ყოველივე კარგი — როგორ განვივითაროთ ეს თვისება?
ყველას გვინდა, რომ კარგ ადამიანებად გვიცნობდნენ. თუმცა დღევანდელ ქვეყნიერებაში ეს არც ისე ადვილია, რადგან ადამიანები „კარგის მოძულეები“ არიან (2 ტიმ. 3:3). მათ სწორისა და არასწორის საკუთარი სტანდარტები აქვთ, რის გამოც „კარგს ცუდს . . . [უწოდებენ] და ცუდს — კარგს“ (ეს. 5:20). გარდა ამისა, ჩვენზე გავლენას ახდენს წარსული და მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება. შეიძლება ვეთანხმებით ენისa სიტყვებს, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ათწლეულებია იეჰოვას ემსახურება, გულახდილად ამბობს: „მიჭირს იმის დაჯერება, რომ შემიძლია კარგი ადამიანი ვიყო“.
საბედნიეროდ, ყველას შეგვიძლია კარგი ადამიანები ვიყოთ, რადგან ამ თვისებას წმინდა სული წარმოშობს, რომელსაც შინაგან თუ გარეგან ხელისშემშლელ ფაქტორებზე გაცილებით დიდი ძალა აქვს. მოდი დაწვრილებით ვისაუბროთ, რა იგულისხმება ყოველივე კარგში ანუ სიკარგეში და როგორ შეგვიძლია ამ თვისების უკეთ გამოვლენა.
რა იგულისხმება ყოველივე კარგში?
ყოველივე კარგში იგულისხმება მაღალზნეობრიობა და უბიწობა. ის ყველანაირად გამორიცხავს ცუდს ან უვარგისს. ეს თვისება სხვებზე დადებითად მოქმედებს. კარგი ადამიანი ეძებს სხვების დახმარების შესაძლებლობებს და სიკეთეს უკეთებს მათ.
ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ზოგს სიამოვნებს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ სიკეთის გამოვლენა, მაგრამ მხოლოდ ამით განისაზღვრება ადამიანის სიკარგე? ფაქტია, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია ამ თვისების სრულყოფილად გამოვლენა, რადგან ბიბლია ამბობს: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლ. 7:20). პავლე მოციქულმა გულწრფელად აღიარა: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს ხორცში კარგი არაფერი მკვიდრობს“ (რომ. 7:18). ამიტომ, თუ გვსურს, კარგი ადამიანები ვიყოთ, იეჰოვას უნდა მივბაძოთ, რომლისგანაც ყოველივე კარგი მომდინარეობს.
„კარგია იეჰოვა“
იეჰოვას აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის კარგი. მის შესახებ ნათქვამია: „კარგი ხარ და კარგს აკეთებ. მასწავლე შენი წესები“ (ფსალმ. 119:68). განვიხილოთ ამ მუხლში მოხსენიებული ორი მხარე, რომლებიც იეჰოვას სიკარგეზე მეტყველებს.
კარგია იეჰოვა. სიკარგე იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია. გაიხსენეთ, რა მოხდა, როდესაც იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩამოვატარებ შენ წინაშე ჩემს კარგ თვისებებს“. მას შემდეგ, რაც მოსემ იეჰოვას დიდება, მათ შორის მისი სიკარგე იხილა, გაიგონა სიტყვები: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას, თუმცა დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს“ (გამ. 33:19; 34:6, 7). აქედან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა ყოველმხრივ კარგი ღმერთია. მიუხედავად იმისა, რომ იესოსავით კარგ ადამიანს დედამიწაზე არ უცხოვრია, მან თქვა: „არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (ლუკ. 18:19).
იეჰოვას სიკარგე მის შემოქმედებაში ვლინდება
კარგია იეჰოვას საქმეები. იეჰოვას სიკარგე მის ყველა საქმეში ვლინდება. „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9). ღმერთი ამ თვისებას მიუკერძოებლად ავლენს — განურჩევლად ყველას გვჩუქნის სიცოცხლეს და იმ ყოველივეს, რაც მის შესანარჩუნებლად გვჭირდება (საქ. 14:17). მისი სიკარგე მაშინაც ვლინდება, როცა ცოდვებს გვპატიობს. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის“ (ფსალმ. 86:5). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ „იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ“ (ფსალმ. 84:11).
