მაშები
ოქროს იარაღები, რომლებიც ისრაელის კარავსა და ტაძარში სალამპრისთვის გამოიყენებოდა (გმ. 25:37, 38; 37:23; რც. 4:9; 1მფ. 7:48, 49; 2მტ. 4:19—21). ებრაულ ენაში მაშები მელკახაჲიმ დგას ორობით რიცხვში და მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც „აღებას“ ნიშნავს. ეს სიტყვა ორობით რიცხვში შესაძლოა იმიტომ დგას, რომ იარაღი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ასე მაგალითად, ესაიას 6:6-ის თანახმად, სერაფიმმა სამსხვერპლოდან მაშით (მელკახაჲიმ) გავარვარებული ნაკვერჩხალი აიღო.
სალამპრის მაშა და პატრუქის ნამწვის მოსაცილებელი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა (1მფ. 7:49, 50; 2მტ. 4:21, 22). მაშა ორად მოკეცილი იარაღი იქნებოდა პატრუქის ნამწვის ასაღებად, პატრუქის ნამწვის მოსაცილებელი კი — მაკრატლის მსგავსი, რომლითაც მომწვარ პატრუქს აშორებდნენ, თუმცა მათი ფორმის შესახებ ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს. კარავში მაშებით მოცილებულ პატრუქს გადაყრამდე საცეცხლურში, სავარაუდოდ, ასეთი ნარჩენებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში აგროვებდნენ (გმ. 37:23).