწბილებულა!

2 ღვთის გამორჩეულმა მსახურმა, იესომ, კონკრეტულ ადამიანებს მოუწოდა, რომ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ (მათ. 9:9; იოან. 1:43). მან ისინი ქადაგებისთვის მოამზადა და იმავე საქმის შესასრულებლად გაგზავნა, რასაც თავად აკეთებდა (მათ. 10:1—11:1; 20:28; ლუკ. 4:43). მოგვიანებით იესომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად 70 მოწაფე გაგზავნა (ლუკ. 10:1, 8—11). ვიდრე გაგზავნიდა, უთხრა: „ვინც თქვენ გისმენთ, მეც მისმენს, ხოლო ვინც თქვენ არაფრად გაგდებთ, მეც არაფრად მაგდებს. მეტიც, ვინც მე არაფრად მაგდებს, ის ჩემს გამომგზავნელსაც არაფრად აგდებს“ (ლუკ. 10:16). ამით იესომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოწაფეებს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრათ. მათ იესოსა და უზენაესი ღვთის წარმომადგენლებად უნდა ემსახურათ! მსგავსი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ყველას, ვინც გამოეხმაურებოდა იესოს მოწვევას — „მოდი და გამომყევი!“ (ლუკ. 18:22; 2 კორ. 2:17). ყველას, ვინც ამ მოწვევას ეხმაურება, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება ევალება (მათ. 24:14; 28:19, 20).

3 ჩვენ გამოვეხმაურეთ იესოს მოწვევას და კურთხეულნი ვართ, რადგან უფრო და უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ (იოან. 17:3). ჩვენ გავითავისეთ იეჰოვას პრინციპები, განვიახლეთ გონება, შევიმოსეთ ახალი პიროვნებით და ღვთის ნორმების თანახმად დავიწყეთ ცხოვრება (რომ. 12:1, 2; ეფეს. 4:22—24; კოლ. 3:9, 10). ღვთისადმი მადლიერების გრძნობამ აღგვძრა, თავი მიგვეძღვნა იეჰოვასთვის და წყალში მოვნათლულიყავით. ნათლობა ღვთისადმი მსახურების დასაწყისია.

4 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს „სუფთა ხელებითა და სპეტაკი გულით“ ვემსახუროთ (ფსალმ. 24:3, 4; ეს. 52:11; 2 კორ. 6:14—7:1). ჩვენ იესო ქრისტეს ვერწმუნეთ, რისი წყალობითაც სუფთა სინდისი შევიძინეთ (ებრ. 10:19—23, 35, 36; გამოცხ. 7:9, 10, 14). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ ყველაფერი ღვთის სადიდებლად ეკეთებინათ და სხვები არ დაებრკოლებინათ. პეტრე მოციქულმაც აღნიშნა, რომ ჩვენმა სამაგალითო საქციელმა შეიძლება ადამიანები ჭეშმარიტებით დააინტერესოს (1 კორ. 10:31, 33; 1 პეტ. 3:1). ახლა განვიხილოთ, როგორ დავეხმაროთ სხვას, გახდეს სასიხარულო ცნობის მქადაგებელი.

ახალი მაუწყებლები

5 ბიბლიის შემსწავლელი თავიდანვე აღძარი, რომ რასაც სწავლობს, სხვებს გაუზიაროს. წაახალისე, რომ ესაუბროს ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებსა თუ სხვებს. სხვაგვარად, დაინტერესებული იესოს მოწაფე და სასიხარულო ცნობის მქადაგებელი ვერ გახდება (მათ. 9:9; ლუკ. 6:40). როცა დაინტერესებული სულიერად გაიზრდება და არაფორმალურად ქადაგების გამოცდილებას შეიძენს, კრებასთან ერთად ქადაგების სურვილი გაუჩნდება.

მოთხოვნები მაუწყებლად მსახურებისთვის

6 სანამ ბიბლიის შემსწავლელს კარდაკარ მსახურებაში წაიყვან, ის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. ვინც მსახურებაში მიგვყავს, ხალხი მას იეჰოვას მოწმედ მიიჩნევს. ამიტომ მაუწყებელი ქადაგების დაწყებამდე იეჰოვას ნორმების თანახმად უნდა ცხოვრობდეს და მოუნათლავ მაუწყებლად მსახურობდეს.

