მარკოზი
1 იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დასაწყისი, 2 როგორც ესაია წინასწარმეტყველს უწერია: «(აი, ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს).+ 3 ყური დაუგდეთ! უდაბნოში ვიღაც ღაღადებს: „მოამზადეთ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი“».+ 4 გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა ნათლობას, რომელიც მონანიების ნიშანია, ცოდვების მისატევებლად.+ 5 მთელი იუდეა და იერუსალიმი მასთან მიდიოდა. აღიარებდნენ ცოდვებს და ისიც მდინარე იორდანეში ნათლავდა მათ.+ 6 იოანე აქლემის ბეწვით იყო შემოსილი, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა,+ კალიებითა+ და ველური თაფლით+ იკვებებოდა 7 და ასე ქადაგებდა: „ჩემ შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის. მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და სანდლის თასმები გავუხსნა.+ 8 მე წყლით მოგნათლეთ, ის კი წმინდა სულით* მოგნათლავთ“.+
9 იმ დღეებში გალილეის ნაზარეთიდან მოვიდა იესო და იოანემ ის იორდანეში მონათლა.+ 10 ამოვიდა თუ არა წყლიდან, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე.+ 11 და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“.+
12 სულმა მაშინვე აღძრა იესო, რომ უდაბნოში წასულიყო.+ 13 ორმოცი დღე იყო უდაბნოში+ და სატანა ცდილობდა ეცდუნებინა ის.+ მხეცებს შორის იყო იესო, მაგრამ ანგელოზები ემსახურებოდნენ.+
14 იოანეს შეპყრობის შემდეგ იესო გალილეაში+ წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა.+ 15 ასე ამბობდა: „დანიშნული დრო ამოიწურა+ და მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ+ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“.
16 ერთხელ, როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა სიმონი+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ და ბადეებს ისროდნენ ზღვაში.+ 17 იესომ უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“.+ 18 მათ მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+ 19 ცოტა გაიარა და ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე დაინახა, რომლებიც ნავში ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულები,+ 20 და მაშინვე მოუხმო მათ. მათაც დატოვეს თავიანთი მამა, ზებედე და ნავში მყოფი მოჯამაგირეები და გაჰყვნენ მას. 21 ისინი კაპერნაუმის+ გზას დაადგნენ.
როგორც კი დადგა შაბათი, ის სინაგოგაში შევიდა და ხალხს ასწავლიდა. 22 ხალხი განაცვიფრა იმან, თუ როგორ ასწავლიდა,+ რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები.+ 23 სწორედ იმ დროს სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი იყო და ყვიროდა:+ 24 „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი+ ვინცა ხარ — ღვთის+ წმინდა“.+ 25 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“+ 26 უწმინდურმა სულმა ის კაცი კრუნჩხვებში ჩააგდო, მთელი ხმით დაიყვირა და გამოვიდა.+ 27 ხალხი იმდენად განცვიფრდა, რომ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა: „ეს რა არის? რაღაც ახალი სწავლებაა! არაწმინდა სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“.+ 28 მისი ამბავი მაშინვე მთელ გალილეას მოედო.+
29 ისინი მაშინვე გამოვიდნენ სინაგოგიდან და სიმონისა+ და ანდრიას სახლში წავიდნენ. იაკობი და იოანეც მათთან იყვნენ. 30 სიმონის სიდედრს+ ციებ-ცხელება ჰქონდა და იწვა.+ ეს მაშინვე აცნობეს იესოს. 31 იგი მივიდა მასთან, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქალს ციებ-ცხელებამ გაუარა+ და მოემსახურა მათ.+
32 როცა მოსაღამოვდა, მზის ჩასვლისას, ხალხს მასთან ავადმყოფები+ და დემონებით შეპყრობილები მიჰყავდა.+ 33 მთელ ქალაქს კართან მოეყარა თავი. 34 ის კი სხვადასხვა სნეულებით დაავადებულ უამრავ ავადმყოფს კურნავდა,+ დემონებს დევნიდა და ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა, რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო.+
35 დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ადგა, გარეთ გავიდა, ერთ უკაცრიელ ადგილას+ მივიდა და იქ ლოცულობდა.+ 36 სიმონი და მასთან ერთად მყოფები გაცხარებით ეძებდნენ 37 და როცა იპოვეს, უთხრეს: „ყველა შენ გეძებს“. 38 მან კი მიუგო: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო,+ რადგან ამისთვის ვარ მოსული“.+ 39 წავიდა და მთელი გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა და დემონებს დევნიდა.+
40 მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა და შეევედრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“.+ 41 იესოს გული დაეწვა,+ ხელი გაუწოდა, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“+ 42 მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიწმინდა.+ 43 იესომ დაუყოვნებლივ გაუშვა და თან მკაცრად გააფრთხილა: 44 „იცოდე, არავის არაფერი მოუყვე. წადი, მღვდელს ეჩვენე+ და შენი განწმენდისთვის შესწირე ის, რაც მოსემ დააწესა,+ მათთვის დასამოწმებლად“.+ 45 ის კი წავიდა და ყველასთან დაიწყო ამაზე ლაპარაკი და ამის გახმაურება. იესო ისე თავისუფლად ვეღარ შედიოდა ქალაქში და ამიტომ გარეთ, უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა. ხალხი კი ყოველი მხრიდან მაინც მიდიოდა მასთან.+
2 რამდენიმე დღის შემდეგ იესო კვლავ კაპერნაუმში მივიდა. ხმა რომ გავარდა, სახლშიაო,+ 2 იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც კი აღარ იყო ადგილი. ის მათ სასიხარულო ცნობას+ გადასცემდა. 3 ოთხ კაცს ერთი დამბლადაცემული მიჰყავდა მასთან,+ 4 მაგრამ ხალხმრავლობის გამო პირდაპირ იესოსთან რომ ვერ მიიყვანეს, სახლს სახურავი იმ ადგილას აჰყარეს, სადაც იგი იყო, და დამბლადაცემული საკაცით ჩაუშვეს.+ 5 მათი რწმენა რომ დაინახა,+ იესომ დამბლადაცემულს უთხრა: „შვილო, გეპატია ცოდვები“.+ 6 იქვე რამდენიმე მწიგნობარი იჯდა და გულში მსჯელობდა:+ 7 „ასე რატომ ლაპარაკობს? ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?“+ 8 იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რაზეც მსჯელობდნენ და უთხრა მათ: „ასე რატომ მსჯელობთ გულში?+ 9 რის თქმა უფრო ადვილია დამბლადაცემულისთვის: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი, აიღე საკაცე და იარე?+ 10 რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს+ ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე,+ — დამბლადაცემულს უთხრა: — 11 შენ გეუბნები, ადექი, აიღე საკაცე და წადი სახლში“.+ 12 ისიც წამოდგა, მაშინვე აიღო საკაცე და ხალხის წინ გამოვიდა.+ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „მსგავსი არაფერი გვინახავს“.+
13 იესო ისევ ზღვისკენ წავიდა და მთელი ხალხი მასთან მიდიოდა. ის კი ასწავლიდა მათ. 14 გზად ალფეს ვაჟი ლევი+ დაინახა, რომელიც საგადასახადოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი“. ისიც ადგა და გაჰყვა.+ 15 მოგვიანებით, როცა იესო და მისი მოწაფეები სუფრასთან იყვნენ მის სახლში, მათთან ერთად იყო ბევრი ცოდვილი და გადასახადების ამკრეფი,+ რადგან მისი მიმდევრები გახდნენ.+ 16 მწიგნობრებმა და ფარისევლებმა კი, როცა დაინახეს, რომ იესო ცოდვილებთან და გადასახადების ამკრეფებთან ჭამდა, მის მოწაფეებს ჰკითხეს: „გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ჭამს?“+ 17 ამის გაგონებაზე იესომ უთხრა მათ: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“.+
18 იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ ხოლმე. ისინი მივიდნენ იესოსთან და ჰკითხეს: „იოანესა და ფარისევლების მოწაფეები რომ მარხულობენ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“+ 19 იესომ მიუგო: „განა იმარხულებენ ნეფის მეგობრები, სანამ ნეფე მათთან არის?+ სანამ ნეფე მათთან არის, ნეფის მეგობრები ვერ იმარხულებენ.+ 20 მაგრამ მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ და მაშინ იმარხულებენ.+ 21 ძველ მოსასხამს არავინ ადებს ისეთი ქსოვილის საკერებელს, რომელიც ჯერ არ შემდგარა, თორემ, როცა შედგება, ძველსაც მოხევს და ნახვრეტიც უფრო გადიდდება.+ 22 არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ, თუ ჩაასხეს, ღვინო დახეთქავს ტიკებს და დაიღვრება, ტიკები კი აღარაფრად ივარგებს.+ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“.+
23 შაბათს იესომ ყანაზე გაიარა. მისი მოწაფეები გზადაგზა თავთავებს+ გლეჯდნენ.+ 24 ამაზე ფარისევლებმა ჰკითხეს მას: „რატომ აკეთებენ შაბათს იმას, რაც ნებადართული არ არის?“+ 25 იესომ მიუგო: „არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა,+ როცა მას და მასთან მყოფებს გაუჭირდათ და მოშივდათ,+ 26 როგორ შევიდა ღვთის სახლში, უფროსი მღვდლის, აბიათარის+ შესახებ მონათხრობის თანახმად, შეჭამა წარსადგენი პური,+ რის ჭამაც მღვდლების გარდა არავისთვის იყო ნებადართული,+ და თავისთან მყოფებსაც მისცა?“+ 27 შემდეგ დასძინა: „შაბათი ადამიანისთვის არის+ და არა ადამიანი შაბათისთვის.+ 28 ამიტომ კაცის ძე შაბათის უფალიც არის“.+
3 ის კვლავ სინაგოგაში შევიდა; იქ ერთი ხელგამხმარი კაცი იყო.+ 2 ფარისევლები უთვალთვალებდნენ, განკურნავდა თუ არა იმ კაცს შაბათს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.+ 3 მან ხელგამხმარ კაცს უთხრა: „ადექი, შუაში გამოდი“. 4 შემდეგ ჰკითხა მათ: „ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება, სულის* ხსნა ან მოკვლა?“+ ხმას არავინ იღებდა. 5 მათი უგულობით აღშფოთებულმა და უზომოდ დამწუხრებულმა,+ თვალი მოავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და მოურჩა.+ 6 მაშინ ფარისევლები გავიდნენ და ჰეროდეს+ მომხრეებთან დაიწყეს მსჯელობა, რათა მოეკლათ იგი.+
7 იესო მოწაფეებთან ერთად იქაურობას გაეცალა და ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან.+ 8 იერუსალიმიდან და იდუმეიდან, იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა+ და სიდონის შემოგარენიდანაც კი უამრავი ხალხი მივიდა მასთან, როცა გაიგეს, რამდენ რამეს აკეთებდა. 9 მან უთხრა თავის მოწაფეებს, პატარა ნავი ყოველთვის მზად ჰქონოდათ, თუ ხალხი შეავიწროებდა, 10 რადგან უამრავ ხალხს კურნავდა და მძიმედ დაავადებულები ზედ აწყდებოდნენ, რომ შეხებოდნენ.+ 11 უწმინდური სულებიც*+ კი, დაინახავდნენ თუ არა, მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+ 12 მან კი არაერთხელ გააფრთხილა ისინი მკაცრად, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა.+
13 შემდეგ მთაზე ავიდა, მოუხმო მათ, ვინც მას უნდოდა,+ და ისინიც გაჰყვნენ.+ 14 ამოარჩია თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა, რათა მასთან ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად+ 15 და ჰქონოდათ დემონების განდევნის ძალაუფლება.+
16 აი მისი ამორჩეული თორმეტი: სიმონი, რომელსაც პეტრე+ შეარქვა, 17 ზებედეს ვაჟი იაკობი და იაკობის ძმა იოანე+ (მათ შეარქვა ბოანერგესი, რაც ქუხილის ძეებს ნიშნავს), 18 ანდრია, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი, თადეოზი, სიმონ კანანელი 19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.+
