დახმარება, რომელსაც მალევე ჰპოვებ
1 ანას, ქრისტიან დას, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, სამსახურის გამო გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ის ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად ვერ ესწრებოდა. მას არც ღვთის სიტყვის პირადი შესწავლისთვის რჩებოდა დრო და არც ქადაგებისთვის. ანა არააქტიური მაუწყებელი გახდა, მაგრამ იეჰოვასადმი სიყვარული არ განელებია. საბედნიეროდ, მან მიიღო მზრუნველი უხუცესებისგან სულიერი დახმარება.
2 ქრისტიანული კრების მიერ შემოთავაზებული სულიერი დახმარების მიღება იმაზე მეტყველებს, რომ დასუსტებული ქრისტიანი იეჰოვას ენდობა. კრების უხუცესები იესოს ჰბაძავენ სიყვარულის გამოვლენაში და მზად არიან, გაამხნევონ და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სულიერად მოსუსტებულებს (1 თეს. 5:14). ხშირად, გამამხნევებელ მუხლებზე დაფუძნებულ თბილ სიტყვებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. დასუსტებულის დახმარება მხოლოდ უხუცესების მოვალეობა არ არის; ეს ყველა ქრისტიანის ვალია. უდავოა, ყველას გამოგვიცდია, რა ძალა აქვს კარგად მოფიქრებულ, დროულად ნათქვამ სიტყვას (იგავ. 25:11; ეს. 35:3, 4).
3 გამოავლინე ინიციატივა: სულიერად მოსუსტებულის დასახმარებლად სიყვარული და ყურადღება რომ გამოვავლინოთ, საჭიროა, საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა, ვიყოთ გულისხმიერები და გულწრფელები. როდესაც იონათანმა დავითის გაჭირვების ამბავი გაიგო, „მივიდა დავითთან ტყეში და გაამხნევა“ (1 მეფ. 23:15, 16). როცა სხვებს ეხმარები, ეს რბილად და ტაქტიანად გააკეთე. თუ შენს სიტყვებში ნამდვილი მზრუნველობა ჩანს, ამას კარგი შედეგები მოჰყვება. იესომ თვალსაჩინო მაგალითში კარგად აღწერა, რომ სულიერი დის ან ძმის შესაძენად საჭიროა გულმოდგინება და მიზანმიმართული მცდელობა (ლუკ. 15:4). სხვისი დახმარების გულწრფელი სურვილი აღგვძრავს, დახმარება მაშინაც განვაგრძოთ, როცა ვხედავთ, რომ პიროვნება სწრაფად ვერ მიიწევს წინ.
4 ნამდვილად გამამხნევებელია, როცა ინიციატივას ვავლენთ და მათ, რომლებიც ჩვენს წიგნის შესწავლაში არიან, მსახურებაში ვეპატიჟებით. მოსუსტებულ თანაქრისტიანთან ერთად მსახურება შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტის გაკეთებისკენ წავახალისოთ. მსახურებაში გატარებული ეს სასიხარულო წუთები განსაკუთრებით გამამხნევებელია მათთვის, რომლებიც ცდილობენ სულიერი წონასწორობის აღდგენას.
5 სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა: მათ, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში არ ქადაგებდნენ ან კრებებს არ ესწრებოდნენ, რწმენის გასაძლიერებლად შესაძლოა დამატებითი დახმარება დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება შესწავლა ისეთი წიგნების გამოყენებით ჩატარდეს, როგორიცაა „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“, „დაუახლოვდი იეჰოვას“ ან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ვინაიდან პიროვნება უკვე მონათლულია, შესწავლა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ საჭიროებს ასეთი სახის დახმარებას. იხილეთ 1998 წლის ნოემბრისა და 2000 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთი.
6 ზემოთ მოხსენიებულმა ანამ მადლიერებით მიიღო უხუცესების დახმარება, სულიერად მოწიფულ დას მასთან ბიბლიის შესწავლა ჩაეტარებინა. სულ რაღაც ოთხი შესწავლის შემდეგ ანა კვლავ დაუახლოვდა იეჰოვას. მან ისევ დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული და ხელახლა გაუჩნდა იეჰოვას სახალხოდ განდიდების სურვილი. მოწიფული და ანას იმ მხრივაც დაეხმარა, რომ შესწავლებზე დაჰყავდა, სანამ ანა მზად იქნებოდა კარდაკარ მსახურებისთვის. სულიერი წონასწორობის აღსადგენად ანას ნამდვილად სჭირდებოდა დახმარების ხელი!
7 დასუსტებულის სულიერად გაძლიერებას ყველასთვის მოაქვს კურთხევები. ის, ვისაც დახმარება აღმოუჩინეს, სიხარულს განიცდის იეჰოვასთან დაახლოებით და იმით, რომ ღვთის ორგანიზაციაში აქტიურად მსახურობს. უხუცესებს ახარებთ ასეთი სულიერი პროგრესის ხილვა (ლუკ. 15:5, 6). კრება ერთ მუშტად არის შეკრული, რადგან ყველა სიყვარულით ზრუნავს ერთმანეთზე (კოლ. 3:12—14). მართლაც გვაქვს იმის მიზეზი, მივბაძოთ იეჰოვას, რომელიც დახმარებას დროულად გვთავაზობს! (ეფეს. 5:1).
[სასწავლო კითხვები]
1. როგორ შეიძლება ქრისტიანი სულიერად მოსუსტდეს?
2. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს აჩვენონ, რომ მზად არიან დასუსტებულისთვის დროული დახმარების გასაწევად?
3, 4. როგორ შეგვიძლია სხვების დახმარება?
5. როგორი სახის დახმარება შეიძლება ზოგჯერ შესთავაზონ უხუცესებმა სულიერად მოსუსტებულებს?
6. როგორ აღიდგინა ანამ სულიერი ძალები?
7. რა კურთხევები მოაქვს სხვების სულიერად გაძლიერებას?