„თესეთ სამეფოს თესლი“ ჟურნალების დატარების მარშრუტზე
1 წიგნში „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“ სიმღერა №133-ის სათაურია „თესეთ სამეფოს თესლი“. ის დაფუძნებულია იესოს თვალსაჩინო მაგალითზე, სადაც მოწაფეების მომზადების საქმე თესლის თესვასთანაა შედარებული (მათ. 13:4–8, 19–23). სიმღერაში ნათქვამია: „კარგ მიწაზე თესლის დათესვა არის შენზე დამოკიდებული“. როგორ შეგვიძლია მსახურების გაუმჯობესება? ერთ-ერთი საშუალებაა ჟურნალების დატარების მარშრუტის დადგენა და შენარჩუნება.
2 ჟურნალების დატარების მარშრუტით შეიძლება მივაღწიოთ სხვადასხვა მიზანს. 1) ორ კვირაში ერთხელ დაინტერესებული პიროვნების რეგულარული მონახულება მასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში დაგეხმარება. 2) ამ ადამიანს რეგულარულად აწვდი სიცოცხლის მომცემ ინფორმაციას, რომელიც „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-შია მოცემული. 3) შენი საუბრებით შეიძლება დაეხმარო ადამიანს გაუჩნდეს ბიბლიური ჭეშმარიტების მიღების სურვილი, რის შედეგადაც ბიბლიის შესწავლა შეიძლება დაიწყოს (1 პეტ. 2:2).
3 როგორ დავიწყოთ ჟურნალების დატარების მარშრუტი. თუ პიროვნება ინტერესს გამოავლენს ჟურნალებისადმი, აუხსენი, რომ ყოველ ნომერში მეტად საინტერესო სტატიებია და რომ სიამოვნებით მიაწვდიდი ორ კვირაში ერთხელ მათ. დამშვიდობების შემდეგ ჩაიწერე პიროვნების სახელი და მისამართი, თარიღი, შეთავაზებული ნომრები და სტატია და საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებდა.
4 დატარების მარშრუტი შეგიძლია მაშინაც დაიწყო, თუ ცოტანი არიან. შემდეგ შეეცადე, გაზარდო იმ პიროვნებებით, რომლებსაც ჟურნალებს დაუტოვებ. თუ მარშრუტი იზრდება, შეეცადე ტერიტორიულად გაუწიო ორგანიზება, რათა იოლი იყოს მისი დასრულება. ყურადღებით აღრიცხე, თუ თითოეულ მონახულებაზე რომელი ნომრები შესთავაზე და როდის. აგრეთვე ჩანაწერები გააკეთე თქვენი საუბრებისა და იმის შესახებ, თუ როგორ გააღვივო პიროვნების ინტერესი ჭეშმარიტებისადმი შემდეგი მონახულებისას.
5 ჩართე საქმიანი ადამიანები. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მაღაზიების მფლობელები და სხვა პროფესიის ადამიანებიც იღებენ ჩვენს ჟურნალებს რეგულარულად. ერთ უხუცესს ქალაქის მერიც კი ჰყავდა დატარების მარშრუტში. ერთმა მაუწყებელმა სამშენებლო მასალებით მომარაგების კომპანიის 80 წლის პრეზიდენტთან შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზუსტად ათი წელი მიჰქონდა ჟურნალები!
6 პიონერი და მაღაზიაში შეხვდა ერთ წყვილს, რომელმაც არცთუ ისე თბილად მიიღო ის. მიუხედავად ამისა, რადგან მათ აიღეს ჟურნალები, დამ გადაწყვიტა, რომ ისინი ჟურნალების დატარების მარშრუტში ჩაერთო. გარკვეული დროის შემდეგ დას მათთან გული აღარ მიუწევდა, რადგან ისინი არც ისე მეგობრულად იყვნენ განწყობილი და არც ძალიან ბევრს საუბრობდნენ, მაშინაც კი როცა და მათი თვალსაზრისის გაგებას ცდილობდა. მაგრამ და ლოცულობდა ამის შესახებ და საბოლოოდ წიგნი „მარადიული ცხოვრება“ დაუტოვა. წაკითხვის შემდეგ ცოლმა თქვა: „როგორც იქნა! ვიპოვე ჭეშმარიტება!“. შედეგად ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული და ეს წყვილი მოინათლა. პიონერის გულმოდგინებამ ნაყოფი გამოიღო.
7 განმეორებით მოინახულე. ახალი ჟურნალი მიღებისთანავე წაიკითხე. დაუკვირდი იმ საკითხებს, რომლებიც მიიზიდავს დატარების მარშრუტზე თითოეულ პიროვნებას. შემდეგი მონახულებისას თქვი: „როცა ამ სტატიას ვკითხულობდი, ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო“. ყველა ასაკის მაუწყებელს შეუძლია ჰქონდეს ჟურნალების დატარების მარშრუტი. ბავშვსაც კი შეუძლია თქვას: «გამარჯობათ. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ნომრები მოგიტანეთ. ვფიქრობ, ეს სტატია. . . ძალიან მოგეწონებათ».
8 მომდევნო სტატიებისადმი ინტერესი აღძარი ჩარჩოსადმი — „მომდევნო ნომერში“ — ყურადღების მიპყრობით. როდესაც სტატიების სერიაა, აღნიშნე ეს და წაახალისე მკითხველი, რომ არცერთი ნაწილი არ გამოტოვოს. არ დაგავიწყდეს, რომ შენი დატარების მარშრუტზე მკითხველისთვის ჟურნალების ყოველი მიტანა განმეორებით მონახულებად გეთვლება. და რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია ეს მიკითხებები გადავზარდოთ ბიბლიის საშინაო შესწავლებში.
9 რეგულარულად მიაკითხე შენს მარშრუტზე ადამიანებს. ჟურნალების დატარების მარშრუტზე შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ მოსახერხებელ დროს — იქნება ეს კვირის განმავლობაში დილით, შუადღეს, საღამოს პირას თუ შაბათ-კვირას კარდაკარ მსახურების შემდეგ. თუ ავადმყოფობის ან შვებულების გამო არ შეგიძლია შენს მარშრუტზე მისვლა, დახმარება სთხოვე შენი ოჯახის წევრს ან კრებაში მაუწყებელს, რომ დაატაროს ჟურნალები. ამგვარად დატარების მარშრუტზე მყოფი ადამიანები დროულად მიიღებენ ჟურნალებს.
10 სამეფოს თესლის თესვის ერთი საშუალებაა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის რეგულარულად მიწოდება, ჟურნალების დატარების მარშრუტზე. რადგან მათ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლი, ისინი შეიძლება გონებით ჩასწვდნენ სამეფოს სიტყვას და შენთან ერთად გამოიღონ სამეფოს ნაყოფი (მათ. 13:8, 23).