სახლში რომ მივიდა, 20 კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ჭამის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ მათ.+ 21 ეს რომ მისმა ნათესავებმა+ გაიგეს, თქვეს, ჭკუაზე შეიშალაო,+ და მის წამოსაყვანად წავიდნენ. 22 იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები კი ამბობდნენ: „ბელზებელი* ჰყავს და დემონების მმართველის დახმარებით დევნის დემონებს“.+ 23 იესომ მოუხმო მათ და მაგალითი მოუყვანა: „როგორ განდევნის სატანა სატანას? 24 სამეფო, რომელიც თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა, გაპარტახდება,+ 25 და სახლი, რომელიც თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა, დაიქცევა.+ 26 და თუ სატანა თავის თავს აღუდგა წინ და თავისივე წინააღმდეგ გაიყო, ვერ გაძლებს, რადგან აღსასრული უახლოვდება.+ 27 ვერავინ, ვინც ძლიერი კაცის სახლში შევა, ვერ გაიტაცებს+ ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავს. მერე კი გაუძარცვავს სახლს.+ 28 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ადამიანის შვილებს ყველანაირი ცოდვა, მკრეხელობა და გმობა ეპატიებათ,+ 29 მაგრამ ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“.+ 30 ეს იმიტომ უთხრა, რომ ამბობდნენ, უწმინდური სულიაო მასში.+
31 მივიდნენ დედამისი და მისი ძმები,+ გარეთ დადგნენ და დასაძახებლად ვიღაცა შეუგზავნეს.+ 32 ირგვლივ ხალხი ეჯდა, რომლებმაც უთხრეს: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ არიან და გეძებენ“.+ 33 მან მიუგო: „ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?“+ 34 ირგვლივ მსხდომთ თვალი მოავლო და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+ 35 ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.+
4 იესო კვლავ ზღვის პირას ასწავლიდა.+ მის მახლობლად იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შეცურა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+ 2 ბევრ რამეს ასწავლიდა მათ მაგალითებით+ და ეუბნებოდა:+ 3 „მოისმინეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.+ 4 თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.+ 5 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა;+ 6 მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.+ 7 ზოგიც ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.+ 8 ზოგი კი კარგ მიწაზე+ დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — ოცდაათი, ზოგმა — სამოცი და ზოგმაც — ასი“.+ 9 შემდეგ დასძინა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
10 ხალხი რომ დაიშალა, იესოსთან დარჩენილებმა და თორმეტმა შეკითხვები დაუსვეს მოყვანილ მაგალითებზე.+ 11 მან უთხრა მათ: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ გარეშეებს კი ყველაფერს მაგალითებით ველაპარაკები,+ 12 რათა, თუმცა იყურებიან, უყურონ, მაგრამ ვერ დაინახონ, თუმცა ისმენენ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ, ვერც მობრუნდნენ და არც ეპატიოთ“.+ 13 შემდეგ უთხრა მათ: „ეს მაგალითი თუ არ გესმით, სხვებს როგორღა გაიგებთ?
14 მთესველი თესავს სიტყვას.+ 15 აი ისინი, რომლებიც გზის პირას არიან, სადაც სიტყვა ითესება; როგორც კი მოისმენენ, სატანა მოდის+ და მიაქვს მათში ჩათესილი სიტყვა.+ 16 არიან კლდოვან ადგილზე დათესილებიც. როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ.+ 17 მათ ფესვი არა აქვთ და, თუმცა გარკვეული დროით რჩებიან, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდებიან.+ 18 არიან ეკლებში დათესილებიც, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა,+ 19 მაგრამ ქვეყნიერების* საზრუნავი,+ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა+ და სხვა ყველაფრის სურვილი+ იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება.+ 20 კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილგანწყობილებით იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“.+
21 შემდეგ უთხრა მათ: „განა იმისთვის გამოაქვთ ლამპარი, რომ საწყაოს ანდა საწოლის ქვეშ დადგან? განა სალამპრეზე დასადგამად არ გამოაქვთ?+ 22 არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება, და საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება.+ 23 ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
24 მერე უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ.+ რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ,+ დიახ, ამაზე მეტიც მოგეცემათ.+ 25 ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“.+
26 შემდეგ განაგრძო: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე.+ 27 ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.+ 28 მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში. 29 როგორც კი მწიფდება ნაყოფი, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დრო მოვიდა“.
30 შემდეგ განაგრძო: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან როგორი მაგალითით აღვწეროთ?+ 31 ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე.+ 32 დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ყველა მწვანილეულზე დიდი ხდება და იმხელა ტოტები+ გამოაქვს, რომ ცის ფრინველები+ მის ჩრდილში იბუდებენ“.+
33 ბევრი ასეთი მაგალითით+ ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34 მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ყველაფერს უხსნიდა ცალკე.+
35 იმავე დღეს, საღამო ხანს, უთხრა მათ: „გაღმა გავიდეთ“.+ 36 ხალხი რომ გაუშვეს, ის იმავე ნავით წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. სხვა ნავებითაც გაჰყვნენ.+ 37 უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+ 38 ის კი კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?“+ 39 მან გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა.+ 40 შემდეგ უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ? ჯერ კიდევ არა გაქვთ რწმენა?“ 41 მათ ძალიან შეეშინდათ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“+
5 გავიდნენ ზღვის გაღმა, გერასელთა მხარეში.+ 2 როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, შემოხვდა სამარხებიდან გამოსული ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,+ 3 რომელსაც თავშესაფარი სამარხებს შორის ჰქონდა. აქამდე ჯაჭვებითაც კი ვერავინ კრავდა მას. 4 არაერთხელ შეუკრავთ ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამტვრევდა. არავის შესწევდა მისი დამორჩილების ძალა. 5 დღედაღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ქვებით ისერავდა სხეულს. 6 შორიდან დაინახა თუ არა იესო, მიირბინა მასთან და მდაბლად თაყვანი სცა. 7 მერე ხმამაღლა+ უთხრა: „რა მაქვს შენთან საერთო იესო, უზენაესის ძეო?+ ღმერთს გაფიცებ,+ არ დამტანჯო“.+ 8 ასე იმიტომ თქვა, რომ იესო ეუბნებოდა: „გამოდი ამ კაცისგან, უწმინდურო სულო“.+ 9 იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან მიუგო: „ლეგიონი,+ რადგან ბევრნი ვართ“.+ 10 ის ბევრს ეხვეწებოდა იესოს, რომ სულები არ გაეყარა იმ მხარიდან.+
11 იქვე, მთასთან, ღორების დიდი კოლტი+ ბალახს ჭამდა.+ 12 უწმინდური სულები შეეხვეწნენ იესოს, ღორებისკენ გაგვიშვი, მათში შევალთო. 13 მან ნება დართო და გამოსული უწმინდური სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და ორიათასამდე ღორი ერთმანეთის მიყოლებით დაიხრჩო.+ 14 ღორების მწყემსები გაიქცნენ და ეს ამბავი ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს. ხალხი მომხდარის სანახავად მივიდა.+ 15 იესოსთან მისულებმა დაინახეს ის დემონებით შეპყრობილი კაცი, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა. ჩაცმული იჯდა და საღი აზროვნება დაბრუნებოდა. ხალხი შეშინდა. 16 თვითმხილველებმაც უამბეს მათ, რა მოუვიდათ დემონებით შეპყრობილ კაცსა და ღორებს. 17 შემდეგ შეეხვეწნენ იესოს, იქაურობას გასცლოდა.+
18 იესო რომ ნავში ჯდებოდა, კაცი, რომელიც დემონებით იყო შეპყრობილი, ეხვეწებოდა, შენთან ერთად წამოვალო.+ 19 მან ნება არ დართო, მაგრამ უთხრა: „წადი სახლში შენიანებთან+ და უამბე ყველაფერი, რაც იეჰოვამ+ გაგიკეთა და როგორ შეგიწყალა“.+ 20 წავიდა იგი და დეკაპოლისში+ ყველას იმაზე ელაპარაკებოდა, რაც იესომ გაუკეთა. ყველას უკვირდა.+
21 როცა ნავით გამოღმა გამოვიდა, იესოსთან დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ის ზღვის პირას იყო.+ 22 მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და დაინახა თუ არა იესო, მის ფეხებთან დაემხო+ 23 და ბევრს ეხვეწებოდა: „გოგო ძალიან ცუდად მყავს. წამოდი, ხელი დაადე,+ რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“.+ 24 იესოც წავიდა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან და ზედ აწყდებოდა.+
25 მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი+ სისხლდენით იტანჯებოდა.+ 26 ექიმებისგან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი,+ მთელი სახსრები დახარჯა, მაგრამ არაფერმა უშველა და უარეს დღეში ჩავარდა. 27 იესოს ამბავი რომ გაიგო, ხალხში უკნიდან მიუახლოვდა მას და ტანსაცმელზე შეეხო,+ 28 რადგან თავისთვის ამბობდა, ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.+ 29 სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა და სხეულით იგრძნო, რომ მძიმე დაავადებისგან განიკურნა.+
30 იესომაც მაშინვე იგრძნო, რომ ძალა+ გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შემეხო ტანსაცმელზე?“+ 31 მოწაფეებმა მიუგეს: „ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება,+ შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო“. 32 იესომ მიმოიხედა, რომ დაენახა, ვინ შეეხო. 33 ის ქალი კი, რადგან იცოდა, რაც მოუვიდა, შიშითა და კანკალით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოუყვა.+ 34 იესომ უთხრა მას: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით.+ განიკურნე მძიმე დაავადებისგან“.+
35 ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან რამდენიმე კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული მოკვდა! რატომღა აწუხებ მოძღვარს?“+ 36 იესომ ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“.+ 37 პეტრეს, იაკობისა და მისი ძმის, იოანეს გარდა, არავის დართო ნება, რომ წაჰყოლოდნენ.+
38 ისინი მივიდნენ სინაგოგის წინამძღვრის სახლში. დაინახა იესომ, რომ ხალხი ჩოჩქოლებდა, ტიროდა და მოთქვამდა. 39 შევიდა და უთხრა მათ: „რას ჩოჩქოლებთ და ტირით? ბავშვი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+ 40 მათ ეს სიცილად არ ეყოთ. მან კი ყველა გარეთ გაუშვა, წაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თავისთან მყოფები და შევიდა იმ ოთახში, სადაც ბავშვი იწვა.+ 41 ხელზე ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „ტალითა კუმი“, რაც ასე ითარგმნება: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“+ 42 გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო იგი. იქ მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.+ 43 იესო უბრძანებდა მათ, არავის გაეგო+ ეს ამბავი. მერე კი თქვა, გოგონასთვის საჭმელი მიეცათ.
