იყავი „გულმოდგინე კეთილ საქმეთა მიმართ“ აპრილში!
1 შარშან, გაზაფხულზე, დამოწმების არნახული საქმე შესრულდა, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა სპეციალური ტრაქტატის (№34) მილიონობით ეგზემპლარი სერიიდან „ცნობა სამეფოს შესახებ“. მაუწყებლები და პიონერები გულმოდგინედ მონაწილეობდნენ ამ წამახალისებელ საქმიანობაში. იყავი შენც მათ შორის? თუ დიახ, უეჭველია, მთელი გულით გიხაროდა ამ ღირსშესანიშნავ კამპანიაში მონაწილეობა. ახლა, ალბათ, გაინტერესებს, თუ რომელი ‘კეთილი საქმე’ გველოდება ამ წელს (ტიტ. 2:14).
2 აპრილში და მაისის დასაწყისში გვექნება სიამოვნების მომგვრელი სამუშაო: გავავრცელებთ ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1996 წლის 22 აპრილის სპეციალურ გამოცემას, რომლის დასათაურებაც იქნება: „როცა მეტად აღარ იქნება ომები“. რადგან ეს თემა ძალიან ბევრი მობინადრისთვის იქნება საინტერესო, შევეცდებით, რაც შეიძლება, მრავალი ჟურნალი გავავრცელოთ. მასში მოცემული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამო, ჟურნალის ამ გამოცემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აპრილში და მაისის დასაწყისში, სანამ მთლიანად არ გავავრცელებთ.
3 ჩვენი მიზანი — მონაწილეობა მიიღოს ყველა მაუწყებელმა: ნამდვილად გამამხნევებელი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მაუწყებელი მიიღებს მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში აპრილის თვეში. რადგან ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ჯერ ისევ ცოცხლად გვექნება გონებაში, უსათუოდ, გამოვავლენთ სურვილს მადლიერება გამოვხატოთ ღმერთის სიკეთისთვის და საველე მსახურებაში მონაწილეობით „ქების მსხვერპლს“ შევწირავთ მას (ებრ. 13:15).
4 კრების თითოეული წევრის მოთხოვნილებების ამოსაცნობად საჭიროა ძალისხმევა, რათა აპრილში ყველამ მიიღოს გულმოდგინე მონაწილეობა მსახურებაში (რომ. 15:1). წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ თავიანთ ჯგუფში მყოფ პიროვნებათა ვითარებების შესახებ და თუ საჭიროა, შესთავაზონ პრაქტიკული დახმარება. ესაჭიროება ვინმეს ტრანსპორტირება? ვის შეუძლია ამის უზრუნველყოფა? არის ვინმე გაუბედავი ან მორცხვი? შეუძლიათ უფრო გამოცდილ მაუწყებლებს ითანამშრომლონ მასთან? რა შეიძლება ითქვას ლოგინად ჩავარდნილებსა და ავადმყოფებზე? შეუძლიათ მათ მონაწილეობა მიიღონ ტელეფონით ან წერილობით დამოწმებაში, ან ნაყოფის მომტან სხვა საქმიანობაში?
5 ზოგიერთებს, რადგან არააქტიურები გახდნენ, რეგულარულად ამხნევებენ სულიერად. მათი აღძვრაც შეიძლება, რომ კვლავ მიიღონ მონაწილეობა ქადაგებაში. ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ სპეციალური გამოცემის კამპანია შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს მათ კვლავ გახდნენ აქტიურები.
6 მოამზადეთ ბავშვები მონაწილეობის მისაღებად: წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეების მრავალი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოუნათლავი მაუწყებლებიც არ არიან, თან დაჰყვება მშობლებს კარდაკარ მსახურებაში. დრო ხომ არ არის, რომ ისინი მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ? აღძრავს მათ გული და მზად არიან მიზანდასახული მონაწილეობა მიიღონ კარდაკარ მსახურებაში? ოჯახის უფროსებმა უნდა გამოიყენონ დრო ბიბლიის ოჯახური შესწავლის განმავლობაში, რათა თავიანთ ბავშვებს, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს, დაეხმარონ ისეთი შეთავაზებების მომზადებაში, რომლებსაც აითვისებენ თავიანთი ასაკისა და უნარის მიხედვით. უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ დამაფიქრებელი კითხვები, რითაც აღძრავენ მობინადრის ინტერესს და შემდეგ ჟურნალში უჩვენონ პასუხი. პატარებს შეუძლიათ ეფექტურად დაამოწმონ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით. მაგალითად, მათ შეუძლიათ წაახალისონ მობინადრე, „წაიკითხოს სპეციალური ჟურნალი, რომელსაც ამ თვეში ავრცელებენ მთელ მსოფლიოში“. ოჯახურ შესწავლაში, როგორც მომზადების ნაწილი, ჩართეთ რჩევები, რომლებითაც გადალახავთ ფართოდ გავრცელებულ წინააღმდეგობებს. მრავალ კარგ აზრს იპოვით ბროშურაში „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“. სადილობისას ან სხვა ხელსაყრელ დროს წაახალისე ოჯახის წევრები, რომ გაგიზიარონ საველე მსახურებაში მომხდარი შემთხვევები.
