შეკითხვების ყუთი
◼ როგორ შეგვიძლია წიგნის შესწავლაზე გამოვავლინოთ ქრისტიანული მანერები?
ჩვეულებრივ, მეზობლები გვაკვირდებიან და ჩვენს საქციელზე ლაპარაკობენ; ზოგჯერ ჩვენი საქციელი მათზე მოქმედებს კიდეც (შეადარე 1 კორ. 4:9). ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურებს, გვსურს, რომ მათი კომენტარები და რეაქცია დადებითი იყოს (1 პეტ. 2:12). ეს ეხება წიგნის შესწავლაზე ჩვენს საქციელსაც. რადგან ამ შეხვედრების უმეტესობა სახლში ტარდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ნებისმიერ საკითხში კარგად მოვიქცეთ. მაგალითად, თუ მანქანების დასაყენებელი ადგილები შეზღუდულია, კარგი იქნებოდა ერთი მანქანით გვესარგებლა რამდენიმე ადამიანს, რათა მეზობლები არ შეგვეწუხებინა. მეზობლებისადმი პატივისცემა აღგვძრავდა, რომ დაუფიქრებლად ისე არ დაგვეყენებინა მანქანა, რომ სხვისთვის რაიმე დაბრკოლება შეგვექმნა.
ჩვენ ძალიან გვიხარია ერთმანეთთან შეხვედრა და ხშირად შეხვედრის დაწყებამდე და შეხვედრის შემდეგ ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს (მიქ. 2:12). კარგი მანერებისა და სხვებისადმი ყურადღების გამოვლენა იქნება, თუ ხმამაღლა არ ვისაუბრებთ (მათ. 7:12; გალ. 6:10). ქრისტიანული სიყვარული აგრეთვე აღგვძრავს, რომ ბავშვებს ეზოში სირბილის ნება არ დავრთოთ და თავიდან ავირიდოთ მეზობლების ქონებისთვის ამა თუ იმ სახის ზიანის მიყენება (იგავ. 29:15; 1 კორ. 13:4, 5). კარგ მანერებს გამოვავლენთ აგრეთვე იმით, რომ ღირსეულად მოვიქცევით იმ სახლში, სადაც წიგნის შესწავლა ტარდება. თუ ვინმე შეუფერებლად იქცევა, უხუცესებმა რჩევა უნდა მისცენ ასეთ ადამიანს და ამ დროს სიყვარული და სიმტკიცე გამოავლინონ. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ არ წამოიჭრას პრობლემები, რომლებიც მეზობლების უკმაყოფილებას გამოიწვევდა, სირთულეს შეუქმნიდა მასპინძელს, რომელმაც სტუმართმოყვარეობა გამოავლინა და შესწავლისთვის თავისი სახლის კარები გაგვიღო ან შეაწუხებდა იმ და-ძმებს, რომლებიც ამ კონკრეტულ წიგნის შესწავლას ესწრებიან.