„ისწავლეთ სიკეთის კეთება“
ვინაიდან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილნი, გვაქვს უნარი, კარგი ადამიანები ვიყოთ და კარგი ვაკეთოთ (დაბ. 1:27). მიუხედავად ამისა, ბიბლია ღვთის მსახურებს მოუწოდებს: „ისწავლეთ სიკეთის კეთება“ (ეს. 1:17). როგორ შეგვიძლია ამ მიმზიდველი თვისების განვითარება? განვიხილოთ სამი მხარე.
პირველი, ლოცვაში წმინდა სული უნდა ვითხოვოთ, რადგან ის ქრისტიანებს ღვთის თვალში კარგ ადამიანებად აყალიბებს (გალ. 5:22). ღვთის სული დაგვეხმარება, შევიყვაროთ კარგი და შევიძულოთ ცუდი (რომ. 12:9). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას შეუძლია განგვამტკიცოს „ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში“ (2 თეს. 2:16, 17).
მეორე, უნდა ვიკითხოთ ღვთის შთაგონებული სიტყვა. როცა ასე ვიქცევით, იეჰოვა გვასწავლის ყოველივე კარგს და გვამზადებს „ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (იგავ. 2:9; 2 ტიმ. 3:17). ჩვენი გული შეიძლება სკივრს შევადაროთ. როცა ვკითხულობთ ბიბლიას და ვფიქრობთ მასზე, გული ყოველივე კარგით გვევსება, ისევე როგორც სკივრი ივსება ძვირფასი ნივთებით, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგვადგება (ლუკ. 6:45; ეფეს. 5:9).
მესამე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგს მივბაძოთ (3 იოან. 11). ბიბლიაში არაერთი მისაბაძი მაგალითია ჩაწერილი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მაგალითს იეჰოვა და იესო გვაძლევენ. თუმცა შეგვიძლია მათ შემთხვევებზეც დავფიქრდეთ, რომლებსაც კარგი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდათ, მაგალითად ტაბითაზე და ბარნაბაზე (საქ. 9:36; 11:22—24). ბევრ რამეს ისწავლით მათგან, თუ გულდასმით წაიკითხავთ მათ ისტორიებს და დააკვირდებით, როგორ ეხმარებოდნენ ისინი სხვებს. დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ ოჯახისა და კრების წევრების დასახმარებლად. გახსოვდეთ, როგორ დაჯილდოვდნენ ტაბითა და ბარნაბა კარგი საქმეებისთვის. ასევე იქნება თქვენს შემთხვევაშიც.
აგრეთვე შეგვიძლია დავფიქრდეთ ჩვენს დროში მცხოვრებ კარგ ადამიანებზე, მაგალითად მძიმედ მშრომელ უხუცესებზე, რომლებიც კარგის მოყვარულები არიან. მხედველობიდან არც ერთგული დები უნდა გამოგვრჩეს, რომლებიც სიტყვითა და საქმით „კარგის მასწავლებლები“ არიან (ტიტ. 1:8; 2:3). ერთი და, სახელად როსლინი, აღნიშნავს: „ჩემი მეგობარი ყველანაირად ცდილობს, დაეხმაროს კრების წევრებს და გაამხნეოს ისინი. ის ხშირად ფიქრობს მათ მდგომარეობაზე და პატარ-პატარა საჩუქრებს ჩუქნის ან სხვა სახის დახმარებას სთავაზობს. ჩემი აზრით, ის მართლა კარგი ადამიანია“.
იეჰოვა მოუწოდებს თავის ხალხს, კარგი ეძებონ (ამოს. 5:14). მისი რჩევის გათვალისწინება არა მხოლოდ შეგვაყვარებს ღვთის ნორმებს, არამედ კარგის კეთების სურვილსაც გაგვიძლიერებს.
