შეასხით ხოტბა იეჰოვას დიდ კრებულში
1, 2. რის შესაძლებლობას გვაძლევს საოლქო კონგრესი და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა?
1 ყოველწლიურად ჩვენი საოლქო კონგრესები შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს იეჰოვას განსადიდებლად. ჩვენც იმავეს ვგრძნობთ, რასაც დავითი გრძნობდა. ის მღეროდა: „მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას“ (ფსალმ. 34:18). როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ მომავალ საოლქო კონგრესზე „ღვთისმოსაწონი მორჩილება“, რომ ერთობლივად ვასხამთ ხოტბას იეჰოვას?
2 მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ეს საკუთარი საქციელით ცხადვყოთ. ერთ-ერთი დარბაზის დირექციის წევრებმა აღნიშნეს: „თქვენი კონგრესების მხედველობაში მიღებით, სხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომელთაც დარბაზის დაქირავება სურდათ, ვუთხარით, რომ მოსულიყვნენ და ენახათ, თუ როგორ ატარებენ იეჰოვას მოწმეები კონგრესს, რადგან თქვენთან სრული წესრიგია“. საკუთარი გარეგნობით, თანამშრომლობის სულითა და საქციელით თითოეულს მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს იეჰოვას განდიდებაში, რაც მას სამართლიანად ეკუთვნის (1 პეტ. 2:12).
3, 4. როგორ დაგვეხმარება მოკრძალება, რომ კონგრესზეც და პროგრამის შემდეგაც ჩავიცვათ ისე, როგორც ქრისტიან მსახურებს შეეფერება?
3 გარეგნობა: მოკრძალებაა საჭირო, რომ ჩვენმა ჩაცმულობამ და გარეგნობამ იეჰოვას დიდება მოუტანოს (1 ტიმ. 2:9). წიგნში „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, 132-ე გვერდზე, ნათქვამია: „მოკრძალებული ადამიანი ცდილობს, უნებლიედ არავინ გააღიზიანოს და ზედმეტად არ მიიქციოს ყურადღება“. ბევრ ქვეყანაში არასათანადო ჩაცმულობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას, როდესაც ვცდილობთ, სათანადოდ წარმოვადგინოთ ის (საქ. 15:14). თუმცა კონგრესი შესაძლოა სპორტულ ცენტრში ან გართობისთვის განკუთვნილ შენობაში ჩატარდეს, კონგრესის სამივე დღეს ‘დიდი კრებული’ იყრის თავს. როცა იეჰოვას წინაშე ვიკრიბებით, სათანადო ჩაცმულობა უნდა გვქონდეს სამყაროს უზენაესის განსადიდებლად (1 ნეშტ. 29:11).
4 ასევე საჭიროა, ყოველდღე მივაქციოთ ყურადღება ჩვენს გარეგნობას დასკვნითი მოხსენების შემდეგაც. შეიძლება გვინდოდეს, რომ თავისუფალ დროს ან სასადილოში ყოფნისას უფრო მოხერხებულად ჩავიცვათ; მაგრამ ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა უნდა ადასტურებდეს იმას, რომ „ღვთისმოშიშები“ ვართ (1 ტიმ. 2:10). სათანადო ჩაცმულობა იმის მიხედვით არ განისაზღვრება, რაც ქვეყნიერებაშია მიღებული (1 იოან. 2:16, 17). ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული ილუსტრაციები, რომლებზეც ვხედავთ, თუ როგორ აცვიათ მოკრძალებულად და სათანადოდ მამაკაცებსა და ქალებს სხვადასხვა ვითარებაში. კონგრესის პერიოდში სამკერდე ნიშნების ტარება იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის ქრისტიანი მსახურები ვართ (2 კორ. 6:3, 4).
5, 6. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ პატივს ვცემთ იეჰოვას სულიერ სუფრას?
5 დავაფასოთ იეჰოვას სუფრა: სამყაროს უზენაესმა უფალმა სულიერი ნადიმი მოგვიმზადა (ეს. 25:6; 1 კორ. 10:21). თუ ვაფასებთ იეჰოვას სულიერი სუფრიდან კვებას, ჩვენი მიზანი იქნება, რომ დავესწროთ კონგრესის სამივე დღეს. მოაგვარე დაბინავებასთან, მგზავრობასთან და სამუშაოდან დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები? დაგეგმე ყველაფერი ისე, რომ საკმარისი დრო გქონდეს მომზადებისა და მგზავრობისთვის, რათა ადრე მიხვიდე კონგრესის ჩატარების ადგილზე, ნახო დასაჯდომი ადგილი, ურთიერთობა იქონიო ძმებთან და მათთან ერთად განადიდო იეჰოვა შესავალი სიმღერისა და ლოცვის დროს? (ფსალმ. 146:1).
