ახლებური მიდგომა მოწაფეების მომზადების გადაუდებელი საქმისადმი
1 ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ‘მოემოწაფათ ყველა ხალხი’. ეს მოითხოვდა გაძლიერებული ქადაგებისა და სწავლების წამოწყებას. მათ უნდა განევრცოთ თავიანთი საქმიანობა მთელ მსოფლიოში (მათ. 28:19, 20; საქ. 1:8). მიიჩნევდნენ მოწაფეები ამ დავალებას ძნელად სატარებელ ტვირთად? მოციქული იოანე არ მიიჩნევდა. მას შემდეგ, რაც 65 წელი მოწაფეების მომზადების საქმეში გაატარა, იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოან. 5:3).
2 პირველი ქრისტიანების საქმიანობის შესახებ ბიბლიური ჩანაწერი ამტკიცებს, რომ ისინი გადაუდებლად იღვწოდნენ, შეესრულებინათ დავალება იესო ქრისტეს მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით (2 ტიმ. 4:1, 2). ისინი ამას მოვალეობის მიზნით კი არ აკეთებდნენ, არამედ ძლიერი სურვილით — განედიდებინათ ღმერთი და ხალხისთვის ეუწყებინათ გადარჩენის იმედი (საქ. 13:47–49). ვინაიდან ყველა, ვინც მოწაფე ხდებოდა, შემდეგ თავად ასწავლიდა სხვებს, ქრისტიანული კრება პირველ საუკუნეში სწრაფად იზრდებოდა (საქ. 5:14; 6:7; 16:5).
3 მოწაფეების მომზადების საქმე ჩქარდება. მოწაფეების მომზადების უდიდესი საქმე მეოცე საუკუნეში დასასრულს უახლოვდება! ამ დროისთვის მილიონობით ადამიანი კეთილგანწყობით ხვდება კეთილ ცნობას და მის თანახმად მოქმედებს (ლუკ. 8:15). რადგან არსებული სისტემის დრო სწრაფად გადის, „ერთგული და გონიერი მონა“ უზრუნველგვყოფს საშუალებებით, რომლებიც შესაძლებელს ხდის, რომ გულწრფელმა ადამიანებმა სწრაფად შეისწავლონ ჭეშმარიტება (მათ. 24:45).
4 1995 წელს მივიღეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, რასაც 1996 წელს მოჰყვა ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. 1996 წლის 1 თებერვლის ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“, მე-9 გვერდზე, წიგნ „შემეცნების“ შესახებ ნათქვამია: „ეს 192 გვერდიანი წიგნი ადამიანმა შეიძლება შეისწავლოს შედარებით მოკლე დროში და ისინი, ვინც ‘საუკუნო სიცოცხლისთვის არიან განწესებული’, შეძლებენ, საკმაო ცოდნა შეიძინონ ამ შესწავლით, რომ თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ“ (საქ. 13:48).
5 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში, სათაურით «როგორ მოვამზადოთ მოწაფეები წიგნით „შემეცნება“ », დასახულია შემდეგი მიზანი: „შემსწავლელის ვითარებებისა და უნარის მიხედვით, ალბათ, შეძლებ, რომ თავების უმეტესობიდან თითოეული თითო შესწავლაზე გაიარო აუჩქარებლად, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება. მოსწავლე უკეთესად წაიწევს წინ, თუ მასწავლებელიც და თვითონაც ყოველკვირეულად დანიშნულ შესწავლას არ გააცდენენ“. სტატია განაგრძობს: «უნდა ელოდო, რომ, დროთა განმავლობაში, წიგნის, „შემეცნების“, შესწავლის დასრულების შემდეგ პიროვნების ღვთისადმი მსახურების გულახდილი და ღრმა ინტერესი გამოაშკარავდება». 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთში ნათქვამია: „ეფექტურ მასწავლებელს მოეთხოვება, დაეხმაროს ჩვეულებრივ შემსწავლელს, შედარებით მოკლე დროში აითვისოს საკმაო ცოდნა, რათა შეგნებულად მიიღოს გადაწყვეტილება, ემსახუროს იეჰოვას“.
