პიონერობა — დროის გონივრულად გამოყენება!
1 „ისედაც გადატვირთული ვარ! ნუთუ მართლა გონივრული იქნებოდა, ახლა დამეწყო პიონერული მსახურება?“ — ფიქრობდა ერთი და, როცა სარაიონო კონგრესზე ისმენდა პიონერი უხუცესის მოხსენებას თემაზე „დაუცხრომლად განაგრძეთ პიონერული მსახურება“. იმავე აუდიტორიაში მჯდომი ახალგაზრდა ძმა ფიქრობდა: „როგორ ასწრებს ეს უხუცესი პიონერობას? უხუცესი არა ვარ, მაგრამ მაინც უამრავი საქმე მაქვს!“
2 პიონერული მსახურებით მიღებული კურთხევების განხილვის შემდეგ უხუცესმა ინტერვიუ აიღო რაიონის რამდენიმე პიონერისგან, რომლებიც მოყვნენ, რა ცვლილებები შეიტანეს ცხოვრებაში, რომ პიონერული მსახურება დაეწყოთ, და როგორ უხვად აკურთხა იეჰოვამ მათი მცდელობები. ერთი ინვალიდი იყო, მეორეს ურწმუნო მეუღლე ჰყავდა, მესამემ კი ქვეყნიური კარიერა დათმო და სჯერდებოდა შემოსავალს, რომელიც ძირითად საჭიროებებზე ჰყოფნიდა. როცა მოისმინეს, როგორ დაეხმარა იეჰოვა ამ პიონერებს, აუდიტორიაში მყოფმა ზემოხსენებულმა ძმამ და დამ ახლებურად შეხედეს თავიანთ განწყობილებასა და მდგომარეობას. შენც იმავეს გასაკეთებლად გიწვევთ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ საათების ნორმის შემცირება პიონერულ მსახურებას კეთილი ცნობის ბევრად უფრო მეტი მაუწყებლისთვის ხდის ხელმისაწვდომს.
3 ვიცით, რომ იეჰოვა შემოქმედი და უზენაესი მმართველია და რომ მისი წყალობით ვართ ცოცხლები (დან. 4:14; საქ. 17:28). ჩვენთვის ნათელია, რომ იეჰოვა მხოლოდ ერთ ორგანიზაციას იყენებს. ჩვენ უპირატესობა გვაქვს, ამ ორგანიზაციასთან ერთად ვიმსახუროთ ერთგულად და მხარი დავუჭიროთ „ერთგულ და გონიერ მონას“ აღსასრულამდე სამეფოს შესახებ ქადაგებაში (მათ. 24:45; 25:40; 1 პეტ. 2:9). რადგან „უკანასკნელი დღეების“ დასასრულს ვცხოვრობთ, გვესმის, რომ ქადაგებისთვის დარჩენილი დრო იწურება (2 ტიმ. 3:1). ამავე დროს, საჭიროა ოჯახის შენახვაც (1 ტიმ. 5:8). დღევანდელი შემოსავალი წარსულთან შედარებით მცირე ჩანს. შეიძლება ისეთი ჯანმრთელობა აღარ გვაქვს, როგორიც უწინ გვქონდა. თან, გულახდილებიც რომ ვიყოთ, გვინდა საკუთარ თავსაც დავუთმოთ ცოტაოდენი დრო და გარკვეული სახსრები (ეკლ. 3:12, 13). ამიტომ შეიძლება ვფიქრობდეთ, ნამდვილად გონივრული იქნებოდა თუ არა პიონერული მსახურების დაწყება.
4 თითოეულმა საგულდაგულოდ უნდა გადავხედოთ საკუთარ მდგომარეობას და გადავწყვიტოთ, შეგვიძლია თუ არა პიონერად მსახურება (რომ. 14:12; გალ. 6:5). გამამხნევებელია, როცა ვხედავთ, როგორ იზრდება მათი რიცხვი, ვინც პიონერად მსახურება დაიწყო. „1999 წლის წელიწდეულში“ გამოქვეყნებული სამსახურებრივი ანგარიშიდან ჩანს, რომ, ამ უკანასკნელი დღეებში არსებული გაჭირვებისა და პრობლემების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში იეჰოვას 700 000-მდე მსახური დაუცხრომლად განაგრძობს პიონერად მსახურებას. რთული ეკონომიკური მდგომარეობის, უტრანსპორტობის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ სხვა მოულოდნელი სირთულეების მიუხედავად, ამ ძმებსა და დებს არ სწყინდებათ სიკეთის კეთება და ისინი შექების ღირსი არიან (გალ. 6:9). ისინი გამოეხმაურნენ იეჰოვას წინადადებას — გამოსცადონ ის (მალ. 3:10). მათ ესმით, რომ პიონერობა მათი შეზღუდული დროისა და სახსრების გონივრულად გამოყენებას ნიშნავს და რომ იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ისინი იმის გამო, რომ საჭირო ცვლილებები მოახდინეს თავიანთ ცხოვრებაში, რათა დაეწყოთ და არ შეეწყვიტათ პიონერული მსახურება.
