ღვთის სიტყვის კურსდამთავრებული მკვლევარები
პირველი საუკუნის ქრისტიანების მიბაძვით იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი კარდაკარ ქადაგებით. ამ საქმიანობაზე გამახვილდა ყურადღება საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადის 102-ე კლასის გამოსაშვები პროგრამის შესავალში.
ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის 1-ლ მარტს ალბერტ შრედერმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ყურადღება გაამახვილა ფრანგულ ჟურნალში (Le Point) ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაზე. მასში აღნიშნული იყო რომის კათოლიკური ეკლესიის გეგმები იტალიაში კარდაკარ ქადაგების დაწყებასთან დაკავშირებით. «ასე რომ, [ვატიკანის მისიონერები] ხელცარიელები არ მოდიან, როცა იეჰოვას მოწმეთა ტერიტორიაზე კონკურენციას ეწევიან, — ნათქვამი იყო სტატიაში, — ვატიკანი იქამდეც კი მივიდა, რომ წმინდა მარკოზის სახარების მილიონი ეგზემპლარი დაბეჭდა, რადგან მათი აგენტები კეთილი სიტყვის კარდაკარ „გავრცელებისას“ მცოდნეებს [მოწმეებს] უპირისპირდებიან ».
იმათ შორის, ვინც ღვთის სიტყვის გავრცელებაში იესოს დახელოვნებულ სამქადაგებლო მეთოდებს ბაძავს, 48 კურსდამთავრებულია. პატერსონში (ნიუ-იორკი) არსებულ საგუშაგო კოშკის საგანმანათლებლო ცენტრში ისინი რვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ხუთთვიანი სწავლის განმავლობაში მათ ბიბლია თავიდან ბოლომდე გამოიკვლიეს. კურსში შედიოდა აგრეთვე ღვთის ორგანიზაციის ისტორია, მისიონერული ცხოვრების პრაქტიკული მხარეები და ღვთის სულის ნაყოფი. ყოველივე ამის მიზანი ერთი რამ იყო — მოემზადებინა ისინი მისიონერული მსახურებისთვის 17 უცხო ქვეყანაში, სადაც იგზავნებოდნენ. კურსის დამთავრებით გამოწვეული სიხარული 5 015 ადამიანისგან შემდგარმა საერთაშორისო აუდიტორიამ გაიზიარა. საბოლოოდ რა პრაქტიკული რჩევა მიიღეს გალაადის ამ სტუდენტებმა?
დროული გამხნევება ახალი მისიონერებისთვის
თავმჯდომარის შესავალი სიტყვების შემდეგ რალფ უოლსმა, ხელმძღვანელი საბჭოს კადრების კომიტეტის დამხმარემ, წარმოთქვა პირველი მოკლე მოხსენება პრაქტიკული რჩევით ახალი მისიონერებისთვის. მისი თემა იყო „გახსოვდეთ სიყვარული“. მან ხაზი გაუსვა მე-2 ტიმოთეს მე-3 თავში მოცემულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რომ წუთისოფელი უფრო და უფრო მოძულე გახდებოდა. ეს დროული შეხსენება მან ახალ მისიონერებს შესთავაზა 1-ლი კორინთელთა 13:1–7-ში მოცემულ სიყვარულის აღწერასთან შეთანხმებულად: „თქვენ, როგორც მისიონერები, შეიძლება აჭარბებდეთ დადგენილ ნორმას საათებში. გალაადში ნასწავლიდან შეიძლება დიდი შემეცნება გქონდეთ. ან ჩვენ შეიძლება თავგამოდებულად დამატებით ვმუშაობდეთ ფილიალის დანიშნულებებში. მაგრამ მთელ ჩვენს მცდელობასა და მსხვერპლებს არავითარი ფასი არა აქვს, თუ სიყვარული გვავიწყდება“.
პროგრამაში შემდეგი იყო კერი ბარბერი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, რომელმაც განიხილა საკითხი „იეჰოვა გამარჯვებისკენ მიგვიძღვის“. პირველი მსოფლიო ომის მომდევნო მცირე საწყისებიდან იეჰოვა ღმერთი, დევნის მიუხედავად, გამარჯვებისკენ მიუძღვის ერთგულ მსახურებს თავისი სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გამოცხადებაში. 1931 წელს ბიბლიის მკვლევარებმა — როგორც მაშინ იყვნენ ცნობილი — მიიღეს სახელი იეჰოვას მოწმეები, რამაც ძალიან გააღიზიანა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. „გალაადში მომზადებული მისიონერების 102-ე კლასს ახლა გრანდიოზული უპირატესობა აქვს, დიდი წვლილი შეიტანოს დიდებულ საქმიანობაში — რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს ამ წმინდა სახელის გაგების შესაძლებლობა“, — თქვა ძმა ბარბერმა. ისინი უერთდებიან 7 131 მისიონერის გრძელ სიას, რომლებიც გალაადის სკოლაში სწავლობდნენ და რომლებმაც ღვთის სიტყვის ქადაგება 54 ქვეყნიდან (1943 წელი) 233 ქვეყნამდე გააფართოვეს.