7 ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს, იწყებენ საქმეს, რომელსაც იესო აკეთებდა: იესოს თავისი სწავლება არ შემოუფარგლავს მხოლოდ რწმენის საკითხებში დამოძღვრით. ის თავის მოწაფეებს მსახურებაში დაჰყვებოდა და ქადაგებას ასწავლიდა (ლუკ. 8:1; 10:1–11). რა მდგომარეობაა დღეს? ასი ათასზე მეტი ბიბლიის შესწავლა ტარდება ჩვენს ტერიტორიაზე. უეჭველია, სათანადო გამხნევების საშუალებით ამ შემსწავლელებიდან მრავალი შეძლებს შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, რომ შეესაბამონ მოთხოვნებს, რათა აპრილში იმსახურონ, როგორც მოუნათლავმა მაუწყებლებმა.
8 თუ ბიბლიის შესწავლას ატარებ, ყურადღება მიაქციე შემდეგ კითხვებს: აქვს შემსწავლელს წინსვლა ასაკისა და უნარის შესაბამისად? გაუზიარებია თავისი რწმენა არაფორმალურად სხვებთან? იმოსება ‘ახალ პიროვნებად’? (კოლ. 3:10, აქ). შეესაბამება მოუნათლავი მაუწყებლის მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია „ჩვენი მსახურების“ 97–99-ე გვერდებზე (რუს.)? თუ ფიქრობ, რომ შეესაბამება, შეგიძლია მასთან ამ საკითხის განხილვა. ზოგიერთი შემსწავლელისთვის საკმარისია პირდაპირი მიწვევა საქმეში მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, თუ შემსწავლელს სურს, თავიდან აუცილებელია, რომ თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება გაუწიოს მასთან ორი უხუცესის გასაუბრებას. სხვა მხრივ, შემსწავლელს შეიძლება რაღაცა აკავებდეს. შესაძლოა, ერთ-ერთი უხუცესი გამოგყვეს ბიბლიის შესწავლაზე და შემსწავლელი ჭეშმარიტებისადმი მისი თვალსაზრისის შესახებ გულახდილ საუბარში გამოიწვიოს. შემსწავლელის აზრის მოსმენის შემდეგ უხუცესი მოახერხებს პრაქტიკული რჩევის შეთავაზებას ბიბლიურ დახმარებასთან ერთად.
9 „მოივაჭრეთ ჟამი“ დამხმარე პიონერობისთვის: ყოველწლიურად, გახსენების საღამოსთან დაკავშირებულ პერიოდში, ათასობით პიროვნება, გამოსყიდვის გამო მადლიერებით აღძრული, ‘მოივაჭრებს’ დროს, რათა იყოს დამხმარე პიონერი (ეფეს. 5:15–17). თუმცა ეს მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს, ჯილდო დიდია. ახალგაზრდების დიდი რაოდენობა იყენებს სკოლის არდადეგებს, რომ დამხმარე პიონერებად იმსახურონ. უფროსები, რომლებიც სრული სამუშაო დღით მუშაობენ, ამავე საქმისთვის მთლიანად იყენებენ საღამოს საათებსა და შაბათ-კვირას. ასე რომ, მრავალმა ოჯახმა გამოიყენა შესაძლებლობა, რათა ოჯახის ყველა წევრს ემსახურა დამხმარე პიონერად! ზოგიერთ კრებაში უხუცესების, სამსახურებრივი თანაშემწეებისა და მათი ცოლების უმრავლესობა ჩაება დამხმარე პიონერულ მსახურებაში. მათმა გულმოდგინების მაგალითებმა აღძრა სხვები, რის შედეგადაც აპრილის თვეში კრების უმეტესი ნაწილი დამხმარე პიონერად მსახურობდა.
10 მიუხედავად იმისა, შეძლებ თუ არა დამხმარე პიონერად მსახურებას, ეძებე საშუალებები გააფართოვო შენი საველე მსახურება აპრილში. დაისახე მიზანი, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ რომელსაც მიაღწევ. იეჰოვა აკურთხებს შენს სურვილს, შენი მდგომარეობის მიხედვით ‘დაიხარჯო და გამოიფიტო’ მსახურებაში (2 კორ. 12:15).
11 საველე სამსახურის შეხვედრები: საველე სამსახურის შეხვედრები ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ კამპანიისთვის უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად ისეთ დროს, რომელიც მსახურების ადრე დაწყების შესაძლებლობას იძლევა. ასევე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ დაამოწმოთ საღამოს საათებში. მაუწყებლების უმრავლესობა საველე მსახურებისთვის გამოიყენებს შაბათ-კვირას, ამიტომ ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ სპეციალური გამოცემის გავრცელების განმავლობაში კრებებმა შეხვედრები საველე მსახურებისთვის უნდა დაგეგმონ შაბათი დღისთვის, დილით და შუადღისას.