7 თუ დაინტერესებულს ბიბლიას ასწავლი და მასთან ბიბლიურ პრინციპებზე მსჯელობ, ალბათ ისიც გეცოდინება, იყენებს თუ არა ცხოვრებაში იმას, რასაც ბიბლიიდან სწავლობს. თუმცა ზოგიერთი საკითხის შესახებ შემსწავლელს უხუცესები შენი თანდასწრებით უნდა გაესაუბრონ.

8 უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი დაგეგმავს, რომ შენ და შენს შემსწავლელს გაგესაუბროთ ორი უხუცესი (ერთ-ერთი მათგანი კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრი უნდა იყოს). იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შემსწავლელს შეიძლება უხუცესი და მომსახურე გაესაუბრონ. უხუცესთა საბჭოს კოორდინატორის მიერ შერჩეულმა ძმებმა შემსწავლელთან გასაუბრება არ უნდა გადადონ. იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები კრების შეხვედრაზე შეიტყობენ, რომ დაინტერესებულს მაუწყებლობა სურს, შეიძლება ისინი შენ და შენს შემსწავლელს შეხვედრის შემდეგ გაგესაუბრონ. საუბარი თავისუფალ ატმოსფეროში უნდა წარიმართოს. ვიდრე შემსწავლელი მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, ის შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  1. 1) ბიბლიას ღვთისგან შთაგონებულ სიტყვად უნდა მიიჩნევდეს (2 ტიმ. 3:16).

  2. 2) უნდა იცოდეს ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ეთანხმებოდეს; სხვების მიერ დასმულ კითხვებს ბიბლიიდან პასუხობდეს და არა ცრურელიგიური ან საკუთარი შეხედულებების საფუძველზე (მათ. 7:21—23; 2 ტიმ. 2:15).

  3. 3) ბიბლიური მითითების თანახმად იეჰოვას ხალხთან ერთად უნდა ესწრებოდეს კრების შეხვედრებს, თუ ეს შესაძლებელია (ფსალმ. 122:1; ებრ. 10:24, 25).

  4. 4) უნდა იცოდეს, რას ამბობს ბიბლია სექსუალური უზნეობის, მათ შორის ცოლქმრული ღალატის, პოლიგამიისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ და უნდა ცხოვრობდეს ბიბლიური პრინციპებით. თუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც მისი ნათესავი არ არის, მასზე კანონიერად უნდა იყოს დაქორწინებული (მათ. 19:9; 1 კორ. 6:9, 10; 1 ტიმ. 3:2, 12; ებრ. 13:4).

  5. 5) უნდა ემორჩილებოდეს ბიბლიაში მოცემულ აკრძალვას ლოთობასთან დაკავშირებით და უარს ამბობდეს არასამედიცინო მიზნით დამოკიდებულების გამომწვევი ან გამაბრუებელი საშუალებების მიღებაზე (2 კორ. 7:1; ეფეს. 5:18; 1 პეტ. 4:3, 4).

  6. 6) უნდა ესმოდეს, რატომაა მნიშვნელოვანი, მოერიდოს ცუდ საზოგადოებას (1 კორ. 15:33).

  7. 7) გაწყვეტილი უნდა ჰქონდეს ყოველგვარი კავშირი ცრურელიგიურ ორგანიზაციებთან, აღარ უნდა ესწრებოდეს მათ შეხვედრებს და აღარ უჭერდეს მხარს მათ საქმიანობას (2 კორ. 6:14—18; გამოცხ. 18:4).

  8. 8) არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საქმეებში (იოან. 6:15; 15:19; იაკ. 1:27).

  9. 9) უნდა ეთანხმებოდეს ესაიას 2:4-ში ჩაწერილ პრინციპს და უნდა ცხოვრობდეს ამ პრინციპის თანახმად.

  10. 10) ნამდვილად უნდა სურდეს, რომ იყოს იეჰოვას მოწმე (ფსალმ. 110:3).

9 თუ უხუცესები ფიქრობენ, რომ შემსწავლელს კარგად არ ესმის ესა თუ საკითხი, ისინი სთხოვენ მას, მითითებული ბიბლიური მუხლების საფუძველზე იმსჯელოს. შემსწავლელს უნდა ესმოდეს, რომ ის, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ერთად ქადაგებს, ბიბლიური პრინციპების თანახმად უნდა ცხოვრობდეს. გასაუბრების შემდეგ უხუცესები განსაზღვრავენ, აცნობიერებს თუ არა შემსწავლელი, რა მოითხოვება მისგან, და აკმაყოფილებს თუ არა ქადაგებისთვის საჭირო მოთხოვნებს.

