-
გადარჩენა ‘უფლის დღეს’საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
-
-
გადარჩენა ‘უფლის დღეს’
«დიდია უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?» (იოველი 2:11).
1. რატომ იქნება ‘იეჰოვას ძალზე საშინელი დღე’ სიხარულის მომტანი?
„ძალზე საშინელი“! ასე აღწერა «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე» ღვთის წინასწარმეტყველმა იოველმა. მაგრამ ჩვენ, რომლებსაც გვიყვარს იეჰოვა და რომლებმაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე თავი მივუძღვენით მას, მისი დღის მოახლოებისადმი დამთრგუნველი შიში არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ეს დღე შიშის მომგვრელი იქნება, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ხსნის მომტანიც; ეს იქნება დღე, როცა კაცობრიობა გათავისუფლდება ბოროტი სისტემისგან, რომელიც ათასობით წელია, ადამიანებს ტანჯავს. იმ დღის შესახებ წინასწარმეტყველებაში იოველი ღვთის ხალხს მოუწოდებს: „იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა, — შემდეგ კი გარანტიას აძლევს: — ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება“. შემდეგ ღვთის სამეფოში „იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს“ (იოველი 2:11, 21, 22; 3:5).
2. რა მოხდება იეჰოვას განზრახვის ბოლომდე შესრულებისას ა) ‘უფლის დღის’ განმავლობაში? ბ) ‘იეჰოვას დღის’ განმავლობაში?
2 იეჰოვას ძალზე საშინელი დღე არ უნდა აგვერიოს გამოცხადების 1:10-ში მოხსენიებულ ‘უფლის დღეში’. ამ უკანასკნელში შედის 1-ლი თავიდან 22-ე თავის ჩათვლით აღწერილი 16 ხილვის შესრულება. მასში შედის ყველა იმ მოვლენის შესრულება, რომლებიც იესომ თავის მოწაფეების შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემისას იწინასწარმეტყველა: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ ზეცაში იესოს თანდასწრების ნიშანი დედამიწაზე საშინელი ‘ომების, შიმშილობის, სიძულვილის, ეპიდემიებისა და უკანონობების’ არსებობა იყო. როცა ეს უბედურებები გამრავლდა, იესომ ღვთისმოშიში ადამიანების ნუგეშსაცემად თავისი დღევანდელი მოწაფეები გამოაგზავნა, რათა ‘უქადაგონ ეს სახარება სასუფეველზე მთელი მსოფლიოს ყველა ხალხს’. შემდეგ კი უფლის დღის კულმინაცია, თანამედროვე სისტემის „აღსასრული“, იეჰოვას შიშის მომგვრელი დღე დაიწყება (მათე 24:3–14; ლუკა 21:11). ეს იქნება იეჰოვას დღე, როდესაც ის დაუყოვნებლივ განსჯის სატანის გახრწნილ წუთისოფელს. „შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს“ (იოველი 4:16).
იეჰოვას მოქმედება ნოეს დღეებში
3. რა მსგავსებაა ნოეს დღეებსა და დღევანდელ მდგომარეობას შორის?
3 დღეს წუთისოფლის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც 4 000 წლის წინ, „ნოეს დღეებში“, იყო (ლუკა 17:26, 27). დაბადების 6:5-ში ვკითხულობთ: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“. როგორი მსგავსებაა დღევანდელ წუთისოფელთან! ბოროტება, სიხარბე და სიყვარულის უქონლობა ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ადამიანთა გახრწნილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. მაგრამ მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველება ‘უკანასკნელ დღეებთან’ დაკავშირებით მხოლოდ განაგრძობს შესრულებას: ‘ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები წინ მიიწევენ უარესისაკენ’, (2 ტიმოთე 3:1, 13).
4. რა გავლენას ახდენდა ცრუ თაყვანისცემა ადრინდელ პერიოდში?
4 შეძლო თუ არა ნოეს დღეებში რელიგიამ ხალხისთვის შვების მოტანა? პირიქით, იმ დროს არსებული განდგომილი რელიგია ხელს უწყობდა მაშინდელ გამანადგურებელ მდგომარეობას. ჩვენი პირველი მშობლები აჰყვნენ ცრუ სწავლებას, რომელიც ‘ძველი გველისგან, სატანა ეშმაკისგან’, მომდინარეობდა. ადამის მეორე თაობაში „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ და, როგორც ჩანს, ეს ღვთის გმობის სახით ხდებოდა (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:3–6; 4:26). მოგვიანებით ურჩმა ანგელოზებმა, რომლებმაც შეწყვიტეს ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა, ხორცი შეისხეს იმ მიზნით, რომ ადამიანთა ლამაზ ასულებთან უკანონო სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ. ამ ქალებს უჩნდებოდათ ჰიბრიდული ბუმბერაზები, რომლებიც ავიწროებდნენ და აგრესიულად ეპყრობოდნენ ადამიანებს. ასეთი დემონური გავლენის ქვეშ ‘გაირყვნა ყოველი ხორციელის ზნე ამ ქვეყანაზე’ (დაბადება 6:1–12).