6 წიგნ „შემეცნებას“ შედეგები მოაქვს. ახალგაზრდა ქალმა თავისი მონათვლის დღეს მოგვითხრო, თუ რას გრძნობდა წიგნ „შემეცნების“ შესწავლისას. დიდი ხნის განმავლობაში ის სწავლობდა წიგნ „მარადიულ ცხოვრებას“. როდესაც წიგნი „შემეცნება“ გამოვიდა, დამ შესწავლა ამ ახალი წიგნით განაგრძო. დაინტერესებულმა მალევე დაინახა, რომ ეს მისგან გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა და იმ დროიდან სწრაფი წინსვლის სურვილი გაუჩნდა. ახალგაზრდა ქალი, ამჟამად ჩვენი და, ამბობს: «წიგნი „მარადიული ცხოვრება“ დამეხმარა, შემეყვარა იეჰოვა, ხოლო „შემეცნებამ“ მიმაღებინა გადაწყვეტილება, მემსახურა მისთვის».
7 ყურადღება მიაქციე, თუ რა სწრაფად შეისწავლა სხვა ქალმა ჭეშმარიტება. მეორე შესწავლის შემდეგ სამეფო დარბაზში კრების შეხვედრას დაესწრო სარაიონო ზედამხედველის მონახულებისას. იმავე კვირას, მესამე შეხვედრის დროს, სარაიონო ზედამხედველს უთხრა, რომ იეჰოვას თავი მიუძღვნა და სურდა მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო. ის შეხვდა უხუცესებს, რომლებმაც მაუწყებლობის ნება დართეს და მომდევნო კვირიდან სამქადაგებლო მსახურება დაიწყო. ის იმდენად დაინტერესდა ბიბლიის შესწავლით, რომ სამსახურიდან შვებულება აიღო, რათა კვირაში ორი ან სამი შესწავლა ჰქონოდა და ქადაგებისთვის მეტი დრო დაეთმო. ზოგ შემთხვევაში ერთ შეხვედრაზე ისინი ორ ან სამ თავს გადიოდნენ. ქალმა ცხოვრებაში იმის გამოყენება დაიწყო, რასაც სწავლობდა, ოთხ კვირაში დაამთავრა წიგნ „შემეცნების“ შესწავლა და მოინათლა!
8 ერთი დის ქმარი ამბობს, რომ „ტიპიური ურწმუნო მეუღლე“ იყო. ერთ დღეს ძმამ შესთავაზა ბიბლიის შესწავლა წიგნ „შემეცნებით“ იმ პირობით, რომ მამაკაცს შეეძლო მიეტოვებინა შესწავლა პირველივე შესწავლისთანავე ან შემდეგ ნებისმიერ დროს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სიბეჯითით არ გამოირჩეოდა და 20 წლის განმავლობაში არავითარი რელიგიური ლიტერატურა არ ჰქონდა წაკითხული, ქმარი დასთანხმდა. როგორი იყო მისი რეაქცია წიგნ „შემეცნების“ შესწავლაზე? მან თქვა: «ნამდვილი ბედნიერება იყო იმის აღმოჩენა, რომ ეს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო ასე მარტივი ენით იყო დაწერილი. ინფორმაცია ისე გასაგებად და ლოგიკურად იყო წარმოდგენილი, რომ მალე მოუთმენლად და დიდი მონდომებით ველოდებოდი შემდგომ შესწავლას. ჩემი მასწავლებელი ოსტატურად მიჰყვებოდა საზოგადოების მიერ დადგენილ მეთოდს მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით და იეჰოვას სულიწმიდის დახმარებით ოთხი თვის შემდეგ მოვინათლე. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ, თუ მოწაფეების მომზადებისადმი სიყვარულს გამოვავლენთ, განვაგრძობთ გულმართალი ადამიანების ძებნას სამქადაგებლო მსახურებაში, გამოვიყენებთ წიგნ „შემეცნებას“ და საზოგადოების მიერ გამოცემულ ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სხვა პუბლიკაციებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვილოცებთ იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის, განსაკუთრებული უპირატესობა გვექნება, წვლილი შევიტანოთ მოწაფეების მომზადების საქმეში». ზემოხსენებული ნამდვილად გამონაკლისი შემთხვევებია. დაინტერესებულების უმრავლესობა ასე სწრაფად ვერ აღწევს წარმატებას.
