ვუამბოთ სხვებს იეჰოვას საოცარ საქმეებზე!
1. იეჰოვას დიდებულ საქმეთაგან რომლებს აფასებ განსაკუთრებით?
1 ვერავინ შეედრება ჩვენს დიდებულ ღმერთს, იეჰოვას! დავითმა დაწერა: „უფალო, ღმერთო ჩემო, დიდია სასწაულნი [„საოცარი საქმეები“, აქ], შენ რომ მოიმოქმედე და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ; ვინ შეგედრება შენ!“ (ფსალმ. 39:6). იეჰოვას საოცარ საქმეებს მიეკუთვნება სამყაროს შექმნა, მესიანური სამეფო, სიყვარულის გამოვლენა თავისი ხალხის მიმართ და მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა (ფსალმ. 16:7, 8; 138:14; დან. 2:44; მათ. 24:14). იეჰოვასადმი სიყვარული და მადლიერება იმისათვის, რასაც ის აკეთებს, აღგვძრავს, მის შესახებ სხვებსაც ვუამბოთ (ფსალმ. 144:5—7). მარტში, აპრილსა და მაისში შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა უფრო მეტი ქადაგებისთვის.
2. პირადად ჩვენ რა სარგებლობას ვღებულობთ დამხმარე პიონერად მსახურებისას?
2 დამხმარე პიონერად მსახურება. შეგიძლია დროის ისე გადანაწილება, რომ გაზაფხულზე ერთი ან უფრო მეტი თვის განმავლობაში თვეში 50 საათი იქადაგო? ნამდვილად ღირს ცვლილებების შეტანა ყოველდღიურ საქმიანობაში (ეფეს. 5:16). ბევრმა აღმოაჩინა, რომ დამხმარე პიონერობა დაეხმარა მსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. მაგალითად, უფრო გაბედულად აკაკუნებენ კარზე და ბიბლიასაც უფრო ეფექტურად იყენებენ; მსახურებისთვის მეტი დროის დათმობამ მათ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებმაც ინტერესი გამოავლინეს. ზოგმა, ვისაც ადრე არ ჰქონდა ბიბლიის შესწავლა, დამხმარე პიონერად მსახურების დროს შეძლო შესწავლის დაწყება. ვინაიდან დამხმარე პიონერები ძალ-ღონეს არ იშურებენ სხვების დასახმარებლად, ასეთი სახის მსახურება სიხარულის მომტანია (საქ. 20:35).
3. მიუხედავად რთული გარემოებისა, როგორ შეძლო ზოგმა დამხმარე პიონერად მსახურება?
3 სწრაფად ნუ დაასკვნი, რომ მდგომარეობა არ გაძლევს დამხმარე პიონერად მსახურების შესაძლებლობას. ერთმა უხუცესმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და თან სრულ განაკვეთზე მუშაობს, გასულ წელს დამხმარე პიონერად იმსახურა. როგორ მოახერხა ასეთმა დაკავებულმა ძმამ დამხმარე პიონერად მსახურება? ვინაიდან შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე მუშაობდა, მან მსახურება ისე დაგეგმა, რომ შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში ემსახურა. ის მსახურებას დილის 7 საათზე ქუჩაში ქადაგებით იწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს მდგომარეობაში იყვნენ, იმავე კრებაში სხვებიც მსახურობდნენ დამხმარე პიონერად და ისინი მხარში ედგნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს. სხვა კრებაში 99 წლის დამ გადაწყვიტა მაისში დამხმარე პიონერად ემსახურა თავის ქალიშვილთან ერთად. კრების სხვა წევრებს ეს ხანდაზმული და საინვალიდო სავარძლით დაჰყავდათ კარდაკარ და ბიბლიის შესწავლებზე. ის, აგრეთვე, ქადაგებდა ტელეფონით, ქუჩაში და წერილების მეშვეობით. ეს და დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება საკუთარ ძალით კი არ შეძლო, არამედ — იეჰოვას დახმარებით (ეს. 40:29—31).
4. რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ დამხმარე პიონერად მსახურების გეგმის შედგენისას?
