ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები კართან და ტელეფონით
1 რა დიდი სიხარული მოაქვს ბიბლიის შესწავლის დაწყებას! მაგრამ ბიბლიის შესწავლით დაინტერესებული ადამიანის პოვნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შესწავლის მიზანია, ადამიანს დავეხმაროთ, გახდეს ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე (მათ. 28:19, 20). რა დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში?
2 დაკავებული ხალხი: რაც დრო გადის, ხალხი უფრო დაკავებული ხდება. ზოგან იშვიათად თუ სურს ვინმეს, რომ ბიბლიის შესწავლას თავიდანვე სრული ერთი საათი გამოუყოს. ასეთი ადამიანების დასახმარებლად იყო რჩევები, ბიბლიის შესწავლები დაგვეწყო კართან ან ტელეფონით. თავიდან მსგავსი შესწავლები შეიძლება შედარებით ხანმოკლე იყოს; ამ დროს შეგვიძლია ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაციიდან, მაგალითად წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“, ერთი-ორი აბზაცის გამოყენებით განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი. საქებარია, რომ მრავალი მაუწყებელი ატარებს ბიბლიის ასეთ შესწავლებს კართან ან ტელეფონით!
3 უნდა დავკმაყოფილდეთ შესწავლების სულ კართან ჩატარებით? არა. გონივრულია თავიდან კართან შესწავლა დიდხანს არ გაგვიგრძელდეს, მაგრამ 1990 წლის მაისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, მე-8 გვერდზე აღნიშნული იყო: „როდესაც შესწავლა დაწყებული გვაქვს და მობინადრის ინტერესი იზრდება, შესწავლას შეიძლება მეტი დრო დაეთმოს“. ეს მნიშვნელოვანია. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბავშვს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ უჭამია საჭმელი, თავიდან მცირე ულუფას აძლევენ, სანამ მადა არ აღუდგება. მაგრამ, თუ ის თვეების განმავლობაში ასეთ მცირე ულუფას მიიღებს, ცხადია, ფიზიკურად სუსტი იქნება და ნორმალურად ვერ განვითარდება. მსგავსად, ბიბლიის შემსწავლელს რეგულარული და უფრო საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, რათა ღვთის მოწიფული მსახური გახდეს (ებრ. 5:13, 14).
4 ბიბლიის შესწავლა სახლში: უმჯობესია, ბიბლიის შესწავლები ტარდებოდეს სახლში ან სხვა მყუდრო ადგილას. ეს დაინტერესებულს გაუადვილებს შესწავლას და ღვთის სიტყვის უკეთ გაგებაში დაეხმარება (მათ. 13:23). ეს შესწავლის ჩამტარებელსაც დაეხმარება, რომ უკეთესად შეუსაბამოს შესასწავლი მასალა დაინტერესებულის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, უფრო ხანგრძლივი შესწავლების ჩატარება ღვთის სიტყვის უფრო საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას იძლევა, რაც რწმენის განსამტკიცებლად არის საჭირო (რომ. 10:17).
5 როგორ შეგიძლია თანდათანობით კართან ბიბლიის შესწავლა სახლში შესწავლად აქციო? რამდენიმე მოკლე შესწავლის შემდეგ, შეგიძლია მობინადრეს შესთავაზო უფრო მეტი, განსაზღვრული, დრო დაუთმოთ შესწავლას. ან შეგიძლია შემდეგი კითხვები დაუსვა მას: „დღეს ხომ არ გექნებოდათ დრო, რომ დავმსხდარიყავით და ისე განგვეხილა ეს საკითხი?“ ან „რა დროის გამოყოფა შეგიძლიათ დღეს ამ საკითხის განსახილველად?“ თუ ამგვარი მცდელობა არ გაჭრის, ეცადე, განაგრძო კართან მოკლე შესწავლების ჩატარება. გარკვეული დროის შემდეგ ისევ სცადე, რომ შესწავლა სახლში ჩაატაროთ.
6 ბიბლიის შესწავლით დაინტერესებულთა ძიებისას ყოველთვის გვახსოვდეს შესწავლების დაწყებისა და ჩატარების მიზანი. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, რომ თავი მიუძღვნან იეჰოვას და მისი მონათლული მსახურები გახდნენ. დაე იეჰოვამ აკურთხოს ამ მიზნის მისაღწევად გაწეული ჩვენი ძალისხმევა (2 ტიმ. 4:5).
[სასწავლო კითხვები]
1. რა მიზნით ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს?
2. როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა კართან ან ტელეფონით და რატომ არის ისინი ეფექტური?
3. რატომ უნდა ვეცადოთ, რომ გავზარდოთ კართან შესწავლის დრო?
4. რით არის სასარგებლო ბიბლიის შესწავლების სახლში ჩატარება?
5. როგორ შეგვიძლია კართან ბიბლიის შესწავლიდან სახლში შესწავლაზე გადავიდეთ?
6. რა უნდა იყოს ჩვენი მსახურების მიზანი და როგორ დაგვეხმარება ამ სტატიაში მოცემული რჩევები მის მიღწევაში?