10 უხუცესებმა მალევე უნდა უთხრან შემსწავლელს, აკმაყოფილებს თუ არა მაუწყებლად მსახურების მოთხოვნებს. სასურველია, ამის შესახებ მას საუბრის დასრულებისთანავე შეატყობინონ. თუ შემსწავლელი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უხუცესები სიხარულით აცნობებენ მას, რომ შეუძლია მაუწყებლად იმსახუროს (რომ. 15:7). ისინი წაახალისებენ მას, რომ შეუდგეს მსახურებას და თვის ბოლოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ჩააბაროს. უხუცესები განუმარტავენ მას, რომ მაუწყებლად გახდომის შემდეგ, როცა პირველად ჩააბარებს ანგარიშს, მის სახელზე გაიხსნება „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათი, რომელიც კრების დოკუმენტებთან ერთად შეინახება. მაუწყებლების პირადი ინფორმაცია იმ მიზნით ინახება, რომ ორგანიზება გაეწიოს იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ საქმიანობას, მაუწყებლებმა მონაწილეობა მიიღონ სულიერ საქმეებში და სულიერი დახმარება გაეწიოთ. გარდა ამისა, უხუცესები შეახსენებენ მაუწყებლებს, რომ მათი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება jw.org-ზე განთავსებული „იეჰოვას მოწმეების პირადი მონაცემების დაცვის დებულების“ თანახმად.

11 თუ ახალ მაუწყებელს კარგად გაიცნობ და მისით დაინტერესდები, შესაძლოა ამან მასზე დადებითად იმოქმედოს, მეტი ენთუზიაზმით ჩაებას იეჰოვასადმი მსახურებაში და ყოველთვიურად ჩააბაროს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში (ფილ. 2:4; ებრ. 13:2).

12 როცა უხუცესები ჩათვლიან, რომ შემსწავლელი მზად არის სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად, მას მისცემენ წიგნს „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“. მას შემდეგ, რაც შემსწავლელი პირველად ჩააბარებს ანგარიშს, კრებაში უნდა გაკეთდეს მოკლე განცხადება, რომ ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა.

დავეხმაროთ ბავშვებს

13 ბავშვებსაც შეუძლიათ სასიხარულო ცნობის მაუწყებლები გახდნენ. როცა იესოსთან პატარა ბავშვები მიიყვანეს, მან აკურთხა ისინი (მათ. 19:13—15; 21:15, 16). მართალია, შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა უმთავრესად მშობლებს აკისრიათ, მაგრამ კრებაში სხვებსაც შეუძლიათ იმ ბავშვების დახმარება, რომლებსაც ქადაგების სურვილი აქვთ. მშობლებო, თუ მსახურებაში გულმოდგინებას გამოიჩენთ, შვილებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ მოგბაძონ. კიდევ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მის შვილს, რომელიც კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, თავისი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბარი სურს?

14 მშობელმა კრების სამსახურებრივი კომიტეტიდან რომელიმე უხუცესს უნდა აცნობოს, რომ მის შვილს მაუწყებლობა სურს. უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი დაგეგმავს, რომ ორი უხუცესი (ერთ-ერთი მათგანი კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრი უნდა იყოს) გაესაუბროს ბავშვს მორწმუნე მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან ერთად. თუ ბავშვს ესმის ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ქადაგების სურვილი აქვს, ეს მის სულიერ ზრდაზე მეტყველებს. ამ და სხვა საკითხების მხედველობაში მიღებით, რომლებიც სრულწლოვანთათვის არის გათვალისწინებული, უხუცესები განსაზღვრავენ, გახდება თუ არა ბავშვი მოუნათლავი მაუწყებელი (ლუკ. 6:45; რომ. 10:10). გასაუბრებისას არ არის საჭირო იმ ზოგიერთი საკითხის განხილვა, რომლებიც ბავშვებს არ ეხება.