6 „იეჰოვას სუფრის“ მიმართ პატივისცემა იმისკენაც აღგვძრავს, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ პროგრამას და, თუ აუცილებელი არ არის, პროგრამის მსვლელობისას მოვერიდოთ საუბარს, ჭამას და სიარულს. ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით იეჰოვა გვაწვდის სულიერ საზრდოს, რომელიც გვჭირდება დღეს (მათ. 24:45). ამიტომ არ უნდა გამოვტოვოთ პროგრამის არც ერთი ნაწილი. მშობლები თავიანთ ბავშვებთან ერთად უნდა ისხდნენ, რათა მაქსიმალური სარგებლობის მიღებაში დაეხმარონ მათ (რჯლ. 31:12).
7. რისკენ მოგვიწოდებენ შუადღის შესვენებასთან დაკავშირებით და რატომ?
7 თხოვნაა, რომ თან მოვიტანოთ საჭმელი, რათა შუადღის შესვენების დროს არ მოგვიწიოს კონგრესის ჩატარების ადგილის დატოვება საკვების საყიდლად. სასიამოვნოა, რომ ბოლო წლის კონგრესებზე დელეგატთა უმრავლესობა ითვალისწინებდა ამ მითითებას. კარგი იქნება, თუ წელს ყველა გააკეთებს ამას! (ებრ. 13:17). ეს კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ და-ძმებთან გვქონდეს გამამხნევებელი ურთიერთობა და წვლილი შევიტანოთ ერთობისა და მშვიდობის ატმოსფეროში, რაც პატივს მიაგებს იეჰოვას (ფსალმ. 132:1).
8, 9. იეჰოვას განსადიდებლად რა დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს საოლქო კონგრესი?
8 არაფორმალური დამოწმება. კონგრესის ჩატარების ადგილამდე მგზავრობისას და უკან დაბრუნებისას ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ განვადიდოთ იეჰოვა ჩვენი ბაგეებით (ებრ. 13:15). მოდი ვეცადოთ დავამოწმოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. კონგრესის პროგრამა გონებასა და გულს სულიერი ძვირფასეულობით აგვივსებს. გავუზიაროთ ეს განძი მათ, ვისაც ვხვდებით (1 პეტ. 3:15).
9 მთელი გულით ველით „საკრებულოებში“ იეჰოვას განდიდების ამ შესაძლებლობას (ფსალმ. 25:12). მაშ ერთად შევასხათ ხოტბა იეჰოვას საოლქო კონგრესის დროს, რომლის დევიზიცაა „ღვთისმოსაწონი მორჩილება“.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
შეხსენებები საოლქო კონგრესთან დაკავშირებით
◼ პროგრამის განრიგი: პროგრამა სამივე დღეს 9.30-ზე დაიწყება. შესვლა შესაძლებელი იქნება 8.00 საათიდან. პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე — იმ დროს, როცა შესავალი მუსიკა იქნება ჩართული — პროგრამის თავმჯდომარე სცენაზე ავა და დაჯდება. ამ დროს ყველამ უნდა დავიკავოთ ჩვენი ადგილები, რათა პროგრამა სათანადოდ დაიწყოს. პარასკევს და შაბათს პროგრამა 17.05-ზე დასრულდება, ხოლო კვირას — 16.10-ზე.
◼ მანქანების დასაყენებელი ადგილი: მიჰყევით მომსახურეების მითითებებს. ადგილის მისაღებად ყველას უნდა ეკეთოს კონგრესის სამკერდე ნიშანი.
◼ ადგილების დაკავება: ადგილების დაკავება შეიძლება მხოლოდ მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით ან ვისთან ერთადაც ცხოვრობთ.
◼ შესაწირავი: საოლქო კონგრესის ორგანიზებაზე საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა მსოფლიო საქმისთვის ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღებით. ამის გაკეთება შეიძლება როგორც ჩვენს სამეფო დარბაზში, ისე კონგრესის ჩატარების ადგილზე.
◼ საკვები შუადღის შესვენებისთვის: გთხოვთ, თან მოიტანეთ საჭმელი, რათა შუადღის შესვენების დროს არ მოგიწიოთ საკონგრესო ადგილის დატოვება საკვების საყიდლად. შეიძლება ისეთი პატარა სამგზავრო მაცივრის მოტანა, რომლის მოთავსებაც შესაძლებელი იქნება სკამის ქვეშ. კონგრესის ჩატარების ადგილზე არ შეიძლება დიდი ზომის სამგზავრო მაცივრების, მინის ჭურჭლისა და ალკოჰოლური სასმელების მოტანა.
◼ ჩამწერი აპარატურა: არანაირი ჩამწერი საშუალებების შეერთება არ შეიძლება ელექტროქსელში ან ხმის გამაძლიერებელ სისტემაში. ჩამწერი საშუალებები ისე უნდა გამოიყენოთ, რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ.
◼ სურათების გადაღება: თუ სურათებს იღებთ, პროგრამის დროს გამანათებელი არ უნდა გამოიყენოთ.
◼ პეიჯერები და მობილური ტელეფონები: დაარეგულირეთ ისე, რომ სხვებს ხელი არ შეეშალოთ.