6 წავიდა იქიდან იესო და მშობლიურ მხარეში მივიდა. მოწაფეებიც უკან მიჰყვებოდნენ.+ 2 შაბათ დღეს მან სწავლება დაიწყო სინაგოგაში. მრავალი მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: „საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი?+ რატომ მიეცა მას ეს სიბრძნე და რატომ ხდება მისი ხელით ასეთი სასწაულები? 3 განა ეს დურგალი+ არ არის, მარიამის ვაჟი,+ იაკობის,+ იოსების, იუდასა და სიმონის ძმა,+ და მისი დები აქვე, ჩვენთან არ არიან?“ ბრკოლდებოდნენ ისინი მის გამო.+ 4 იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარის,+ ნათესავებისა და სახლის გარდა“,+ 5 და აღარ მოუხდენია იქ სასწაულები, მხოლოდ რამდენიმე უძლურს დაადო ხელი და განკურნა. 6 უკვირდა მათი ურწმუნოება. დადიოდა ახლომახლო სოფლებში და ასწავლიდა.+
7 მოუხმო თორმეტს, რომ ორ-ორად გაეგზავნა,+ და მისცა ძალაუფლება უწმინდურ სულებზე.+ 8 მითითებებიც მისცა, რომ ხელჯოხის მეტი გზაში არაფერი წაეღოთ: არც პური, არც საგზლის აბგა,+ არც სპილენძის ფული სარტყლით;+ 9 სანდლები შეეკრათ და გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წაეღოთ.+ 10 შემდეგ უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ,+ იქ დარჩით, სანამ წამოხვალთ იმ ადგილიდან.+ 11 სადაც არ მიგიღებენ და არ მოგისმენენ, იმ ადგილიდან წამოსვლისას მათთვის დასამოწმებლად ფეხებიდან ჭუჭყი დაიბერტყეთ“.+ 12 ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ, რათა ხალხს მოენანიებინა.+ 13 მრავალ დემონს დევნიდნენ,+ ბევრ ავადმყოფს ზეთს სცხებდნენ+ და კურნავდნენ.+
14 იესოს ამბავმა მეფე ჰეროდეს* ყურამდე მიაღწია, რადგან გაითქვა სახელი. ხალხი ამბობდა: „იოანე ნათლისმცემელი მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს ახდენს“.+ 15 ზოგი კი ამბობდა, ელიააო;+ ზოგიც — რომელიმე წინასწარმეტყველის მსგავსი წინასწარმეტყველიო.+ 16 ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა: „იოანე, რომელსაც თავი მოვკვეთე, მკვდრეთით აღმდგარა“.+ 17 ჰეროდემ თავად გაგზავნა კაცები, შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა თავისი ძმის ფილიპეს ცოლის ჰეროდიას გამო, რადგან ახლა თვითონ ჰყავდა ის ცოლად.+ 18 იოანეს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი ჰეროდესთვის, არა გაქვს ძმის ცოლის ყოლის უფლებაო.+ 19 ჰეროდია კი ბრაზობდა+ იოანეზე და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო,+ 20 რადგან ეშინოდა ჰეროდეს+ იოანესი, იცოდა, რომ მართალი და წმინდა კაცი+ იყო იგი და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მისი მოსმენის შემდეგ+ დიდ დაბნეულობაში ვარდებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდა.
21 დადგა ხელსაყრელი დრო,+ როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს+ ვახშამი გაუმართა დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეის წარჩინებულებს. 22 შემოვიდა ჰეროდიას ქალიშვილი, იცეკვა და ასიამოვნა ჰეროდესა და მის სტუმრებს.+ მეფემ უთხრა მას: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ“. 23 და დაუფიცა: „რასაც მთხოვ, მოგცემ,+ თუნდაც ჩემი სამეფოს ნახევარს“.+ 24 ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: „რა ვთხოვო?“ მან მიუგო: „იოანე ნათლისმცემლის თავი“.+ 25 მაშინვე შებრუნდა მეფესთან და სთხოვა: „მსურს ახლავე მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით“. 26 მეფე დიდად დამწუხრდა, მაგრამ ფიცისა და სტუმრების გამო უარი ვეღარ უთხრა.+ 27 მაშინვე გაგზავნა მეფემ თავისი მცველი და უბრძანა, იოანეს თავი მოეტანა. ისიც წავიდა, მოჰკვეთა მას საპყრობილეში თავი+ 28 და ქალიშვილს ლანგრით მიართვა, ქალიშვილმა კი — დედამისს.+ 29 ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში დაასვენეს.+
30 შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და აცნობეს ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს.+ 31 მან უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ+ და ცოტა დავისვენოთ“,+ რადგან ბევრი ხალხი მიდი-მოდიოდა და საჭმელადაც კი ვეღარ იცლიდნენ.+ 32 მარტოები წავიდნენ ნავით უკაცრიელ ადგილას.+ 33 ხალხმა დაინახა, რომ მიდიოდნენ, ბევრმაც შეიტყო ეს, ერთად გაიქცნენ ყველა ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ.+ 34 ნავიდან გადმოსვლისას იესომ უამრავი ხალხი დაინახა და გული დაეწვა+ მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ,+ და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ.+
35 მოსაღამოვდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „ეს ადგილი უკაცრიელია, თანაც უკვე გვიანია.+ 36 გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ და ახლომახლო დაბებსა და სოფლებში თავიანთთვის საჭმელი იყიდონ“.+ 37 იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი“. მათ ჰკითხეს: „ხომ არ წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ხალხს მივცეთ საჭმელად?“+ 38 მან ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს რამდენიც ჰქონდათ და უთხრეს: „ხუთი, ორიც თევზი“.+ 39 მერე ბრძანა, ჯგუფებად დამსხდარიყვნენ+ მწვანე ბალახზე.+ 40 ისინიც ასკაციან და ორმოცდაათკაციან ჯგუფებად დასხდნენ.+ 41 შემდეგ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა და ილოცა,+ მერე პურები დაამტვრია+ და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა. 42 ყველამ ჭამა და გაძღა.+ 43 თუ თევზს არ ჩავთვლით, დარჩენილი ნატეხებით თორმეტი კალათი აავსეს. 44 პური ხუთი ათასმა კაცმა ჭამა.+
45 ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უბრძანა თავის მოწაფეებს, ნავში ჩამსხდარიყვნენ და გაღმა გასულიყვნენ ბეთსაიდის მხარეს, თვითონ კი ხალხი გაუშვა.+ 46 გამოემშვიდობა მათ და მთაზე ავიდა, რომ ელოცა.+ 47 მოსაღამოვდა. ნავი უკვე შუა ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო დარჩა ნაპირზე.+ 48 დაინახა, რომ პირქარის გამო ცურვა უჭირდათ+ და ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მათკენ გაემართა, ოღონდ მათთვის გვერდის ავლა უნდოდა. 49 ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, გაიფიქრეს, მოჩვენებააო და ყვირილი ატეხეს.+ 50 ყველამ დაინახა იგი და აფორიაქდა. იესო მაშინვე დაელაპარაკა მათ: „გამაგრდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+ 51 მივიდა, ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა. ამან ისინი ძალიან გააოცა,+ 52 რადგან პურების მნიშვნელობაც ვერ გაიგეს, დახშული ჰქონდათ გულები.+
53 გაღმა რომ გავიდნენ და გენესარეთში მივიდნენ, ღუზა ჩაუშვეს.+ 54 როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, ხალხმა იცნო ის. 55 შემოირბინეს მთელი მხარე და ავადმყოფები საკაცეებით მიჰყავდათ იქ, სადაც გაგებული ჰქონდათ, რომ იესო იყო. 56 რომელ სოფელში, ქალაქსა თუ დაბაშიც+ არ უნდა შესულიყო, ყველგან ავადმყოფები მიჰყავდათ მასთან, მოედნებზე ათავსებდნენ და ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე+ შეგეხებითო.+ ვინც კი შეეხო, ყველა განიკურნა.+
7 იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისევლები და რამდენიმე მწიგნობარი იესოს ირგვლივ მოგროვდნენ+ 2 და დაინახეს, რომ ზოგი მისი მოწაფე საჭმელს წაბილწული, დაუბანელი ხელით ჭამდა.+ 3 ფარისევლები და იუდეველები ისე არ ჭამენ, თუ ხელები იდაყვებამდე არ დაიბანეს, რადგან მტკიცედ იცავენ წინაპართა ადათ-წესებს. 4 არც ბაზრიდან დაბრუნებისას ჭამენ, სანამ შესხურებით არ განიწმინდებიან. ბევრ სხვა ადათ-წესსაც+ მტკიცედ იცავენ: ავლებენ სასმისებს, დოქებსა და სპილენძის ჭურჭელს.+ 5 ამიტომ იმ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა იესოს ჰკითხეს: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს და რატომ ჭამენ წაბილწული ხელით?“+ 6 მან მიუგო: «სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებო, როგორც დაწერილია:+ „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან.+ 7 ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“.+ 8 ღვთის მცნება მიატოვეთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი მტკიცედ იცავთ».+
9 მერე განაგრძო: «თქვენ მოხერხებულად უვლით გვერდს ღვთის მცნებას,+ რათა თქვენივე ადათ-წესები დაიცვათ. 10 მაგალითად, მოსემ თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას“+ და „მამის ან დედის მლანძღველი მოკვდეს“.+ 11 თქვენ კი რომ ამბობთ: „თუ კაცი მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც ჩემგან შეგეძლო გესარგებლა, კორბანიაო+ (ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი)“,+ 12 ამით მას მამისთვის ან დედისთვის მცირედის გაკეთების ნებასაც კი აღარ აძლევთ.+ 13 ასე თქვენ ძალას უკარგავთ ღვთის სიტყვას+ თქვენ მიერ გადაცემული ადათ-წესებით. სხვასაც ბევრს+ აკეთებთ ამის მსგავსს». 14 ამიტომ კვლავ მოუხმო ხალხს და უთხრა: „ყველამ მისმინეთ და ჩასწვდით მნიშვნელობას.+ 15 ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც მასში გარედან შედის, არამედ ის, რაც მისგან გამოდის“.+ 16 ——
17 ხალხისგან რომ წამოვიდა და სახლში შევიდა, მოწაფეებმა მოყვანილ მაგალითზე შეკითხვები დაუსვეს.+ 18 მან მიუგო: „ნუთუ ვერც თქვენ ხვდებით?+ ნუთუ არ იცით, რომ რაც ადამიანში გარედან შედის, ის არ ბილწავს მას, 19 რადგან შედის არა გულში, არამედ ნაწლავებში და გამოსვლისას ორმოში ჩადის?“+ ამით მან ყველანაირი საჭმელი წმინდად გამოაცხადა.+ 20 შემდეგ განაგრძო: „ადამიანს ის ბილწავს, რაც მისგან გამოდის,+ 21 რადგან შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან+ გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა,+ ქურდობა, მკვლელობა,+ 22 მრუშობა, სხვისი რამის სურვილი,+ ბოროტი საქმეები, ცბიერება, თავაშვებულობა,+ შურიანი თვალი, მკრეხელობა, ამპარტავნობა, უგუნურება. 23 ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“.+
