ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 21
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 21 უპირველესად ვეძებოთ სამეფო
ელით ქალაქს, რომელიც მუდმივად იარსებებს?
„მთელი გულით ველით ქალაქს, რომელიც მომავალში დაფუძნდება“ (ᲔᲑᲠ. 13:14).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რა ინფორმაციას გვაწვდის ებრაელების მე-13 თავი და როგორ გამოგვადგება ეს ახლაც და მომავალშიც.
1. რა იწინასწარმეტყველა იესომ იერუსალიმზე?
ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲐᲛᲓᲔ რამდენიმე დღით ადრე იესო ქრისტემ თავისი მიმდევრების გასაგონად წარმოთქვა წინასწარმეტყველება, რომელიც თავდაპირველად იერუსალიმზე შესრულდა. მან თქვა, რომ ერთ დღესაც იერუსალიმის გარშემო ჯარი დაბანაკდებოდა (ლუკ. 21:20). მისი მიმდევრებისთვის ეს იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ იქაურობა (ლუკ. 21:21, 22).
2. რა შეახსენა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს?
2 რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე იესოს წინასწარმეტყველება შესრულდებოდა და რომაელთა ჯარები იერუსალიმის გარშემო დაბანაკდებოდნენ, მოციქულმა პავლემ წერილი მისწერა იუდეასა და იერუსალიმში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს. პავლემ მათ მნიშვნელოვანი რჩევები მისცა, რომლებიც მომავალი მოვლენებისთვის შეამზადებდა. კონკრეტულად რა მოვლენებისთვის? მალე იერუსალიმი განადგურდებოდა. ვისაც გადარჩენა სურდა, ყველაფერი უნდა მიეტოვებინა და ქალაქიდან გაქცეულიყო. პავლეს სწორედ იერუსალიმი ჰქონდა მხედველობაში, როცა ქრისტიანებს მნიშვნელოვანი რამ შეახსენა: „დედამიწაზე არ გვაქვს ქალაქი, რომელიც მუდმივად იარსებებს, ამიტომ მთელი გულით ველით ქალაქს, რომელიც მომავალში დაფუძნდება“ (ებრ. 13:14).
3. რა არის „მყარსაძირკვლიანი ქალაქი“ და რატომ ველით მას?
3 ის ქრისტიანები, რომლებმაც იერუსალიმისა და იუდეას დატოვება გადაწყვიტეს, ალბათ გარეშეებისგან დაცინვას შეხვდნენ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორედ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ გაეცალნენ იქაურობას. დღეს ჩვენც დაგვცინიან იმის გამო, რომ იმედს ადამიანურ მთავრობებზე არ ვამყარებთ და ფულს უსაფრთხოების გარანტიად არ მივიჩნევთ. რა არის ამის მიზეზი? ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი დროებითია. მეტიც, ველით „მყარსაძირკვლიან ქალაქს“, ღვთის სამეფოს,a რომელიც პავლეს თქმით მომავალში უნდა დაფუძნებულიყო (ებრ. 11:10; მათ. 6:33). ამ სტატიაში ვიმსჯელებთ: 1) როგორ დაეხმარა პირველი საუკუნის ქრისტიანებს პავლეს რჩევები, დალოდებოდნენ ქალაქს, რომელიც მომავალში დაფუძნდებოდა, 2) როგორ შეამზადა პავლემ ისინი მომავალი მოვლენებისთვის და 3) ჩვენ როგორ გამოგვადგება მისი რჩევები.
ᲘᲛᲔᲓᲘ ᲓᲐᲐᲛᲧᲐᲠᲔᲗ ᲛᲐᲡᲖᲔ, ᲕᲘᲜᲪ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲛᲘᲒᲐᲢᲝᲕᲔᲑᲗ
4. რატომ იყო იერუსალიმი მნიშვნელოვანი ქალაქი ქრისტიანებისთვის?
4 იერუსალიმი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ახ. წ. 33 წელს სწორედ იქ ჩამოყალიბდა პირველი ქრისტიანული კრება; ხელმძღვანელი საბჭოც იერუსალიმში იკრიბებოდა. ქალაქში მრავალი ქრისტიანი ცხოვრობდა, მათგან ზოგი შეძლებულიც იყო. თუმცა იესოს გაფრთხილებისამებრ, მათ არათუ იერუსალიმი, იუდეაც უნდა დაეტოვებინათ (მათ. 24:16).
5. როგორ შეამზადა პავლემ ქრისტიანები მომავალი მოვლენებისთვის?
