პაციენტის უფლებები გაითვალისწინეს
„შეუძლებელია ქირურგიული ოპერაცია სისხლის გარეშე ჩავატარო. თუ გსურთ გაგიკეთოთ ოპერაცია, უნდა დაეთანხმოთ მკურნალობის ჩემს მეთოდს. თუ არადა, სხვა ექიმს მიმართეთ“.
ექიმის სიტყვებმა ვერ შეარყია ტაილანდში მცხოვრები იეჰოვას მოწმის ჩენგ სეი ჯუს რწმენა. დიაგნოზი იყო მენინგიომა, თავის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა, ჩენგი სასოწარკვეთილებაში იყო, მას ესაჭიროებოდა ქირურგიული ოპერაცია. მაგრამ მას შეგნებული ჰქონდა, რომ უნდა დამორჩილებოდა ბიბლიის ბრძანებას: „თავი შეიკავეთ. . . სისხლისაგან“ (საქმეები 15:28, 29).
ჩენგი კიდევ ორ საავადმყოფოს ეწვია თხოვნით, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, თავის სამშობლოში ემკურნალათ მისთვის. მაგრამ იმედი გაუცრუვდა, ექიმებმა იქაც უარი თქვეს სისხლის გარეშე ქირურგიული ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს, საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურებამ (სსმ) ტაილანდში ჩენგი დააკავშირა ტოკიოს ქალთა სამედიცინო კოლეჯის ნევროლოგიურ ინსტიტუტთან. ამ საავადმყოფოში ტვინის სიმსივნის დიაგნოზის მქონე 200-ზე მეტ ავადმყოფს უმკურნალეს ერთ-ერთი უახლესი განვითარებული მეთოდით რადიაციულ თერაპიაში, გამა სკალპელით (gamma knife).
ორგანიზება გაეწია იმას, რომ ჩენგი დარჩენილიყო იაპონელ მოწმეებთან, რომლებიც საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრობდნენ. აეროპორტში მას შეხვდა ტაი ენაზე მოლაპარაკე იეჰოვას მოწმეებისა და სსმ-ს წარმომადგენელთა ჯგუფი. დაახლოებით ერთკვირიანი შემოწმების შემდეგ, ჩენგი დაუშვეს საავადმყოფოში, სადაც მას უმკურნალეს გამა სკალპელით. პროცედურას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა. მეორე დღეს, მკურნალობიდან ზუსტად ერთი დღის გასვლის შემდეგ, ჩენგი სახლში დაბრუნდა.
„არ მეგონა, თუ ასეთი გზით გამეწეოდა დახმარება, — თქვა ჩენგმა, — აღტაცებული ვიყავი ჩემს მიმართ გამოვლენილი სიყვარულით და აგრეთვე იმ ადამიანების თანამშრომლობით, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ“.
როდესაც იუწყებოდა ამ ახალ ამბავს, იაპონიის გაზეთი „მაინიჩი შიმბუნი“ (Mainichi Shimbun) წერდა: „დღემდე ყურადღების ცენტრშია რელიგიურ საფუძველზე სისხლის გადასხმის უარყოფის საკითხი. მაგრამ სისხლის გადასხმას გვერდითი ეფექტებიც აქვს, როგორიცაა შიდს-ი, და ისეთი ვირუსული ინფექციებით გამოწვეული საშიშროება, როგორიცაა ჰეპატიტი-C და მრავალი ალერგია. ამ მიზეზების გამო, მრავალი პაციენტი რელიგიური რწმენის მიუხედავად, უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე“.
შემდეგ გაზეთი აღნიშნავს: „მრავალი პაციენტი, რომლებმაც უარი თქვეს სისხლის გადასხმაზე, აიძულეს სხვა საავადმყოფოებისთვის მიემართათ, მაგრამ არსებობს აუცილებლობა, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა მოახდინონ ცვლილებები და გაითვალისწინონ პაციენტის სურვილი. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ აუცილებელია თანხმობა (პაციენტს დაწვრილებით უხსნიან, თუ როგორ ჩატარდება მკურნალობა და შემდეგ ღებულობენ თანხმობას) და სისხლის გადასხმის საკითხიც არ არის გამონაკლისი. უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებაც, რომ ეს საკითხი მხოლოდ განსაზღვრულ რელიგიას არ შეეხება“.
ჩენგ სეი ჯუს მსგავსად, მრავალმა მიმართა სხვა საავადმყოფოებს, რომ სისხლის გარეშე გაეკეთებინათ ქირურგიული ოპერაცია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მადლიერების გრძნობით არიან გამსჭვალული იმ ექიმების ძალისხმევის გამო, რომლებიც მზად არიან გაითვალისწინონ პაციენტის უფლებები.
საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურება დაფუძნდა იეჰოვას მოწმეთა საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალების მიერ იმისთვის, რომ ითანამშრომლოს იმ ექიმებთან, რომლებიც პატივს სცემენ მათ რწმენას. მთელ მსოფლიოში სსმ-ს მიერ თანამშრომლური ურთიერთობა მყარდება საავადმყოფოებთან, ექიმებთან, ჯანდაცვის მუშაკებთან, იურისტებსა და მოსამართლეებთან.