5. რა გაფრთხილება მოგვცა იესომ ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენების მოხსენიებით?
5 მაგრამ ერთმა ოჯახმა შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება. ამიტომ ღმერთმა „შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს“ (2 პეტრე 2:5). ეს წარღვნა იეჰოვას შიშის მომგვრელი დღის წინასახეობა იყო, რომლითაც აღინიშნება ამ სისტემის აღსასრული და რომლის შესახებაც იესომ იწინასწარმეტყველა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:36–39). დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ იესო გვირჩევს, ‘გავფრთხილდეთ, ვიფხიზლოთ და ყოველ ჟამს ვილოცოთ, რათა შეგვეძლოს ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა’ (ლუკა 21:34–36).
იეჰოვას მიერ სოდომისა და გომორის დასჯა
6, 7. ა) რის წინასახეობაა მოცემული ლოტის დღეების მოვლენებით? ბ) რა ნათელ გაფრთხილებას გვაძლევს ეს ჩვენ?
6 წარღვნიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, როცა ნოეს შთამომავლები გამრავლდნენ და დედამიწას მოეფინნენ, ერთგული აბრაამი და მისი ძმისწული ლოტი იყვნენ იეჰოვას შიშის მომგვრელი კიდევ ერთი დღის თვითმხილველები. ლოტი და მისი ოჯახი სოდომში ცხოვრობდნენ. მეზობლად მდებარე ქალაქ გომორასთან ერთად ეს ქალაქები სქესობრივი ამორალურობის ჭაობში იყო ჩაფლული. დიდი ყურადღება ექცეოდა მატერიალურ ქონებასაც, რომელმაც ბოლოს ლოტის ცოლზეც კი იმოქმედა. იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბადება 18:20). აბრაამმა სთხოვა იეჰოვას, დაენდო ეს ქალაქები იმ მართალთა გამო, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ იეჰოვამ განუცხადა, რომ ათი მართალიც კი ვერ იპოვა იქ. ღვთის მიერ მოვლენილი ანგელოზები დაეხმარნენ ლოტსა და მის ორ ქალიშვილს, გაქცეულიყვნენ მეზობლად მდებარე ქალაქ ცოღარში.
7 რა მოხდა შემდეგ? ლუკას 17:28–30-ში ჩვენი ‘უკანასკნელი დღეები’ შედარებულია ლოტის დღეებთან: „ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა კაცის ძე გამოჩნდება“. იეჰოვას იმ შიშის მომგვრელ დღეს სოდომისა და გომორის განადგურება ნათელ გაფრთხილებას გვაძლევს დღეს იესოს თანდასწრების შესახებ. კაცობრიობის დღევანდელი თაობაც ‘მეძაობს და უცხო ხორცს არის ადევნებული’ (იუდა 7). უფრო მეტიც, სქესობრივი გზით გადაცემულმა დაავადებებმა გამოიწვია მრავალი ეპიდემია, ანუ „მოსრვა“, რომელიც იესომ ჩვენი დღეების შესახებ იწინასწარმეტყველა (ლუკა 21:11).
ისრაელი იმკის „ქარიშხალს“
8. როგორ დაიცვა ისრაელმა იეჰოვასთან დადებული აღთქმა?
8 თავის დროზე იეჰოვამ ისრაელი აირჩია ‘თავის საკუთრებად ყველა ხალხისგან მღვდელთა სამეფოდ და წმინდა ერად’. მაგრამ ეს დამოკიდებული იყო მათ მიერ ღვთის სიტყვის ‘შესმენასა და მისი აღთქმების დაცვაზე’ (გამოსვლა 19:5, 6). დააფასეს მათ ეს დიდი პატივი? სულაც არა! მართალია, ღმერთს თავდადებით ემსახურებოდნენ იმ ერის წარმომადგენელი ერთგული ადამიანები: მოსე, სამუელი, დავითი, იოშაფატი, ხიზკია, იოშია და ასევე ერთგული წინასწარმეტყველები, მაგრამ ერი მთლიანობაში ორგული იყო. გარკვეული დროის შემდეგ სამეფო ორად გაიყო: ისრაელისა და იუდას სამეფოებად. ორივე სამეფო ჩაება ცრუ თაყვანისცემასა და ღვთის შეურაცხმყოფელ სხვა ჩვეულებებში, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან გადმოიღეს (ეზეკიელი 23:49).
9. როგორ განსაჯა იეჰოვამ ათი მუხლისგან შემდგარი ურჩი სამეფო?
9 როგორ მოიქცა იეჰოვა? როგორც ყოველთვის, მან იზრუნა გაფრთხილებაზე, რომელიც შეესაბამება ამოსის მიერ გადმოცემულ პრინციპს: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“. თვითონ ამოსმა ვაების შესახებ ამცნო ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს: „რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი“ (ამოსი 3:7; 5:18). ამოსის გარდა, წინასწარმეტყველმა ოსიამაც განაცხადა: „ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან“ (ოსია 8:7). ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად იეჰოვამ ასურეთის ჯარები გამოიყენა.
