საოლქო კონგრესები — ჭეშმარიტების დიდი დამოწმება
1. რა მნიშვნელოვან სულიერ საკითხებზე უნდა ეფიქრათ და ემსჯელათ ისრაელებს დღესასწაულების დროს?
1 ძველად ისრაელები წელიწადში სამჯერ იკრიბებოდნენ დღესასწაულების აღსანიშნავად. თუმცა მხოლოდ მამაკაცებისგან მოითხოვებოდა დღესასწაულებზე დასწრება, ისინი ხშირად ოჯახებით მიემგზავრებოდნენ იერუსალიმში ამ გამამხნევებელ შეკრებებზე (კან. 16:15, 16). ასეთი ღონისძიებები მათ მნიშვნელოვან სულიერ საკითხებზე ფიქრისა და მსჯელობის შესაძლებლობას აძლევდა. რა სულიერი საკითხები იყო ეს? ერთი ის, რომ იეჰოვა გულუხვი და მოსიყვარულე ღმერთია (კან. 15:4, 5). მეორე, ის სანდოა და შეუძლია ხელმძღვანელობა და დაცვა (კან 32:9, 10). ისრაელებს იმაზეც შეეძლოთ ეფიქრათ, რომ როგორც იეჰოვას ხალხს, მისი სამართლიანი გზებით უნდა ეცხოვრათ (კან. 7:6, 11). მსგავს სარგებლობას ვიღებთ ჩვენც ყოველწლიური საოლქო კონგრესებიდან.
2. როგორ ჰფენს ჭეშმარიტებას ნათელს საოლქო კონგრესის პროგრამა?
2 პროგრამა ნათელს ჰფენს ჭეშმარიტებას. საოლქო კონგრესებზე ვისმენთ გამამხნევებელ მოხსენებებს, ინტერვიუებს, ვუყურებთ დრამებსა და ინსცენირებებს, რომლებიც ნათელს ჰფენს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (იოან. 17:17). უკვე მიმდინარეობს მზადება მოახლოებული კონგრესისთვის. იეჰოვას ორგანიზაცია ამზადებს პროგრამას, რომელიც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს (მათ. 24:45—47). გსურს, მოისმინო და ნახო ის, რაც კონგრესზე იქნება წარმოდგენილი?
3. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროგრამა ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს?
3 კონგრესი სასარგებლო იმ შემთხვევაში იქნება, თუ სამივე დღეს დავესწრებით და ყურადღებით მოვისმენთ. თუ ჯერ არ გისაუბრია დამსაქმებელთან, დაელაპარაკე მას, რომ შეძლო სამივე დღეს დასწრება. საკმარისად დაისვენე ყოველ ღამეს, რათა კონგრესზე ფხიზლად იყო. ბევრი უფრო ყურადღებით უსმენს თუ მომხსენებელს უყურებს და მოკლე ჩანაწერებს აკეთებს. ეცადე, მობილურმა ტელეფონმა ხელი არ შეგიშალოს არც შენ და არც სხვებს. პროგრამის განმავლობაში თავი შეიკავე ლაპარაკისგან, SMS-ების გაგზავნისგან და ჭამისგან.
4. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, რომ მათთვის კონგრესი სასარგებლო იყოს?
4 შაბათის წლებში ისრაელები ოჯახებით იკრიბებოდნენ კარვობის დღესასწაულზე კანონის მოსასმენად. მშობლებს თან ახლდათ პატარები, რათა მათაც მოესმინათ და ესწავლათ (კან. 31:12). რა სასიამოვნოა იმის ყურება, როდესაც კონგრესზე ოჯახები ერთად სხედან და ბავშვები ყურადღებით უსმენენ პროგრამას. კარგი იქნება, თუ ყოველ საღამოს ოჯახთან ერთად გადახედავ ჩანაწერებს და იმსჯელებ მთავარ აზრებზე. „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“, ამიტომ მშობლებმა ბავშვები თავის ნებაზე არ უნდა მიუშვან, არამედ ყურადღება მიაქციონ მათ შესვენების დროს და იქ, სადაც დაბინავებული არიან (იგავ. 22:15; 29:15).
5. როგორ შეგვიძლია სასტუმროში ჩვენი კარგი საქციელით ჭეშმარიტება შევამკოთ?
