გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
წმინდა მსახურებაში გატარებულმა კიდევ ერთმა კურთხეულმა წელმა სიხარულის ბევრი მიზეზი მოგვცა. ღვთის იმ დიდებულ საქმეებზე დაფიქრება, რომლებსაც ის თავის მსახურებს ასრულებინებს, აღგვძრავს, ფსალმუნმომღერალივით ვთქვათ: „შენი სიკეთით დააგვირგვინე წელიწადი“! (ფსალმ. 65:11)
სასიხარულო ცნობის გავრცელება ინტერნეტით
იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ვეკიდებით დავალებას, აღსასრულის მოსვლამდე მთელ მსოფლიოში ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად (მათ. 24:14). ტექნიკურმა პროგრესმა სამეფოს შესახებ სიტყვის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი (მათ. 13:18—23). ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.watchtower.org საჯაროდ ვავრცელებთ ინფორმაციას ბიბლიურ თემებზე. ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს შეუძლიათ 314 ენაზე გაიგონ ბიბლიური ჭეშმარიტება და მთავარ მენიუში ნახონ სათაურები — „შეხედულებები და საქმიანობა“, „აქტუალური თემები“, „ღმერთი და თქვენი მომავალი“, „მკურნალობა და სისხლი“ და „პუბლიკაციები“.
მრავალი ჩვენს ვებ-გვერდს ბიბლიის საკითხავად სტუმრობს. ყოველდღიურად 6 300-ზე მეტი ადამიანი კითხულობს ინტერნეტით „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, რომლის წაკითხვაც ჩვენს ვებ-გვერდზე ათ ენაზეა შესაძლებელი. ისინი ყველაზე ხშირად კითხულობენ ფსალმუნებს, იგავებსა და სახარებებს, რომელშიც იესოს ცხოვრებაა აღწერილი.
ყოველ კვირა ამ ვებ-გვერდზე 12 ენაზე თავსდება „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიები, რომლებიც განსაკუთრებით ფართო მკითხველისთვის არის განკუთვნილი. ბევრს აინტერესებს, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს, როგორ ტარდება კრების შეხვედრები და როგორ ფინანსდება სამქადაგებლო საქმიანობა. ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრები ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ პუბლიკაციიდან „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“ ამ ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ 252 ენაზე წარმოდგენილ ტრაქტატს „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“, მათ შორის ამავე ტრაქტატის ხუთ ჟესტების ენაზე წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერს.
მათ ჭეშმარიტება ინტერნეტით იპოვეს
რა შედეგი მოჰყვა ინტერნეტში პუბლიკაციების განთავსებას? ყოველდღიურად საშუალოდ 60 000 ადამიანი სტუმრობს www.watchtower.org-ს. ბევრი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც იეჰოვას მოწმეები ცოტანი არიან ან ჩვენი საქმიანობა აკრძალული ან შეზღუდულია. მაგრამ ჭეშმარიტებასმოწყურებულებს შეუძლიათ, ესტუმრონ ჩვენს ვებ-გვერდს და გაიგონ ჭეშმარიტება.
ბრაიონი ამბობს: „ბიბლია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ, როცა მეგობრებთან ერთად ეკლესიაში დავდიოდი, სიმღერისა და თამაშის მეტი არაფერი გვიკეთებია“. ბრაიონმა განათლება მიიღო და სპორტს მიჰყვა, ხუთი ენა ისწავლა და უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ სულიერი წყურვილი ვერაფრით მოიკლა. ამიტომ ჭეშმარიტების პოვნაში დახმარება ღმერთს სთხოვა.
«ძალიან მინდოდა, ჩემს კითხვებს პასუხი გასცემოდა. გადავწყვიტე, ინტერნეტში იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდი მომეძებნა, რადგან იეჰოვას მოწმე თანაკლასელებისგან ღვთის სახელი მქონდა გაგონილი. ვნახე იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდი და წავიკითხე ბროშურა, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ როგორც იქნა, ჩემს კითხვებს პასუხი გაეცა». ბრაიონმა იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის შესწავლა სთხოვა, სწრაფად გადადგა სულიერი ნაბიჯები და 2004 წელს თავი მიუძღვნა იეჰოვას. ის ახლა პიონერად მსახურობს და დიდი სურვილი აქვს, ენების ცოდნა მისიონერულ მსახურებაში გამოიყენოს.
„თქვენთან არისო ღმერთი“
ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად ჩვენს ვებ-გვერდს (www.watchtower.org) „ყველა ენის ხალხიდან“ ათასობით ადამიანი სტუმრობს! დღეში საშუალოდ 94 კაცი ავსებს ამ ვებ-გვერდზე მოცემულ „ტალონს“ „გსურთ, მეტი ინფორმაციის მიღება?“ (ზაქ. 8:23).
დენიზს აინტერესებდა იეჰოვას მოწმეების მრწამსი, თუმცა სამეფო დარბაზში მისვლას ვერ ბედავდა. ამიტომ იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდის ნახვა გადაწყვიტა. იქ წაკითხულმა დენიზი დაარწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვა, თუმცა ბიბლიის შესწავლისგან მაინც თავს იკავებდა, რადგან ბიბლიის თანახმად ცხოვრება გარკვეული ცვლილებების მოხდენას გულისხმობდა. მან ოთხჯერ შეავსო ელექტრონული „ტალონი“ „გსურთ, მეტი ინფორმაციის მიღება?“ მაგრამ დასტურის მიცემას ვერასდროს ბედავდა.
2007 წლის მარტში დენიზმა მეხუთედ შეავსო „ტალონი“ და ამჯერად დასტურიც მისცა. მისი მისამართი ადგილობრივ კრებას გადასცეს, კრების უხუცესებმა კი დენიზის მონახულება ერთ-ერთ დას სთხოვეს. პირველი მონახულებიდან ერთ კვირაში დენიზმა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.
დენიზმა გაანადგურა ყველა რელიგიური ნივთი, უარი თქვა ძველ რელიგიაზე და იმავე წლის ზაფხულის ბოლოს მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. თავის ორ ვაჟთან ერთად მან სწრაფად წაიწია სულიერად წინ. მისი რვა წლის ბიჭი თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაეწერა. დენიზი 2008 წლის იანვარში მოინათლა და ორი თვის შემდეგ, „ტალონის“ შევსებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება. „რომ არა ვებ-გვერდი, ალბათ, ვერ გავხდებოდი იეჰოვას მოწმე“, — თქვა დენიზმა.