15 უხუცესებმა გასაუბრების დროს ბავშვი უნდა შეაქონ, რომ მას მაუწყებლად მსახურება სურს და წაახალისონ, რომ მიზნად დაისახოს მონათვლა. უხუცესებმა არც მშობლებისთვის უნდა დაიშურონ საქებარი სიტყვები, რადგან სწორედ ისინი უნერგავენ ბავშვს გულში ჭეშმარიტებას. უხუცესებმა მშობლებს ყურადღება უნდა გაუმახვილონ დანართზე „ქრისტიან მშობლებს“ (გვ. 179—181). ეს დანართი მშობლებს დაეხმარება, რომ ბავშვი ნათლობისთვის მოამზადონ.

მიძღვნა და მონათვლა

16 თუ ღვთის მოთხოვნებს აკმაყოფილებ და სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღე და შეიყვარე ის. მაგრამ ღმერთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად საჭიროა, ლოცვაში თავი მიუძღვნა მას და წყალში მოინათლო (მათ. 28:19, 20).

17 სიტყვა „მიძღვნა“ ბიბლიური გაგებით წმინდა მიზნისთვის გამოცალკევებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ღვთისადმი მიძღვნა გულისხმობს ლოცვაში აღთქმის დადებას, რომ მარადიულად ემსახურები ღმერთს, შეასრულებ მის ნებას და უერთგულებ მას (კან. 5:9). ღვთისადმი თავის მიძღვნის გადაწყვეტილებას შენ ნაცვლად სხვა ვერ მიიღებს.

18 თუმცა იეჰოვასთვის ლოცვაში თავის მიძღვნაზე მეტია საჭირო. შენი გადაწყვეტილების შესახებ სხვებმაც უნდა გაიგონ. ამიტომ აუცილებელია, იესოს მსგავსად შენც წყალში მოინათლო (1 პეტ. 2:21; 3:21). როგორ უნდა მოიქცე, თუ გადაწყვიტე, რომ მოინათლო და იეჰოვას ემსახურო? შენი გადაწყვეტილების შესახებ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს უნდა აცნობო. ის დაგეგმავს, რომ უხუცესები გაგესაუბრონ, რათა განსაზღვრონ, აკმაყოფილებ თუ არა მონათვლისთვის საჭირო ბიბლიურ მოთხოვნებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედე ამ წიგნში მოცემულ დანართებს „მოუნათლავ მაუწყებელს“ (გვ. 182—184) და „კითხვები მონათვლის მსურველთათვის“ (გვ. 185—207).

სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები

19 არაერთი წელია, რაც იეჰოვას მოწმეებს ამხნევებს ანგარიშები, საიდანაც ჩანს, რომ მთელ მსოფლიოში წმინდა თაყვანისმცემელთა რიგებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე იქადაგებდნენ. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს იმას, თუ როგორ სრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება (მათ. 28:19, 20; მარ. 13:10; საქ. 1:8).

20 პირველ ქრისტიანებს დიდად ახარებდათ სამქადაგებლო საქმის წინსვლა (მარ. 6:30). წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფეზე წმინდა სული გადმოვიდა. მალე მოწაფეების რიცხვი 3 000-მდე გაიზარდა, მოგვიანებით კი — 5 000-მდე. წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ იეჰოვა „ყოველდღე მატებდა მათ ხალხს, რომელიც ხსნის გზას ადგებოდა“ და „ბევრმა მღვდელმაც ირწმუნა“ (საქ. 1:15; 2:5—11, 41, 47; 4:4; 6:7). როგორ გაამხნევებდა მოწაფეებს იმის გაგება, რომ მათი რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა! უდავოა, ეს ანგარიშები სტიმულს მისცემდა მათ, რომ რელიგიური წინამძღოლების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად კვლავაც შეესრულებინათ ღვთისგან მიღებული დავალება.

21 დაახლოებით ახ. წ. 60-61 წლებში კოლოსელების მიმართ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოჰქონდა და მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა; პავლემ აღნიშნა, რომ ეს ცნობა „ექადაგა ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:5, 6, 23). პირველი ქრისტიანები დაემორჩილნენ ღმერთს და წმინდა სულის ძალით მათმა ქადაგებამ იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე, ახ. წ. 70 წლამდე, არნახულ მასშტაბებს მიაღწია. როგორ გაამხნევებდა იმდროინდელ ქრისტიანებს თავიანთი შრომის შედეგი!