5 პიონერები კურთხეული არიან. კამერუნელი და, რომელსაც პატარა გოგონა ჰყავს, ჰყვება: „დაბადებიდანვე ჩემი გოგო ყოველთვის თან დამყავდა მსახურებისას. სანამ ფეხს აიდგამდა, ზურგზე მყავდა მოკიდებული ქსოვილის ნაჭრით. ერთ დილას, მსახურებისას, გავჩერდი გზის პირას, ჯიხურთან. ჩემმა შვილმა ჩანთიდან რამდენიმე ჟურნალი ამოიღო და ერთ ჯიხურთან მიბაჯბაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კარგად ვერ ლაპარაკობდა, მან ვიღაც ქალის ყურადღება მიიპყრო და ჟურნალი შესთავაზა. ქალი გაოცებული დარჩა, რომ ასეთი პატარა ბავშვი ამ საქმეში მონაწილეობდა. მან სიხარულით აიღო ჟურნალი და ბიბლიის საშინაო შესწავლაზე დაგვთანხმდა!“
6 ერთმა ზამბიელმა უხუცესმა, ოჯახის თავმა, სრული სამუშაო დროისა და გადატვირთული განრიგის მიუხედავად, დამხმარე პიონერული მსახურება დაიწყო. მას სურდა, მაგალითი მიეცა კრებისა და ოჯახისთვის. ზოგჯერ ის გზის პირას აჩერებდა ავტომობილს, რთავდა აუდიოკასეტს „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“ ჩანაწერით და იწვევდა გამვლელებს, მისულიყვნენ მასთან და მოესმინათ ის, რაც ხმამაღლა იკითხებოდა. ასე მან გაავრცელა წიგნ „ოჯახური ბედნიერების“ 16 ეგზემპლარი და წიგნ „შემეცნების“ 13 ეგზემპლარი; აგრეთვე ბიბლიის ორი შესწავლა დაიწყო.
7 შესანიშნავი პიონერული სული შეიმჩნეოდა ასევე მეზობელ ქვეყანაში, ზიმბაბვეში. 1998 წლის აპრილში 117-მაუწყებლიანი კრება იუწყებოდა 70 დამხმარე პიონერისა და 9 პიონერის შესახებ. სხვა კრება, რომელშიც 94 მაუწყებელია, იუწყებოდა 58 დამხმარე პიონერის შესახებ. მესამე კრება, რომელშიც 126 მაუწყებელია, იუწყებოდა, რომ ოთხ პიონერთან ერთად 58-მა მაუწყებელმა გადაწყვიტა დამხმარე პიონერად მსახურება. გასული სამსახურებრივი წელი ზიმბაბვეში განსაკუთრებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძმები ძალიან დაკავებული იყვნენ ოჯახური თუ კრების საქმეებით და ფილიალის მშენებლობით, ისინი მთელი ძალებით ცდილობდნენ მსახურებაში დროის გონივრულად გამოყენებას.
8 პიონერებს ესმით, რომ პიონერული მსახურების დაწყება და გაგრძელება მათს საკუთარ ძალებზე არ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, ისინი ხვდებიან, რომ, რასაც აკეთებენ, „ღვთის მიერ მინიჭებული ძალით“ აკეთებენ (1 პეტ. 4:11). რწმენა ძალას აძლევს მათ ყოველდღიური მსახურებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ პირად კეთილმოწყობასა და კომფორტზე იფიქრონ, წარმატებულ პიონერებს ესმით, რომ დაუცხრომელი მსახურებისთვის „დიდი ბრძოლაა“ საჭირო, და ამას შედეგად მრავალი კურთხევაც მოჰყვება (1 თეს. 2:2).
9 პავლეს მაგალითი მისაბაძია. ბიბლიაში ჩაწერილია პავლე მოციქულის მიღწევები მსახურებაში და ის, რა შესანიშნავი დახმარება აღმოუჩინა მრავალს. პავლე ყველაზე მეტად იყო დაკავებული. ის ითმენდა დევნასა და ფიზიკურ გაჭირვებას, რომ კეთილი ცნობა ექადაგა და კრებები განემტკიცებინა. მას სერიოზული ავადმყოფობის ატანაც უწევდა (2 კორ. 11:21–29; 12:7–10). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, გონივრულად გამოეყენებინა დრო. თან ესმოდა, რომ ამ ყველაფერს იეჰოვას დახმარებით აკეთებდა (ფილ. 4:13, აფ). მათგან, ვისაც პავლე დაეხმარა, საფუძვლიანად ვერავინ დაასკვნიდა, რომ იეჰოვას მსახურებაში მის მიერ დახარჯული დრო და ძალები ამაო იყო ან რომ მათი გამოყენება უკეთესად შეიძლებოდა. პავლეს მიერ დროის გონივრულად გამოყენება დღესაც გვადგება! ჩვენ დიდად ვაფასებთ მის ინსპირირებულ რჩევებს პრიორიტეტების განაწილებასთან და ამ ძნელბედობის ჟამს ჭეშმარიტებით სიარულთან დაკავშირებით!
10 ადრინდელთან შედარებით დღეს კეთილი ცნობის ქადაგების დარჩენილი „ჟამი იწურება“ (1 კორ. 7:29; მათ. 24:14). ამიტომ მართებულია, დავფიქრდეთ: „ხვალ რომ მოულოდნელად მომიწიოს სიკვდილი, შემეძლება ვუთხრა იეჰოვას, რომ დროს გონივრულად ვიყენებდი?“ (იაკ. 4:14). რატომ არ მიგემართა იეჰოვასთვის ლოცვით და დაგერწმუნებინა ის, რომ, როგორც მის მოწმეს, გსურს დროის გონივრულად გამოყენება? (ფსალმ. 89:12). სთხოვე, დაგეხმაროს ცხოვრების გაუბრალოებაში. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე შეიძლება გამორიცხავდი პიონერად მსახურებას, იქნებ ახლა ფიქრობ, რომ შეძლებდი?
11 მაქსიმალურად გამოიყენე შენი მდგომარეობა. გასაგებია, რომ სხვადასხვა მდგომარეობის გამო ყველა მსურველი ვერ დაგეგმავს, ყოველთვიურად 70 საათი იმსახუროს. მრავალმა მაუწყებელმა დაგეგმა, თვეში 50 საათი დაუთმოს დამხმარე პიონერად მსახურებას — ხშირად ან უწყვეტი პერიოდით. თუ დღევანდელი მდგომარეობა საშუალებას არ გაძლევს, იმსახურო პიონერად ან დამხმარე პიონერად, გულს ნუ გაიტეხ. განაგრძე ლოცვა, რომ შენი მდგომარეობა შეიცვალოს. თუ ცვლილებების მოხდენა ჯერ-ჯერობით, უბრალოდ, შეუძლებელია, ინუგეშე იმით, რომ იეჰოვას ახარებს ყველაფერი, რასაც მისთვის მთელი სულით აკეთებ მსახურებაში (მათ. 13:23). ის ამჩნევს, რომ მტკიცედ დგახარ მის მხარეზე და მთელი ძალით ცდილობ, იყო ერთგული მაუწყებელი, რომელიც ერთ თვესაც არ ტოვებს, რომ ქადაგებისთვის შესაძლებლობა არ გამოიყენოს. შეიძლება გაიუმჯობესო ქადაგების უნარი, როცა ცდილობ იყო კეთილი ცნობის კარგი მქადაგებელი და მასწავლებელი (1 ტიმ. 4:16).
12 რადგან ახლოსაა იეჰოვას „დღე, დიდი და საშინელი“, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დარჩენილი დრო, თუ გვსურს, ბოლომდე მივიყვანოთ დავალებული საქმე (იოვ. 3:4). სატანამ იცის, რომ მცირე დრო აქვს, და, როგორც არასოდეს უწინ, ყველანაირად ცდილობს გაგვირთულოს ცხოვრება და ისე გააკეთოს, რომ გაგვიძნელდეს ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეებზე ყურადღების გამახვილება (ფილ. 1:10; გამოცხ. 12:12). ნურასოდეს იფიქრებ, რომ ღმერთს არ აინტერესებ. იეჰოვას შეუძლია დაგეხმაროს, რომ გაიუბრალოო ცხოვრება და მაქსიმალურად ემსახურო მას (ფსალმ. 144:16). საბედნიეროდ, მრავალმა გადახედა თავის მდგომარეობას და ფიქრობს, რომ შეუძლიათ შეუერთდნენ პიონერებისა და დამხმარე პიონერების რიგებს. პიონერები, მართლაც, დიდ კმაყოფილებას გრძნობენ, როცა დროს გონივრულად იყენებენ. იქნები ერთი მათგანი?