იეჰოვა უსწორდება განდგომილ იუდას
10, 11. ა) რატომ არ ინება იეჰოვამ იუდასთვის მიტევება? ბ) როგორი საძაგელი საქმეებით გაირყვნა ერი?
10 იეჰოვამ სამხრეთ სამეფოშიც, იუდაშიც, გაგზავნა წინასწარმეტყველები. მაგრამ იუდას ისეთი მეფეები, როგორებიც იყვნენ: მენაშე და მისი მემკვიდრე ამონი, ღვთის თვალში ბოროტების ჩადენას განაგრძობდნენ იმით, რომ ‘ღვრიდნენ ბევრ უბრალო სისხლს, ემსახურებოდნენ კერპებს და თაყვანს სცემდნენ მათ’. მიუხედავად იმისა, რომ ამონის ვაჟი იოშია სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მომდევნო მეფეები და ხალხი კვლავ ბოროტებაში ჩაეფლო, რის გამოც „არ ინება უფალმა. . . [მათი] პატიება“ (მეოთხე მეფეთა 21:16–21; 24:3, 4).
11 იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, იერემიას, მეშვეობით განაცხადა: „საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში. ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?“ იუდეველი ერი უდიდესი სისხლისმღვრელი გახდა და ეს ხალხი ქურდობით, მკვლელობით, მრუშობით, ცრუდ დაფიცებით, სხვა ღმერთების თაყვანისცემითა და სხვა საძაგელი საქმეებით გაირყვნა. ღვთის ტაძარი ‘ავაზაკების ბუნაგად’ იქცა (იერემია 2:34; 5:30, 31; 7:8–12).
12. როგორ განაგრძო იეჰოვამ მოღალატე იერუსალიმის დასჯა?
12 იეჰოვამ განაცხადა: „უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან [ქალდეადან] და დიდ გასაჭირს!“ (იერემია 4:6). ამგვარად, მან იმდროინდელი მსოფლიო მპყრობელის, ბაბილონის, ანუ ‘მთელი ქვეყნის უროს’ მეშვეობით გააცამტვერა მოღალატე იერუსალიმი და მისი ტაძარი (იერემია 50:23). ძვ. წ. 607 წელს ალყის შემორტყმის შემდეგ, ქალაქი დაეცა ნაბუქოდონოსორის ძლიერი არმიის წინაშე. „თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები [მეფე] ციდკიას, იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ. თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ. მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს. ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დარჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა“ (იერემია 39:6–9).
13. ვინ გადარჩა ძვ. წ. 607 წელს იეჰოვას დღეს და რატომ?
13 ნამდვილად შიშის მომგვრელი დღეა! მაგრამ რამდენიმე სული, რომელიც იეჰოვას ემორჩილებოდა, ცეცხლოვან განაჩენს გადაურჩა. მათ შორის იყვნენ არაისრაელი რექაბიანები, რომლებმაც, იუდეველებისგან განსხვავებით, თავმდაბლობისა და მორჩილების სული გამოავლინეს. აგრეთვე გადარჩნენ ერთგული საჭურისი ყებედ-მელექი, რომელმაც იერემია ტალახიან ჭაში სიკვდილისგან იხსნა, და იერემიას ერთგული მწერალი, ბარუქი (იერემია 35:18, 19; 38:7–13; 39:15–18; 45:1–5). ასეთ ადამიანებზე განაცხადა იეჰოვამ: „რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს. . . საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი“. ეს აღთქმა მცირე მასშტაბით ძვ. წ. 539 წელს შესრულდა, როცა ღვთისმოშიში იუდეველები ბაბილონის მპყრობელის, მეფე კიროსის, ბრძანებით, გათავისუფლდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და ქალაქ იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღსადგენად დაბრუნდნენ. მათ მსგავსად დღეს ბაბილონური რელიგიიდან გამოსულებსა და იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობისთვის აღდგენილებს შეუძლიათ იეჰოვას მიერ აღდგენილ სამოთხეში მარადიული მშვიდობის დიდებული მომავლის იმედი ჰქონდეთ (იერემია 29:11; ფსალმუნი 36:34; გამოცხადება 18:2, 4).
პირველი საუკუნის „დიდი გასაჭირი“
14. რატომ უარყო იეჰოვამ ისრაელი სამუდამოდ?
14 გადავინაცვლოთ ახ. წ. პირველ საუკუნეში. იმ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები კვლავ განუდგნენ ღმერთს. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა მისი ცხებული ანუ მესია ყოფილიყო. 29—33 წლებში იესო მთელ ისრაელში ქადაგებდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17). გარდა ამისა, მან შეკრიბა და მასთან ერთად სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობის მისაღებად გაწვრთნა მოწაფეები. როგორ შეხვდნენ ამას იუდეველთა მმართველები? ისინი ლანძღავდნენ იესოს და ბოლოს ჩაიდინეს საშინელი ბოროტმოქმედება — იესო წამების ძელზე მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს. იეჰოვამ უარყო იუდეველები და ისინი უკვე არ იყვნენ მისი ხალხი. ახლა ეს ერი სამუდამოდ იქნა უარყოფილი.
15. რა პატივი ხვდათ წილად მომნანიებელ იუდეველებს?
15 აღდგენილმა იესომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდა გადმოაფრქვია თავის მოწაფეებზე, რამაც მათ იქვე სწრაფად შეგროვილ იუდეველებსა და პროზელიტებთან მათ საკუთარ ენებზე ლაპარაკის საშუალება მისცა. მოციქულმა პეტრემ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. . . ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით“. როგორი იყო პატიოსანი იუდეველების რეაქცია? „ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ“, ცოდვები მოინანიეს და მოინათლნენ (საქმეები 2:32–41). სამეფოს შესახებ ქადაგება დაჩქარდა და 30 წელიწადში ის „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).
16. როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა მოვლენებს, რათა სისრულეში მოეყვანა წარმოშობით ისრაელებზე გამოტანილი განაჩენი?
16 ახლა დადგა იეჰოვას დრო, სისრულეში მოეყვანა თავის უარყოფილ ხალხზე, წარმოშობით ისრაელზე, გამოტანილი განაჩენი. იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან შეგროვდა სხვადასხვა ხალხი ქრისტიანულ კრებაში და, როგორც სულიერი ‘ღვთის ისრაელი’, ცხებული გახდა (გალატელთა 6:16). მაგრამ ამ დროისთვის ებრაელები სიძულვილსა და სექტანტურ სისასტიკეში ჩაეფლნენ. იმის საწინააღმდეგოდ, რაც პავლემ ‘უმაღლესი ხელმწიფებისადმი მორჩილების’ შესახებ მისწერა, ისინი აშკარად ჯანყდებოდნენ მათზე გაბატონებული რომაელი ხელისუფლების წინააღმდეგ (რომაელთა 13:1). როგორც ჩანს, შემდგომ მოვლენებს იეჰოვა ხელმძღვანელობდა. ახ. წ. 66 წელს გენერალ გალუსის ხელმძღვანელობით რომაელთა მოწინავე ჯარებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს. რომაელები უტევდნენ ქალაქს და ასევე ძირს უთხრიდნენ ტაძრის კედლებს. ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ცნობის თანახმად, ქალაქისა და მასში მცხოვრები ხალხისთვის ეს ნამდვილად გასაჭირი იყოa. მაგრამ მოულოდნელად ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს. ამან იესოს მოწაფეებს საშუალება მისცა, მათეს 24:15, 16-ში მოცემული წინასწარმეტყველური გაფრთხილების თანახმად, ‘მთებში გაქცეულიყვნენ’.
17, 18. ა) რა გასაჭირით აღასრულა იეჰოვამ ებრაელებზე გამოტანილი სამართლიანი განაჩენი? ბ) ვინ ‘გადარჩა’ და რის წინასახეობა იყო ეს?
17 მაგრამ გასაჭირის კულმინაციის დროს იეჰოვას განაჩენის ბოლომდე შესრულება ჯერ კიდევ მომავლის საქმე იყო. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარებმა უკვე გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით განაახლა შეტევა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო! იუდეველები, რომლებიც ერთმანეთს შორისაც კი ომობდნენ, ძალებით ვერ შეედრებოდნენ რომაელებს. ქალაქი და ტაძარი მიწასთან იქნა გასწორებული. მილიონზე მეტი იუდეველი დაძაბუნდა და მოკვდა; ქალაქის ჭიშკრიდან გადმოგდებულ იქნა დაახლოებით 600 000 გვამი. ქალაქის დაცემის შემდეგ კი 97 000 იუდეველი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელთაგან მრავალი გლადიატორულ წარმოდგენებზე დაიღუპა. ნამდვილად, იმ გასაჭირის წლებში მხოლოდ მორჩილი ქრისტიანები გადარჩნენ, რომლებიც იორდანეს გაღმა მთებში გაიქცნენ (მათე 24:21, 22; ლუკა 21:20–22).
18 ამგვარად, ‘წუთისოფლის აღსასრულის’ შესახებ იესოს დიდებული წინასწარმეტყველება ერთხელ უკვე შესრულდა და მან კულმინაციას მიაღწია იეჰოვას დღეს, როცა ღმერთმა ახ. წ. 66—70 წლებში სამართლიანად მიუზღო ურჩ იუდეველებს (მათე 24:3–22). მაგრამ ეს მხოლოდ ‘უფლის დიდი და საშინელი დღის’, საბოლოო გასაჭირის, წინასახეობა იყო, რომელიც მალე დაატყდება თავს მთელ მსოფლიოს (იოველი 3:4). როგორ შეგიძლია ‘გადარჩე’? ამას მომდევნო სტატიიდან შევიტყობთ.
-
-
საჯაროდ იქადაგეთ გადასარჩენადსაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
-
-
საჯაროდ იქადაგეთ გადასარჩენად
«რადგან ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება» (რომაელთა 10:13).
1. რომელი გაფრთხილებები გამოიცა ბიბლიური ისტორიის განმავლობაში?
ბიბლიური ისტორია იეჰოვას რამდენიმე დღეს აღწერს. ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნა, სოდომისა და გომორის განადგურება, ძვ. წ. 607 წელსა და ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღეები იყო. ესენი იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყებულთათვის სამაგიეროს მიზღვის დღეები იყო (მალაქია 3:23; ლუკა 21:22). იმ დღეებში თავისი ბოროტების გამო მრავალი დაიღუპა. მაგრამ ზოგი გადარჩა. იეჰოვამ გამოსცა გაფრთხილებები, რომლებიც ბოროტებს კარს მომდგარი განადგურებისა და კეთილი გულის მქონეებს ხსნის შესაძლებლობის შესახებ აუწყებდა.
2, 3. ა) რომელი წინასწარმეტყველური გაფრთხილება იქნა ციტირებული ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? ბ) რა შედიოდა იეჰოვას სახელის მოხმობაში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან?
2 ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევა ამის თვალსაჩინო მაგალითია. იოველი თითქმის 900 წლით ადრე წინასწარმეტყველებდა ამ მოვლენებს: „გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“. როგორ შეეძლო ვინმეს ასეთი საშინელი პერიოდის გადატანა? იოველი ინსპირაციით წერდა: „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს“ (იოველი 3:3–5).
3 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე იოველის წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა, როდესაც იერუსალიმში მყოფ იუდეველებსა და პროზელიტებს მიმართავდა და მსმენელებს აჩვენებდა, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულება მათ დღეებში იყო მოსალოდნელი: „ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება“ (საქმეები 2:16–21). პეტრეს მსმენელები მოსეს რჯულით ხელმძღვანელობდნენ და ამიტომ ყველამ იცოდა იეჰოვას სახელი. პეტრე განმარტავდა, რომ იმ დროიდან ღვთის სახელის მოხმობაში უფრო მეტი რამ შევიდოდა. მასში შედიოდა იესოს სახელით მონათვლაც, იმ იესოსი, რომელიც მოკლეს და შემდეგ უკვდავი ზეციერი ცხოვრებისთვის იქნა აღდგენილი (საქმეები 2:37, 38).
4. რა ცნობას ავრცელებდნენ ქრისტიანები?
4 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ქრისტიანები აღდგენილი იესოს შესახებ ქადაგებდნენ (1 კორინთელთა 1:23). ისინი ასწავლიდნენ, რომ ადამიანებს შეეძლოთ იეჰოვა ღმერთის სულიერი ძეები, ‘ღვთის [ახალი] ისრაელის’ წევრები, სულიერი ერის წარმომადგენლები გამხდარიყვნენ და ‘მისი [იეჰოვას] სათნოების შესახებ გამოეცხადებინათ’ (გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9). სიკვდილამდე ერთგულები უკვდავ ზეციერ ცხოვრებას დაიმკვიდრებდნენ და ზეციერ სამეფოში იესოს თანამემკვიდრეები გახდებოდნენ (მათე 24:13; რომაელთა 8:15, 16; 1 კორინთელთა 15:50–54). გარდა ამისა, ამ ქრისტიანებს იეჰოვას მომავალი დიდი და შიშის მომგვრელი დღის შესახებაც უნდა გამოეცხადებინათ. მათ უნდა გაეფრთხილებინათ იუდეველები, რომ მოელოდათ უდიდესი გასაჭირი, რომლის მსგავსიც აქამდე არ განუცდია განდგომილ იერუსალიმსა და ეგრეთ წოდებულ ღვთის ხალხს. მაგრამ ზოგი გადარჩებოდა. ვინ? ვინც იეჰოვას სახელს მოუხმობდა.
„უკანასკნელ დღეებში“
5. რომელი წინასწარმეტყველება სრულდება დღეს?
5 წარსულში მომხდარი მოვლენები დღევანდელის წინასახეობაა. 1914 წლიდან კაცობრიობა ცხოვრობს განსაკუთრებულ პერიოდში, რომელსაც ბიბლიაში ‘უკანასკნელი ჟამი’, ‘წუთისოფლის აღსასრული’ და ‘უკანასკნელი დღეები’ ეწოდება (დანიელი 12:1, 4; მათე 24:3–8; 2 ტიმოთე 3:1–5, 13). ჩვენს დღეებში სასტიკი ომები, აღვირახსნილი ძალადობა, საზოგადოების რღვევა და გარემოს გაბინძურება ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულების შესანიშნავი მტკიცებაა. ყოველივე ეს იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც მიუთითებს, რომ კაცობრიობა უკვე მიუახლოვდა იეჰოვას გადამწყვეტ, შიშის მომგვრელ დღეს. ის თავის კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს, რომელიც უმაღლესი წერტილია ‘დიდი გასაჭირის, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება’ (მათე 24:21; გამოცხადება 16:16).
6. ა) როგორ იცავს იეჰოვა თავმდაბლებს? ბ) სად შეგვიძლია გადარჩენის შესახებ პავლეს რჩევის ნახვა?
6 დღეს, როცა განადგურების დღე ყველაზე ახლოსაა, იეჰოვა მოქმედებს თავმდაბლების გადასარჩენად. ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ მან შეკრიბა ღვთის სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი, ხოლო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ყურადღება გადაიტანა მიწიერ მსახურებზე, ‘უამრავ ხალხზე, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან’. როგორც ჯგუფი, ისინი ‘დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან’ (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ როგორ შეიძლება თითოეულ პიროვნებას, გარანტირებული ჰქონდეს ხსნა? ამ კითხვაზე პასუხობს მოციქული პავლე. რომაელების მე-10 თავში ის იძლევა შესანიშნავ რჩევას გადარჩენასთან დაკავშირებით — რჩევას, რომელიც დროული იყო მისი დღეებისთვის და რომელიც დღესაც დროულია.
ლოცვა გადარჩენისთვის
7. ა) რა იმედია მოცემული რომაელთა 10:1, 2-ში? ბ) რატომ განავრცო იეჰოვამ უფრო ფართო მასშტაბით ‘სახარების’ ქადაგება?
7 როცა პავლე რომაელების მიმართ წერილს წერდა, იეჰოვას ისრაელი, როგორც ერი, უკვე უარყოფილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მოციქული ამბობდა: „ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ“. ის იმედოვნებდა, რომ ცალკეული იუდეველები მიიღებდნენ ზუსტ შემეცნებას ღვთის ნების შესახებ, რომელიც მათ ხსნამდე მიიყვანდა (რომაელთა 10:1, 2). გარდა ამისა, იეჰოვას სურვილი იყო, მთელი კაცობრიობიდან ეხსნა ის ხალხი, ვინც რწმენას გამოავლენდა, როგორც ამის შესახებ ნათქვამია იოანეს 3:16-ში: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა უდიდესი ხსნა. როგორც ნოეს დღეებსა და მის შემდგომ განკითხვის დღეებში, იეჰოვა აცხადებს ‘სახარებას’, რომელიც ხსნის გზაზე მიუთითებს (მარკოზი 13:10, 19, 20).
8. პავლეს მაგალითის მიბაძვით, ვის მიმართ ავლენენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები კეთილმოსურნეობას და როგორ?
8 პავლემ თავისი კეთილმოსურნეობა იუდეველებისა და წარმართებისადმი იმით გამოავლინა, რომ ხელიდან არ უშვებდა არცერთ შესაძლებლობას, ექადაგა მათთვის. ის „არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს“. მან ეფესოს უხუცესებს უთხრა: „არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ მექადაგნა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას“ (საქმეები 18:4; 20:20, 21). მსგავსად ამისა, დღეს იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რათა იქადაგონ სახარება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ „ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8; 18:5).
‘რწმენის სიტყვის’ ქადაგება
9. ა) როგორი რწმენისკენ მოგვიწოდებს რომაელთა 10:8, 9? ბ) როდის და როგორ უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა?
9 ხსნისთვის საჭიროა მტკიცე რწმენა. პავლე მეორე რჯულის 30:14-დან ციტირებდა, როცა თქვა: «„ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში“, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ» (რომაელთა 10:8). ქადაგებისას „რწმენის სიტყვა“ უფრო და უფრო ინერგება ჩვენს გულში. ასე იყო პავლეს შემთხვევაშიც და მისი სიტყვები: „თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები“, განამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას: მივბაძოთ პავლეს სხვებისთვის რწმენის გაზიარებაში (რომაელთა 10:9). რწმენა სხვების წინაშე არა მარტო მონათვლის დროს უნდა აღიარო, არამედ ყოველთვის, და ეს დიდებული ჭეშმარიტების გულმოდგინე საჯარო დამოწმებით უნდა გააკეთო. ასეთი ჭეშმარიტება ყურადღებას აპყრობს უზენაესი უფლის, იეჰოვას, სახელს; ჩვენს მესიანურ მეფესა და გამომსყიდველს, უფალ იესო ქრისტეს; ასევე სამეფოს დიდებულ აღთქმებს.
10. როგორ უნდა მოვეპყროთ ‘რწმენის სიტყვას’ რომაელთა 10:10, 11-ის თანახმად?
10 არ არსებობს ხსნა მათთვის, რომლებიც არ ღებულობენ და არ იყენებენ ამ ‘რწმენის სიტყვას’, რადგან მოციქული პავლე შემდეგი სიტყვებით განაგრძობს: «გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან წერილი ამბობს: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება“» (რომაელთა 10:10, 11). ჩვენ უნდა მივიღოთ ‘რწმენის სიტყვის’ შესახებ ზუსტი შემეცნება და განვაგრძოთ ჩვენი გულების გამოკვება, რათა ამან ჩვენში მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილი აღძრას. იესო შეგვახსენებს: „ვისაც შერცხვება შენი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებით“ (მარკოზი 8:38).
11. რა მასშტაბებს უნდა მიაღწიოს სახარების შესახებ ქადაგებამ და რატომ?
11 წინასწარმეტყველ დანიელის თანახმად, აღსასრულის ამ დროს სამეფოს შესახებ დედამიწის კიდეებამდე დამოწმებით ‘მოძღვარნი [„გამჭრიახები“, აქ] ცის ნათელივით ანათებენ’. ისინი ‘მრავალთა მომარჯულებელნი’ არიან, ხოლო ჭეშმარიტი შემეცნება ნამდვილად უხვადაა, რადგან იეჰოვა ყველაზე მეტად ახლა ჰფენს შუქს აღსასრულის შესახებ ამ წინასწარმეტყველებას (დანიელი 12:3, 4). არსებობს ცნობა გადარჩენის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ხსნისთვის, რომლებსაც ჭეშმარიტება და სიმართლე უყვართ.
12. როგორ უკავშირდება რომაელთა 10:12 ანგელოზის დავალებას, რომელიც გამოცხადების 14:6-შია აღწერილი?
12 მოციქული პავლე განაგრძობს: „არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს“ (რომაელთა 10:12). დღეს „სახარება“ ყველაზე გლობალური მასშტაბით — ყველა ხალხისთვის, დედამიწის კიდემდე — უნდა იქნეს ნაქადაგები. ანგელოზი, რომელიც გამოცხადების 14:6-შია აღწერილი, განაგრძობს ზეცის შუა ფრენას და ჩვენ გვანდობს ‘მარადიული სახარების დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისთვის — ხარებას’. რა სარგებლობას მიიღებენ ისინი, რომლებიც გამოეხმაურებიან ამ ცნობას?
იეჰოვას სახელის მოხმობა
13. ა) რომელია 1998 წლისთვის ჩვენი წლიური მუხლი? ბ) რატომ არის დღეს ეს წლიური მუხლი ყველაზე დროული?
13 პავლე ციტირებს იოველის 3:5-დან და აცხადებს: «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება» (რომაელთა 10:13). ნამდვილად დროულია იეჰოვას მოწმეთა 1998 წლის წლიურ მუხლად ამ სიტყვების არჩევა! ის არასოდეს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა იეჰოვასადმი ნდობის გაღრმავებაში, მისი სახელისა და იმ გრანდიოზული განზრახვების გაცხადებაში, რომლებიც ამ სახელთან არის დაკავშირებული! როგორც პირველ საუკუნეში, ისევე თანამედროვე გახრწნილი სისტემის უკანასკნელ დღეებშიც ისმის მოწოდება: ‘იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგან’ (საქმეები 2:40). ეს მოწვევა, რომელიც ბუკის ხმასავით გაისმის, მთელი მსოფლიოს ღვთისმოშიშ ხალხს მიმართავს, მოუხმონ იეჰოვას, რათა მიიღონ დიდებული ხსნა თვითონაც და მათაც, ვინც მათ მიერ სახარების საჯარო გამოცხადებას მოისმენს (1 ტიმოთე 4:16).
14. რომელ კლდეს უნდა მივმართოთ ხსნისთვის?
14 რა მოხდება, როცა იეჰოვას დიდი დღე თავს დაატყდება დედამიწას? უმრავლესობა არ მიმართავს იეჰოვას ხსნისთვის. კაცობრიობის უმეტესობა ‘ეტყვის მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან“ (გამოცხადება 6:15, 16). ისინი იმედს თანამედროვე სისტემის მთისმაგვარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე დაამყარებენ. მაგრამ რამდენად უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი მიენდობოდნენ უდიდეს კლდეს, იეჰოვა ღმერთს! (მეორე რჯული 32:3, 4). მეფე დავითი მას შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: „უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო“. იეჰოვა ‘ჩვენი ხსნის ბურჯია’ (ფსალმუნი 17:3; 94:1). მისი სახელი „მტკიცე გოდოლია“, ერთადერთი ‘გოდოლი’, რომელიც იმდენად მტკიცეა, რომ მომავალი კრიზისისას შეძლებს ჩვენს შეფარებას (იგავნი 18:10). მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მცხოვრები თითქმის ექვსი მილიარდი ადამიანიდან, რაც შეიძლება მეტმა, ისწავლოს იეჰოვას სახელის ერთგულად და გულწრფელად მოხმობა.
15. რაზე მიუთითებს რომაელთა 10:14 რწმენასთან დაკავშირებით?