2008 წლის იანვრიდან შესაძლებელი გახდა 17 ენაზე ზოგიერთი პუბლიკაციის აუდიო-ჩანაწერის გადმოტვირთვა ვებ-გვერდიდან www.pr2711.com. ამ სიახლეს ბევრი გამოეხმაურა — ყოველ თვე ამ ვებ-გვერდიდან მილიონზე მეტ პუბლიკაციასა თუ სტატიას ტვირთავენ! ბევრი ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის მაუწყებელი ამ ჩანაწერებს მგზავრობისას უსმენს.
პირველი თარგმანები
ყოველი ერის, ტომისა და ენის ხალხს როცა ღვთის განდიდებისკენ მოვუწოდებთ, ანგელოზები გვეხმარებიან და ჩვენც ვხარობთ! (გამოცხ. 14:6, 7). ხალხს ბიბლიური ცნობა მშობლიურ ენაზე რომ მიაწვდინონ, იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას დაახლოებით 450 ენაზე გამოსცემენ.
ახლახან გამოიცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ტეტუმ ენაზე, რომელზეც აღმოსავლეთ ტიმორში ლაპარაკობენ; თუმცა აღმოჩნდა, რომ საკმარისი რაოდენობის წიგნი არ დაბეჭდილა. ამის გამო, ტეტუმ ენაზე მარიას არ ჰქონდა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და ბიბლიას ინდონეზიური წიგნის დახმარებით სწავლობდა. ერთხელ მშობლიურ ენაზე ნათარგმნი წიგნი მან ერთ იეჰოვას მოწმეს დაუნახა და ორი დღით ითხოვა. ამ ორ დღეში დიდი ენთუზიაზმით გაიმეორა ნასწავლი. მან უკეთ გაიგო ის ბიბლიური სწავლებები, რომლებსაც ინდონეზიური წიგნიდან გაეცნო. მისი ენთუზიაზმის შემყურე იეჰოვას მოწმეს წიგნი უკან არ გამოურთმევია. მარია კვლავ სწავლობს ბიბლიას და კრების შეხვედრებს ესწრება.
კენიაში ინგლისური და სუაჰილი სახელმწიფო ენებად ითვლება. მაგრამ მილიონობით კენიელს კიკუიუ, კიკამბა, ლუო და სხვა ადგილობრივ ენებზე უფრო უადვილდება ლაპარაკი. ამ ენებზე ლიტერატურის გამოცემამ ხალხში დიდი ინტერესი გააღივა იეჰოვას თაყვანისმცემლობისადმი. მას შემდეგ, რაც სიაიას კრებამ ლუო ენაზე დაიწყო კრების შეხვედრების ჩატარება და ლიტერატურის გავრცელება, უხუცესებმა ფილიალს მისწერეს: „ძმებს უკეთ ესმით კრებაზე მოსმენილი. ბავშვები უფრო ყურადღებით უსმენენ პროგრამას. რაც საჯარო მოხსენებების გეგმები ლუო ენაზე ითარგმნა, კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი 60 პროცენტით გაიზარდა“.
ნიკარაგუაში ბევრს არ ესმის ესპანური; მათი მშობლიური ენა მისკიტოა. ამ ენაზე ჩატარებულ საოლქო კონგრესს 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ზოგს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა კონგრესზე დასწრება. მაგალითად, მდინარე კოკოს სანაპიროზე ქალაქ ასანგში მცხოვრებმა 13-მა ძმამ საკუთარი ხელით შეკრა ტივი და ქალაქ უასპანამდე ორ დღეს მიცურავდნენ; იქიდან კი საკონგრესო ქალაქამდე 5 საათი იმგზავრეს სატვირთო მანქანით. ბევრი მათგანი პირველად დაესწრო საოლქო კონგრესს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პროგრამა მშობლიურ ენაზე მოისმინეს. ძმებმა მთელი თავიანთი ფული კონგრესზე მისასვლელად დახარჯეს, ამიტომ შინ დასაბრუნებლად საჭირო თანხა კონგრესის დელეგატებმა შეუგროვეს.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კონგრესის დელეგატების სიხარული, როცა გამოცხადდა წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მისკიტო ენაზე გამოცემა?! განსაკუთრებით პიონერებმა გაიხარეს. მანამდე ისინი შესწავლის დროს ესპანურ წიგნს იყენებდნენ და ბიბლიის შემსწავლელებს აბზაცებსა და კითხვებს მისკიტო ენაზე უთარგმნიდნენ; ახლა კი თარგმანზე ფიქრის ნაცვლად შეეძლოთ მთელი ყურადღება ბიბლიურ სწავლებებზე გადაიტანონ.
სამხრეთ ამერიკაში ინდიელთა ერთ-ერთი ენა კეჩუაა. კეჩუა ენაზე მოლაპარაკე მაუწყებლებმა პერუს ფილიალს მისწერეს: „შეთავაზებისას მობინადრეებს კეჩუა ენაზე ნათარგმნ პუბლიკაციებს ვთავაზობთ. ზოგზე ისეთ გავლენას ახდენს მშობლიურ ენაზე ლიტერატურის მიღება, რომ ცრემლებს ვერ იკავებს და ლიტერატურასაც კი კოცნის“. პერუს ფილიალის ანგარიში აღნიშნული იყო: «კეჩუა ენოვან ტერიტორიაზე მცხოვრები ძმები, ყველაფერს აკეთებენ თავიანთი მადლიერების გამოსახატავად. წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მშობლიურ ენაზე წაკითხვის შემდეგ ერთმა ძმამ თქვა, რომ მხოლოდ ახლა გახდა მისთვის ნათელი ქრისტეს გამოსასყიდის მნიშვნელობა. ბევრმა, ვინც ეს წიგნი მშობლიურ ენაზე წაიკითხა მადლიერების ნიშნად ფილიალს ხილი, კარტოფილი, ღვეზელები და ათასი სხვა რამ გაუგზავნა».
ორგანიზაცია არც იმისთვის იშურებს ძალ-ღონეს, რომ ლიტერატურა წყნარი ოკეანის შორეულ კუნძულებზე გავრცელებულ ენებზე თარგმნოს. მიკრონეზიაში, კუნძულ პონაპეზე, მცხოვრებმა ერთმა დამ მისიონერს უთხრა: «იეჰოვას ვმადლობ, რომ არ დავვიწყებივართ. დღემდე პონაპე ენაზე „საგუშაგო კოშკს“ ინგლისური „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვიღებდით. გვეგონა ჩვენთან არგმაგედონიც გვიან მოვიდოდა, მაგრამ ახლა უკვე ფეხდაფეხ მივყვებით მსოფლიო საძმოს და მშობლიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ ერთსა და იმავე სტატიას განვიხილავთ; ჩვენი ჟურნალი ისეთივე თვალისმომჭრელია, როგორიც ინგლისური ჟურნალი. მადლიერნი ვართ, რომ ხელმძღვანელი საბჭო ზრუნავს ჩვენზე!»
წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მარშალის კუნძულებზე მცხოვრებ და-ძმებს ძალიან გაუხარდათ მარშალურ ენაზე ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა. მათ ძალიან მოსწონდათ ბიოგრაფიების კითხვა, რაც „საგუშაგო კოშკის“ მარშალურ გამოცემებში მანამდე არ იბეჭდებოდა, და ძმები თვითონ თარგმნიდნენ ხოლმე ინგლისური ჟურნალებიდან. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ გამოცემაში პირველად დაიბეჭდა ბიოგრაფია მათ მშობლიურ ენაზე. ერთმა 16 წლის ბიჭმა თქვა: „ძალიან მინდოდა ბიოგრაფიების წაკითხვა; ინგლისურ ჟურნალში წლების მანძილზე მხოლოდ სურათებს ვათვალიერებდი. ახლა მათი წაკითხვაც შემიძლია!“
მშობლიურ ენაზე მხოლოდ ერთი პუბლიკაცია შეიძლება იყოს საკმარისი ადამიანის ცხოვრების მთლიანად შესაცვლელად. ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია, ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ დიდი რაოდენობით გავრცელდა. ერთ ახალგაზრდაზე, რომელმაც წაიკითხა ეს ბროშურა, წაკითხულმა იმდენად იმოქმედა, რომ მდინარეზე წავიდა და თავი „მოინათლა“. როცა გაიგო, რომ ჯერ ბიბლია უნდა შეესწავლა, შესწავლა დაიწყო და მალე წესისა და რიგის მიხედვით მოინათლა. ის ახლა ბევრ დროს უთმობს სასიხარულო ცნობის ქადაგებას.
ბიბლიის თარგმნა მრავალ ენაზე
იეჰოვას მოწმეები ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ძალიან აფასებენ; მათთვის თარგმანი ზუსტი და გასაგები უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ხარობს ღვთის ხალხი „ახალი ქვეყნიერების თარგმანით“, რაც მთლიანად თუ ნაწილობრივ 70-ზე მეტ ენაზეა გამოცემული. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მშობლიურ ენაზე გამოცემა მართლაც სასიხარულოა, მაგრამ ადამიანის გულსა და გონებაზე რომ იმოქმედოს, ის ყოველდღიურად უნდა გამოიყენოს კაცმა პირადი შესწავლის, კრების შეხვედრებისა და მსახურების დროს.
რუსეთის ფილიალმა უამრავი სამადლობელი წერილი მიიღო რუსულ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემისთვის. მაგალითად, ერთი ქალი წერდა: „ბიბლია ბევრჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ამ თარგმანს რომ ვკითხულობდი, მეგონა, ბიბლია პირველად მეჭირა ხელში. კითხვის დროს ზოგჯერ ჟრუანტელი მივლის და ცრემლებს ვერ ვიკავებ“.
ერთ მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ეს თარგმანი ადვილად გასაგებია: „დღეს დაბადების მე-18 თავი რომ წავიკითხე, გადაწყვიტე, თქვენთვის წერილი მომეწერა. 23—32 მუხლებში ჩაწერილმა აბრაამისა და იეჰოვას საუბარმა სული შემიძრა. უკვე მეხუთედ ვკითხულობ ბიბლიას, მაგრამ ახლა პირველად დავფიქრდი ამ საუბარზე. ადვილად წარმოვიდგინე თავი აბრაამის ადგილზე, გულისყურით ვუსმენდი მათ საუბარს. იეჰოვას გულისხმიერებამ ამაცრემლა. ამ თარგმანმა გააცოცხლა ფურცელზე დაწერილი. არა მხოლოდ გავიგე, როგორი პიროვნება იყო იეჰოვა, არამედ ვიგრძენი კიდეც“.
მოსკოველი სვეტლანა წერდა: «დიდი მადლობა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემისთვის! უკვე აღარ გვიწევს „ძველი აღთქმის“ გაუგებარი და დამაბნეველი თარგმანის კითხვა. ყველაფერი ადვილად გასაგებია!»
სხვა მკითხველმა დაწერა: «სამსახურში ერთ თანამშრომელთან, ირინასთან ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობდი ხოლმე. ჯერ ბიბლიურ მუხლებს ზეპირად ვეუბნებოდი, მაგრამ, როცა ბიბლია გადავუშალე და ლოცვის ნიმუში ამოვაკითხე, გაოცებულმა მკითხა: ეს არისო „მამაო ჩვენო“? იესოს სიტყვების წაკითხვის შემდეგ მან სიხარულისგან წამოიძახა: „არაჩვეულებრივია! რა გასაგებად წერია! ბევრჯერ მომისმენია ეს ლოცვა, მაგრამ მისი მნიშვნელობა პირველად გავიგე; როგორ გასაგებად და მარტივად წერია. მეც მინდა, ასეთი ბიბლია! მეც მიშოვე, რა, ერთი ცალი!“ მე ვუპასუხე: „ბიბლიას მხოლოდ მათ ვაძლევთ, ვისაც მთელი გულით სურს მისი წაკითხვა“. ირინამ მითხრა: „დღემდე არ გამჩენია ბიბლიის წაკითხვის სურვილი. ბევრი ბიბლია მქონდა და ყველა გავაჩუქე, მაგრამ ახლა მართლა მინდა, წავიკითხო!“»
ერთმა ძმამ უკრაინულ ენაზე გამოცემული „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ თქვა: „მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ძვირფასი საჩუქრისთვის, რომელიც იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისგან მივიღე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს თითოეული გვერდის კითხვა და ყოველთვის თან დამაქვს. თარგმანი ნათელი და გასაგებია. წაკითხულისადმი გულგრილი ვერ ვრჩები და ადვილად ვწვდები ბიბლიურ სწავლებებს“.
მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა სერბულ და ხორვატულ ენებზე ბიბლიის თარგმანს. ერთმა ხორვატმა დამ დაწერა: „ეს თარგმანი ადვილად იკითხება და ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე ბიბლიის ის თარგმანი, რომელსაც წლების მანძილზე ვიყენებდით. ბიბლიური რჩევა გულს სწვდება; ვგრძნობ, რომ უფრო ახლოს ვეცნობი იეჰოვას“.