5 ჩვენი კარგი საქციელი ჭეშმარიტებას ამკობს. იმ ქალაქში, სადაც კონგრესი ტარდება, ჩვენი კარგი საქციელი ამკობს ჭეშმარიტებას (ტიტ. 2:10). სასტუმროს თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ რჩებათ, როცა და-ძმები მიჰყვებიან სასტუმროს წესებს, ავლენენ მოთმინებასა და პატივისცემით ეპყრობიან მომსახურე პერსონალს (კოლ. 4:6). შარშან, როდესაც ფილიალის წარმომადგენლები ერთ სასტუმროსთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მენეჯერმა უთხრა მათ: „გვიხარია, როდესაც თქვენნაირი კარგი ადამიანები ჩერდებიან ჩვენს სასტუმროში. ისინი გამოირჩევიან კარგი საქციელითა და თავაზიანობით; ყოველთვის კარგად ექცევიან მომსახურე პერსონალს და ცდილობენ, არაფერი გააფუჭონ“.
6. როგორ შეგვიძლია იმ ქალაქში, სადაც კონგრესი ტარდება ჩვენი ჩაცმულობით ჭეშმარიტება შევამკოთ?
6 სამკერდე ნიშანი არა მარტო კონგრესის დელეგატების ამოცნობას უწყობს ხელს, არამედ კარგი დამოწმებაა სხვებისთვის. იმ ქალაქში, სადაც კონგრესი ჩატარდება, ხალხი შეამჩნევს, რომ მათ, ვისაც სამკერდე ნიშანი უკეთია, სუფთად და მოკრძალებულად აცვიათ. ასეთი ჩაცმულობა განსხვავდება ქვეყნიერებაში მიღებული გამომწვევი და მოუწესრიგებელი ჩაცმულობის სტილისგან (1 ტიმ. 2:9, 10). ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობას, როგორც ქალაქში, ისე სასტუმროში. შორტებისა და მაისურების ჩაცმა არ იქნებოდა ამ შემთხვევისთვის შესაფერისი. ჩვენ მოკრძალებულად მაშინაც უნდა გვეცვას, როცა კონგრესი ღია ცის ქვეშ ტარდება. თუ პროგრამის დამთავრების შემდეგ ტანსაცმელს გამოვიცვლით და რესტორანში წავალთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ კონგრესის დელეგატები ვართ და ზედმეტად თავისუფლად არ უნდა ჩავიცვათ.
7. როგორ შეგვიძლია გავიხაროთ ქრისტიანული ერთობით კონგრესის დროს?
7 ყოველწლიური დღესასწაულების დროს ისრაელები ხარობდნენ გამამხნევებელი ურთიერთობით თანამორწმუნეებთან, რომლებიც ისრაელისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ (საქ. 2:1, 5). საოლქო კონგრესების დროს კარგად ჩანს, რამდენად განუმეორებელი ქრისტიანული საძმო გვყავს. ჩვენი სულიერი სამოთხის ეს მხარე ხშირად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე (ფსალმ. 133:1). ნაცვლად იმისა, რომ საჭმლის ყიდვის გამო დავტოვოთ კონგრესის ტერიტორია, უკეთესი იქნება, თუ წავიღებთ მცირეოდენ საკვებს, რაც საშუალებას მოგვცემს, გავიცნოთ და ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენ გვერდით მსხდომ და-ძმებთან.
8. რატომ უნდა ვიმსახუროთ მოხალისედ, თუ მდგომარეობა ნებას გვრთავს?