შეგაქვს შენი წვლილი იმაში, რომ აღსასრულის დადგომამდე სასიხარულო ცნობა საფუძვლიანად იყოს ნაქადაგები?

22 იეჰოვას ორგანიზაციაში დღესაც ხდება ანგარიშების წარმოება იმის დასანახავად, თუ როგორ სრულდება მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათ. 24:14). ჩვენთვის, ღვთისადმი მიძღვნილი მსახურებისთვის, ქადაგება გადაუდებელი საქმეა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ აღსასრულის დადგომამდე სასიხარულო ცნობა საფუძვლიანად იყოს ნაქადაგები. ეს საქმე იეჰოვას დახმარებით წარმატებით დასრულდება, და თუ მივიღებთ მასში მონაწილეობას, ღმერთს გულს გავუხარებთ (ეზეკ. 3:18—21).

სამქადაგებლო მსახურების პირადი ანგარიში

23 რა შედის პირად ანგარიშში? ბლანკზე „სამქადაგებლო მსახურების ანგარიში“, რომელსაც ორგანიზაცია გვაწვდის, მითითებულია, თუ რა მონაცემები უნდა შევიტანოთ მასში. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ამ ბლანკის შევსებაში დაგვეხმარება.

24 სვეტში „პუბლიკაცია (დაბეჭდილი და ელექტრონული)“ ჩაწერე იმ პუბლიკაციების საერთო რაოდენობა, რომლებიც გადაეცი ან გაუგზავნე მას, ვინც არ არის მონათლული მოწმე. სვეტში „ვიდეოს ჩვენება“ შეგიძლია ჩაწერო ნაჩვენები ვიდეოების რაოდენობა.

25 სვეტში „განმეორებითი მონახულება“ ჩაწერე, რამდენჯერ მოინახულე ინტერესის გასაღვივებლად ისინი, ვინც არ არიან მონათლული მოწმეები. განმეორებითი მონახულება იმ შემთხვევაში იწერება, თუ დაინტერესებულს პირადად მოინახულებ, წერილს მისწერ, ტელეფონით გაესაუბრები, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გაუგზავნი, ელექტრონული ფოსტით შეეხმიანები ან ლიტერატურას დაუტოვებ. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როცა ბიბლიის შესწავლას ჩაატარებ, განმეორებითი მონახულება უნდა ჩაიწერო. მშობელს შეუძლია კვირაში ერთი განმეორებითი მონახულება ჩაიწეროს, როცა ოჯახურ თაყვანისცემას უძღვება, რომელსაც მისი მოუნათლავი შვილი ესწრება.

26 ბიბლიის შესწავლა, როგორც წესი, ყოველკვირეულად ტარდება, მაგრამ თვის ბოლოს ანგარიშების ბლანკში ერთი შესწავლა იწერება. მაუწყებლებმა „სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის“ ბლანკის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწერონ, რამდენი ბიბლიის შესწავლა ჩაატარეს თვის განმავლობაში. თუ ბიბლიის შესწავლას უტარებ მას, ვინც არ არის მონათლული მოწმე, აგრეთვე არააქტიურ ძმას ან დას (სამსახურებრივი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ნებართვით) ან ახალმონათლულს, ვისაც ჯერ არ დაუსრულებია წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შესწავლა, ეს შესწავლაც ზემოაღნიშნული ბლანკის შესაბამის გრაფაში უნდა შეიტანო.

27 სვეტში „საათები“ ზუსტად უნდა მიუთითო დრო, რომელიც სამქადაგებლო მსახურებას დაუთმე. ამაში შედის კარდაკარ ქადაგებისთვის, განმეორებითი მონახულებებისთვის, ბიბლიის შესწავლებისთვის, ქუჩაში თუ არაფორმალური ქადაგებისთვის გამოყოფილი დრო. როცა ორი მაუწყებელი ერთად მსახურობს, სამქადაგებლო მსახურებისთვის გამოყოფილ დროს ორივე იწერს, ხოლო განმეორებით მონახულებასა და ბიბლიის შესწავლას — მხოლოდ ერთი. როცა ოჯახური თაყვანისცემის დროს შვილების დამოძღვრაში ორივე მშობელია ჩაბმული, შესწავლისთვის გამოყოფილ დროს ორივე მშობელი იწერს, თუმცა კვირაში არაუმეტეს ერთი საათისა. ძმები საჯარო მოხსენებით გამოსვლის დროს იწერენ. თუ საჯარო მოხსენება ითარგმნება, დროს თარჯიმანიც იწერს. მაუწყებელი არ იწერს იმ დროს, როცა მსახურებისთვის ემზადება, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას ესწრება, მსახურებისას სადმე შეივლის და ა.შ.