2007 წლის 2 ნოემბერს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სამოურ ენაზე გამოცემა გამოაცხადა. მანამდე სამოურ ენაზე ბიბლიის შოვნა რთული იყო და, შესაბამისად, ძვირიც. ამიტომ ახლა ძმების სიხარულს საზღვარი არ აქვს, ბიბლია რომ უჭირავთ ხელში. ბიბლიის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ერთმა მაუწყებელმა აღნიშნა: „ბიბლიის ძველი თარგმანი აზრებს აბუნდოვნებდა, ახალი თარგმანი კი ყველაფერს ნათელს ხდის და სათქმელს გასაგებად გადმოსცემს“.
ერთი და ყვება, რა მოხდა, როცა ერთხელ ბიბლიის შესწავლაზე სახელმძღვანელოდან იაკობის 4:8 ამოიკითხეს. «მართალია, ეს ნაცნობი მუხლი იყო, მაგრამ შემსწავლელს მაინც ვთხოვე, „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ წაგვეკითხა. თავიდან ყურებს არ ვუჯერებდით და გვეგონა, რომ სხვა მუხლს ვკითხულობდით; მაგრამ, როცა გადავამოწმეთ, დავრწმუნდით, რომ არაფერი შეგვშლია. ჩემს გვერდზე მყოფმა დამ გაოცებულმა თქვა, ეს მუხლი შეცვლილიაო! მხოლოდ ახლა გავიგეთ, რას ნიშნავს იეჰოვასთან დაახლოება; ძველი თარგმანიდან ეს აზრი საერთოდ არ ჩანდა. წაკითხულმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე და დიდი სურვილი გაგვიჩნდა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა».
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ჩინურ ენაზე გამოცემიდან მალევე, ტაივანში მომსახურე მისიონერებმა დაწერეს: «„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთ ადვოკატს ვაჩუქეთ, რომელიც დიდი სიამოვნებით კითხულობს ჩვენს ჟურნალებს. მას ვერ გაეგო, რა საჭირო იყო ბიბლიის სხვა თარგმანის გაკეთება, მაგრამ სულ რამდენიმე მუხლის წაკითხვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეთქვა, ეს ახალი თარგმანი გაცილებით ადვილი გასაგებია, ვიდრე ის, რომელსაც აქამდე ვკითხულობდიო». მისიონერებმა ბიბლიის ერთი ეგზემპლარი პარლამენტარსაც მისცეს, რომელმაც ის თავის კაბინეტში დატოვა. ერთმა რადიო წამყვანმა, რომელიც ცუდად იყო განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ, თარგმანი პარლამენტარის კაბინეტში დაინახა და იქვე დაიწყო კითხვა. თარგმანი ისე მოეწონა, რომ მისიონერებს დაურეკა და პირადი ეგზემპლარი სთხოვა.
ერთ ყირგიზელ დას სუსტი მხედველობა ჰქონდა და უჭირდა კითხვა, რის შედეგადაც ფიქრობდა, რომ ბიბლიის კითხვა მეტისმეტად რთული საქმე იყო. თუმცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მიღების შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა, და სწორედ იმის წყალობით, რომ ეს თარგმანი ადვილად იკითხება, ბიბლიის კითხვა დღეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
ერთმა დამ თქვა: „შესანიშნავი თარგმანია! წყალივით იკითხება. მისი კითხვა არ მბეზრდება. ასე მგონია, ჭეშმარიტებას ხელახლა ვსწავლობ“.
ერთმა ყრუ-მუნჯმა დამ ხელმძღვანელ საბჭოს მისწერა: „ძალიან მიყვარს ამერიკული ჟესტების ენაზე შესრულებული მათეს სახარება. ბიბლია ჩემთვის ცოცხალი წიგნი გახდა; მისი ცნობა გულამდე აღწევს. უკეთესად მესმის, როგორი პიროვნებაა იესო, რამდენად კეთილი და მოსიყვარულეა; მისი გამომეტყველებაც კი შემიძლია წარმოვიდგინო. მართლა ძალიან მიყვარს ჟესტების ენაზე შესრულებული მათეს სახარება . . . მინდა გთხოვოთ, თუ შესაძლებელია, ბიბლიის სხვა წიგნებიც მალე გამოეცით!“
მართლაც, კარგი თარგმანი მკითხველს ადვილად აგებინებს ღვთის სიტყვის არსს და ჭეშმარიტებას გულის გულს აღაქმევინებს. ზეციერ მამასთან დაახლოების მსურველები განსაკუთრებით აფასებენ, რომ გულების ენაზე შეუძლიათ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კითხვა.
მუშები სამკალში
ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალში მომხდარი ცვლილებების გამო, ბეთელის ოჯახის მრავალმა წევრმა ახალი დავალება მიიღო. ზოგი სხვა ქვეყნის ფილიალში გაგზავნეს, ასობით და-ძმა კი — ქვეყნის სხვადასხვა მხარეში სპეციალურ და სრული დროით პიონერებად. როგორ შეხვდნენ ისინი ამ ცვლილებას? როგორ უმკლავდნებიან სირთულეებს? როგორ იმოქმედა ამან კრებაზე?
ტადმა და ლესლიმ თქვეს: „წლების განმავლობაში ვევედრებოდით სამკალის ბატონს, მუშები გამოეგზავნა თავის სამკალში, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ იეჰოვა ჩვენ გამოგვიყენებდა ჩვენივე ლოცვის პასუხად! გვესმის, რომ ეს იეჰოვას ხელმძღვანელობა იყო; ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქრისტემ ერთგულებად მიგვიჩნია და მსახურება მოგვანდო“ (მათ. 9:37, 38; 1 ტიმ. 1:12).
ფრანკო მსახურების სხვა სფეროში გატარებულ პირველ თვეებს იხსენებს: „მე და ჩემმა მეუღლემ არც კი ვიცოდით, შეერთებულ შტატებში მქადაგებლების ასეთი მოთხოვნილება თუ იყო. როცა ქადაგებას შევუდექით, აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი იყო ბიბლიის შესწავლის მსურველი“. კურტისი და კაროლინის სიტყვებიდან კარგად ჩანს, რას გრძნობენ ყოფილი ბეთელელები, რომლებიც ახლა პიონერებად მსახურობენ: „ძალიან გვიხარია პიონერული მსახურების დაწყება! კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, ვუჩვენოთ იეჰოვას, რომ ჩვენ მართლა უარვყავით საკუთარი თავი და მას მივეძღვენით!“
„სამკალის ბატონზე“ დაიმედებულნი
ბუნებრივია, ბეთელში გატარებული წლების შემდეგ მსახურების ფორმის შეცვლას მღელვარება მოჰყვება. მაგალითად, ერთი წყვილი იმაზე ღელავდა, იპოვიდნენ თუ არა ბინას ხელმისაწვდომ ფასად, შეძლებდნენ თვეში 120—130 საათის ქადაგებასა და თან კრების წევრების გამხნევებას?