5 მომავალი მოვლენებისთვის რომ შეემზადებინა, პავლემ ქრისტიანებს ყურადღება გაუმახვილა იმაზე, როგორ შეიცვალა იეჰოვას დამოკიდებულება იერუსალიმის მიმართ. იეჰოვას თვალში სამღვდელოებამ, ტაძარმა და იქ შეწირულმა მსხვერპლმა ფასი დაკარგა (ებრ. 8:13). გარდა ამისა, იერუსალიმელთა უმეტესობამ უარყო მესია. ტაძარი მეტად აღარ წარმოადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრს და მალე მას განადგურება ელოდა (ლუკ. 13:34, 35).
6. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ პავლეს სიტყვები ებრაელი ქრისტიანებისთვის დროული იყო?
6 როცა პავლემ ებრაელებს წერილი მისწერა, იერუსალიმი აყვავებული ქალაქი იყო. იმ ეპოქის ერთ-ერთმა რომაელმა მწერალმა მას „აღმოსავლეთის ყველაზე სახელგანთქმული ქალაქი“ უწოდა. ყოველწლიური დღესასწაულების აღსანიშნავად ქალაქში მრავალი ებრაელი ჩადიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხელს უწყობდა მის ეკონომიკურ განვითარებას. ეჭვგარეშეა, ასეთი გარემო ქრისტიანების მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახებოდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისწერა პავლემ მათ: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“. შემდეგ კი შეახსენა იეჰოვას სიტყვები, რომლებითაც თითოეულ მსახურს თავის მხარდაჭერაში არწმუნებდა: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:5, 6; კან. 31:6; ფსალმ. 118:6). იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ეს დროული შეხსენება იქნებოდა. რატომ ვამბობთ ამას? ამ წერილის მიღებიდან მალევე მათ ყველაფრის დატოვება მოუწევდათ და სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.
7. რატომ არის მნიშვნელოვანი, დღესვე განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ნდობა?
7 რას ვსწავლობთ? წინ გველის „დიდი გასაჭირი“ და ამ ქვეყნიერების აღსასრული (მათ. 24:21). ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ჩვენც უნდა ვიფხიზლოთ და მოვემზადოთ ამ მოვლენებისთვის (ლუკ. 21:34–36). „დიდი გასაჭირის“ პერიოდში შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს რაღაცაზე უარის თქმა ან ყველაფრის დატოვებაც კი. სწორედ მაშინ უნდა ვენდოთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის არასოდეს მიგვატოვებს. ამიტომ დღესვე უნდა განვივითაროთ ღვთისადმი ნდობა. ნამდვილად ღირს, დავფიქრდეთ: მეტყველებს ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტები, რომ ღმერთზე ვამყარებ იმედს და არა ფულსა და ქონებაზე? (1 ტიმ. 6:17). პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითი გვეხმარება, მოვემზადოთ მომავალი მოვლენებისთვის. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ნდობის განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მოახლოებული „დიდი გასაჭირი“ უპრეცედენტო იქნება. მაგრამ ალბათ ყველას გვაინტერესებს, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ „დიდი გასაჭირის“ დროს.
ᲓᲐᲔᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲗ ᲛᲐᲗ, ᲕᲘᲡᲐᲪ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲑᲐ ᲐᲙᲘᲡᲠᲘᲐ
8. რა მითითება მისცა იესომ მოწაფეებს?
8 პავლესგან წერილის მიღების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ებრაელმა ქრისტიანებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ შემოარტყეს რომაელებმა იერუსალიმს ალყა. ეს მათთვის იმის ნიშანი იყო, რომ ქალაქის განადგურება ახლოვდებოდა და იქაურობა უნდა დაეტოვებინათ (მათ. 24:3; ლუკ. 21:20, 24). იესოს მათთვის ზოგადი მითითება ჰქონდა მიცემული: „იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ“ (ლუკ. 21:21). მაგრამ რომელ მთებში უნდა გაქცეულიყვნენ, ირგვლივ ხომ ბევრი მთა იყო?
9. რას შეიძლება დაებნია ქრისტიანები? (იხილეთ აგრეთვე რუკა).
9 ქრისტიანებს გასაქცევად რამდენიმე არჩევანი ჰქონდათ: სამარიის, გალილეის და ლიბანის მთები, აგრეთვე ხერმონის მთა და იორდანის აღმოსავლეთით მდებარე მთები (იხილეთ რუკა). ამ მთებში ზოგიერთი ქალაქი, ერთი შეხედვით, უსაფრთხო ჩანდა. მაგალითად, გამლა, რომელიც მაღალი მთის ციცაბო ფერდობზე მდებარეობდა და რთულად მისადგომი იყო. ზოგ ებრაელს ეს ქალაქი ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მიაჩნდა. თუმცა სწორედ გამლაში გაიმართა ერთ-ერთი სასტიკი ბრძოლა ებრაელებსა და რომაელებს შორის, რომელსაც იქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი შეეწირა.b
ქრისტიანებს გასაქცევად ბევრი არჩევანი ჰქონდათ, მაგრამ ყველა არ ყოფილა უსაფრთხო (იხილეთ აბზაცი 9).