ვცდილობთ, კარგი ადამიანები ვიყოთ და სიკეთე ვაკეთოთ
არ უნდა გვეგონოს, რომ კარგი ადამიანობა სხვებისთვის განსაკუთრებული საქმეების კეთებაში ან ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქებაში გამოიხატება. მაგალითად, ნახატი ფუნჯის ერთი მოსმით არ იქმნება. მის შესაქმნელად მხატვარი ფუნჯს ინტენსიურად იყენებს. მსგავსად, კარგი ადამიანის რეპუტაცია რომ შევიქმნათ, ხშირად უნდა გამოვავლინოთ სიკეთე, თუნდაც პატარ-პატარა საქმეებით.
ბიბლია მოგვიწოდებს, მზად ვიყოთ კარგის საკეთებლად (2 ტიმ. 2:21; ტიტ. 3:1). თუ ყურადღებიანები ვიქნებით, მივხვდებით, როგორ ვასიამოვნოთ „მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად“ (რომ. 15:2). ამაში შეიძლება შედიოდეს სხვებისთვის იმის გაზიარება, რაც გვაქვს (იგავ. 3:27). მაგალითად, შეგვიძლია ვინმე სადილად დავპატიჟოთ ან ისეთ შეხვედრაზე მივიწვიოთ, სადაც გამხნევდება. თუ ვინმე ავად არის, შეგვიძლია ღია ბარათი გავუგზავნოთ, დავურეკოთ ან სახლში მივაკითხოთ. ეს უკეთ დაგვანახვებს, რა უნდა ვთქვათ მათ „აღსაშენებლად . . . რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:29).
იეჰოვას მსგავსად, ჩვენც ვეძებთ სიკეთის გაკეთების შესაძლებლობას. ამიტომ სხვებს მიუკერძოებლად ვეპყრობით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. იესომ მოგვიწოდა, რომ ჩვენი მოძულეებისთვისაც კი გაგვეკეთებინა სიკეთე (ლუკ. 6:27). სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენა და მათთვის კარგის კეთება ყოველთვის გამართლებულია, რადგან „არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“ (გალ. 5:22, 23). ჩვენმა სიკეთემ შეიძლება ჭეშმარიტებისკენ მიიზიდოს და ღვთის განდიდებისკენ აღძრას მოწინააღმდეგეები (1 პეტ. 3:16, 17).
სიკარგე ჯილდოვდება
კარგი ადამიანი თავისი საქმეების ნაყოფს იმკის (იგავ. 14:14). რა არის ეს ნაყოფი? როცა კარგად ვექცევით სხვებს, დიდი ალბათობაა, რომ ისინიც კარგად მოგვექცევიან (იგავ. 14:22). ასეც რომ არ მოხდეს, თუ არ დაგვღლის კარგის კეთება, შეიძლება მათ გული მოულბეთ და ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალონ (რომ. 12:20).
ბევრი დაგვეთანხმება, რომ, როცა ზურგს ვაქცევთ ცუდს და კარგს ვაკეთებთ, უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობთ. ნენსი გვიყვება: „თავზე ხელაღებული, უზნეო და უზრდელი ვიყავი. თუმცა მას შემდეგ, რაც ღვთის ნორმების თანახმად დავიწყე ცხოვრება, თავს ბედნიერად ვგრძნობ და ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა დამიბრუნდა“.
უმთავრესი მიზეზი, რის გამოც გვინდა, კარგი ადამიანები ვიყოთ, ის არის, რომ ამით გულს ვუხარებთ იეჰოვას. სხვებმა რომც ვერ დაინახონ ჩვენი საქმეები, იეჰოვა აუცილებლად დაინახავს. მას მხედველობიდან არ გამორჩება ჩვენი კარგი საქმეები და ზრახვები (ეფეს. 6:7, 8). რას მივიღებთ შედეგად? ბიბლიაში წერია: „კარგ ადამიანს იეჰოვა იწონებს“ (იგავ. 12:2). მოდი არ შევწყვიტოთ ამ თვისების განვითარება, რადგან იეჰოვა გვპირდება, რომ „დიდებას, პატივსა და მშვიდობას მიაგებს ყველას, ვინც კარგს აკეთებს“ (რომ. 2:10).
a სახელი შეცვლილია.