ზოგმა მხოლოდ ბოლო წუთებში დაიქირავა ბინა. მაგალითად, ერთი გაუთხოვარი და, ჯესიკა, ახალ ტერიტორიაზე მსახურების დაწყებამდე ორი კვირით ჩავიდა ბინის მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბეთელში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, ადგილობრივი კრების ერთმა უხუცესმა მისთვის მისაღებ ფასად პატარა სახლი შესთავაზა!
ჯეფმა და სინთიამ ბინების გაქირავების სააგენტოს უფროსს უთხრეს, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ. „კარგად ვიცნობ იეჰოვას მოწმეებს ამიტომ სანერვიულოც არაფერი მაქვს, იეჰოვა იზრუნებს თქვენს ქირაზე“, — მიუგო უფროსმა.
ერიკი და მელანი ამბობენ: „კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ იეჰოვას ყოველთვის უნდა მივენდოთ! მის ხელს ყოველ დღე ვხედავთ და ეს რწმენას გვიმტკიცებს“.
კრებები მზად არიან დასახმარებლად
კრებებმა გულთბილად მიიღეს ეს პიონერები, რამაც მათ მსახურების სხვა ფორმასთან შეგუება გაუადვილათ. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა თქვა, რომ კრების წევრები დიდი სითბოთი იხსენიებენ მათ და „ჩვენს სპეციალურ პიონერებს“ უწოდებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ „რაიონის ყველა კრებამ მთელი გულითა და სულით მიიღო ისინი“. ერთმა ძმამ სამადლობელი წერილიც კი დაწერა: „მინდა მადლობა გადავუხადო ფილიალს. ეს პიონერები ნამდვილად დიდი კურთხევაა ჩვენთვის!“
კანზასში ერთ კრებას 100 ისეთი სამქადაგებლო უბანი ჰქონდა, სადაც თვეების განმავლობაში არავინ მისულა. ახლა იქ ჩასული სპეციალური პიონერების დახმარებით თითქმის ყველა უბანი რეგულარულად მუშავდება. კრების უხუცესებმა ფილიალს მისწერეს: „ვერც კი წარმოვიდგენდით, ასეთი შესანიშნავი შედეგები თუ მოჰყვებოდა ამ ღონისძიებას“.
კრების წევრები ამ პიონერებისთვისაც „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ არიან და თავადაც მხნევდებიან (კოლ. 4:11). ერთი სარაიონო ზედამხედველი წერს: „პიონერების გულმოდგინება და ენთუზიაზმი ამხნევებს და-ძმებს და მათში მსახურების სურვილს აღძრავს“. მეორე სარაიონო ზედამხედველმა თქვა: „სპეციალურმა პიონერებმა სიყვარული და სიხარული შეჰმატეს კრებებს. მათი ასეთი განწყობა გადამდებია!“
ერთი ცოლ-ქმარი ათ არააქტიურ მაუწყებელს დაეხმარა, კრების აქტიური წევრები გამხდარიყვნენ. პიონერობასთან ერთად ძმები უხუცესებადაც მსახურობენ, რის წყალობითაც დიდ დახმარებას უწევენ ახალ კრებას. ერთმა უხუცესმა თქვა: „კრებისთვის დიდი კურთხევაა გაწონასწორებული და გამოცდილი ძმის ყოლა. ასეთი ძმა მართლაც საჭირო იყო არა მხოლოდ კრებისთვის, არამედ უხუცესთა საბჭოსთვისაც“.
„ღვთის თანამშრომლები“
იეჰოვას კურთხევით სასიხარულო ცნობის მაუწყებლებს მსახურების დროს უამრავი სასიამოვნო შემთხვევა ჰქონდათ. ზამთრის სუსხიან დღეს სტივმა და გემ კარდაკარ მსახურებისას პირველივე კართან დეპრესიით დატანჯულ მოხუცთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. როცა მოხუცებული მეორე კვირას სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე მოვიდა, სტივმა და გემ პირველივე სტუმრობისას შინ შეპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადეს. კაცმა უთხრა: „სტუმართმოყვარეობის გამო კი არ შემიპატიჟებიხართ, ვიცოდი, რომ მოხვიდოდით. სამ დღეს ვთხოვდი ღმერთს შველას“. დღეს ის რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს და სულიერად წინ მიიწევს.
ერთ დილას რეიმ და ჯილმა ქუჩის მეორე მხარეს კაცი შენიშნეს და მასთან გასაუბრება გადაწყვიტეს. ჟურნალები და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. კაცმა ჟურნალები გამოართვა და უთხრა, რომ ადრე სწავლობდა ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან. ის სულ ახალი გადმოსული იყო იმ უბანში საცხოვრებლად; მამაკაცი სიხარულით დასთანხმდა მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე.
ვინც არ წყვეტს იეჰოვას მსახურებისთვის მსხვერპლის გაღებას, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს მისი სახელისთვის გაწეული შრომა და გამოვლენილი სიყვარული (ებრ. 6:10). როგორც სხეულის თითოეული ნაწილი ასრულებს თავის დანიშნულებას, ისევე კრების თითოეულ წევრს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კრების სულიერ ზრდაში. „ღმერთმა [კრების] თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა“ და მათი შეთანხმებული მოქმედებით „ხარობს ყველა“ (1 კორ. 12:18, 26). „ღვთის თანამშრომელთა“ ერთიანობა ღმერთს განადიდებს, ღმერთი კი ზრდის მათ (1 კორ. 3:6, 9).
სასიხარულო ცნობის „კანონით განმტკიცება“
იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მათ. 10:22). მისმა მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იესოს გამო მოწინააღმდეგეები ყველანაირ ბოროტებას დააბრალებდნენ (მათ. 5:11). რას აკეთებენ ქრისტეს თანამედროვე მოწაფეები სასიხარულო ცნობის „კანონიერად განსამტკიცებლად“? (ფილ. 1:7).
სომხეთი. 2007 წლის აპრილიდან 2008 წლის აპრილამდე მებაჟეებმა დაახლოებით 7 ტონა ტვირთი — ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა — დააკავეს და მის გასათავისუფლებლად ძალიან დიდი გადასახადი მოითხოვეს. ბოლოს, როცა ძმებმა ისევ გადასახადის გადახდა არჩიეს, 2008 წლის აპრილში ლიტერატურის მხოლოდ ნაწილი გაათავისუფლეს. პრობლემის გადასაჭრელად ძმები სასამართლოს მიმართავენ.