24 ადგა იქიდან და ტვიროსისა და სიდონის+ მხარეებისკენ გასწია. შევიდა ერთ სახლში, მაგრამ არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, თუმცა ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.+ 25 მის შესახებ მაშინვე შეიტყო ერთმა ქალმა, რომლის გოგონაც უწმინდურ სულს ჰყავდა შეპყრობილი, მივიდა და მის ფეხებთან დაემხო.+ 26 იგი ბერძენი იყო, სიროფინიკიიდან. ეხვეწებოდა მას, რომ მისი გოგონასგან დემონი განედევნა.+ 27 იესომ უთხრა: „ჯერ შვილები უნდა გაძღნენ. არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური+ და ფინიებს გადაუგდო“.+ 28 „ჰო, ბატონო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ ბავშვების დაყრილ+ ნამცეცებს“,+ — უთხრა ქალმა. 29 იესომ მიუგო: „რადგან ასე თქვი, წადი, გამოსულია დემონი შენი გოგონასგან“.+ 30 წავიდა სახლში და ნახა,+ რომ ბავშვი საწოლზე იწვა და დემონიც გამოსულიყო.
31 ტვიროსის მხარიდან რომ გამობრუნდა, სიდონი გაიარა და დეკაპოლისის+ მხარის გავლით გალილეის ზღვისკენ გაემართა. 32 იქ ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, ხელი დაადეო.+ 33 იესომ ცალკე გაიყვანა იგი, თითებით ყურები დაუცო და დაფურთხების შემდეგ ენაზე შეეხო.+ 34 მერე ცას ახედა,+ მძიმედ ამოიოხრა+ და კაცს უთხრა: „ეფფათა“ ანუ „გაიხსენ“. 35 კაცს სმენაც გაეხსნა+ და დაბმული ენაც და გამართულად ალაპარაკდა. 36 შემდეგ იესომ იქ მყოფებს უბრძანა, არავისთვის არაფერი ეთქვათ,+ მაგრამ რაც უფრო უკრძალავდა, მით უფრო მეტად ახმაურებდნენ ისინი მომხდარს+ 37 და მეტისმეტად განცვიფრებულნი+ ამბობდნენ: „ყველაფერს კარგად აკეთებს. ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს“.+
8 იმ დღეებში, როცა კვლავ მოგროვდა დიდძალი ხალხი და საჭმელი არაფერი ჰქონდათ, მან მოწაფეებს მოუხმო და უთხრა:+ 2 „გული მეწვის+ ამ ხალხის გამო, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. 3 სახლებში უჭმელად რომ გავუშვა, გზაში დასუსტდებიან. ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული“. 4 მოწაფეებმა მიუგეს: „ვინ დააპურებს ამდენ ხალხს ამ მიყრუებულ ადგილას?“+ 5 იესომ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ. 6 მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური, ღმერთს მადლობა გადაუხადა,+ დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ და მათაც ჩამოურიგეს.+ 7 რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. ილოცა და უთხრა მათ, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.+ 8 ჭამეს, გაძღნენ და დარჩენილი ნატეხებით შვიდი გოდორი გაავსეს.+ 9 იქ ოთხი ათასამდე კაცი იყო. ბოლოს გაუშვა ისინი.+
10 მაშინვე ჩაჯდა ნავში მოწაფეებთან ერთად და დალმანუთას+ მიადგა. 11 გამოვიდნენ ფარისევლები და დავა დაუწყეს, გამოსაცდელად ნიშანს სთხოვდნენ ციდან.+ 12 იესომ მძიმედ ამოიოხრა+ სულით და თქვა: „რატომ ეძებს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ თაობას ნიშანი არ მიეცემა“.+ 13 დატოვა ისინი, ჩაჯდა ნავში და მეორე ნაპირზე გავიდა.
14 მათ პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ.+ 15 მან გააფრთხილა ისინი: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“.+ 16 მათ კი იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პური არ ჰქონდათ.+ 17 ეს რომ შეამჩნია, უთხრა მათ: «რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ?+ ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ დახშული გაქვთ გულები?+ 18 „თვალები გაქვთ და ნუთუ ვერ ხედავთ? ყურები გაქვთ და ნუთუ არ გესმით?“+ ნუთუ არ გახსოვთ, 19 ხუთი პური+ რომ დავამტვრიე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ დარჩენილი ნატეხებით?» „თორმეტი“,+ — მიუგეს მათ. 20 „შვიდი პური რომ დავამტვრიე ოთხი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ. 21 მაშინ ჰკითხა: „მაინც ვერ ხვდებით?“+
22 ბეთსაიდას რომ მიადგნენ, ერთი უსინათლო კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, შეეხეო.+ 23 ხელი მოჰკიდა უსინათლოს და სოფლიდან გაიყვანა. თვალებზე დააფურთხა,+ ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ 24 კაცმა აიხედა და მიუგო: „ადამიანებს ვხედავ, თითქოს ხეებივით არიან და აქეთ-იქით დადიან“. 25 მაშინ ისევ დაადო ხელები თვალებზე და კაცმა ნათლად დაინახა, მხედველობა დაუბრუნდა და ყველაფერს გარკვევით ხედავდა. 26 სახლში გაუშვა და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ“.+
27 იესო მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარეის სოფლებში წავიდა. გზაში მათ გამოკითხვა დაუწყო: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 28 „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგი — ელიააო,+ ზოგი კი — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“,+ — მიუგეს მათ. 29 „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ — ჰკითხა მან. „შენა ხარ ქრისტე“,+ — მიუგო პეტრემ. 30 იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ მის შესახებ არავისთვის ეთქვათ.+ 31 ის იმასაც ასწავლიდა, რომ კაცის ძეს ბევრი უნდა ეტანჯა, უარყოფდნენ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები, მოკლავდნენ+ და მესამე დღეს აღდგებოდა.+ 32 ასე პირდაპირ რომ ამბობდა ამას, პეტრემ გვერდზე გაიყვანა და გაკიცხვა დაუწყო.+ 33 ის მობრუნდა, თავის მოწაფეებს გადახედა და პეტრეს გაუწყრა: „მომცილდი, სატანა! შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“.+
34 შემდეგ თავის მოწაფეებთან ერთად ხალხიც მოიხმო და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს,+ 35 რადგან ვისაც სურს თავისი სულის* ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.+ 36 აბა, რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს?+ 37 ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?+ 38 ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება+ მის გამო, როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“.+
9 იესომ განაგრძო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“.+ 2 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე გარდაიქმნა.+ 3 ტანსაცმელი გაუქათქათდა და ისე გაუთეთრდა, რომ დედამიწაზე ვერც ერთი მრეცხავი ვერ გაათეთრებდა.+ 4 ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.+ 5 ამის დანახვაზე პეტრემ იესოს უთხრა: „რაბი, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“.+ 6 ისე იყო შეშინებული, რომ არ იცოდა, რა ეთქვა. 7 ამასობაში ღრუბელი გაჩნდა, დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ხმა გაისმა:+ „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,+ მას უსმინეთ“.+ 8 უეცრად, რომ მიმოიხედეს, იესოს მეტი ვეღარავინ დაინახეს.+
9 მთიდან ჩამოსვლისას იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ სანამ კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგებოდა,+ ნანახი არავისთვის მოეყოლათ.+ 10 მათ გულში ჩაიმარხეს ეს სიტყვები, მაგრამ ერთმანეთში მსჯელობდნენ, რას ნიშნავდა ეს მკვდრეთით აღდგომა. 11 შემდეგ ჰკითხეს მას: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია+ უნდა მოვიდესო?“+ 12 მან მიუგო: „ელია მართლა პირველი მოდის და ყველაფერს აღადგენს,+ მაგრამ კაცის ძეზე როგორღა წერია, ბევრი უნდა იტანჯოს+ და უგულებელყოფილ იქნესო?+ 13 გეუბნებით: ელია+ უკვე მოვიდა და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე“.+
14 როცა სხვა მოწაფეებთან მივიდნენ, დაინახეს, რომ მათ ირგვლივ უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მოწაფეებს მწიგნობრები ედავებოდნენ.+ 15 როგორც კი თვალი მოჰკრეს იესოს, ხალხს ძალიან გაუკვირდა. მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. 16 იესომ ჰკითხა მათ: „რაზე ეკამათებით?“ 17 ხალხიდან ვიღაცამ მიუგო: „მოძღვარო, ჩემი ბიჭი მოგიყვანე, სიმუნჯის სული ჰყავს.+ 18 სადაც კი შეიპყრობს, მაშინვე მიწაზე ანარცხებს, დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და ძალა ეცლება. შენს მოწაფეებს ვუთხარი, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შეძლეს“.+ 19 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, ურწმუნო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!“+ 20 და მიუყვანეს. სულმა მისი დანახვისთანავე კრუნჩხვებში ჩააგდო ბავშვი; მიწაზე დაეცა, გორაობდა და დუჟი გადმოსდიოდა.+ 21 იესომ ბავშვის მამას ჰკითხა: „რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?“ „ბავშვობიდან“, — მიუგო მან. 22 „ხან ცეცხლში აგდებს, ხან — წყალში, რომ მოკლას.+ თუ რამის გაკეთება შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე“. 23 იესომ უთხრა: „რა თქვი, თუ შეგიძლიაო?! ვისაც სწამს, მისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+ 24 ბავშვის მამამ მაშინვე წამოიძახა: „მწამს! ოღონდ დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“+
25 როცა შენიშნა იესომ, რომ ხალხი მათკენ გამორბოდა, შერისხა+ უწმინდური სული და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო, გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე!“ 26 სულმა დაიყვირა, ბევრჯერ შეინჯღრა და გამოვიდა.+ ბავშვი მკვდარს დაემსგავსა. ბევრი ამბობდა კიდეც, მოკვდაო. 27 იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც წამოდგა.+ 28 სახლში რომ შევიდა, მოწაფეებმა ცალკე ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 29 „ესენი სხვანაირად ვერ გამოვლენ, თუ არა ლოცვით“,+ — უთხრა იესომ.