შემდეგმა მომხსენებელმა ლოიდ ბარიმ, აგრეთვე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გალაადის მე-11 კლასი დაამთავრა და 25 წელზე მეტი მისიონერად მსახურობდა იაპონიაში. მან აუდიტორია გაამხნევა თემით „დარჩი ამაში“. „მრავალ სიხარულს მოთმინებაში ჰპოვებთ“, — უთხრა მან სტუდენტებს. რით ჯილდოვდება მოთმინება მისიონერულ საქმესა თუ რომელიმე თეოკრატიულ დანიშნულებაში? «უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოთმინება იეჰოვას გულს ახარებს. . . დიდი კმაყოფილება მოაქვს გამოცდის დროს უმწიკვლოების შენარჩუნებას. . . მისიონერული მსახურება თქვენი ცხოვრების მოწოდებად აქციეთ. . . თქვენ დაჯილდოვდებით გულთბილი ნათქვამით — „კარგი“ » (მათე 25:21; იგავნი 27:11). თავისი სიტყვის დასასრულს ძმა ბარიმ გულითადად ურჩია ახალ მისიონერებს, ‘დარჩნენ ამაში’ იმით, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას — მისიონერული მსახურება მათი ცხოვრება ხდება (1 ტიმოთე 4:16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
„რას ნახავთ?“ — ეს კითხვა დასვა კარლ ადამსმა, რომელმაც გალაადის მრავალი კლასის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ ის, რასაც ახალი მისიონერები ნახავდნენ თავიანთ დანიშნულებებში, მხოლოდ მათ ფიზიკურ მხედველობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მათი გულების თვალებზეც (ეფესელთა 1:18). თვალსაჩინოებისთვის მოყვანილ იქნა მაგალითი, თუ რა ნახეს ისრაელმა მზვერავებმა აღთქმული მიწის დაზვერვისას. ფიზიკური თვალსაზრისით, 12-ვე მზვერავმა ერთი და იგივე რამ ნახა, ღვთიური თვალსაზრისით კი აღთქმული მიწა მხოლოდ ორმა იხილა. მისიონერებმაც სხვადასხვანაირად შეიძლება შეხედონ საკითხებს. ზოგ ქვეყანაში, სადაც ისინი იმსახურებენ, მათ შეიძლება ნახონ სიღარიბე, ტანჯვა და უიმედობა. მაგრამ ისინი არ უნდა რეაგირებდნენ უარყოფითად და არ უნდა ტოვებდნენ ქვეყანას. ძმა ადამსმა ახსენა ერთ-ერთი ბოლო კლასის წარმომადგენელი მისიონერი, რომელმაც თქვა: „ამ შემთხვევებმა მიმახვედრა, რომ აქ უნდა დავრჩე. ხალხს მომავლის იმედი სჭირდება. მინდა გავაუმჯობესო მათი ცხოვრება“. ძმა ადამსმა სიტყვა დაასრულა ახალი მისიონერების წახალისებით — შეხედონ ქვეყნებს, რომლებშიც ისინი დაინიშნენ, როგორც ტერიტორიებს, რომლებზეც იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, აქციოს თავისი გლობალური სამოთხის ნაწილად; იქ მცხოვრებ ხალხს კი უყურონ როგორც ახალი ქვეყნიერების საზოგადოების მომავალ წევრებს.
პროგრამის ამ ნაწილის ბოლოს ისაუბრა უოლას ლივერანსმა, რომელმაც გალაადში მასწავლებლობამდე მრავალი წელი მისიონერად იმსახურა. „იმოქმედეთ ღვთის შესანიშნავ საქმეებში ჩაწვდომით“, — ეს იყო მისი თემა. ჩაწვდომით მოქმედებაში შედის საზრიანი, გონივრული და საღი აზროვნებით მოქმედება. ეს იყო ის, რაც ისრაელის მეფე საულმა ვერ გააკეთა (პირველი მეფეთა 13:9–13; 15:1–22).
ჩაწვდომით მოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა ახალი ცხოვრების შეგუებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიღება, რაშიც შედის აგრეთვე ახალი ენის სწავლა და ხალხის გაცნობა. გამოწვევებთან შეხვედრისა და დაბრკოლებების გადალახვის დროს მისიონერების მიერ მიღებულ გამოცდილებებს შეუძლია გააძლიეროს ისინი სულიერად ისევე, როგორც იესო ნავეს ძე და ქალები იეფუნეს ძე იქნენ გამაგრებული, როცა ღვთის მიერ მათთვის გამოყოფილი მიწა დაიპყრეს.