28 თითოეულმა მაუწყებელმა მსახურებაში გატარებული დროის დაანგარიშებისას ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა იხელმძღვანელოს. ზოგი სამქადაგებლო უბანი მჭიდროდაა დასახლებული, ზოგიც — მეჩხრად, სადაც ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა დიდ დროს მოითხოვს. სამქადაგებლო უბნები განსხვავდება; მაუწყებლებიც სხვადასხვაგვარად უდგებიან დროის აღრიცხვის საკითხს. ხელმძღვანელი საბჭო მაუწყებლებს არ უდგენს მკაცრ წესებს, თუ როგორ უნდა აღრიცხონ მსახურებაში გატარებული დრო, და შესაბამისად, არც არავინ უნდა დაადგინოს, როგორ უნდა მოხდეს მსახურებისთვის გამოყოფილი დროის აღრიცხვა (მათ. 6:1; 7:1; 1 ტიმ. 1:5).

29 სამქადაგებლო მსახურებისთვის დათმობილი დრო ბლანკზე სრულ საათებად უნდა ჩაიწეროს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვისაც ხანდაზმულობის გამო უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, სახლიდან ვერ გადის ან მოხუცებულთა სახლში იმყოფება. ასეთ მდგომარეობაში მყოფ მაუწყებელს შეუძლია ანგარიშის ბლანკში მინიმუმ 15 წუთი მიუთითოს. რეგულარულ მაუწყებლად რომ ჩაითვალოს, მან ანგარიში მაშინაც უნდა ჩააბაროს, თუ თვის განმავლობაში მხოლოდ 15 წუთი იქადაგა. ეს წესი იმ მაუწყებლებზეც ვრცელდება, რომელთა შესაძლებლობებიც დროებით შეზღუდულია; მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა სერიოზული ავადმყოფობისა თუ ტრავმის გამო მაუწყებელს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გადაადგილება არ შეუძლია. ეს წესი მხოლოდ იმ მაუწყებლებზე ვრცელდება, რომელთა შესაძლებლობებიც უკიდურესად შეზღუდულია. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ვისზე გავრცელდება ეს წესი.

„კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათი

30 შენ მიერ ყოველთვიურად ჩაბარებული მსახურების ანგარიში შედის „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათში, რომელიც კრების საკუთრებაა. თუ სხვა კრებაში გადასვლას აპირებ, ამის შესახებ შენი კრების უხუცესებს შეატყობინე. კრების მდივანი იზრუნებს, რომ შენი „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათ(ებ)ი იმ კრებას გადაეგზავნოს, სადაც უნდა გადახვიდე. ახალი კრების უხუცესები უკეთ გაგიცნობენ და სულიერადაც მხარში ამოგიდგებიან. თუ სადმე მიემგზავრები და იქ სამ თვეზე მეტხანს არ დარჩები, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები კვლავაც შენს კრებას გადაუგზავნე.

რატომ ვაბარებთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს

31 ზოგჯერ ხომ არ გავიწყდება სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება? ამის შეხსენება დროდადრო ყველას გვჭირდება. ანგარიშების ჩაბარება არ დაგვავიწყდება, თუ კარგად გავიაზრებთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი.

32 ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რა საჭიროა, კრებას ანგარიში ჩავაბარო? იეჰოვამ ხომ ისედაც იცის, რამდენს ვმსახურობ?“ ცხადია, იეჰოვამ იცის, რამდენს ვმსახურობთ, და ისიც იცის, მთელი გულით ვემსახურებით მას თუ მხოლოდ მინიმუმის გაკეთებით ვკმაყოფილდებით. დაფიქრდი, იეჰოვას ნებით ბიბლიაში ჩაიწერა, რამდენი დღე დაჰყო ნოემ კიდობანში, რამდენი წელი იყვნენ ისრაელები უდაბნოში, რამდენი ადამიანი ემსახურებოდა ღმერთს და რამდენი არ ემორჩილებოდა მას. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორ იპყრობდა ისრაელი ერი ეტაპობრივად ქანაანის მიწას, და რა საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ მსაჯულები. ბიბლია დაწვრილებით მოგვითხრობს ღვთის მსახურთა საქმეების შესახებ. იეჰოვას შთაგონებით დაწერილი ცნობები იმაზე მეტყველებს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ანგარიშების სიზუსტეს.