ყაზახეთი. იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ჩასული ორი ძმა, რომლებიც ალმა-ათაში სპეციალურ შეხვედრაზე თანამორწმუნეების გასამხნევებლად იყვნენ ჩასული, შეხვედრის შემდეგ დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, დაკითხეს და ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე წარადგინეს; მოსამართლემ ისინი „მისიონერულ საქმიანობაში“ სცნო დამნაშავედ, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ახლა ძმები იმას ცდილობენ, რომ ბრალდებულებს ბრალდებები მოუხსნან. ბოლო დროს მთავრობის წარმომადგენლები სახლებში ეჭრებიან ჩვენს და-ძმებს ქრისტიანული შეკრებების დროს და არბევენ მათ. სასამართლოებმა გარკვეული პირობით შეაჩერეს სამი რეგისტრირებული კრების რელიგიური საქმიანობა; აღმასრულებელმა ორგანოებმა არაერთხელ შეუშალეს ხელი იეჰოვას მოწმეების თეოკრატიულ საქმიანობას კასპიის ზღვის ჩრდილოეთ მხარეში.
ტაჯიკეთი. 1994 წელს ტაჯიკეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიური საზოგადოება იქნა რეგისტრირებული, რის საფუძველზეც მათ თაყვანისმცემლობისთვის შეკრების უფლება მიეცათ. მიუხედავად ამისა, 2007 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული განკარგულებით კულტურის სამინისტრომ აკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ძმები ყველანაირად ცდილობენ მთავრობა დაარწმუნონ, რომ იეჰოვას მოწმეები მშვიდობისმოყვარე ხალხია და საზოგადოებისთვის არ არიან საშიშნი.
უზბეკეთი. ამ ქვეყანაში უფრო და უფრო ძლიერდება იეჰოვას მოწმეების დევნა. 2008 წლის დასაწყისში ერთ იეჰოვას მოწმეს რწმენის გამო ოთხი წელი მიუსაჯეს და შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს. სხვები დააკავეს და დააჯარიმეს იმ ბრალდებით, რომ არღვევდნენ რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონს და არ მიჰყვებოდნენ რელიგიური შეხედულებების სწავლების შესახებ მითითებებს. პოლიციელებმა დაარბიეს კრების შეხვედრები, გაჩხრიკეს მოწმეების სახლები, წაიღეს ლიტერატურა და მაუწყებლები დააკავეს. მრავალ და-ძმას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მთავრობების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ, ძირითადად, წამქეზებლები რელიგიური წინამძღოლები არიან. კვლავ ვლოცულობთ, რომ მთავრობები მალე მიხვდნენ, რამდენად არასწორად იქცევიან, და და-ძმებს იმის საშუალება მისცენ, რომ წყნარად და მშვიდად იცხოვრონ „ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმ. 2:1, 2).
საბერძნეთი. სასამართლომ მიიღო ორი გადაწყვეტილება, რომლებიც სცნობს ადამიანის უფლებას, რელიგიური შეხედულების საფუძველზე უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. კონსტანტინოს კოტიდისი, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა და საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდოდა, რამდენიმე წელიწადს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. საბერძნეთის მთავრობამ ძმა კოტიდისი სამხედრო სამსახურში გაიწვია და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების უფლება არ მისცა. როგორც ეუბნებოდნენ, რადგან ერთხელ ნამსახურები ჰქონდა სამხედრო სამსახურში, მეორედ მსახურებაზე უარის თქმის არანაირი საფუძველი აღარ ჰქონდა; მაგრამ სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ვისაც უმსახურია სამხედრო სამსახურში, მაგრამ მერე შეიცვალა რელიგიური შეხედულებები და სინდისი აღარ აძლევს სამხედრო სამსახურის შესრულების უფლებას, შეუძლია, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში მიიღოს მონაწილეობა.
სტილიანოს იოანიდისი არ მიიღეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო პატიმრობის მიუხედავად სამხედრო სავალდებულო სამსახური ისევ მოსახდელი ჰქონდა. მაგრამ სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვისაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის სასჯელი მოხდილი ჰქონდა, თავისუფლდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. სასამართლო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს, ფაქტობრივად, მოხდილი ჰქონდა სამხედრო ვალდებულება და აღარაფერი უშლიდა ხელს, სახელმწიფო დაწესებულებაში ემუშავა. ეს იყო სახელმწიფო საბჭოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე (რელიგიის თავისუფლების) საფუძველზე იქნა მიღებული, რა საფუძველზეც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, როცა საქმე იმ იეჰოვას მოწმეს ეხებოდა, რომელსაც ნასამართლობის გამო (სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის) სახელმწიფო სამსახურზე უარი უთხრეს.
ერიტრეა. ჩვენს და-ძმებს ამ ქვეყანაშიც მკაცრად და უსამართლოდ ექცევიან. ხელისუფლებას არაერთი იეჰოვას მოწმე ჰყავს დაპატიმრებული, ზოგი მათგანი გაუსაძლის პირობებში იხდის სასჯელს. 2008 წლის ივლისში ძმების დაკავების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ უხუცესებიც, რომლებიც ქვეყანაში სამეფო საქმიანობას ხელმძღვანელობენ. დიდი მცდელობისა და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი თხოვნის მიუხედავად, მთავრობა დღემდე განაგრძობს ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემელთა შევიწროებას.
სამხრეთი კორეა. ამ ქვეყნის მთავრობა არ აღიარებს, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავისი შეხედულებების გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ბოლო 50 წლის განმავლობაში ცამეტ ათასზე მეტი ძმა დააპატიმრეს და ახლაც დაახლოებით 500 იხდის სასჯელს. მათი სიმტკიცე და ქრისტიანული საქციელი შესანიშნავი დამოწმებაა ციხის ზედამხედველებისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის, და მოსაწონია ღვთისთვის (1 პეტ. 2:20). დღეისთვის გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში 488 საჩივარია შეტანილი. 2006 წელს ამ კომიტეტმა ორი საჩივარი დააკმაყოფილა. ძმები იმედოვნებენ, რომ მთავრობა დაპირებისამებრ აამოქმედებს კანონს, რომელიც ძმებისთვის მისაღებ ალტერნატიულ სამსახურს ითვალისწინებს.
