ახალი ხელსაწყო, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები
«მისი უბრალო, ნათელი და თავაზიანი მიდგომით გამოწვეული შედეგები მოლოდინს გადააჭარბებს. საკითხები ისე მარტივად და სასიამოვნოდ არის გადმოცემული, რომ ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელიც მას გამოიკვლევს, აღძრავს სათქმელად: „ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი“» (1 კორინთელთა 14:25). ეს სიტყვები თქვა ერთ-ერთმა ტაილანდელმა იეჰოვას მოწმემ ახალი ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ აღწერის დროს. ბროშურა გამოქვეყნდა საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ და გავრცელდა 1996–1997 წლების საოლქო კონგრესებზე დევიზით „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“.
ეს 32-გვერდიანი, ფერადი ბროშურა განკუთვნილია ბიბლიის შესწავლის კურსის ჩასატარებლად. ის ბიბლიის ძირითად სწავლებებს მოიცავს. რადგან უბრალოდ და მოკლედ არის გადმოცემული ის ნათლად ხსნის, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან. მკითხველისთვის რთული არ უნდა იყოს მისი გაგება. როგორ შეგიძლია ბიბლიის შესწავლის ჩატარება ამ ბროშურის საშუალებით?
გამოიყენე კითხვები. ყოველი გაკვეთილის დასაწყისში დასმულია კითხვები. თითოეული კითხვის შემდეგ, მრგვალ ფრჩხილებში იხილავ იმ აბზაცის ნომერს, რომელშიც პასუხები მოიძებნება. შესწავლის გასაადვილებლად ამ კითხვების გამოყენება შეიძლება, როგორც შესწავლამდე გაკვეთილის გადასახედად, ასევე მის გასამეორებლად. მაგალითად, ბიბლიის საშინაო შესწავლის დასაწყისში შეგიძლია კითხვები დაუსვა შემსწავლელს მისი კომენტარების გასაგებად. მაშინვე ყოველი მცდარი პასუხის გასწორების ნაცვლად, შეგიძლია გააგრძელო შესწავლა. გაკვეთილის ბოლოს დაუბრუნდი კითხვებს, რათა მოისმინო, თუ შეძლებს შემსწავლელი, ახლა ბიბლიის თანახმად გასცეს პასუხები.
ამოიკითხე ბიბლიური მუხლები. თითოეულ გაკვეთილში მოკლედ გადმოცემულ ბიბლიის ჭეშმარიტებებს დამადასტურებელი მუხლები მოჰყვება. რადგან მუხლების უმეტესობა მხოლოდ აღნიშნულია და არა ციტირებული, მნიშვნელოვანია, გაამხნევო შემსწავლელი, რომ ეს ნაწყვეტები საკუთარ ბიბლიაში მოძებნოს. მან უნდა წაიკითხოს და ჩაუფიქრდეს ღვთის სიტყვას, სანამ ცხოვრებაში გამოყენებას შეძლებს (იესო ნავეს ძე 1:8).
გააშუქე სურათები. ბროშურა უხვად არის ილუსტრირებული ფოტოსურათებითა და ნახატებით — საერთო ჯამში, ხელოვნების ნაწარმოების 50-ზე მეტი ნაწყვეტით. ესენი მხოლოდ ვიზუალურ მიმზიდველობას კი არ წარმოქმნის, არამედ აგრეთვე შესწავლას ეხმარება. მაგალითად, ავიღოთ ბოლო ორი გაკვეთილი (თითოეული ერთგვერდიანია, მოპირდაპირე გვერდებზე) სათაურებით: „ღვთის ნების შესასრულებლად სხვებისთვის დახმარების გაწევა“ და „შენი გადაწყვეტილება — ღვთისადმი მსახურება“. ორივე გვერდზე მოცემულ ფოტოსურათებზე ნაჩვენებია ერთი და იმავე პიროვნების სულიერი წინსვლა; ჩვენ ვხედავთ მას არაფორმალური დამოწმებისას, კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობის დროს, მიძღვნისა და ბოლოს, ნათლობის დროს. ამ სურათებზე შემსწავლელის ყურადღების მიპყრობით შენ ეხმარები, დაინახოს ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგას ღვთისადმი სამსახურებლად.
მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუ დაინტერესებული პიროვნება კარგად ვერ კითხულობს ან საერთოდ არ იცის კითხვა? საგუშაგო კოშკის საზოგადოება აწარმოებს ამ ბროშურის აუდიოჩანაწერს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ენაზე. ბროშურის ტექსტის გარდა კასეტა მრავალ ციტირებულ მუხლს შეიცავს. ის ჩაწერილია შემდეგნაირად: თავდაპირველად იკითხება კითხვა, რომელსაც ზოგიერთ ციტირებულ მუხლთან ერთად მოჰყვება პასუხის შემცველი აბზაცი (ან აბზაცები). შემდეგ იკითხება მომდევნო კითხვა, რომელსაც პასუხის შემცველი ტექსტი და მუხლები მოჰყვება და ასე შემდეგ. შესწავლისთვის მომზადებისას შემსწავლელს ჩანაწერის მოსმენა შეუძლია. კასეტის გამოყენება აგრეთვე შესწავლის ჩატარებისას შეიძლება.
კონგრესზე დამსწრეებს მოუთმენლად სურდათ ამ ბროშურის გამოყენება სამქადაგებლო მსახურებაში. მაგალითად, ბროშურის მიღებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ორმა პიონერმა ეს ბროშურა ახალგაზრდა წყვილს დაუტოვა, რომელსაც დროდადრო აკითხავდნენ. როცა წყვილმა სარჩევს გადახედა, მათი ყურადღება მიიპყრო გაკვეთილმა სათაურით „ღმერთისთვის საძულველი ჩვევები“. ახალგაზრდა ქალმა თქვა: „ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ღმერთმა არ იცის სიძულვილი — ის მთლიანად სიყვარულია. თავდაპირველად ამ გაკვეთილს წავიკითხავ“. როცა მომდევნო კვირას ორი პიონერი დაბრუნდა, ახალგაზრდა ქალმა თქვა: „ახალი ბროშურა წავიკითხე. ვფიქრობ, ძალიან რთულია ყოველივე იმის შესრულება, რასაც უნდა ვასრულებდეთ. იეჰოვა უკმაყოფილოა ჩვენით — დაუქორწინებლები ვართ. მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ. მოვილაპარაკეთ, მომდევნო პარასკევს დავქორწინდეთ“. მათ ჩაიხუტეს პიონერები და დაამატეს: „ბოდიშს ვიხდით, რეგულარული შესწავლა რომ არ გვქონდა, მაგრამ ახლა ამ გადაწყვეტილებამ მძიმე ტვირთისგან გაგვათავისუფლა“.
აუცილებლად გამოიყენე ბროშურა „ღვთის მოთხოვნები“. ეს შესანიშნავი ხელსაწყოა, რათა დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები.
[სურათები მე-17 გვერდზე]
როგორ გამოიყენებ ახალ ბროშურას?