9 შემსწავლელები სხვადასხვა სიჩქარით მიიწევენ წინ. უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც მასწავლებლების, ისე შემსწავლელების უნარი ღვთის სიტყვის შესწავლაში შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს. სულიერი ზრდა შეიძლება ნელა ან სწრაფად მიმდინარეობდეს. ზოგი შემსწავლელი რამდენიმე თვეში აღწევს წარმატებას, მაშინ როცა სხვებს უფრო მეტი დრო ესაჭიროებათ. პიროვნების სულიერი ზრდის სიჩქარეზე მოქმედებს მისი განათლების დონე, თუ რამდენად აფასებს სულიერ საკითხებს და რამდენად ღრმად ესმის იეჰოვასადმი მიძღვნის მნიშვნელობა. ვისაც ვასწავლით, ყველა როდი გამოიჩენს ‘მთელ გულმოდგინებას’, რომ ყოველდღიურად შეისწავლოს ბიბლია, როგორც ამას ძველი დროის ბერეელები აკეთებდნენ (საქ. 17:11, 12).
10 ამიტომაც 1998 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში — „საჭიროა ბიბლიის მეტი შესწავლები“ — მოცემულია რეალური მითითება: „რა თქმა უნდა, ბიბლიის ყოველი შემსწავლელი ერთნაირად არ გაიზრდება სულიერად. ზოგს არ შეუძლია, როგორც სხვებს, სწრაფად აითვისოს ნასწავლი საკითხები. ზოგი ძალიან დაკავებულია და არ შეუძლია გამოყოს დრო მთელი თავის წასაკითხად კვირის განმავლობაში. ამიტომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი იყოს ერთზე მეტი შეხვედრის ჩატარება განსაზღვრული თავების შესასწავლად და რამდენიმე დამატებითი თვე — წიგნის დასამთავრებლად“.
11 მოწაფეების მომამზადებლები გაწონასწორებულ თვალსაზრისს ინარჩუნებენ. აუცილებელია შესწავლის სიჩქარე განვსაზღვროთ დაინტერესებულის მდგომარეობისა და უნარის მიხედვით. რადგანაც მოგვიწოდებენ, რომ შესწავლა დავიწყოთ ბროშურით „რას მოითხოვს“, მის დასამთავრებლად შეიძლება ორი ან სამი თვე იყოს საჭირო, სანამ გადავალთ „შემეცნებაზე“. თუ გამოვიყენებთ 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მოცემულ ყველა რჩევას, „შემეცნების“ დამთავრებას შეიძლება კიდევ ექვსიდან ცხრა თვემდე დასჭირდეს. ზოგი, ვინც ახლახან დაიწყო შესწავლა „შემეცნებით“, გადავიდა ბროშურაზე „რას მოითხოვს“, რომ დახმარებოდა შემსწავლელს უფრო სწრაფად შეესწავლა ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებები, შემდეგ კი კვლავ „შემეცნებას“ დაუბრუნდა. თუ შესწავლა დაწყებულია „შემეცნებით“ და წარმატებით მიმდინარეობს, წიგნის დამთავრების შემდეგ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბროშურის „რას მოითხოვს“ შესწავლა. ასეთნაირად სწრაფად გავიმეორებთ ღვთის სიტყვის ძირითად ჭეშმარიტებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი სურვილი არ არის, რომ სიჩქარის გამო შემსწავლელს საშუალება არ მივცეთ, ნათლად გაერკვეს მასალაში. ყოველ შემსწავლელს ესაჭიროება მყარი საფუძველი ღვთის სიტყვის ახლად შეძენილი რწმენისთვის.
12 იმის გათვალისწინებით, თუ რა დროში ვცხოვრობთ, უწინდელთან შედარებით დღეს უფრო სასწრაფოა, დავეხმაროთ სხვებს ჭეშმარიტების შესწავლაში. გარდა ამისა, გამუდმებით უნდა ვილოცოთ ბიბლიის ახალი შესწავლების დაწყებისთვის; უნდა ვილოცოთ მათთვის, ვისაც უკვე ვასწავლით ჭეშმარიტებას. შემდეგ სიხარულს მოგვანიჭებს უფრო და უფრო მეტი მოწაფის მონათვლა „ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათ. 28:20).