10, 11. ა) როგორ გაუწია იეჰოვამ ებრაელ ქრისტიანებს ხელმძღვანელობა? (ებრაელები 13:7, 17). ბ) რა შედეგი მოჰყვა მორჩილებას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 როგორც ჩანს, იეჰოვამ ებრაელ ქრისტიანებს კრების უხუცესების მეშვეობით გაუწია ხელმძღვანელობა. მოგვიანებით ისტორიკოსი ევსები კესარიელი წერდა: „იერუსალიმში ეკლესიის ერს ქალაქში ომის დაწყებამდე სახელგანთქმული კაცების მიმართ გამოცხადების გზით გადაეცათ წინასწარმეტყველება, რომ გასულიყვნენ ქალაქიდან და დასახლებულიყვნენ პერეას ერთ-ერთ ქალაქში, პელაში“.c პელა მართლაც იდეალური არჩევანი იყო. ერთი მხრივ, ის იერუსალიმთან ახლოს მდებარეობდა, რაც ქრისტიანებს იქ გაქცევას გაუადვილებდა. მეორე მხრივ, ამ ქალაქში, ძირითადად, უცხოტომელები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ისინი ჩართული არ იყვნენ ფანატიკოს ებრაელებსა და რომაელებს შორის არსებულ დაპირისპირებაში (იხილეთ რუკა).
11 ქრისტიანები პავლეს რჩევისამებრ დაემორჩილნენ მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა ეკისრა (წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17). ამის წყალობით მათ სიცოცხლე შეინარჩუნეს. ფაქტია, იეჰოვას არ მიუტოვებია ისინი, რადგან „მყარსაძირკვლიან ქალაქს“ ანუ ღვთის სამეფოს ელოდნენ (ებრ. 11:10).
პელა ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო (იხილეთ აბზაცები 10, 11).
12, 13. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს რთულ დროში?
12 რას ვსწავლობთ? იეჰოვა ოდითგანვე აძლევდა კონკრეტულ მითითებებს თავის ხალხს იმ მამაკაცების მეშვეობით, რომელთაც ხელმძღვანელობა ეკისრათ. ამის არაერთი ბიბლიური მაგალითი გვაქვს (კან. 31:23; ფსალმ. 77:20). ჩვენც ბევრჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, როგორ მოგვცა იეჰოვამ საჭირო მითითებები ხელმძღვანელი ძმების მეშვეობით.
13 ამის ნათელი მაგალითია კოვიდპანდემიის პერიოდი. უხუცესებმა ორგანიზაციისგან მიიღეს მითითებები, თუ როგორ ეზრუნათ და-ძმების სულიერ მოთხოვნილებებზე. პანდემიის დაწყებიდან მალევე ჩავატარეთ ისტორიული კონგრესი, რომლის პროგრამაც 500-ზე მეტ ენაზე გადაიცემოდა ინტერნეტის, ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით. მთელი პანდემიის განმავლობაში სულიერი საზრდო არ მოგვკლებია და ყველანი ერთნაირ მითითებებს ვიღებდით. ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რა სირთულის პირისპირაც არ უნდა აღმოვჩნდეთ, იეჰოვა პასუხისმგებელი ძმების მეშვეობით სათანადო მითითებებს მოგვცემს. თუმცა ნდობისა და მორჩილების გარდა, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ „დიდ გასაჭირს“ მომზადებულები შევხვდეთ?
ᲒᲐᲛᲝᲘᲩᲘᲜᲔᲗ ᲫᲛᲣᲠᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲡᲢᲣᲛᲐᲠᲗᲛᲝᲧᲕᲐᲠᲔᲝᲑᲐ
14. რა თვისებები სჭირდებოდათ ქრისტიანებს იერუსალიმის განადგურებამდე? (ებრაელები 13:1–3).
14 როცა „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, ერთმანეთის სიყვარული ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს. ეს ასე იყო იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ქრისტიანების შემთხვევაშიც. ფაქტია, ისინი ყოველთვის ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს, თუმცა, რაც უფრო ახლოვდებოდა იერუსალიმის განადგურება, მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ შეენარჩუნებინათ ძმათმოყვარეობაd და ყოფილიყვნენ სტუმართმოყვარენი (ებრ. 10:32–34; წაიკითხეთ ებრაელების 13:1–3).
