როგორ მოვიქცეთ, თუ მობინადრე სხვა ენაზე ლაპარაკობს?
1. რატომ უნდა ითანამშრომლონ კრებებმა ერთი და იგივე ტერიტორიის დამუშავებისას?
1 სულ უფრო და უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მაუწყებლები ქადაგებისას უცხო ენაზე მოლაპარაკეებს ხვდებიან. ასეთი დაინტერესებულებისთვის სულიერი დახმარების გასაწევად მრავალმა ფილიალმა გადაწყვიტა, რომ თავიანთ ტერიტორიებზე უცხოენოვანი ჯგუფები და კრებები ჩამოეყალიბებინათ. იმის გამო, რომ ერთსა და იმავე მხარეში მცხოვრები ადამიანები შეიძლება სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთ ტერიტორიას შესაძლოა სხვადასხვაენოვანი კრებები ამუშავებდნენ. როგორ შეუძლიათ კრებებს ითანამშრომლონ, რომ სამქადაგებლო საქმიანობა ორგანიზებულად განხორციელდეს? (1 კორ. 14:33).
2. როგორ შეგვიძლია კარდაკარ ქადაგებისას ვითანამშრომლოთ უცხოენოვან ჯგუფთან თუ კრებასთან?
2 კარგი თანამშრომლობა: ქუჩაში ქადაგებისას ან არაფორმალური დამოწმებისას მაუწყებელს შეუძლია დაელაპარაკოს ნებისმიერს, მათ შორის უცხოენოვანს, და მისცეს ლიტერატურა მისთვის სასურველ ენაზე. მაგრამ, კარდაკარ ისეთ უბანზე ქადაგებისას, რომელსაც აგრეთვე სხვაენოვანი ჯგუფი ან კრება ამუშავებს, მაუწყებელმა ძირითადად იმ ენაზე მოლაპარაკეს უნდა უქადაგოს, რა ენაზეც მისი კრება ტარდება. როდესაც სხვადასხვაენოვანი კრებები ერთსა და იმავე ტერიტორიას ამუშავებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლებმა კარგი ჩანაწერები გააკეთონ. მსახურება რომ ორგანიზებული იყოს, კრებების სამსახურებრივმა ზედამხედველებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ (იგავ. 11:14). იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი კარდაკარ ქადაგებისას იმ ენაზე მოლაპარაკეს შეხვდება, რა ენაზეც იმ ტერიტორიაზე კრება არ ტარდება, მაუწყებელი უნდა ეცადოს, რომ უქადაგოს ასეთ ადამიანს და შემდგომშიც იზრუნოს მის სულიერ ინტერესებზე.
3. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენს ტერიტორიაზე ვხვდებით უცხოენოვანი ჯგუფის ან კრების მაუწყებლებს, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე ქადაგებენ?
3 ჩვენ ერთ საქმეს ვასრულებთ: როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა კრების მაუწყებლები, თუ ისე მოხდება, რომ მათ ერთსა და იმავე დროს მოუწევთ ერთ უბანზე ქადაგება? ქრისტიანული სიყვარულიდან გამომდინარე მაუწყებლები პირველ რიგში ხალხის მოთხოვნილებებზე იზრუნებენ (იოან. 13:34, 35). ამიტომ, ძმები, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას უძღვებიან, გონიერებასა და სიყვარულს გამოავლენენ, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან, რომელი ჯგუფი გადავა დროებით სხვა უბანზე საქადაგებლად (იაკ. 3:17, 18).
4. რომელი წინასწარმეტყველება სრულდება დღეს?
4 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები მოისმენდნენ სასიხარულო ცნობას (გამოცხ. 14:6, 7). მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეხმარება იმაში, რომ ერთ კართან ზედიზედ ორჯერ არ მივიდეთ. გარდა ამისა, კარგი თანამშრომლობის წყალობით მრავალი, მათ შორის უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, მოისმენენ სასიხარულო ცნობას (ეფეს. 4:16).