15 დროულია პავლეს შემდგომი კითხვა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს?“ (რომაელთა 10:14). მაგრამ არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებსაც ჯერ კიდევ შეიძლება დაეხმარონ ‘რწმენის სიტყვის’ შეთვისებაში, რათა ხსნის მისაღებად იეჰოვას მოუხმონ. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. პავლე სხვა წერილში აცხადებს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). მაგრამ როგორ შეძლებენ მილიონები იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენას? რომაელთა მიმართ წერილში პავლე სვამს კითხვას: „როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ?“ (რომაელთა 10:14). ზრუნავს თუ არა იეჰოვა, რომ მათ მოისმინონ? რა თქმა უნდა. ყურადღება მიაქციე პავლეს შემდეგ სიტყვებს: „როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“
16. რატომ ენიჭებათ მქადაგებლებს მნიშვნელოვანი როლი ღვთიურ ღონისძიებაში?
16 პავლეს მსჯელობიდან დღესავით ნათელია, რომ საჭიროა მქადაგებლები. იესომ აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა „საუკუნის დასასრულამდე“ გაგრძელდებოდა (მათე 24:14; 28:18–20). გადარჩენის მიღების მიზნით ქადაგება იეჰოვას სახელის მოხმობაში ხალხისთვის დახმარების აღმოჩენის ღვთიური ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქრისტიანულ სამყაროშიც კი უმეტესობა არაფერს აკეთებს ღვთის ძვირფასი სახელის განსადიდებლად. მრავალი იეჰოვას უაზროდ აერთიანებს სამების აუხსნელი დოგმატის ორ სხვა პიროვნებასთან. აგრეთვე მრავალი მიეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელთა შესახებ ლაპარაკია ფსალმუნის 13:1-სა და 52:2-ში: «თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“». მათ უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია და უნდა გაიგონ, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული კარს მომდგარი დიდი გასაჭირის დროს გადარჩენა.
მქადაგებელთა ‘მშვენიერი ფეხები’
17. ა) რატომ არის დროული პავლეს მიერ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველების ციტირება? ბ) რას ნიშნავს ‘მშვენიერი ფეხები’?
17 მოციქულმა პავლემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვა: «და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომაელთა 10:15). პავლე აქ ესაიას 52:7-დან ციტირებს, რომელიც აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველების ნაწილია და რომელიც 1919 წლიდან სრულდება. დღეს იეჰოვა კიდევ ერთხელ აგზავნის ‘მახარობელს, მშვიდობის გამომცხადებელს, სიკეთის მახარობელს, ხსნის გამომცხადებელს’. ღვთის მორჩილი ცხებული „დარაჯები“ და მათი თანამშრომლები სიხარულით ყიჟინებენ (ესაია 52:7, 8). დღეს ხსნის მქადაგებლებს კარდაკარ სიარულით შეიძლება ფეხები ეღლებათ ან უმტვერიანდებათ კიდეც, მაგრამ მათ სახეები სიხარულისგან უბრწყინავთ. მათ იციან, რომ იეჰოვამ დაავალა იქადაგონ მშვიდობის სახარება, ანუგეშონ დამწუხრებულები და დაეხმარონ მათ გადარჩენისთვის იეჰოვას სახელის მოხმობაში.
18. რას ამბობს რომაელთა 10:16–18 კეთილი ცნობის ქადაგების საბოლოო შედეგებზე?
18 მიუხედავად იმისა, რას აირჩევს ხალხი — ‘მოსმენილისადმი რწმენის გამოვლენას’ თუ დაუმორჩილებლობას — ჭეშმარიტია პავლეს სიტყვები: „ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები“ (რომაელთა 10:16–18). როგორც „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“, რაც მის შემოქმედებით საქმეებში გამოვლინდა, ისე მოწმეებმა დედამიწაზე უნდა გამოაცხადონ ‘უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღის შესახებ, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა’ (ფსალმუნი 18:2–5; ესაია 61:2).
19. რას მიაღწევენ ისინი, რომლებიც ‘უფლის სახელს უხმობენ’?
19 იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე უფრო და უფრო ახლოვდება. „ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან“ (იოველი 1:15; 3:4). ჩვენ ვლოცულობთ, რომ მრავალი დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს სახარებას და თავი მოიყაროს იეჰოვას ორგანიზაციაში (ესაია 60:8; აბაკუმი 2:3). გაიხსენე იეჰოვას სხვა დღეები, როცა ბოლო მოუღო ბოროტებას: ნოეს, ლოტის, განდგომილი ისრაელისა და იუდას დღეები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ყველაზე დიდი გასაჭირის ზღურბლზე, როდესაც იეჰოვა ძლიერი ქარიშხლით დედამიწის პირისგან ბოროტებას აღგვის და ამგვარად გზას გაუკაფავს სამოთხეში უსასრულო მშვიდობას. იქნები შენ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ერთგულად ‘მოუხმობს უფლის სახელს’? თუ ასეა, იხარე! ღმერთი შენც გპირდება, რომ გადარჩები (რომაელთა 10:13).
-