15. რატომ უნდა გამოევლინათ ებრაელ ქრისტიანებს სიყვარული და სიკეთე გაქცევის შემდეგ?
15 როცა რომაელებმა იერუსალიმს მოულოდნელად ალყა მოხსნეს, ქრისტიანებმა გაქცევა მოახერხეს. ისინი თან ბევრს ვერაფერს წაიღებდნენ (მათ. 24:17, 18). ამიტომ გზაშიც და ახალ საცხოვრებელ ადგილზეც ერთმანეთს უნდა ამოდგომოდნენ მხარში. ეჭვგარეშეა, მათ ხშირად მიეცემოდათ იმის შესაძლებლობა, რომ ძმური სიყვარული გამოევლინათ და ერთმანეთისთვის ის გაეზიარებინათ, რაც ჰქონდათ (ტიტ. 3:14).
16. როგორ შეგვიძლია გასაჭირში მყოფი და-ძმების მიმართ სიყვარულის გამოვლენა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 რას ვსწავლობთ? გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს. ბოლო პერიოდში ომებისა და სტიქიური უბედურებების გამო ბევრ და-ძმას მოუწია სახლის დატოვება. თუმცა თანაქრისტიანებს ისინი არ მიუტოვებიათ, ამხნევებდნენ და მატერიალურადაც ეხმარებოდნენ. ერთი უკრაინელი და, რომელიც ომის გამო ლტოლვილი გახდა, ამბობს: „ვხედავთ, როგორ მიგვიძღვის იეჰოვა და როგორ ზრუნავს ჩვენზე და-ძმების მეშვეობით. ისინი მთელი გზა, ჯერ უკრაინასა და უნგრეთში, შემდეგ კი აქ, გერმანიაში, ყველგან თბილად გვხვდებოდნენ და დიდ დახმარებას გვიწევდნენ“. იეჰოვა გასაჭირში მყოფ თავის მსახურებს სწორედ ასეთი მზრუნველი და-ძმების მეშვეობით აგრძნობინებს სიყვარულს (იგავ. 19:17; 2 კორ. 1:3, 4).
ლტოლვილ თანაქრისტიანებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ (იხილეთ აბზაცი 16).
17. რატომაა მნიშვნელოვანი, დღესვე ვისწავლოთ სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობის გამოვლენა?
17 ეჭვგარეშეა, რომ „დიდი გასაჭირის“ დროს განსაკუთრებულად დაგვჭირდება ერთმანეთის მხარში დგომა (აბაკ. 3:16–18). ამიტომ იეჰოვა დღესვე გვასწავლის სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას.
ᲛᲖᲐᲓ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
18. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პირველი საუკუნის ებრაელ ქრისტიანებს?
18 ქრისტიანები, რომლებმაც მთებს შეაფარეს თავი, იერუსალიმის განადგურებას გადაურჩნენ. მართალია, მათ მოუწიათ ყველაფრის დატოვება, მაგრამ იეჰოვას ისინი არ მიუტოვებია. დანამდვილებით არ ვიცით, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იესოს სიტყვებიდან გამომდინარე მომავალს მომზადებულები უნდა შევხვდეთ (ლუკ. 12:40). გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ებრაელებისადმი მიწერილი პავლეს რჩევები, რომლებიც დღემდე აქტუალურია. არც იეჰოვას დაპირებაში უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ არ დაგვტოვებს და არ მიგვატოვებს (ებრ. 13:5, 6). მოდი მთელი გულით დაველოდოთ იმ ქალაქს, რომელიც მუდმივად იარსებებს, ანუ ღვთის სამეფოს. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ბედნიერება უსასრულოდ გასტანს (მათ. 25:34).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 157 ნანატრი მშვიდობა
a ბიბლიურ დროში ხშირად ქალაქებს მეფეები მართავდნენ. ამგვარად, ეს ქალაქები ერთგვარ სამეფოებსაც წარმოადგენდა (დაბ. 14:2).
b ეს მოვლენა იუდეიდან და იერუსალიმიდან ქრისტიანების გაქცევის შემდეგ მალევე, ახ. წ. 67 წელს, მოხდა.
c „ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია“, წ. III, თ. V, მთარგმნელი ზ. ჯაში, თბილისი, 2007, გამომცემლობა „ახალი ივირონი“.
d „ძმათმოყვარეობად“ ნათარგმნი სიტყვა, ჩვეულებრივ, ოჯახის წევრების მიმართ გამოიყენებოდა, თუმცა პავლე ამ სიტყვას კრებაში თანაქრისტიანებს შორის არსებული სიყვარულის აღსაწერად იყენებს.