რუანდა. 2008 წლის აპრილში ჩატარდა მასწავლებლების სემინარი, რომელზეც ყველა მასწავლებლის, მათ შორის იეჰოვას მოწმეების, დასწრება იყო სავალდებულო. გამონაკლისი არ დაშვებულა, ისინიც კი უნდა მისულიყვნენ, ვისაც ბიბლიით განსწავლული სინდისი არ აძლევდა ამ სემინარზე დასწრების უფლებას. არმისვლის შედეგად, დაახლოებით 215 მოწმე გაათავისუფლეს სამსახურიდან; ორი და რამდენიმე კვირით დააპატიმრეს კიდეც. სემინარზე პოლიტიკური და სამხედრო საკითხები განიხილებოდა და დამსწრეებს პოლიტიკურ საქმეებსა და ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობის მიღება მოეთხოვებოდათ. ყველა, ვინც სემინარის დატოვებას შეეცადა, სამხედროებმა უკან დააბრუნეს. იმ დღიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების 90 ბავშვი გარიცხეს სკოლიდან ეროვნული ჰიმნის შეუსრულებლობისა და დროშისთვის სალმის არმიცემის გამო. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ძალას მისცემს ჩვენს და-ძმებსა და მათ შვილებს ბოლო დროს აგორებული დევნის ტალღის გასაძლებად და ერთგულების შესანარჩუნებლად.
ესპანეთი. ესპანეთის მთავრობამ მიიღო მეფის დადგენილება, რომელიც ეხებოდა სპეციალურ სრული დროით მსახურ იეჰოვას მოწმეებს, მაგალითად, ბეთელის ოჯახის წევრებსა და სარაიონო და საოლქო ზედამხედველებს. ეს ოფიციალური საბუთი სპეციალურ სრული დროით მსახურებს აღიარებს ღვთისმსახურებად, რომლებიც „მთლიანად მიეძღვნენ მისიონერულ, სამწყემსო, საგანმანათლებლო და სხვა რელიგიურ საქმიანობას, რაც მათივე რელიგიის მიზნებს ემსახურება“. ეს დადგენილება მაშინ გამოიცა, როცა ზოგი ქვეყნის მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა სპეციალური სრული დროით მსახურებისთვის (იეჰოვას მოწმეთათვის) სხვა რელიგიურ მსახურთა მსგავსად გარკვეული შეღავათების მიცემის საკითხი.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო
სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში განიხილება ავსტრიის, აზერბაიჯანის, რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის იეჰოვას მოწმეების 24 საქმე. ეს სარჩელები ეხება ადამიანის ძირითადი უფლებების (მაგალითად, რელიგიური შეხედულებების გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმას) დაცვას იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია მოქმედებს. ზოგი საქმე ეხება რელიგიურ დევნასა და დისკრიმინაციას, იეჰოვას მოწმეების მიერ გამოყენებული იურიდიული პირის აკრძალვას ან რეგისტრაციის გაუქმებას, ზოგიც მთავრობისაგან თაყვანისცემისთვის მშვიდობიანი შეკრების ხელის შეშლასა და იმას, იეჰოვას მოწმე მშობელს აქვს თუ არა შვილის იეჰოვას მოწმედ აღზრდის უფლება.
ავსტრია. 2008 წლის 31 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე „იეჰოვას მოწმეები ავსტრიის წინააღმდეგ“. სასამართლოს მიაჩნდა, რომ ავსტრიის კანონი რელიგიის შესახებ არღვევდა იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობის უფლებას, რადგან კანონი რელიგიას ორ კატეგორიად ყოფდა, რის გამოც ერთი მეორეზე უპირატესობდა და, შესაბამისად, მოქალაქეებიც ორ კატეგორიად იყოფოდნენ. ეს გადაწყვეტილება ძმების 30 წლიანი მცდელობის შედეგი იყო ოფიციალური რელიგიის სტატუსის მისაღებად. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერა: „[შეუძლებელია გამართლება მოვუძებნოთ ამ საქმის გაჭიანურებას] განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იეჰოვას მოწმეები მსოფლიოში აღიარებული რელიგიური ორგანიზაციების სიაში შედიან, რომლებიც დიდი ხანია ამ ქვეყანაში არსებობენ და რომელთა საქმიანობაც შესაბამისი ორგანოებისთვის კარგად არის ცნობილი“. ავსტრიის მთავრობას გარკვეული ზომების მიღება დაევალა, რათა იეჰოვას მოწმეებიც იგივე უფლებებით სარგებლობდნენ, როგორითაც ავსტრიის სხვა ძირითადი რელიგიები.
აზერბაიჯანი. 2007 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში იმის გამო შეიტანეს საჩივარი, რომ პოლიცია არღვევდა თაყვანისმცემლობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად არიან რეგისტრირებული, ჩვენს ძმებს უხეშად ეპყრობიან და დაპატიმრებულთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. შეიარაღებულ პოლიციელთა ჯგუფები მოულოდნელად ესხმოდნენ თავს თაყვანისცემისთვის შეკრებილ იეჰოვას მოწმეებს, ართმევდნენ ლიტერატურას და კერძო საკუთრებას, დამსწრეებს აპატიმრებდნენ და სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იმის გამო, რომ პოლიციელთა თავდასხმები გრძელდებოდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმე სასწრაფო განხილვას დაექვემდებარება. ვიმედოვნებთ, რომ მალე ძმები პოლიციის შიშის გარეშე შეიკრიბებიან.
საფრანგეთი. 2005 წლის თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეიტანეს საჩივარი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ საფრანგეთის იეჰოვას მოწმეების საზოგადოებისთვის უსამართლო და უკანონო გადასახადების დაკისრების გამო. ჯერ კიდევ არ ვიცით, განიხილავს თუ არა სასამართლო საქმეს. ამასობაში მოწინააღმდეგეები იმდენად აქტიურად დაკავდნენ ჩვენი რწმენის წინააღმდეგ აგიტაციით, რომ გასული წლის განმავლობაში სამეფო დარბაზებზე განხორციელებული 70 ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი ძმები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მალე გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას და თვალს არ დახუჭავს მთავრობის უკანონო მოთხოვნებზე, რითაც საფრანგეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მდგომარეობა შეუმსუბუქდებათ.