4 ეცადე შეადგინო შენი მდგომარეობისთვის მაქსიმალურად შესაფერისი გეგმა. საფუძვლად შეიძლება ამ სტატიაში მოყვანილი გეგმების გამოყენება. თუ სრულგანაკვეთიანი სამუშაო გაქვს ან სკოლაში სწავლობ, შენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება გეგმა, რომლის მიხედვითაც ძირითადად შაბათ-კვირას უნდა იქადაგო. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებს ან დღის განმავლობაში დიდხანს მსახურებისთვის ძალები არ გყოფნის, შეიძლება საუკეთესო იყოს ისეთი გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც ყოველდღე ცოტ-ცოტას იმსახურებ. ისაუბრე სხვებთან, რომ გაქვს დამხმარე პიონერად მსახურების სურვილი. შეიძლება მათაც დაისახონ ეს მიზანი.
5. რა მიზნების დასახვა შეუძლიათ ახალგაზრდებს მარტში, აპრილსა და მაისში?
5 მიზნები, რომელთა დასახვაც შეუძლიათ ახალგაზრდებს. იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როდესაც ახალგაზრდები საუბრობენ მის საოცარ საქმეებზე (ფსალმ. 70:17; მათ. 21:16). თუ ახალგაზრდა და მონათლული მაუწყებელი ხარ, იქნებ დამხმარე პიონერად გემსახურა არდადეგების პერიოდში? თუ არ შეგიძლია დამხმარე პიონერად მსახურება, შეგიძლია დაისახო მიზანი, რომ ამ თვეებში უფრო მეტად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში და გაიუმჯობესო მსახურების ხარისხი? თუ უკვე დადიხარ მსახურებაში მშობლებთან ერთად, მაგრამ ჯერ კიდევ არ ხარ მოუნათლავი მაუწყებელი, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევა ამის გასაკეთებლად. ნუ იფიქრებ, რომ ყველა ბიბლიურ კითხვაზე პასუხის ცოდნა მოგეთხოვება, ან რომ იმდენივე უნდა იცოდე, რამდენიც მონათლულებმა იციან. გესმის ბიბლიის ძირითადი სწავლებები? მტკიცედ იცავ ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს? გსურს, რომ იეჰოვას მოწმედ გიცნობდნენ? შენი სურვილის შესახებ მშობლებს ესაუბრე. ისინი ამ საკითხზე უხუცესებს დაელაპარაკებიან. უხუცესები ნახავენ, შეესაბამები თუ არა მოთხოვნებს მაუწყებლობისთვის. (იხილეთ წიგნი „ჩვენი მსახურება“, გვერდები 98, 99).
6. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელს დავეხმაროთ, რომ გახდეს სასიხარულო ცნობის მაუწყებელი?
6 დაეხმარე სხვებს ქადაგებაში. ბიბლიის შემსწავლელთაგან ზოგი შეიძლება შეესაბამებოდეს მოთხოვნებს იმისათვის, რომ ამ თვეების განმავლობაში მსახურებაში შემოგვიერთდნენ. თუ ფიქრობ, რომ ეს ეხება მას, ვისაც შენ ასწავლი ბიბლიას, ამის შესახებ წიგნის შესწავლის ზედამხედველს ან სამსახურებრივ ზედამხედველს უთხარი. რომელიმე მათგანი წამოგყვება შესწავლაზე, რათა შეაფასოს შემსწავლელის სულიერი ზრდა. თუ შემსწავლელი კარგად არის მომზადებული და სურს გახდეს მაუწყებელი, თავმჯდომარე ზედამხედველი ორგანიზებას გაუწევს, რომ ორი უხუცესი შეხვდეს შემსწავლელს შენი თანდასწრებით (იხილეთ 1989 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14 [რუს.]). თუ შემსწავლელი გახდება მაუწყებელი, დაუყოვნებლივ დაიწყე მისთვის ქადაგების სწავლება.
7. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ არარეგულარულ და არააქტიურ მაუწყებლებს?
7 წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოავლინონ თავიანთ ჯგუფებში არააქტიური და არარეგულარული მაუწყებლებისადმი. მაგალითად, მათ შეუძლიათ ასეთი მაუწყებლები მიიწვიონ მსახურებაში. თუ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არიან არააქტიურები, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მათ ჯერ ორ უხუცესი გასაუბრებოდა, რათა დაენახათ, შეესაბამებიან თუ არა მაუწყებლად მსახურების მოთხოვნებს (იხილეთ 2000 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, „შეკითხვების ყუთი“). ამ თვეების განმავლობაში კრებაში გამეფებულმა ენთუზიაზმის სულმა შეიძლება აღძრას ისინი, კვლავაც რეგულარულად იქადაგონ.
8, 9. რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს, რომ წაახალისონ მაუწყებლები მომავალ თვეებში განსაკუთრებული აქტიურობისკენ?
8 ახლავე დაიწყეთ სამზადისი. უხუცესებო, ახლავე დაიწყეთ მაუწყებლების აღძვრა დამხმარე პიონერად მსახურებისკენ. გამამხნევებელი კომენტარებითა და პირადი მაგალითით ბევრის გაკეთება შეგიძლიათ კრებისთვის (1 პეტ. 5:3). საშუალოდ რამდენი დამხმარე პიონერი მსახურობდა გასულ წელს თქვენს კრებაში? შესაძლებელია, რომ წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს? წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა და მათმა დამხმარეებმა თავიანთი ჯგუფის წევრები უნდა წაახალისონ მსახურების გაფართოებისკენ. სამსახურებრივ ზედამხედველებს შეუძლიათ დაგეგმონ დამატებითი შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის. ამის შესახებ წინასწარ გამოაცხადეთ კრებაში. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების ჩასატარებლად გამოცდილი მაუწყებლები უნდა დაინიშნონ. შეხვედრები დროულად უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს (იხილეთ 2001 წლის სექტემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, „შეკითხვების ყუთი“). სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა იზრუნოს, რომ უბნები და ლიტერატურა საკმარისი იყოს.
9 გასულ წელს ერთ კრებაში უხუცესებმა წინასწარვე წაახალისეს მაუწყებლები დამხმარე პიონერობისკენ. ამასთანავე, განცხადება დამხმარე პიონერად მსახურებაზე რამდენიმე უხუცესმაც დაწერა. მათ დაგეგმეს დამატებითი შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის: პირველი შეხვედრა დილის 5:30 საათზე დანიშნეს ქუჩაში ქადაგებისთვის, მეორე — 15:00 საათზე მათთვის, ვინც სკოლიდან ბრუნდებოდა, ხოლო მესამე — 18:00 საათზე მათთვის, ვინც სამსახურიდან ბრუნდებოდა. ამას გარდა, შაბათობით სამქადაგებლო მსახურებისთვის სამი შეხვედრა ტარდებოდა. შედეგად, აპრილში 66-მა მაუწყებელმა იმსახურა მათ კრებაში დამხმარე პიონერად.
10. როგორ შეუძლიათ ოჯახებს მოემზადონ აქტიური მსახურებისთვის?
10 კარგი იქნებოდა, მომდევნო ოჯახურ შესწავლაზე დრო გამოგეყოთ, რათა გესაუბრათ, რა მიზნების დასახვა შეგეძლოთ ამ თვეების განმავლობაში. კარგი თანამშრომლობისა და დაგეგმვის წყალობით, შეიძლება ოჯახის რამდენიმე ან ყველა წევრმა შეძლოთ დამხმარე პიონერად მსახურება. თუ ეს შეუძლებელია, დაისახეთ მიზნად მსახურებაში უფრო ხშირად ან უფრო მეტი დროით გასვლა. მთელმა ოჯახმა ერთად ილოცეთ ამ საკითხზე. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა აკურთხებს თქვენს მონდომებას (1 იოან. 3:22).
11. ა) რა გახდა შესაძლებელი ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით? ბ) სად და რა დროს ჩატარდება გახსენების საღამო ადგილობრივად?
11 ღვთის ყველაზე სასწაულებრივი საქმე. იეჰოვას უდიდესი სიყვარული იმაში გამოვლინდა, რომ საკუთარი ძე გამომსყიდველურ მსხვერპლად შემოგვწირა (1 იოან. 4:9, 10). ქრისტეს მსხვერპლი წარმოადგენს კანონიერ საფუძველს ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის გამოსასყიდად (რომ. 3:23, 24). იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე დაიდო ახალი შეთანხმება, რამაც არასრულყოფილ ადამიანებს ღვთის სულიერ ძეებად გახდომისა და ზეციერი სამეფოს მმართველებად მსახურების შესაძლებლობა მისცა (იერ. 31:31—34; მარ. 14:24). და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესოს სრულყოფილი მორჩილება მოემსახურა იეჰოვას სახელის წმინდად ყოფას (რჯლ. 32:4; იგავ. 27:11). კვირას, 4 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ავღნიშნავთ მთელ მსოფლიოში.
12. როგორი სარგებლის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს გახსენების საღამოზე დასწრებით?
12 გახსენების საღამოს აღნიშვნით ხოტბას შევასხამთ იეჰოვას საოცარ საქმეებს. გახსენების საღამოზე წარმოთქმული თემა გაგვიღრმავებს მადლიერებას გამომსყიდველური მსხვერპლისთვის. გახსენების საღამოზე მოსული დამსწრეები ღვთის სხვა საოცარი საქმეების შესახებაც გაიგებენ. მაგალითად, ისინი დაინახავენ ერთიანობასა და სიყვარულს, რომელიც იეჰოვამ თავის ხალხს ასწავლა (ეფეს. 4:16, 22—24; იაკ. 3:17, 18). ამ მნიშვნელოვანმა საღამომ შეიძლება ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს დამსწრეებზე. ამიტომ, გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს (2 კორ. 5:14, 15).
13, 14. ვინ უნდა მოვიწვიოთ გახსენების საღამოზე და როგორ?
13 სხვებიც მიიწვიე. ახლავე ჩამოწერე მათი სია, ვის მოწვევასაც აპირებ. ამ სიაში უნდა იყვნენ ოჯახის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ შენს რწმენას, მეზობლები, ნაცნობები სკოლიდან ან სამსახურიდან, ბიბლიის ძველი და ახალი შემსწავლელები და ყველა, ვისაც განმეორებით ინახულებ. წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა თავიანთ სიებში ყველა არააქტიური მაუწყებელი უნდა შეიყვანონ.
14 გამოიყენე მოსაწვევი ბარათები და ბოლოში გარკვევით დაწერე ან დაბეჭდე გახსენების საღამოს ჩატარების დრო და ადგილი. ან შეიძლება გამოიყენო 2004 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე მოცემული მოსაწვევი. 4 აპრილის მოახლოებისას მოინახულე ან ტელეფონით დაუკავშირდი და შეახსენე თითოეულს ამ დღის შესახებ.
15. როგორ გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა გახსენების საღამოზე?
15 გახსენების საღამოზე. ეცადე ადრე მიხვიდე გახსენების საღამოზე. თბილად მიესალმე ახლებს (რომ. 12:13). განსაკუთრებული ყურადღება გამოავლინე მათ მიმართ, ვინც შენ მოიწვიე. გულთბილად შეხვდი და გააცანი კრების სხვა წევრებს. თუ შესაძლებელია, მათ გვერდით დაჯექი. და თუ რომელიმეს არ ექნება ბიბლია ან სიმღერების წიგნი, შენს ან სხვის წიგნში ჩაახედე. საღამოს აღნიშვნის შემდეგ უპასუხე მათ შეკითხვებს. თუ ვინმე პირველად ესწრება, ჰკითხე, ხომ არ სურს უფრო მეტი გაიგოს ღვთის სიტყვისა და მისი განზრახვების შესახებ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა.
16. რისი გაკეთება შეიძლება მათ დასახმარებლად, ვინც გახსენების საღამოს დაესწრო, რომ მიაღწიონ სულიერ წინსვლას?
16 გააგრძელე მათი დახმარება, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს. მომდევნო კვირების განმავლობაში უნდა დავეხმაროთ მათ, ვინც გახსენების საღამოს დაესწრო. მათ რიცხვში შეიძლება შედიოდნენ ისინი, რომლებიც ადრე რეგულარულად ესწრებოდნენ შეხვედრებს, მაგრამ ახლა იშვიათად ესწრებიან. უხუცესები იზრუნებენ იმაზე, რომ ასეთებს სათანადო ყურადღება მიექცეს და ეცდებიან განსაზღვრონ, რა უშლის მათ ხელს სულიერ ზრდაში, და ასევე დაანახონ, რომ დრო არ ითმენს (1 პეტ. 4:7). დაეხმარეთ ყველას იმის დანახვაში, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, გამოეხმაურონ ბიბლიურ მოწოდებას და რეგულარულად დაესწრონ შეხვედრებს ღვთის ხალხთან ერთად (ებრ. 10:24, 25).
17. რატომ უნდა განვაგრძოთ იეჰოვას საოცარ საქმეებზე ლაპარაკი?
17 იეჰოვას საქმეები იმდენად საოცარია, რომ მარადიულობაც არ გვეყოფა მასში ჩასაწვდომად (იობ. 42:2, 3; ეკლ. 3:11). აქედან გამომდინარე, ყოველთვის გვექნება იეჰოვას განდიდების მიზეზი. ამ თვეების განმავლობაში იეჰოვას საოცარი საქმეებისთვის მადლიერებას გამოვავლენთ, თუ განსაკუთრებულ ძალისხმევამ მოვახმართ მსახურებას.
[ცხრილი 5 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
შეგიძლია რომელიმე გეგმის გამოყენებით დამხმარე პიონერად მსახურება?