8 ხშირად სხვებზე შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ რამდენად მოწესრიგებულად და ორგანიზებულად ტარდება კონგრესები, განსაკუთრებით როცა იგებენ, რომ ყველაფერი ეს მოხალისეების ძალისხმევით გაკეთდა. შეგიძლია შენც მზადყოფნით იმსახურო კონგრესის დროს? (ფსალმ. 110:3). ხშირად მთელი ოჯახი მსახურობს მოხალისედ, რითაც მშობლები ბავშვებს სხვების დახმარებას ასწავლიან. თუ შენ მორცხვი ხარ, მოხალისედ მსახურება სხვა დელეგატების გაცნობაში დაგეხმარება. ერთმა დამ აღნიშნა: „ჩემი ოჯახისა და რამდენიმე მეგობრის გარდა იქ ბევრს არავის ვიცნობდი. მაგრამ, როცა დალაგებაში მივიღე მონაწილეობა მრავალი და-ძმა გავიცანი. ამან ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა“. კონგრესზე მოხალისედ მსახურება ახალ მეგობრებსაც შეგვძენს და დიდ სიხარულსაც მოგვიტანს (2 კორ. 6:12, 13). თუ არასდროს გიმსახურია მოხალისედ, ჰკითხე უხუცესებს, როგორ შეგიძლია ამის გაკეთება.
9. როგორ დავპატიჟოთ ხალხი საოლქო კონგრესზე?
9 დაპატიჟე ხალხი ჭეშმარიტების მოსასმენად: ამ საოლქო კონგრესისთვის მომზადდა სპეციალური მოსაწვევები. კრებები ავტომატურად მიიღებენ მოსაწვევებს, ისე რომ თითო მაუწყებელს საშუალოდ 5 ეგზემპლარი შეხვდეს. მოსაწვევები შეგვიძლია შევთავაზოთ მათ, ვინც შეიძლება მოისურვოს კონგრესზე დასწრება. ესენი შეიძლება იყვნენ: ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, ბიბლიის შემსწავლელები თუ სხვა დაინტერესებული ადამიანები. განსაკუთრებით დაპატიჟე კვირას წარმოთქმულ საჯარო მოხსენებაზე. უხუცესებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ, რომ ყველა არააქტიურმა მაუწყებელმა მიიღოს თითო მოსაწვევი.
10. რატომ არის მნიშვნელოვანი საოლქო კონგრესებზე დასწრება?
10 ყოველწლიური დღესასწაულებით იეჰოვას სიყვარული ვლინდებოდა, რაც ისრაელებს ეხმარებოდა, „უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურათ“ (იეს. 24:14). მსგავსადვე, საოლქო კონგრესებზე დასწრება გვეხმარება, ვიაროთ ჭეშმარიტებაში. ეს ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია (3 იოან. 3). ჩვენ გვიყვარს ჭეშმარიტება და გვინდა, დავესწროთ და სარგებლობა მივიღოთ კონგრესებიდან. დაე, იეჰოვამ აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა!
[ჩანართი 4 გვერდზე]
იმ ქალაქში, სადაც კონგრესი ტარდება, ჩვენი კარგი საქციელი ამკობს ჭეშმარიტებას
[ჩარჩო 3-6 გვერდებზე]
შეხსენებები 2012 წლის საოლქო კონგრესთან დაკავშირებით
◼ პროგრამის განრიგი. პროგრამა სამივე დღეს 9:20-ზე დაიწყება. შესვლა შესაძლებელი იქნება 8:00-დან. როცა მუსიკა ჩაირთვება, ყველამ უნდა დავიკავოთ ადგილები, რათა პროგრამა სათანადოდ დაიწყოს. პარასკევს და შაბათს პროგრამა 16:55-ზე დასრულდება, ხოლო კვირას — 15:40-ზე.
◼ პარკინგი. გთხოვთ, ნუ გააჩერებთ ტრანსპორტს საკონგრესო დარბაზის შესასვლელთან მგზავრების ჩამოსასმელად ან ასაყვანად, გარდა ინვალიდი და მოხუცი მგზავრებისა, რომელთაც უჭირთ გადაადგილება. ვინაიდან მდგომარეობა ყველგან განსხვავებულია, წესრიგის შესანარჩუნებლად მძღოლები უნდა დაემორჩილონ მომწესრიგებლების მითითებებს.
◼ ადგილების დაკავება. ადგილების დაკავება შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით ან ვისაც ბიბლიას ასწავლით (1 კორ. 13:5).
◼ სადილი. გთხოვთ, თან წაიღოთ საჭმელი, რათა შუადღეს, შესვენების დროს არ მოგიწიოთ საკონგრესო ადგილის დატოვება საკვების საყიდლად. შეიძლება ისეთი პატარა სამგზავრო მაცივრის წაღება, რომლის მოთავსებაც შესაძლებელი იქნება თქვენი სკამის ქვეშ. კონგრესის ჩატარების ადგილზე არ შეიძლება დიდი ზომის სამგზავრო მაცივრებისა და მინის ჭურჭლის მიტანა.