33 ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიული მოვლენებიდან ჩანს, რომ იეჰოვას ხალხის მიერ შესრულებული ჩანაწერები სიზუსტით გამოირჩეოდა. ღვთის სიტყვაში მოცემული შთამბეჭდავი ცნობების სრულფასოვნად გადმოცემა რიცხობრივი მონაცემების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. გადახედე შემდეგ მაგალითებს: დაბადება 46:27; გამოსვლა 12:37; მსაჯულები 7:7; 2 მეფეები 19:35; 2 მატიანე 14:9—13; იოანე 6:10; 21:11; საქმეები 2:41; 19:19.

34 მართალია, ჩვენი ანგარიშებიდან ყველაფერი არ ჩანს, რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ, მაგრამ მათში ასახული მონაცემები იეჰოვას ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პირველ საუკუნეში ქადაგებიდან დაბრუნებულმა მოციქულებმა იესოს „ყველაფერი აცნობეს, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს“ (მარ. 6:30). ზოგჯერ ანგარიშებმა შეიძლება დაგვანახვოს, მსახურებაში რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ანგარიშებიდან ჩანს, თუ რა იქნა მიღწეული მსახურების ამა თუ იმ სფეროში, ან ხომ არ შენელდა მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა. შესაძლოა კრებაში მაუწყებლებს გამხნევება ესაჭიროებათ ან რაიმე პრობლემაა გადასაჭრელი. პასუხისმგებელი ძმები ანგარიშების გათვალისწინებით ყველანაირად ცდილობენ, გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა, რაც ხელს უშლის როგორც ცალკეული მაუწყებლის, ისე მთელი კრების სულიერ ზრდას.

35 სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები იეჰოვას ორგანიზაციასაც ეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ სად უფრო მეტი მქადაგებელია საჭირო, რომელი ტერიტორიაა უფრო ნაყოფიერი, სად შეინიშნება მცირედი ზრდა და რომელი პუბლიკაციებია საჭირო ხალხისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად. ანგარიშებიდან ორგანიზაცია იგებს, მსოფლიოს რომელ ნაწილში რომელი პუბლიკაციებია საჭირო სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად და შემდეგ აკმაყოფილებს ამ საჭიროებებს.

36 სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ ჩვენი და-ძმები მთელ მსოფლიოში დაუღალავად ქადაგებენ, რაც გვამხნევებს. სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ მიიწევს წინ იეჰოვას ორგანიზაცია. გამამხნევებელი შემთხვევები ძალებს გვმატებს, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ ღვთის საქმეში (საქ. 15:3). ასე რომ, მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ძმებთან და ანგარიშები დროულად ჩავაბაროთ, რითაც ცხადვყოფთ, რომ ვზრუნავთ მსოფლიო საძმოზე. თუ ამ მცირე საკითხშიც გამოვავლენთ ერთგულებას, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოცემულ მითითებებს ვემორჩილებით (ლუკ. 16:10; ებრ. 13:17).

დაისახე მიზნები

37 ჩვენი მსახურება სხვისას არ უნდა შევადაროთ (გალ. 5:26; 6:4). ყველას მდგომარეობა განსხვავდება. თუ რეალურ მიზნებს დავისახავთ, ეს დაგვეხმარება, მსახურებაში წარმატებას მივაღწიოთ. დასახული მიზნების მიღწევა კმაყოფილებას მოგვიტანს.

38 აშკარაა, რომ იეჰოვა აჩქარებს იმ ადამიანების შეკრებას, რომლებსაც „დიდი გასაჭირის“ დროს დაიცავს. დღეს სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (გამოცხ. 7:9, 14; ეს. 60:22). ამ ბოლო დღეებში სასიხარულო ცნობის ქადაგება მართლაც დიდი პატივია! (მათ. 24:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება