იყენებ ყველა რუბრიკას?
1 „ერთი სული მაქვს, როდის გამოვიყენებ მას მსახურებაში!“ ასეთი სიტყვები მოგვწერა ერთმა დამ, როდესაც წაიკითხა 2008 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“. გულდასმით კითხულობ „საგუშაგო კოშკის“ იმ გამოცემაში მოცემულ ყველა რუბრიკას, რომლებიც ფართო მკითხველისთვისაა გათვალისწინებული, და ცდილობ, რომ ეფექტურად გამოიყენო ისინი მსახურებაში?
2 „რას ვსწავლობთ იესოსგან?“ ალბათ შეამჩნიე, რომ ეს რუბრიკა დამხმარეა ბიბლიის შესწავლების დაწყებაში. თუ მისი გამოყენებით ჯერ არ გიცდია შესწავლის დაწყება, ნუღარ დააყოვნებ ამის გაკეთებას. მობინადრეს წაუკითხე სტატიის სათაური და შემდეგ გაამახვილე ყურადღება იესოს სიტყვებზე, რომლებიც პირველ აბზაცშია მოცემული. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, ეცადე, საუბარი განაგრძო ინტერესის აღმძვრელი ქვესათაურების გამოყენებით, რომლებიც კითხვებადაა მოცემული. შეეცადე, რომ ქვესათაურში დასმულ კითხვაზე მობინადრეს საკუთარი აზრი გამოათქმევინო. მოკლედ მიმოიხილე წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებული რომელიმე სურათი და შემდეგი აბზაცის განხილვაზე გადადი. შეგიძლია პირველ მონახულებაზე სტატიის ნახევარი განიხილო, ხოლო მეორე მონახულებაზე — დარჩენილი ნაწილი. მზად იყავი, რომ შესწავლა განაგრძო წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“
3 „რჩევები ოჯახებისთვის“. ეს რუბრიკა, რომელიც სამ თვეში ერთხელ იბეჭდება „საგუშაგო კოშკში“, დიდ დახმარებას უწევს ქმრებს, ცოლებს და მშობლებს იმაში, თუ როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მშვიდობას არღვევს ოჯახში. მასში მოცემული რჩევები ასევე დაეხმარება მათ, ვინც მოწმეები არ არიან, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიბრძნე შეიძინონ (2 ტიმ. 3:16, 17).
4 პატარებისთვის განკუთვნილი სტატიები. რუბრიკა „პატარა მკითხველებისთვის“ ისეა შედგენილი, რომ მკითხველი დაფიქრდეს და საკუთარი აზრები გამოთქვას ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთზე. მსახურებაში მისი გამოყენებით შეგიძლია დაანახვო მოზარდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვის შესწავლა (ფსალმ. 119:9, 105). მშობლებთან საუბრისას შეგიძლია ყურადღება გაამახვილო რუბრიკაზე „ასწავლეთ შვილებს“, რომელიც ორ თვეში ერთხელ იბეჭდება. ეს რუბრიკა დაეხმარება ბავშვებს, რომ ბიბლიური პერსონაჟებისგან ბევრი რამ ისწავლონ. გამოყოფ დროს იმისთვის, რომ შვილთან ერთად განიხილო ის?
5 სხვა რუბრიკები. ყოველთვიურად იბეჭდება რუბრიკა „მკითხველები გვეკითხებიან“, რომელშიც განხილულია ისეთი კითხვები, რომლებიც შეიძლება დასვან მათ, ვინც მოწმეები არ არიან. როდესაც კარდაკარ ქადაგებისას ჟურნალებს ავრცელებ, შეგიძლია სწორედ მასში დასმულ კითხვაზე გაამახვილო ყურადღება. რუბრიკა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული წერილები ქვეყნდება, მოგვითხრობს, თუ რა სირთულეებს ხვდებიან მსახურებაში მისიონერები თუ სხვა მაუწყებლები. მასში მოცემული სტატიები დაეხმარება დაინტერესებულებს იმის დანახვაში, თუ როგორ მიმდინარეობს სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში, რითაც სრულდება ბოლო დღეებთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველება (მათ. 24:3, 14).
6 ყოველთვიური რუბრიკა „დაუახლოვდით ღმერთს“ დაფუძნებულია თეოკრატიული მსახურების სკოლის ბიბლიის კითხვის პროგრამაზე. მასში მოცემულმა აზრებმა შეიძლება აღძრას გულწრფელი ადამიანები, რომ უფრო მეტი ისწავლონ იეჰოვა ღმერთის შესახებ. რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იბეჭდება, განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველმა ცოცხლად წარმოიდგინოს ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევები და უფრო მეტი გაიგოს ბიბლიურ პერსონაჟებზე — მათ არჩევანზე, სირთულეებსა და რწმენაზე.
7 ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ყოველთვიურად ვიღებთ „საგუშაგო კოშკს“, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისთვისაა განკუთვნილი. მიზნად დავისახოთ, რომ გულდასმით წავიკითხოთ მთელი ჟურნალი და ყველა რუბრიკა ეფექტურად გამოვიყენოთ მსახურებაში.