◼ შესაწირავები. ჩვენ შეგვიძლია კონგრესის ორგანიზებისთვის მადლიერება იმით გამოვავლინოთ, რომ ნებაყოფლობითი შესაწირავები გავიღოთ მსოფლიო საქმისთვის.
◼ უბედური შემთხვევები და სასწრაფო დახმარება. თუ კონგრესზე სამედიცინო დახმარება დაგჭირდათ, გთხოვთ, უთხარით თქვენ გვერდით მჯდომს, რათა ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კონგრესის პირველი დახმარების განყოფილებას. გამოცდილი და-ძმები შეაფასებენ მდგომარეობის სერიოზულობას და აღმოგიჩენენ დახმარებას. აუცილებლობის შემთხვევაში ისინი თავად გამოიძახებენ სასწრაფო დახმარებას. ამგვარად, უმნიშვნელო მიზეზების გამო აღარ გამოვიძახებთ სასწრაფო დახმარებას.
◼ ფეხსაცმელი. კონგრესზე ზოგი შეუფერებელ ფეხსაცმელს იცვამს და იყო შემთხვევები, როცა მათ ტრავმები მიიღეს იმის გამო, რომ ფეხი გადაუბრუნდათ ან წაიქცნენ. კარგი იქნება, თუ მოკრძალებულ და მოხერხებულ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, რომ თავისუფლად იაროთ კონგრესის ტერიტორიაზე, კიბეებზე და ა.შ.
◼ საბავშვო ეტლები და დასაკეცი სკამები. მშობლებმა კონგრესზე არ უნდა წამოიღონ საბავშვო ეტლები და დასაკეცი სკამები. თუმცა მათ შეუძლიათ წამოიღონ პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი სკამები, რომელთა მიმაგრებაც შესაძლებელი იქნება სკამის საზურგეზე.
◼ სუნამოები. ჩვენი მხრიდან პატივისცემის გამოვლენა იქნება, თუ ნაკლებად გამოვიყენებთ მძაფრ სუნამოებსა და ოდეკოლონებს, რომლებმაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს მათზე, ვისაც ამის გამო პრობლემები ექმნება (1 კორ. 10:24).
◼ მონახულების ბლანკი. თუ საოლქო კონგრესის პერიოდში მაუწყებელი არაფორმალურად იქადაგებს და ვინმე ინტერესს გამოავლენს, მან უნდა გამოიყენოს ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43). შევსებული ბლანკები შეიძლება კონგრესზე გადაეცეს პასუხისმგებელ ძმებს ან კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ თქვენი კრების მდივანს. იხილეთ 2009 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 4.
◼ დაბინავება. როდესაც შეკვეთას აკეთებთ ბინასა თუ კერძო სახლში დაბინავების შესახებ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
1) გთხოვთ, ყველა შემთხვევაში შეკვეთისთვის გამოიყენოთ ბლანკი „განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა განცხადება დაბინავებაზე“ (CO-5);
2) გახსოვდეთ, რომ მხოლოდ კონგრესის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული საცხოვრებლით;
3) უყურადღებოდ არ დატოვოთ შვილები;
4) როდესაც თანამორწმუნეების სტუმართმოყვარეობით სარგებლობთ, გამოავლინეთ მათ მიმართ მადლიერება;
5) თუ რაიმე მიზეზის გამო გიწევთ შეკვეთის გაუქმება, რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ თქვენი კრების მდივანს.
◼ მოხალისეთა სამსახური. კონგრესი უფრო მეტ სიხარულს მოგვანიჭებს, თუ სურვილს გამოვთქვამთ და ძმებს კონგრესთან დაკავშირებული აუცილებელი საქმეების შესრულებაში დავეხმარებით (საქ. 20:35). მსურველებმა უნდა მიმართონ მოხალისეთა სამსახურის განყოფილებას. 16-წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში მშობლების ან სხვა უფროსი ასაკის ქრისტიანთა მეთვალყურეობით.