ინტერვიუები
პროგრამის მომდევნო ნაწილში შედიოდა ინტერვიუების სერია. ჰაროლდ ჯეკსონმა ინტერვიუ აიღო იულისიზ გლასისგან, რომელიც გალაადის სკოლის რეგისტრატორი და დიდი ხნის მასწავლებელია და რომელიც ახლა 85 წლისაა. ჯერ კიდევ მსახურებაში მყოფ მრავალ მისიონერს კარგად ახსოვს, რომ ის ერთგულად ასწავლიდა და ღზრდიდა. შემდეგი იყო მარკ ნიუმერი, გალაადის მასწავლებელი, რომელმაც გალაადის სკოლის პერსონალთან შეერთებამდე მრავალი წელი გაატარა საზღვარგარეთ მსახურებაში, აფრიკაში. მან ინტერვიუ აიღო სტუდენტებისგან ხუთთვიანი სწავლის განმავლობაში მსახურების შესახებ. მათმა შემთხვევებმა ნათლად აჩვენა, რომ ადგილობრივ ტერიტორიაზე არიან ღვთის სიტყვით დაინტერესებული ადამიანები.
შემდეგ რობერტ სირანკო და ჩარლზ მოლაჰენი ესაუბრნენ გამოცდილ მამაკაცებს, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კომპლექსის სხვა სკოლას, სკოლას ფილიალის პერსონალისთვის. გამოსაშვები კლასისთვის მათ მიერ მიცემულ რჩევაში შედიოდა თავმდაბლობისა და კრების ერთიანობაში წვლილის შეტანის აუცილებლობა. მათ კურსდამთავრებულებს ურჩიეს, რომ წინასწარშექმნილი აზრი კი არ უნდა ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება მისიონერულ მსახურებაში, არამედ, პირიქით, კეთილგანწყობილებით უნდა მიიღონ ნებისმიერი სიტუაცია. ამ რჩევის გამოყენება უეჭველად დაეხმარება ახალ მისიონერებს, შეასრულონ თავიანთი დავალებები როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლებმა.
ბოლოს თეოდორ იარაჩი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, აუდიტორიის წინაშე გამოვიდა სიტყვით „ვისზე რა ახდენს გავლენას?“ მან ახსნა, რომ, როცა ჩვენ, როგორც ქრისტიანები, სულის ნაყოფს ვავლენთ, შეგვიძლია კარგი ზეგავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანებზე. „იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გაგზავნილმა მისიონერებმა ხალხზე ჯანსაღი, სულიერი ზეგავლენის მოხდენით კარგი სახელი შეიქმნეს“, — აღნიშნა მან. შემდეგ მოიხსენია იმ ადამიანების რამდენიმე კომენტარი, რომელთაც ღვთისადმი მსახურებაში მისიონერების მიერ მიცემული კარგი მაგალითები დაეხმარა. „დაე შეინარჩუნოთ რეპუტაცია, რომელიც იეჰოვას ხალხმა მოიპოვა, და ღირსეულთა ძებნაში განაგრძოთ თქვენი დანაშაულის ადგილზე არსებულ კარებზე კაკუნი. . . აგრეთვე თქვენი პატიოსანი, წმინდა ქცევით წინაღუდგეთ ამ წუთისოფლის სულს და იყოთ კარგი ზეგავლენის მომხდენნი იეჰოვას საქებრად და პატივსაცემად“, — დაასრულა მან.
პროგრამის მოკლე შეჯამებისას თავმჯდომარემ წაიკითხა ახლო და შორი ადგილებიდან მოსული მისალმებები, შემდეგ კი წარმოადგინა დიპლომები და გამოაცხადა მისიონერული დანიშნულებები. ამის შემდეგ ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა წაიკითხა კლასის მიერ გამოთქმული მადლიერება მიღებული სწავლებისთვის. ნათელია, რომ 102-ე კლასის გამოსაშვებმა პროგრამამ ყველა დამსწრე უფრო მეტი გადაწყვეტილებით აღჭურვა ღვთის სიტყვის გამოცხადებაში წინ წასაწევად.
[სურათი 31 გვერდზე]
საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადის 102-ე გამოსაშვები კლასი
ქვემოთ მოცემულ სიაში რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) კ. დაფი, დ. ალექსისი, რ. ჰარფი, ჯ. ლი, ვ. კორი, ტ. ნორტამი, ნ. მორა, ფ. ჯორნეტი. 2) ლ. იუპვიკი, კ. სინგჰი, ბ. ჰარტი, მ. კირკორიანი, ს. ლი, ს. რასტალი, კ. ზიულანი, კ. კოლეტი. 3) დ. სინგჰი, ჟ. პიტლიუ, ფ. პიტლიუ, ნ. ბოკოკი, კ. ტორმა, ა. მასლო, კ. რიჩარდსონი, დ. ნორტამი. 4) ჯ. ჰარფი, კ. ჯორნეტი, ე. ბარბერი, ი. ლობერტო, რ. ლობერტო, მ. მასლო, რ. მორა, მ. ჰარტი. 5) ს. ტორმა, ე. რასტალი, რ. დიასი, ჰ. დიასი, მ. ვაიზერი, ჯ. ვაიზერი, გ. კირკორიანი, ა. ზიულანი. 6) რ. ალექსისი, დ. ბარბერი, გ. იუპვიკი, კ. დაფი, ტ. კოლეტი, მ. რიჩარდსონი, ს. ბოკოკი, გ. კორი.