შეგიძლია შეცვალო შენი განრიგი?
1 ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, „ადამიანთა მებადურები“ გავხდით (მათ. 4:19). ჩვენ უკეთესი „მებადურები“ ვიქნებით სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, თუ ისეთ დროს მივალთ ადამიანებთან, როცა ისინი სახლში არიან. ახლა დღე მატულობს. ამიტომ შეგვიძლია საღამო საათებში ვიქადაგოთ, რადგან ამ დროს ხალხი, ჩვეულებრივ, სახლშია. ხშირად ისინი საღამოს არ არიან დაკავებულები და შესაძლოა უფრო განეწყონ მოსასმენად. შეგიძლია ისე შეადგინო განრიგი, რომ საღამო საათებში იქადაგო? (1 კორ. 9:23).
2 დამოწმება საღამოს: თუ წინასწარ დაგეგმავ საღამო საათებში ქადაგებას, უფრო მეტ ადამიანს აუწყებ სასიხარულო ცნობას (იგავ. 21:5). მოზარდებს შეუძლიათ გაკვეთილების შემდეგ იქადაგონ, სხვებს კი სამუშაოს შემდეგ. წიგნის შესწავლის ზოგ ჯგუფს შეუძლია ამ ყოველკვირეულ შეხვედრამდე ერთი საათი იქადაგოს.
3 საღამო საათებში კარდაკარ ქადაგების დროს შეიძლება ისეთ ადამიანებს შევხვდეთ, რომლებიც სხვა დროს არ არიან სახლში. ბევრ ტერიტორიაზე შეიძლება პრაქტიკული იყოს საღამო საათებში ქუჩაში ქადაგება ან სხვა სახის მსახურება. ბევრმა აღმოაჩინა, რომ საღამო საათები საუკეთესო დროა განმეორებითი მონახულებების გასაკეთებლად და ბიბლიის შესწავლების დასაწყებად.
4 კეთილგონიერების გამოვლენა: საღამო საათებში ქადაგების დროს წინდახედულებაა საჭირო. უკეთესია, თუ მობინადრესთან გვიან არ მივალთ, როცა ის დასაწოლად ემზადება (ფილ. 4:5). როცა კარზე აკაკუნებ, ისეთ ადგილას დადექი, რომ კარგად დაგინახონ და გარკვევით თქვი შენი ვინაობა. რაც შეიძლება მალე აცნობე მობინადრეს შენი მისვლის მიზანი. თუ არასასურველ დროს მიხვალ, მაგალითად მაშინ, როცა ოჯახი ვახშმობს, უთხარი, რომ სხვა დროს მოინახულებ. ყოველთვის ყურადღებიანი და ტაქტიანი იყავი (მათ. 7:12).
5 ჩვენ აგრეთვე თავი უნდა ავარიდოთ მოსალოდნელ საფრთხეს. თუ შებინდებისას ვქადაგებთ ან მაშინ, როცა უკვე ბნელა, გონივრულია, ორ–ორმა ან ჯგუფურად ვიაროთ. იქადაგე უსაფრთხო ადგილებში და კარგად განათებულ ქუჩებში, სადაც ხალხი დადის. მოერიდე ისეთ ადგილებს, სადაც შებინდებისას საშიშია ყოფნა (იგავ. 22:3).
6 საღამო საათებში ქადაგებამ შეიძლება დამხმარე ან სრული დროით პიონერად მსახურების შესაძლებლობა მოგვცეს (რომ. 1:12). შეგიძლია ისე შეცვალო განრიგი, რომ საღამო საათებში შეძლო ქადაგება?
[სასწავლო კითხვები]
1. რატომ უნდა შევიტანოთ ცვლილებები განრიგში?
2. როგორ შეგვიძლია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა?
3. როგორ შეგიძლია იქადაგო საღამო საათებში შენს ტერიტორიაზე?
4. რატომ არის აუცილებელი საღამო საათებში ქადაგებისას გამჭრიახობის, ყურადღებიანობისა და ტაქტიანობის გამოვლენა?
5. როგორ შეგვიძლია ქადაგების დროს თავი ავარიდოთ მოსალოდნელ საშიშროებას?
6. კიდევ რა სარგებლობა მოაქვს საღამო საათებში ქადაგებას?