30 იქიდან გალილეის გავლით წამოვიდნენ, მაგრამ მას არ უნდოდა, ეს ვინმეს გაეგო. 31 თავის მოწაფეებს ასწავლიდა: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში, მას მოკლავენ,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 32 მათ ნათქვამის მნიშვნელობა ვერ გაიგეს, კითხვის დასმისა კი ეშინოდათ.+
33 ისინი კაპერნაუმში მივიდნენ. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე კამათობდით გზაში?“+ 34 ხმას არ იღებდნენ, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო.+ 35 იგი დაჯდა, თორმეტივეს მოუხმო და უთხრა: „ვისაც უნდა, რომ პირველი იყოს, ის ყველაზე ბოლო უნდა იყოს და ყველას ემსახუროს.+ 36 შემდეგ ერთი ბავშვი მოიყვანა, მათ შუა ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:+ 37 „ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, მარტო მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს გამომგზავნელსაც“.+
38 იოანემ უთხრა მას: „მოძღვარო, ჩვენ ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს დევნიდა შენი სახელით, და დავუშალეთ,+ რადგან ჩვენ არ დაგვყვებოდა“.+ 39 იესომ მიუგო: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, მალევე ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას,+ 40 ვინაიდან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა.+ 41 ვინც ერთ სასმის+ წყალს დაგალევინებთ იმის გამო, რომ ქრისტესნი ხართ,+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. 42 იმისთვის კი, ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს, უმჯობესი იქნებოდა კისერზე დოლაბი* დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ.+
43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში*, ჩაუქრობელ ცეცხლში.+ 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში,+ ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში.+ 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე.+ გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში,+ 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება.+
49 ყველა ცეცხლით უნდა დამარილდეს.+ 50 მარილი კარგია, მაგრამ, თუ ძალას დაკარგავს, რიღათი შეანელებთ მას?+ გქონდეთ თქვენში მარილი+ და მშვიდობიანად+ იყავით ერთმანეთთან“.
10 ადგა იქიდან, წავიდა იუდეის საზღვრებთან და იორდანის გაღმა გავიდა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და ის ჩვეულებისამებრ ასწავლიდა მათ.+ 2 მივიდნენ მასთან ფარისევლები და გამოსაცდელად ჰკითხეს, იყო თუ არა დაშვებული ცოლთან გაყრა.+ 3 მან ჰკითხა: „რა დაგიდოთ მოსემ მცნებად?“ 4 „მოსემ გაყრის მოწმობის დაწერისა და გაყრის ნება დაგვრთო“,+ — მიუგეს მათ. 5 იესომ უთხრა მათ: «მან თქვენი გულქვაობის+ გამო დაგიწერათ ეგ მცნება. 6 შემოქმედების დასაწყისში ღმერთმა „კაცად და ქალად შექმნა ისინი.+ 7 ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას 8 და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+ ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. 9 ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».+ 10 ამაზე მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს სახლში.+ 11 მან უთხრა მათ: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მის წინააღმდეგ მრუშობს.+ 12 და თუ ქალი ქმართან გაყრის შემდეგ სხვას მიჰყვება, მრუშობს“.+
13 ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავდა, რომ შეხებოდა, მაგრამ მოწაფეები კიცხავდნენ მათ.+ 14 ეს რომ დაინახა, იესო აღშფოთდა და უთხრა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო.+ 15 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“.+ 16 მერე მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა.+
17 გზას რომ დაადგა, ერთმა კაცმა მიირბინა მასთან, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“+ 18 იესომ მიუგო: «რატომ მიწოდებ კარგს?+ არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.+ 19 ხომ იცი მცნებები: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ მოიპარო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ არავის არაფერი გამოსტყუო,+ პატივი ეცი მამას და დედას“».+ 20 „მოძღვარო, ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვიცავ“, — უთხრა კაცმა. 21 იესომ შეხედა, სიყვარულით აღიძრა მისდამი და მიუგო: „ერთი რამ გაკლია: წადი, გაყიდე რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“.+ 22 მაგრამ ამ სიტყვებმა ის დაამწუხრა და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+
23 იესომ ირგვლივ მიმოიხედა და თავის მოწაფეებს უთხრა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის,+ ვისაც ფული აქვს!“+ 24 მისმა სიტყვებმა მოწაფეები გააკვირვა.+ მაშინ იესომ უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სამეფოში შესვლა! 25 აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.+ 26 მათ კი უფრო გაუკვირდათ და ჰკითხეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?“+ 27 იესომ შეხედა მათ და მიუგო: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი და არა ღვთისთვის. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+ 28 პეტრემ უთხრა მას: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“.+ 29 იესომ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არავინ არის ისეთი, რომ ჩემი გულისთვის და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვოს სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან მინდვრები+ 30 და უკვე ახლა, დევნის დროსაც,+ ასმაგად+ არ მიიღოს სახლი, მინდვრები, დები, დედები და შვილები, მომავალში* კი — მარადიული სიცოცხლე. 31 ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“.+
32 იერუსალიმისკენ ამავალ გზაზე, იესო წინ მიუძღოდა მათ. ისინი გაოცებულნი იყვნენ, ხოლო მათ, ვინც მიჰყვებოდა, შიში დაეუფლათ. მან კიდევ ერთხელ ცალკე გაიყვანა თორმეტი და იმაზე დაუწყო ლაპარაკი, რაც უნდა შემთხვეოდა:+ 33 „აი ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს,+ 34 რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ, მაგრამ სამი დღის შემდეგ აღდგება“.+
35 მივიდნენ მასთან ზებედეს ვაჟები — იაკობი და იოანე,+ და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა, რასაც გთხოვთ, გაგვიკეთო“.+ 36 „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ — ჰკითხა მან. 37 „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენ მარჯვნივ დაჯდეს შენს დიდებაში, მეორე კი — შენ მარცხნივ“,+ — მიუგეს მათ. 38 იესომ უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ, ან იმ ნათლობით მოინათლოთ, რომლითაც მე ვინათლები?“+ 39 „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ. იესომ უთხრა: „იმ სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, თქვენც შესვამთ და იმ ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, თქვენც მოინათლებით,+ 40 მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული.+ ეს ადგილები მათთვის არის, ვისთვისაც მომზადდა“.
41 ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, აღშფოთდნენ იაკობსა და იოანეზე.+ 42 იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვისაც ხალხთა მმართველებად თვლიან, მათზე ბატონობენ და ხალხი დიდებულთა ძალაუფლებაშია.+ 43 თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს,+ 44 და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის ყველას მონა იყოს.+ 45 კაცის ძეც ხომ არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ,+ არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული*+ მრავალთა გამოსასყიდად“.+
46 ისინი იერიხონში შევიდნენ. თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად იერიხონიდან რომ გამოდიოდა, გზის პირას ერთი უსინათლო მათხოვარი, ბარტიმეოსი (ტიმეოსის ვაჟი), იჯდა.+ 47 როგორც კი გაიგო, იესო ნაზარეთელი მოდისო, ყვირილი მორთო: „დავითის ძეო,+ იესო, შემიწყალე!“+ 48 ბევრი უწყრებოდა, გაჩუმდიო, ის კი უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“+ 49 იესო შეჩერდა და თქვა: „დაუძახეთ“. მათაც დაუძახეს იმ უსინათლოს, თან ეუბნებოდნენ, გამაგრდი და წამოდექი, გეძახისო.+ 50 მიაგდო მოსასხამი, წამოხტა და იესოსკენ გაემართა. 51 იესომ მიმართა მას: „რა გინდა, რა გაგიკეთო?“+ „რაბუნი, თვალი ამიხილე“,+ — მიუგო უსინათლომ. 52 „წადი, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“,+ — უთხრა იესომ. მაშინვე აეხილა თვალი+ და გაჰყვა მას.+
11 როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ზეთისხილის მთაზე მდებარე ბეთფაგესა და ბეთანიას,+ ორი მოწაფე გაგზავნა+ 2 და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა. როგორც კი შეხვალთ, დაბმულ ჩოჩორს იპოვით, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ.+ 3 თუ ვინმე გეტყვით, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალევე დაგიბრუნებს-თქო“.+ 4 ისინიც წავიდნენ, ქუჩაში იპოვეს კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს.+ 5 იქ მდგომთაგან ზოგიერთმა ჰკითხა მათ: „რას შვრებით? რატომ უშვებთ ჩოჩორს?“+ 6 მათ ისე უპასუხეს, როგორც იესომ დაარიგა, და მათაც თავი დაანებეს.+
7 მიუყვანეს იესოს ჩოჩორი,+ ზედ თავიანთი ტანსაცმელი დაუფინეს და ისიც შეჯდა.+ 8 ბევრი ტანსაცმელს უფენდა+ გზაზე, სხვები კი — მინდორში მოჭრილ+ შეფოთლილ ტოტებს.+ 9 ისინი, ვინც მის წინ მიდიოდა და ვინც უკან მიჰყვებოდა, ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით,+ იხსენი! კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+ 10 კურთხეულია მამაჩვენი დავითის მომავალი სამეფო!+ გევედრებით, იხსენი იგი, ზეციერო!“ 11 შევიდა იესო იერუსალიმის ტაძარში, იქაურობა შემოიარა და რადგან გვიანი იყო, თორმეტთან ერთად ბეთანიისკენ გაემართა.+
12 მეორე დღეს, როცა ბეთანიიდან გამოვიდნენ, მოშივდა.+ 13 შორიდან შეფოთლილი ლეღვის ხე დაინახა და მისკენ გაემართა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო. მივიდა, მაგრამ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, რადგან ლეღვობის დრო ჯერ არ დამდგარიყო.+ 14 მაშინ უთხრა ხეს: „ნუღარავინ შეჭამს შენს ნაყოფს ნურასოდეს“.+ მოწაფეები უსმენდნენ.
15 იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 16 არავის რთავდა იმის ნებას, რომ ტაძრის გავლით რაიმე ნივთი გაეტანათ. 17 ასწავლიდა და ამბობდა: «განა დაწერილი არ არის: „ჩემს სახლს ყველა ხალხის+ სამლოცველო სახლი+ დაერქმევა“? თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+ 18 ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგონეს, მის მოსაკლავად შემთხვევის ძებნა დაიწყეს;+ ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+
19 დღის ბოლოს ქალაქიდან გადიოდნენ. 20 დილით ადრე იმ ლეღვის ხესთან ჩაიარეს და დაინახეს, რომ ფესვებიანად გამხმარიყო.+ 21 პეტრეს გაახსენდა და უთხრა: „რაბი, ნახე! გამხმარა ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე“.+ 22 იესომ უთხრა მათ: „გქონდეთ ღვთის რწმენა. 23 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, ის მოხდება, აუსრულდება ნათქვამი.+ 24 ამიტომ გეუბნებით: გწამდეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე მიღებული გაქვთ, და მოგეცემათ.+ 25 როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ,+ თუ რამე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ თქვენი შეცოდებები“.+ 26 ——
27 კვლავ მივიდნენ იერუსალიმში. ტაძარში რომ დადიოდა, უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ მასთან+ 28 და ჰკითხეს: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“+ 29 იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.+ 30 იოანეს ნათლობა+ ზეციდან იყო თუ ადამიანებისგან? მიპასუხეთ“.+ 31 მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო?+ 32 მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო? . .“ მათ ხალხისა ეშინოდათ, რადგან ყველა წინასწარმეტყველად თვლიდა იოანეს.+ 33 ბოლოს უპასუხეს იესოს: „არ ვიცით“. „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“,+ — მიუგო იესომ.
12 შემდეგ იესო მათ მაგალითებით ელაპარაკებოდა: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს მიაქირავა,+ თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა.+ 2 დანიშნულ დროს მევენახეებს მონა გაუგზავნა, რომ ვენახის ნაყოფის ნაწილი წამოეღო.+ 3 მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.+ 4 სხვა მონაც გაუგზავნა, რომელსაც თავი გაუტეხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.+ 5 კიდევ გაგზავნა მონა. ის კი მოკლეს. სხვაც ბევრი გაუგზავნა, მაგრამ ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს. 6 ერთიც ჰყავდა, საყვარელი ძე.+ ბოლოს ის გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო.+ 7 მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.+ 8 დაიჭირეს, მოკლეს+ და ვენახიდან გაათრიეს.+ 9 რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და თავის ვენახს+ სხვებს მისცემს.+ 10 ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ დაწერილი: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად იქცა.+ 11 ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“».+
12 ამის შემდეგ ეძებდნენ შემთხვევას, რომ შეეპყროთ იგი, რადგან მიხვდნენ, რომ მათ გულისხმობდა ამ მაგალითში, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. ამიტომ თავი დაანებეს და წავიდნენ.+
13 შემდეგ მიუგზავნეს რამდენიმე ფარისეველი და ჰეროდეს+ მომხრე, რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+ 14 მათ უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ და სხვისი აზრი არ გაშინებს, რადგან არ უყურებ ადამიანის გარეგნობას და ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.+ ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის? 15 გადავიხადოთ თუ არა?“+ ის მიუხვდა თვალთმაქცობას და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“.+ 16 მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“,+ — უპასუხეს მათ. 17 მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს“.+ მათ გაუკვირდათ მისი ნათქვამი.+
18 მასთან სადუკეველებიც მივიდნენ, რომლებიც ამბობენ, მკვდრეთით აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:+ 19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, რომ, თუ ვინმეს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ+ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს.+ 20 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ ჰყოლია.+ 21 ის ქალი მეორემ შეირთო, მაგრამ ისიც ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ ჰყოლია. მესამესაც ასე დაემართა. 22 შვიდიდან არც ერთს არ ჰყოლია შთამომავალი. ბოლოს ქალიც მოკვდა.+ 23 აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა“.+ 24 იესომ მიუგო: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა.+ 25 მკვდრეთით აღდგენილები არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები.+ 26 ხოლო იმაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, ეკლიანი ბუჩქის შესახებ რომ დაწერა, რა უთხრა მას ღმერთმა: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“.+ 27 ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა. თქვენ ძალიან ცდებით».+
28 ერთ-ერთმა იქ მისულმა მწიგნობარმა, რომელიც მათ დავას ისმენდა და იცოდა, რომ იესომ კარგად უპასუხა, ჰკითხა მას: „რომელია უპირველესი მცნება?“+ 29 იესომ მიუგო: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა,+ 30 გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით*, მთელი გონებით და მთელი ძალით“.+ 31 მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს». 32 მწიგნობარმა უთხრა მას: «მოძღვარო, შენ კარგად და ჭეშმარიტად თქვი: „ის არის ერთი და სხვა არავინ“.+ 33 მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით მის სიყვარულსა და საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარულს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მრავალ მსხვერპლს».+ 34 იესომ დაინახა, რომ მან ჭკვიანურად თქვა, და უთხრა: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“. ამის შემდეგ ვეღარავინ უბედავდა შეკითხვის დასმას.+
35 ტაძარში რომ ასწავლიდა, იესომ ერთ-ერთ კითხვაზე ასე უპასუხა: «როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?+ 36 დავითი წმინდა სულით+ თავად ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევო“.+ 37 თუ თვითონ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?»+
დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.+ 38 მერე როცა ასწავლიდა, თქვა: „ერიდეთ მწიგნობრებს,+ რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული, მისალმება მოედნებზე, 39 წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ვახშმებზე.+ 40 ისინი ჭამენ ქვრივთა სახლებს+ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ.+
41 შემდეგ იესო ისე დაჯდა, რომ ფულის ჩასაყრელს+ ხედავდა, და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს. მდიდრები ბევრს ყრიდნენ.+ 42 მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი პატარა მონეტა* ჩააგდო.+ 43 იესომ თავის მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+ 44 ყველამ ის ჩაყარა, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“.+
13 ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფემ უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა ქვები და რა შენობებია!“+ 2 იესომ უთხრა მას: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს?+ ქვა ქვაზე არ დარჩება,+ ყველაფერი დაინგრევა“.+
3 როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა და ტაძარს გადაჰყურებდა, პეტრემ,+ იაკობმა, იოანემ და ანდრიამ ცალკე ჰკითხეს:+ 4 „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება იმ დროის ნიშანი, როცა ეს ყველაფერი დასრულდება?“+ 5 იესომ დაიწყო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ.+ 6 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ის“, და ბევრს შეიყვანს შეცდომაში.+ 7 როცა მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+
8 ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება მიწისძვრები+ ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა.+ ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.+
9 თქვენ კი ფრთხილად იყავით, რადგან ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს,+ გცემენ სინაგოგებში,+ დაგაყენებენ გამგებელთა და მეფეთა წინაშე, მათთვის დასამოწმებლად.+ 10 მაგრამ ჯერ სასიხარულო ცნობა+ უნდა ექადაგოს ყველა ხალხს.+ 11 როცა გადასაცემად წაგიყვანენ, წინასწარ ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა ილაპარაკოთ.+ რაც მაშინ მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული.+ 12 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს.+ შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 13 ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო.+ ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+
14 როცა დაინახავთ გამაპარტახებელ+ სისაძაგლეს,+ რომელიც იქ იდგება, სადაც არ უნდა იდგეს (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს),+ მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ.+ 15 ბანზე მყოფი ძირს ნუ ჩამოვა და ნუ შევა სახლში რაიმეს ასაღებად.+ 16 ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება უკან მოსასხამის ასაღებად.+ 17 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 18 ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს,+ 19 რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი დადგება,+ როგორიც არ ყოფილა ღვთის ქმნილებათა შექმნიდან იმ დრომდე და არც აღარასოდეს იქნება.+ 20 იეჰოვას რომ არ+ შეემოკლებინა ის დღეები, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა+ გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია,+ შეამოკლა ის დღეები.+
21 მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აი, აქ არის ქრისტე, ან იქ არისო,+ არ დაიჯეროთ,+ 22 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ ნიშნებსა და საკვირველებებს,+ რათა გზა აუბნიონ რჩეულებს, თუკი შეძლებენ.+ 23 ამიტომ ფხიზლად+ იყავით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.+
24 იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, 25 ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა.+ 26 მაშინ იხილავენ ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს+ დიდი ძლიერებითა და დიდებით.+ 27 მაშინ გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს+ ქარის ოთხივე მიმართულებიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.+
28 ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 29 თქვენც, როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი.+ 30 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 31 ცა+ და დედამიწა განადგურდება, მაგრამ ჩემი სიტყვები+ შეუსრულებელი არ დარჩება.+
32 იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ.+ 33 ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო.+ 34 ეს ისევეა, სხვა ქვეყანაში მიმავალმა კაცმა+ სახლი რომ დატოვოს, უფლებამოსილება თავის მონებს გადასცეს, თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, დარაჯს კი უბრძანოს, იფხიზლეო. 35 ამიტომ იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე,+ 36 რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარეებს არ მოგისწროთ.+ 37 რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ».+
14 ორ დღეში პასექი+ და უფუარობის დღესასწაული+ უნდა ყოფილიყო.+ უფროსი მღვდლები და მწიგნობრები შემთხვევას ეძებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ,+ 2 მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, თორემ შეიძლება აურზაური ატყდეს“.+
3 როცა ის ბეთანიაში, კეთროვანი სიმონის სახლში+ იყო სუფრასთან, მივიდა მასთან ერთი ქალი, რომელსაც ალაბასტრონის ჭურჭელში სუფთა ნარდის* ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი ჰქონდა. გატეხა ალაბასტრონის ჭურჭელი და ნელსაცხებელი თავზე მოასხა.+ 4 ამის გამო ზოგიერთმა აღშფოთება გამოხატა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ასე უაზროდ რატომ დაიხარჯა ნელსაცხებელი?+ 5 სამას დინარზე მეტად შეიძლებოდა მისი გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება!“ ძალიან გაბრაზდნენ იმ ქალზე.+ 6 იესომ თქვა: „თავი დაანებეთ. რას ერჩით? მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა.+ 7 ღარიბები+ სულ თქვენთან არიან და როცა მოგინდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ კარგი გაუკეთოთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.+ 8 მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. დამარხვის წინ სხეულზე წინასწარ მცხო ნელსაცხებელი.+ 9 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ,+ იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“.+
10 იუდა ისკარიოტელი, თორმეტიდან ერთ-ერთი, უფროს მღვდლებთან წავიდა, რომ გაეცა იგი.+ 11 ეს რომ გაიგეს, გაუხარდათ და დაჰპირდნენ, რომ ვერცხლის ფულს მისცემდნენ.+ მან კი ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყო, რომ გაეცა იგი.+
12 უფუარობის+ დღესასწაულის პირველ დღეს, როცა წესისამებრ საპასექო მსხვერპლს სწირავდნენ, მივიდნენ მასთან მოწაფეები+ და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“+ 13 მაშინ გაგზავნა მან ორი მოწაფე და უთხრა: «წადით ქალაქში. იქ შეგხვდებათ ერთი კაცი, რომელსაც თიხის ჭურჭლით წყალი მიაქვს.+ მას გაჰყევით. 14 სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით: „მოძღვარი ამბობს: სად არის ჩემთვის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან+ ერთად ვჭამო პასექი?“+ 15 ის გაჩვენებთ დიდ ზემოთა ოთახს, გაწყობილსა და გამზადებულს, და იქ მოგვიმზადეთ».+ 16 წავიდნენ მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში, ყველაფერი ნახეს, რაც იესომ უთხრა მათ, და პასექისთვის მოემზადნენ.+
17 როცა მოსაღამოვდა, ის თორმეტთან ერთად მივიდა.+ 18 სუფრასთან, ჭამის დროს, იესომ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს,+ გამცემს“.+ 19 ისინი შეწუხდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: „მე ხომ არა?“+ 20 მან მიუგო: „ის ერთი თორმეტთაგანია, რომელიც ჩემთან ერთად აწებს ლუკმას საერთო ჯამში.+ 21 მართალია, კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმას, ვინც კაცის ძეს გასცემს! მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“.+
22 ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ, ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“.+ 23 შემდეგ აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და ყველამ დალია.+ 24 უთხრა მათ: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების+ სისხლს“,+ რომელიც მრავალთათვის+ უნდა დაიღვაროს.+ 25 ჭეშმარიტებას გეუბნებით: აღარ დავლევ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან არ დავლევ ახალს ღვთის სამეფოში».+ 26 ბოლოს ღვთის სადიდებელი იმღერეს+ და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.+
27 მაშინ იესომ უთხრა მათ: «ყველანი დაბრკოლდებით, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს+ და გაიფანტება ცხვარი“.+ 28 მაგრამ როცა აღვდგები, თქვენზე ადრე წავალ გალილეაში».+ 29 პეტრემ უთხრა მას: „ყველა რომ დაბრკოლდეს, მე მაინც არ დავბრკოლდები“.+ 30 ამაზე იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღესვე, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ“.+ 31 პეტრე კი დაჟინებით ეუბნებოდა: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“. დანარჩენებიც იმავეს ამბობდნენ.+
32 გეთსემანედ წოდებულ ადგილას რომ მივიდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: „აქ დასხედით, მე კი ვილოცებ“.+ 33 ამის შემდეგ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე.+ ის შეძრწუნდა და ძალიან დანაღვლიანდა.+ 34 უთხრა მათ: „ჩემი სული* ღრმად არის დამწუხრებული,+ სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და იფხიზლეთ“.+ 35 ცოტა გაიარა, მიწაზე დაემხო და ლოცვა დაიწყო, რომ, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ის საათი.+ 36 მან განაგრძო: „აბბა*, მამა,+ შენ ყველაფერი შეგიძლია. ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ის, რაც მე მინდა, არამედ ის, რაც — შენ“.+ 37 მივიდა მათთან და მძინარეები რომ ნახა, პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, გძინავს? ნუთუ ვერ შეძელი ერთი საათი გეფხიზლა?+ 38 იფხიზლეთ და ილოცეთ,+ რომ არ ცდუნდეთ. სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“.+ 39 შემდეგ კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა.+ 40 მივიდა და ისევ მძინარეები ნახა მოწაფეები, თვალები დამძიმებოდათ და აღარ იცოდნენ, რა ეპასუხათ.+ 41 მესამედ მისვლისას უთხრა მათ: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! კმარა! მოვიდა ის საათი.+ აი, კაცის ძე ცოდვილებს გადაეცა ხელში.+ 42 ადექით, წავიდეთ.+ აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“.+
43 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად უფროსი მღვდლების, მწიგნობრებისა და უხუცესებისგან გამოგზავნილი ბრბო მახვილებითა და ხელკეტებით.+ 44 მის გამცემს მათთვის ნიშანი ჰქონდა მიცემული: „ვისაც ვაკოცებ, ის არის, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“.+ 45 შემდეგ პირდაპირ იესოსთან მივიდა და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა.+ 46 მათ ხელი წაავლეს მას და შეიპყრეს.+ 47 ამასობაში ერთ-ერთმა იქ მდგომმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა.+ 48 იესომ ჰკითხა მათ: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ შესაპყრობად?+ 49 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ვასწავლიდი+ და არ შეგიპყრივართ. ასე კი იმიტომ ხდება, რომ წმინდა წერილები+ შესრულდეს“.+
50 მოწაფეებმა მიატოვეს+ ის და გაიქცნენ.+ 51 ერთი ახალგაზრდა კი, რომელსაც შიშველ სხეულზე საუკეთესო სელის ტანსაცმელი ეცვა, შორიახლოს მიჰყვებოდა მას. ისინი შეეცადნენ მის შეპყრობას,+ 52 მან კი ტანსაცმელი შეატოვა მათ და შიშველი გაიქცა.
53 იესო მღვდელმთავართან წაიყვანეს, სადაც ყველა უფროსი მღვდელი, უხუცესი და მწიგნობარი შეიკრიბა.+ 54 პეტრე შორიახლოს მიჰყვებოდა მას+ და მღვდელმთავრის ეზოში შეჰყვა. მოსამსახურეებთან დაჯდა და აგიზგიზებულ ცეცხლთან თბებოდა. 55 ამასობაში უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი* მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,+ მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.+ 56 ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა მის წინააღმდეგ,+ მაგრამ მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.+ 57 ზოგიერთები კი დგებოდნენ და მის წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოდიოდნენ: 58 „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ამბობდა, დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო“.+ 59 მაგრამ არც ამაში დაემთხვა მათი ჩვენებები ერთმანეთს.
60 ბოლოს მათ შორის წამოდგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“+ 61 ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა.+ მღვდელმთავარმა კიდევ ჰკითხა: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“+ 62 მაშინ იესომ მიუგო: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს+ იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა+ და ცის ღრუბლებზე მომავალს“.+ 63 ამის გაგონებაზე მღვდელმთავარმა ტანსაცმელი+ შემოიხია და თქვა: „რაღად გვინდა მოწმეები?+ 64 თქვენ თვითონ მოისმინეთ მკრეხელობა.+ რას იტყვით?“ ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას. 65 ზოგიერთები აფურთხებდნენ,+ სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე!“ სასამართლოს აღმასრულებლებიც ურტყამდნენ სახეში და ისე მიჰყავდათ.+
66 სანამ პეტრე ქვემოთ იყო ეზოში, მღვდელმთავრის ერთ-ერთი მოახლე მივიდა,+ 67 დაინახა, რომ თბებოდა, მიაჩერდა და უთხრა: „შენც ამ იესო ნაზარეთელთან იყავი“.+ 68 მან კი უარყო: „არც მაგას ვიცნობ და არც ის მესმის, რას ლაპარაკობ“. და შესასვლელთან გავიდა.+ 69 მოახლემ იქაც დაინახა ის და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: „ეს ერთი იმათგანია“.+ 70 იგი კვლავ უარყოფდა ამას. ცოტა ხნის შემდეგ გვერდით მდგომებმა კიდევ დაუწყეს პეტრეს ლაპარაკი: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ, რადგან გალილეელი ხარ“.+ 71 მაშინ მოჰყვა იგი წყევლასა და ფიცილს:+ „არ ვიცნობ მაგ კაცს, ვისზეც მელაპარაკებით“.+ 72 და მამალმაც იყივლა მეორედ.+ გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფო,+ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.+
15 როგორც კი გარიჟრაჟდა, უფროსმა მღვდლებმა მაშინვე უხუცესებთან და მწიგნობრებთან, მთელ სინედრიონთან* ერთად მოითათბირეს.+ შებოჭეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.+ 2 პილატემ ჰკითხა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ „შენ თვითონ ამბობ“,+ — მიუგო იესომ. 3 უფროსი მღვდლები კი ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს.+ 4 პილატემ ისევ ჰკითხა: „არაფერს უპასუხებ?+ ხომ ხედავ, რამდენ რამეში გადანაშაულებენ“.+ 5 იესომ აღარაფერი უპასუხა, რამაც გააოცა პილატე.+
6 ყოველ დღესასწაულზე იგი ხალხს ერთ პატიმარს უთავისუფლებდა, რომელსაც სთხოვდნენ.+ 7 იმ დროისთვის შებორკილი იყო ვინმე ბარაბა მეამბოხეებთან ერთად, რომლებმაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაიდინეს.+ 8 მივიდა ხალხი პილატესთან და იმას სთხოვდა, რასაც უსრულებდა ხოლმე მათ. 9 ამაზე პილატემ ჰკითხა: „გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“+ 10 მან იცოდა, რომ უფროსმა მღვდლებმა ის შურით+ გადასცეს.+ 11 უფროსი მღვდლები კი აქეზებდნენ ხალხს, რომ მის ნაცვლად ბარაბას გათავისუფლება მოეთხოვათ.+ 12 ამაზე პილატემ ჰკითხა: „იმას რაღა ვუყო, ვისაც იუდეველთა+ მეფეს+ ეძახით?“ 13 მათ კვლავ დაიყვირეს: „ბოძზე გააკარი!“+ 14 „რატომ, რა ჩაიდინა?“ — იკითხა პილატემ. ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“+ 15 მაშინ ხალხის მოსამადლიერებლად+ პილატემ ბარაბა გაათავისუფლა, იესო კი გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა.+
16 ჯარისკაცებმა იგი გამგებლის სასახლის ეზოში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს.+ 17 მას ძოწისფერი მოსასხამი მოასხეს, ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს და დაადგეს.+ 18 ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით,+ იუდეველთა მეფეო!“ 19 თავში ლერწამს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ.+ 20 ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს, ძოწისფერი მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს.+ 21 გზაზე მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, აიძულეს, მისი წამების ბოძი* ეტარებინა.+
22 მიიყვანეს იგი გოლგოთად წოდებულ ადგილზე, რაც თხემს ნიშნავს.+ 23 მიაწოდეს სმირნით შეზავებული გამაბრუებელი ღვინო,+ მაგრამ არ შესვა.+ 24 შემდეგ ბოძზე გააკრეს და მისი ტანსაცმელი+ წილისყრით გაინაწილეს.+ 25 მესამე საათი*+ იყო, როცა ის ბოძზე გააკრეს. 26 თავს ზემოთ ასეთი საბრალდებო წარწერა+ ჰქონდა: „იუდეველთა მეფე“.+ 27 მასთან ერთად ბოძებზე ორი ყაჩაღი გააკრეს: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.+ 28 —— 29 გამვლელები გმობდნენ+ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო!+ 30 იხსენი თავი და ჩამოდი წამების ბოძიდან“.+ 31 უფროსი მღვდლები და მწიგნობრებიც მასხრად იგდებდნენ მას და ერთმანეთში ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!+ 32 აბა, ჩამოვიდეს ქრისტე, ისრაელის მეფე, წამების ბოძიდან, რომ დავინახოთ და ვირწმუნოთ“.+ მასთან ერთად ბოძებზე გაკრულებიც კი ლანძღავდნენ მას.+
33 მეექვსე საათი* რომ შესრულდა, მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა მეცხრე საათამდე*.+ 34 მეცხრე საათზე იესომ ხმამაღლა დაიძახა: «ელი, ელი, ლამა საბაქთანი, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე“?»+ 35 ამის მოსმენაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა: „ნახე, ელიას ეძახის“.+ 36 ამ დროს ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ თან ამბობდა: „იყოს და ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად“.+ 37 იესომ ხმამაღლა დაიძახა და მოკვდა.+ 38 მაშინ საწმინდრის ფარდა+ ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე.+ 39 შორიახლოს მდგომმა ასისთავმა რომ დაინახა, რაც იესოს სიკვდილისას მოხდა, თქვა: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“.+
40 ამ ყველაფერს შორიდან ქალებიც უყურებდნენ.+ მათ შორის იყვნენ მაგდალელი მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,+ 41 რომლებიც თან დაჰყვებოდნენ+ და ემსახურებოდნენ მას გალილეაში ყოფნის დროს, და სხვა მრავალი ქალი, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ასულები იერუსალიმში.+
42 როცა მოსაღამოვდა, თანაც სამზადისის დღე* იყო, ანუ შაბათის წინა დღე, 43 იოსებ არიმათეელმა, საბჭოს პატივცემულმა წევრმა, რომელიც ღვთის სამეფოს ელოდა,+ გამბედაობა მოიკრიბა, შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი+ გამოითხოვა. 44 პილატეს უნდოდა გაეგო, უკვე მკვდარი იყო თუ არა იესო. მოუხმო ასისთავს და ჰკითხა, უკვე მკვდარიაო თუ არა. 45 როცა ასისთავისგან პასუხი მიიღო, ცხედარი იოსებს გაატანა.+ 46 იოსებმა საუკეთესო სელის ტილო იყიდა, ცხედარი ჩამოხსნა, შიგ გაახვია, კლდეში გამოკვეთილ სამარხში+ დაასვენა+ და სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა.+ 47 მაგდალელი მარიამი და იოსეს დედა მარიამი კი თვალს არ აცილებდნენ იმ ადგილს, სადაც ის დაასვენეს.+
16 შაბათი+ რომ გავიდა, მაგდალელმა მარიამმა,+ იაკობის დედამ მარიამმა და სალომემ სურნელოვანი მცენარეები იყიდეს, რომ მისულიყვნენ და მისთვის ეცხოთ.+ 2 კვირის პირველ დღეს,+ დილით ადრე, როცა მზე ამოვიდა, ისინი სამარხთან მივიდნენ.+ 3 ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: „ლოდს ვინ გადაგვიგორებს სამარხის შესასვლელიდან?“ 4 მაგრამ შეხედეს და დაინახეს, რომ უშველებელი ლოდი უკვე გადაგორებული იყო.+ 5 სამარხში რომ შევიდნენ, მარჯვნივ თეთრ გრძელ სამოსელში მჯდომი ახალგაზრდა კაცი დაინახეს და შეეშინდათ.+ 6 მან უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ. თქვენ ეძებთ იესო ნაზარეთელს, რომელიც ბოძზე გააკრეს.+ ის აღდგა,+ აქ აღარ არის. აი აქ ესვენა.+ 7 ახლა წადით და უთხარით მის მოწაფეებსა და პეტრეს, რომ ის თქვენზე ადრე წავა გალილეაში,+ იქ ნახავთ მას, როგორც გითხრათ“.+ 8 გამოვიდნენ სამარხიდან და გაიქცნენ, რადგან კანკალმა და დიდმა მღელვარებამ აიტანა ისინი. არავისთვის არაფერი უთქვამთ, რადგან შეშინებულები იყვნენ.+
მოკლე დაბოლოება
ზოგიერთ გვიანდელ ხელნაწერსა და თარგმანში მარკოზის 16:8-ს მოკლე დაბოლოება მოსდევს:
ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდათ, მოკლედ უამბეს პეტრესთან მყოფებს. ამ ყველაფრის შემდეგ იესომ მათი მეშვეობით მარადიული ხსნის წმინდა და უხრწნელი ცნობა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გაავრცელა.
ვრცელი დაბოლოება
ზოგიერთი ძველი ხელნაწერი (ალექსანდრიის, ეფრემისა და ბეზას კოდექსები) და თარგმანი (ლათინური ვულგატა, კურტონის ხელნაწერი და სირიული ფეშიტა) შეიცავს ვრცელ დაბოლოებას, რომელიც სინურ და ვატიკანის კოდექსებში, სინა-სირიის ხელნაწერსა და სომხურ თარგმანში არ გვხვდება:
9 კვირის პირველ დღეს, დილით ადრე, მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად მაგდალელ მარიამს ეჩვენა, რომლისგანაც შვიდი დემონი ჰყავდა განდევნილი. 10 წავიდა მარიამი და შეატყობინა მათ, ვინც იესოსთან იყვნენ ხოლმე. ისინი იმ დროს ტიროდნენ და გლოვობდნენ. 11 როცა გაიგეს, რომ მარიამმა ის ცოცხალი ნახა, არ დაიჯერეს. 12 ამის შემდეგ სხვა გარეგნობით კიდევ ორ მათგანს ეჩვენა, რომლებიც მინდორში მიდიოდნენ. 13 ისინი უკან დაბრუნდნენ და დანარჩენებს შეატყობინეს. არც მათ დაუჯერეს. 14 მოგვიანებით კი იმ თერთმეტს ეჩვენა სუფრასთან და ურწმუნოებისა და გულქვაობის გამო უსაყვედურა, რადგან არ დაუჯერეს მათ, ვინც იგი მკვდრეთით აღმდგარი იხილა. 15 უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და სასიხარულო ცნობა ყველა ქმნილებას უქადაგეთ. 16 ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. 17 მორწმუნეები კი ასეთ ნიშნებს მოახდენენ: ჩემი სახელით დემონებს განდევნიან, უცხო ენებზე ილაპარაკებენ, 18 გველებს ხელში აიყვანენ და სასიკვდილო რამეც რომ დალიონ, არაფერი დაუშავდებათ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და გამოაჯანმრთელებენ“.
19 მათთან ლაპარაკის შემდეგ უფალი იესო ზეცად ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. 20 ისინიც წავიდნენ და ყველგან ქადაგებდნენ. უფალი ეხმარებოდა მათ, ნიშნებს ახდენდა და მხარს უჭერდა ცნობას.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
იგულისხმება სატანა.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
იხილეთ დანართი 3გ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებს.
იხილეთ დანართი 2დ.
სიტყვასიტყვით — მომავალ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ლეპტონ, ძალინ მცირე ღირებულების პატარა მონეტა.
სურნელოვანი ზეთი. როგორც ჩანს, ამზადებდნენ ერთ-ერთი მცენარისგან, რომელიც ჰიმალაის მთებში იზრდებოდა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
არამეული სიტყვა, რომელიც ნიშნავს მამას.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
იხილეთ დანართი 3გ.
დაახლოებით დილის 9 საათი, მესამე საათი მზის ამოსვლიდან.
დაახლოებით დღის 12 საათი.
დაახლოებით დღის 3 საათი.
იხილეთ მთ. 27:62-ის სქოლიო.