12 ვინც ჩაატარებს შეხვედრებს საველე მსახურებისთვის, უნდა იზრუნოს, რომ გამოყოფილი იყოს მრავალი უბანი. პირველად დაამუშავეთ უბანი, რომელიც ბოლო დროს არ დამუშავებულა. გაქვს თუ არა ერთი ან მეტი უბანი, რომელიც ბოლო დროს არ დაგიმუშავებია? თუ დახმარება დაგჭირდება კამპანიის დროს ამ უბნების დასამუშავებლად, ესაუბრე სამსახურებრივ ზედამხედველს ან ძმას, რომელიც უბნების განაწილებაზე ზრუნავს და ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან.
13 რამდენ ჟურნალს გაავრცელებ? ამ კითხვაზე თითოეულმა პირადად უნდა უპასუხოს. იმის გადაწყვეტისას, თუ რამდენ ჟურნალს გაავრცელებ კამპანიის დროს, გაითვალისწინე დასამუშავებელი უბნების თავისებურებები, შენი ასაკი, ჯანმრთელობა, დრო, რომელსაც დაუთმობ ამ საქმეს და სხვა ფაქტორები. მაგრამ ყურადღება მიაქციე „სასწავლო სტატიებში“ (br7) მე-16 გვერდზე მოცემულ შეხსენებას: „როგორც რჩევა — მქადაგებლებს შეიძლება ჰქონდეთ მიზანი, თავიანთი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაავრცელონ თვეში, მაგალითად, 10 ჟურნალი; პიონერებმა სცადონ 90-მდე ჟურნალის გავრცელება“. რეალური იქნებოდა თუ არა შენც იგივე მიზანი დაგესახა?
14 უხუცესებო — აუცილებელია გულდასმით დაგეგმვა: თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით, რომ კრების ყველა უბანი დამუშავდეს ჟურნალის სპეციალური გამოცემის გამოყენებით. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმ საქმიანი უბნების დამუშავებას, რომლებიც ეკუთვნის კრებას. ვინც იქ იქადაგებს, კარგად უნდა იყოს მომზადებული და აკურატულად ჩაცმული. რთული შეთავაზებები საჭირო არ არის. როცა მიდიხარ მომუშავე ადამიანებთან, შეგიძლია უთხრა, რომ მომუშავე ადამიანებს ხშირად ვერ ხვდები სახლში, ამიტომაც მიაკითხე მათ სამსახურში, რათა შესთავაზო სტატია, რომელიც, უსათუოდ, დააინტერესებს მას. შემდეგ შეგიძლია მოკლედ გაუზიარო ჟურნალში მოცემული განსაკუთრებული აზრები. კრების ტერიტორიის ფარგლებში ქუჩაში დამოწმება აგრეთვე სათანადოდ უნდა იყოს ორგანიზებული. ყველაზე ნაყოფიერი საშუალება ქუჩაში დამოწმებაში მონაწილეობის დროს ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და გამვლელებთან მისვლაა, იმის ნაცვლად, რომ ელოდო თვითონ როდის მოგიახლოვდებიან. რადგან ხალხი გიყურებს, გახსოვდეს, რომ აცილებელია სათანადო გარეგნობა. ალბათ, თქვენს ტერიტორიაზე არის სხვა ადგილები, რომლებიც შეიძლება დაამუშაოთ კამპანიის დროს, მაგალითად: აეროპორტი, საავადმყოფოები, ავტომობილების სადგომები, პარკები და სანატორიუმები. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა სათანადო ღონისძიებების გატარებაა საჭირო კრების ტერიტორიის ასეთ ადგილებში დასამოწმებლად.
15 იეჰოვა დაუღალავი მშრომელია (იოან. 5:17). მან შექმნა ცა და დედამიწა, აგრეთვე მცენარეულობა და ცხოველები; მაგრამ ის აგრძელებდა მუშაობას, სანამ არ შექმნა თავისი დამაგვირგვინებელი ქმნილება — ადამიანი. ფაქტი, რომ ვცოცხლობთ, ღმერთის მუყაითი შრომის უშუალო შედეგია. როგორც ‘ღვთის მიმბაძველები’, მისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ ვიყოთ ‘გულმოდგინენი კეთილ საქმეთა მიმართ’ (ეფეს. 5:1; ტიტ. 2:14, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989“). რადგან იეჰოვა ღირსია, რომ ვუძღვნათ მთელი ჩვენი ძალები და რადგან გულმოდგინე პირებს ახასიათებთ შედეგების მიღწევის სურვილი, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, ჩვენს მსახურებაში სამუშაოს ხარისხიანი შესრულებით. რა თქმა უნდა, იეჰოვა აფასებს ნებისმიერ მსხვერპლს, რომელსაც მისთვის ვწირავთ და ჩვენი სამუშაო არასოდეს იქნება ფუჭი (1 კორ. 15:58). ამიტომ მადლიერი გულებით, მოდი, გულმოდგინედ ვიღვაწოთ აპრილის თვეში, იმაში დარწმუნებულებმა, რომ იეჰოვა მოგვიწონებს, გვაკურთხებს და დიდ წარმატებას მოგვცემს!