რუსეთი. 2001 წლის დეკემბერში იეჰოვას მოწმეებმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეიტანეს საჩივარი, რომელიც იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების წინააღმდეგ მრავალგზის აღძრულ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს ეხებოდა. 2004 წლის ივნისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას მოსკოვში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვისა და მათი იურიდიული პირის გაუქმების შესახებ. ზოგადად მოსკოვში ძმებს აქვთ თაყვანისმცემლობისთვის შეკრებისა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების შესაძლებლობა; თუმცა, როგორც მოსკოვში, და არა მარტო მოსკოვში, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაშალეს კრების შეხვედრები თუ კონგრესები და უხეშად მოეპყრნენ ჩვენს თანამორწმუნეებს. მაგალითად, ივლისში ქალაქ ჩეხოვში, მოსკოვიდან სამხრეთით დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით, მოწინააღმდეგეებმა დაწვეს სამეფო დარბაზი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე გამოიძახეს სახანძრო, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეხანძრეებს თითქმის არაფერი გაუკეთებიათ ცეცხლის ჩასაქრობად და პოლიციამაც უარი თქვა საქმის გამოძიებაზე. განსაცდელებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთში ჩვენი და-ძმები ერთგულებას ინარჩუნებენ და მხარდაჭერას იეჰოვასგან ელიან.
იეჰოვა გვპირდება, რომ არც ერთ იარაღს, რომელიც თავის მსახურთა წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება (ეს. 54:17). ყველაზე სავალალო გარემოებაც კი შეიძლება „სასიხარულო ცნობის წინსვლას“ მოემსახუროს. ამიტომ ღვთის მსახურებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მტკიცედ იდგნენ ერთ სულში, ერთსულოვნად იბრძოლონ მხარდამხარ „სასიხარულო ცნობის რწმენისთვის“ და მოწინააღმდეგეებს არ შეუშინდნენ (ფილ. 1:12, 16, 18, 27, 28). ილოცეთ მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის, რომ მიენდონ იეჰოვას, „ციხესიმაგრესა და მხსნელს“ (2 თეს. 3:1; ფსალმ. 18:2).
ფილიალების მიძღვნა
2007 წლის 10 ნოემბერს, შაბათს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალში საზეიმო განწყობა სუფევდა; დაახლოებით 4 000 და-ძმას მოეყარა თავი გაფართოებული სტამბის, სასადილო ოთახისა და საცხოვრებელი შენობების მიძღვნის პროგრამის მოსასმენად.
სტუმრები აღაფრთოვანა ახალმა საბეჭდმა დაზგამ (MAN Roland Lithoman), რომელიც ათობით ათასს ბიბლიასა და ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას ბეჭდავს. ახალ საამკინძაო საამქროში უკვე 16 აფრიკულ ენაზე აიკინძა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მილიონზე მეტი ეგზემპლარი. სტუმრებმა ნახეს გაფართოებული გზავნილთა განყოფილება, სადაც სამხრეთი აფრიკის ათი ქვეყნის 8 000-მდე კრებებისთვის განკუთვნილი ბიბლიური ლიტერატურა ინახება.
2008 წლის 7 ივნისს ნიგერიაში, ქალაქ ლაგოსში, იგედუმას ბეთელიდან სამხრეთ-დასავლეთით 360 კილომეტრის დაშორებით, ოფისის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. ლაგოსის ოფისში 24 საცხოვრებელი ოთახი, ერთი საწყობი და ერთიც საოფისე შენობაა. ლაგოსში, ქვეყნის მთავარ სავაჭრო ქალაქში, ფილიალში შესასრულებელი მრავალი საქმე სრულდება. ახალ ოფისში არის საცხოვრებელი ოთახები იმ ბეთელელებისთვის, რომლებიც პორტში იღებენ ფილიალის სახელზე ჩამოსულ ტვირთს და ზრუნავენ ფილიალის მომარაგებაზე, და ასევე მათთვის, ვისაც ლაგოსის აეროპორტით უწევს სარგებლობა. დროებით, იგედუმას ფილიალის გაფართოების დასრულებამდე, ლაგოსის ოფისში მსახურებაში დახელოვნების სკოლაც ტარდება. აშკარაა, რომ იეჰოვა აკურთხებს აფრიკაში სამქადაგებლო საქმეს ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.
იეჰოვას ნების შესასრულებლად „აღჭურვილნი“
მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომ აღგვჭურვა „ყოველივე კარგით თავისი ნების შესასრულებლად — იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში ის გააკეთოს, რაც მოსაწონია მისთვის“ (ებრ. 13:21). იეჰოვამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია „განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“. ამიტომ ჩვენ მთელი გულით ვაცხადებთ: „მას დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად“ (ეფეს. 3:20, 21).
[ჩარჩო 25 გვერდზე]
რატომ და როგორ ხდება რელიგიის რეგისტრირება?
რელიგიის რეგისტრირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციაში გატარება და კანონიერად აღიარება შესაძლებელია. რეგისტრაციის შემდეგ ეს რელიგიური გაერთიანება ამ ქვეყანაში ლეგალურად ითვლება. ზოგ ქვეყანაში ორგვარი რეგისტრაცია არსებობს: პირველი — ტრადიციული რელიგიებისთვის, რომლებიც უამრავი შეღავათებით სარგებლობენ, მაგალითად, თავისუფლდებიან გადასახადებისგან; და მეორე — შედარებით პატარა, ახალი და არატრადიციული რელიგიებისთვის.
ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არსებობს კონკრეტული კანონი რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ. ასეთ ქვეყნებში კონსტიტუცია ყველას ანიჭებს რელიგიის თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ჯგუფების ოფიციალურ რეგისტრირებას კანონი არ ითვალისწინებს, რელიგიურ ჯგუფებს იურიდიული პირის სტატუსს სთავაზობს. ამ სტატუსის მიღების შემთხვევაში უფლება აქვთ, იურიდიული პირის მეშვეობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, მათ შორის ლიტერატურის ბეჭდვა და გამოცემა. აგრეთვე უძრავი ქონების შეძენის კანონიერი უფლება აქვთ.
[რუკა 21 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ავსტრია
საფრანგეთი
ესპანეთი
საბერძნეთი
ერიტრეა
რუანდა
სომხეთი
აზერბაიჯანი
რუსეთი
ყაზახეთი
უზბეკეთი
ტაჯიკეთი
სამხრეთი კორეა
[სურათი 11 გვერდზე]
ლუო ენაზე მოლაპარაკე კრება
[სურათი 13 გვერდზე]
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 70-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი
[სურათი 22 გვერდზე]
სტილიანოს იოანიდისი
[სურათი 22 გვერდზე]
კონსტანტინოს კოტიდისი
[სურათი 29 გვერდზე]
ახალი საცხოვრებელი შენობა ლაგოსში, (ნიგერია)
[სურათი 29 გვერდზე]
სტამბა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალი)